ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დამანგრეველი წყალდიდობა ვერეს ხეობაში


ბეჰემოთი სტიქიას 1960 წელსაც გადაურჩა
ბეჰემოთი სტიქიას 1960 წელსაც გადაურჩა

საქართველოში დღეს გლოვის დღეა. 13 დაღუპული, 10 დაკარგული და 200-ზე მეტი უსახკლაროდ დარჩენილი ადამიანი - წინასწარი ინფორმაციით, ასეთი ტრაგიკული შედეგით დასრულდა კატასტროფული წყალდიდობა თბილისში, რომელიც 13 ივნისს გვიან ღამით დაიწყო და 14 ივნისის დილამდე გაგრძელდა.

სტიქიამ საქართველოს დედაქალაქს წინასწარი შეფასებით, 50 მილიონი ლარის ზარალი მიაყენა, თუმცა, ეს ციფრი დიდი ალბათობით, გაიზრდება. სანახევროდ დანგრეულია ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ესტაკადა, რომელიც 2010 წლის შემოდგომაზე გაიხსნა და მის მშენებლობაზე, ათეულობით მილიონი ლარი დაიხარჯა.

შეიძლება ითქვას, რომ თბილისს აღარ აქვს ზოოპარკი. 1927 წლის გახსნილი პარკი, რომელიც 88 წლის იუბილის აღსანიშნავად ემზადებოდა. მდინარე ვერემ თითქმის მთლიანად გაანადგურა და დატბორა, მათ შორის ვოლიერები, სადაც ცხოველები და მფრინველები იმყოფებდნენ. დაღუპულებს შორის ზოოპარკის სამი თანამშრომელია: გულიკო კონცელიძე, მისი მეუღლე მალხაზ ჭიტაძე და გივი დვალი.

მას შემდეგ, რაც ცოტა დაწყნარდება ვნებები, ჩვენ გვმართებს, რომ დავსვათ კითხვები და მოვძებნოთ პასუხები, რადგან ასეთი შეცდომები, როგორც ხედავთ ძალიან ძვირი გვიჯდება.
გიგლა აგულაშვილი, გარემოს დაცვის მინისტრი

ზოოპარკში კატასტროფული ზარალის დათვლა ამ დრომდე მიმდინარეობს, არაოფიციალური ინფორმაციით კი პარკის 600 ბინადარიდან 300-ზე მეტი დაიხრჩო,მცირე ნაწილი კი გაიქცა. სპეციალური დანიშნულების რაზმმა და პოლიციამ მოახდინეს ათზე მეტი ცხოველის: მათ შორის ლომების, ვეფხვების, აფთრების, მგლების და ლეოპარდების ლიკვიდაცია. მათი მტკიცებით, ვოლიერების მიღმა აღმოჩენილი ცხოველები ადამიანებს საფრთხეს უქმნიდნენ. ამ არგუმენტს საზოგადოების ნაწილი არ იზიარებს და გამოძიებას ითხოვს.

გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი ამბობს, რომ მდინარე ვერეს ხეობაში 2009-10 წლებში, ახალი ესტაკადის მშენებლობა და მდინარე ვერეს გოფრირებულ მილებში ჩაკევა გარემოზე ზემოქმედების შეფასების გარეშე მოხდა.

„ჩემი აზრით, მთავარი მიზეზი ამ ტრაგედიისა, მაინც არის ის, რომ ვერეს ხეობას არ აღმოაჩნდა გამტარუნარიანობა და არ იყო მზად ასეთი პროცესებისთვის, მას შემდეგ რაც მდინარე არტახებში მოექცა.

მე მახსოვს, რომ ამ თემებზე იყო მწვავე დისკუსია, მშენებლობამდეც და მშენებლობის დროსაც. ნიშანდობლივია, რომ გარემოზე ზემოქმედების შეფასება (გშზ) ამ ესტაკატას საერთოდ არ ჰქონდა.

გშზ რომ საჭირო აღარ ყოფილიყო, სწორედ ამიტომ პროექტს შეუცვალეს სტატუსი და მაგისტრალური გზის ნაცვლად, საუბნო გზად გამოაცხადეს. კანონმდებლობა ასეთ დროს გშზ-ს აღარ ითხოვდა და ამით ისარგებლეს, პროექტის ავტორებმაც,მაშინდელმა ხელისუფლებამ და ჩვენდა სამწუხაროდ, დღეს მივიღეთ ეს შედეგი.

მას შემდეგ, რაც ცოტა დაწყნარდება ვნებები, ჩვენ გვმართებს, რომ დავსვათ კითხვები და მოვძებნოთ პასუხები, რადგან ასეთი შეცდომები, როგორც ხედავთ ძალიან ძვირი გვიჯდება.“

გეოლოგების წინასწარი დასკვნის მიხედვით, 13-14 ივნისის ტრაგედია ვერეს ხეობაში, თბილისიდან 9 კილომეტრით მოშორებულ, სოფელ ახალდაბიდან დაიწყო. აქ ღამით, რამდენიმე ადგილზე, მეწყერი ჩამოწვა და საავტომობილო გზასთან ერთად,მდინარე ვერეც გადაკეტა.

სპეციალისტების თქმით, ტრაგედიის თავიდან აცილება მხოლოდ ერთ შემთხვევაში შეიძლებოდა: როგორც კი ვერის წყალმა ახალდაბასთან დაგროვება დაიწყო, თბილისში, ვერის ხეობაში მოსახლეობის ევაკუაცია უნდა მომხდარიყო. რატომ ვერ მოხერხდა ან საერთოდ შესაძლებელი იყო თუ არა ამ დროში ასეთი სამაშველო ოპერაციის განხორციელება?! ამ კითხვებზე პასუხები ჯერ არ არსებობს.

უცნობია ზუსტი დრო, თუ როდის გაარღვია მდინარე ვერემ ხელოვნური ჯებირი ახალდაბასთან. გარემოს დაცვის სამინისტროს განცხადებით, ადიდებული წყალი თბილისს, საათში, დაახლოებით, 50 კილომეტრის სიჩქარით მოაწყდა.

პირველი დარტყმა სვანაძისა და წყნეთის ქუჩების მაცხოვრებლებმა მიიღეს, შესაბამისად აქ ყველაზე დიდია მსხვერპლი. ადამიანებთან ერთად, აქ წყალმა 350-მდე ძაღლი და 10-მდე დათვი დაახრჩო, ბიზნესმენ ელიზბარაშვილის ძაღლთა თავშესაფარი მთლიანად განადგურებულია.

მდინარე ვერე გოფრირებულმა მილებმა როგორც მოსალოდნელი იყო ვეღარ გაატარა და წყალმა ელვის უსწრაფესად დატბორა და დაანგრია სახლები, მაღაზიები, ხიდები, სკოლა, ზოოპარკი; ახალი ესტაკადიდან მტკვრის სანაპირობდე გაიტაცა ადამიანები და ავტომანქანები. ზოოპარკის ტერიტორიაზე დახოცა ცხოველები და მათი მომვლელები.

საინტერესოა, რომ ზუსტად, 54 წლის ვერეს ხეობაში ანალოგიური ტრადეგია მოხდა. 196ო წლის 4 ივლისს, ვერისწყალი დილის 9 საათზე შევარდა ზოოპარკის ტერიტორიაზე და მაშინ პარკის ბინადართა 80 პროცენტზე მეტი დახოცა.

ქართველი მწერლის ედიშერ ყიფიანის მოგონებებში 54 წლის წინანდელი ტრადეგია ასეა აღწერილი:

„როცა გალიაში მიწით დასილული და უძრავად მწოლიარე ვეფხვი დავინახე, კინაღამ ავტირდი. ყველა ლომი, ყველა ავაზა და ყველა ვეფხვი დაიხრჩო. წარმოვიდგინე, როგორ ებრძოდნენ წყალს, როგორ გაჰყვეს ნესტოები გალიის ჭერში, რკინებს შორის. ეს იყო მათი უკანასკნელი გაბრძოლება. მერე წყალმა გალიის ჭერიც დაფარა. ლომი.. ლომი წყლით დამხრჩვალა. იმიტომ, რომ დატყვევებული იყო და არწივიც იმიტომ დატყვევბული იყო. თეთრი დათვები მუცელდაბერილები ეყარნენ ცემენტის ცივ იატაკზე.“

საინტერესოა, რომ, როგორც 54 წლის წინ, ისე, ახლაც ზოოპარკის ვოლიერის დატოვება და გადარჩენა მოახერხა ბეჰემოთმა. თბილისის ცენტრში მოსეირნე ჰიპოპოტამი, მეტსახელად ბეგი, ორი დღეა მსოფლიო მედიის ნამდვილი გმირი გახდა.

სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრები კი თბილისის ცენტრალურ უბნებშიამ დრომდე ეძებენ რამდენიმე ცხოველს, რომლებიც ადამიანებისთვის სასიკვდილო საშიშროებას წარმოადგენენ.

XS
SM
MD
LG