ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რატომ ვერ ხერხდება ბუნებრივი კატასტროფების რისკის პრევენცია?


ადიდებული მდინარე რიონი ონს და ზემო რაჭის სოფლებს უტევს
ადიდებული მდინარე რიონი ონს და ზემო რაჭის სოფლებს უტევს

მხოლოდ ამინდის გაუმჯობესების შემდეგ გახდება ცნობილი, ბოლო ორი დღის მანძილზე, სტიქიურმა კატაკლიზმებმა, რა ოდენობის ზარალი მიაყენა საქართველოს სხვადასხვა კუთხეს, სვანეთით დაწყებული და მთიულეთით დამთავრებული.

კოკისპირული წვიმის შედეგად, პარასკევს, რამდენიმე საათის მანძილზე ჩაკეტილი იყო საქართველოს სამხედრო გზა. ამის მიზეზი მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 54-ე კილომეტრზე, სოფელ მუგუდასთან, მიწა-კლდის ჩამოშლა გახდა. ამ დროისთვის, მოძრაობა აქ ცალმხრივად არის გახსნილი. უფრო ზემოთ მეწყერმა ჯომარდობის ბაზა დააზიანა.

მდინარე არაგვმა ხუთშაბათს დაანგრია საავტომობილო გზა და გარესამყაროს მოსწყვიტა გუდამაყრის ხეობის ექვსი სოფელი: მათ შორის, თოთიაურები, ფახვიჯი, ბაკურხევი, საჩალისჭალა, საკერპო და სიჯანაანი. ამ სოფლებში 30-მდე ოჯახი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

ადიდებული არაგვი გუდამაყრის ხეობაში
ადიდებული არაგვი გუდამაყრის ხეობაში

ღვარცოფის გამო ამ დრომდე შეზღუდულია გადაადგილება ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზაზე. აქაც არაგვმა საავტომობილო გზა წაიღო და ბარისახოს მიმართულებით გადაადგილება შეუძლებელია.

პირიქითა ხევსურეთში, გუროს ნასოფლართან გზა სამ ადგილზე დაანგრია მდინარე არღუნმა. სოფლებთან ხახმატთან და ბისოსთან კი მეწყერი ჩამოწვა. ხიდი დაინგრა სოფელ გიორგიწმინდაშიც.

ხევსურეთში რამდენიმე ათეული ტურისტია ჩარჩენილი, როგორც უცხოეთის, ისე საქართველოს მოქალაქეები, მათ შორის სკოლის მოსწავლეები. პარასკევს საღამოს მიაგნეს ისრაელის მოქალაქეებს, რომლებმაც დახმარება ერთი დღით ადრე ითხოვეს. ამ დრომდე მიდის ხუთი ამერიკელი ტურისტის ძებნის ოპერაცია.

სტიქია ამ დრომდე გააფთრებით უტევს რაჭასაც. ონის საკრებულოს თავმჯდომარე შუქურა ჯაფარიძე ამბობს:

ონში სავალალო მდგომარეობაა, ადიდებული რიონი მარცხენა სანაპიროზე გადავიდა და რამდენიმე მოსახლის ეზოში შევარდა. დაიტბორა სახნავ-სათესი მიწები, კარ-მიდამოები, ვითარება ამ დრომდე რთულია, ველოდებით წყლის დონის დაწევას და ამინდის გამოსწორებას“
შუქურა ჯაფარიძე, ონის საკრებულოს თავმჯდომარე

„ონში სავალალო მდგომარეობაა, ადიდებული რიონი მარცხენა სანაპიროზე გადავიდა და რამდენიმე მოსახლის ეზოში შევარდა. დაიტბორა სახნავ-სათესი მიწები, კარ-მიდამოები, ვითარება ამ დრომდე რთულია, ველოდებით წყლის დონის დაწევას და ამინდის გამოსწორებას.“

ადიდებულმა რიონმა და მისმა შენაკადებმა ქალაქ ონის გარდა სერიოზული პრობლემები ზემო რაჭის სოფლებსაც შეუქმნა. სოფელ გომთან დააზიანა ხიდის ბურჯი. გარესამყაროს მოწყვიტა ღები, თევრეშო და გონა. ეს სოფლები ონიდან 35-40 კილომეტრის მანძილზე მდებარეობს და იქ 400-მდე მაცხოვრებელია. კოკისპირული წვიმის შედეგად კალაპოტიდან გადმოვიდა და ორი ხიდი წაიღო მდინარე ჩვეშურმა.

სოფლების ჭიორასა და საგლოლოს მონაკვეთზე გააქტიურდა ღვარცოფი. სოფელ უწერაში წაღებულია ნაპირსამაგრი, მთლიანად დაიტბორა მინერალური წყლის „ნაპერწკალას“ ტერიტორია, ხოლო კურორტ შოვის ტერიტორიაზე, პატარა მდინარე ბუბა გადმოვიდა კალაპოტიდან.

ზემო სვანეთში სოფელ ადიშისკენ მიმავალი გზიდან ეს დარჩა
ზემო სვანეთში სოფელ ადიშისკენ მიმავალი გზიდან ეს დარჩა

ამ დრომდე გარესამყაროს მოწყვეტილია ოთხი სოფელი სვანეთშიც: ადიში, ჭოლაში, გაღმა ხაიში და ზედა ვედი. ჭოლაშში ადიდებულმა მდინარემ ხიდი დააზიანა, რთული მდგომარეობა სოფელ ჟაბეჟშიც, სადაც კალაპოტიდან მდინარე მულხრა გადმოვიდა.

პარასკევს, გადაუღებელი წვიმის შემდეგ, მეწყერი ჩამოწვა ბაღდათის რაიონში, კურორტ საირმესთან მისასვლელ გზაზე. დაიტბორა ფოთის და თბილისის რამდენიმე ქუჩა. მდინარე მტკვარმა დედაქალაქში უამრავი ნაგავი ჩამოიტანა.

სტიქიამ ხობი და ზუგდიდიც დააზარალა. ჭალადიდში, ცაცხვსა და ხეთაში ეზოები და სავარგულები დატბორა. დაზიანდა ზუგდიდი-ხობის ცენტრალური გზაც. მაშველები მეორე დღეა ეძებენ, უამინდობის გამო, კასპის რაიონის სოფელ გოსტიბეს ტყეში დაკარგულ ოთხ ტურისტს.

მეწყრული პროცესების გააქტიურების გამო ჩაკეტილია ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილისა და თეთრიწყარო-ქსოვრეთი-გუდარეხი-სამონასტრო კომპლექსის საავტომობილო გზების მონაკვეთები. ჩხოროწყუს რაიონში მდინარე ხობისწყალმა სოფელ კირცხის ტერიტორიაზე ხობი–საჯიჯაო–ლესიჭინე– სენაკის საავტომობილო გზაზე ხიდი დაანგრია.

სოფელ ხაბუმეში კი ორი დღის წინ, ადიდებულმა ხობისწყალმა კინაღამ რაულ პაპავას და მამუკა გელანტიას სიცოცხლე შეიწირა. შეშის შეგროვების დროს, მოულოდნელი წყალმოვარდნისას ორი მამაკაცი ადიდებული მდინარის კალაპოტში, პატარა კუნძულზე, რამდენიმე საათის მანძილზე ელოდა მაშველებს.

ქართველ მფრინავთა მასტერ-კლასი ადიდებულ ხობისწყალზე
ქართველ მფრინავთა მასტერ-კლასი ადიდებულ ხობისწყალზე

საბოლოოდ, ისინი, ბათუმიდან გამოძახებულმა სასაზღვრო ავიაციის ვერტმფრენის ეკიპაჟის მასტერ-კლასის წყალობით გადარჩნენ.

საქართველოს პრეზიდენტმა თავგანწირვისა და პროფესიონალიზმისთვის ეკიპაჟის წევრები: ბესიკ გაბიანი, ბესიკ ბაკურიძე, შალვა შალიბაშვილი და დიმა ქააძე ღირსების ორდენით დააჯილდოვა. გადარჩენილი რაულ პაპავა ამბობს:

უკან გადმოსვლისას წყალმა უცებ ძალიან მოიმატა და კუნძულზე შევრჩით. ვერტმფრენის გარეშე ჩვენი გადარჩენის შანსი არ იყო, მუხლებამდე იყო წყალი უკვე ამოსული"
რაულ პაპავა, სოფელ ხაბუმეს მკვიდრი

„დილით გადავიდით მდინარეზე, წყალი კი იმატებდა მარა მაინც გადავედით, საქონელიც გადავიყვანეთ. უკან გადმოსვლისას უცებ ძალიან მოიმატა და კუნძულზე შევრჩით. ვერტმფრენის გარეშე ჩვენი გადარჩენის შანსი არ იყო, მუხლებამდე იყო წყალი უკვე ამოსული. დიდი მადლობა ყველას.“

სამწუხაროდ, პარასკევს, ანალოგიური ვითარებაში, სოფელ ინჩხურთან, მდინარე აბაშისწყალში საელიაოს მკვიდრი 65 წლის მამაკაცი დაიხრჩო. ბოლო სტიქიური მოვლენებიც აჩვენებს, რომ საქართველოში ბუნებრივი კატასტროფების რისკის პრევენცია ან შემცირება კვლავ სერიოზული სახელმწიფოებრივი პრობლემაა.

მთავრობამ 2017 წლის იანვარში მართალია დაამტკიცა „საქართველოს კატასტროფის რისკის შემცირების ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა 2017-2020 წლებისთვის“, თუმცა ხელისუფლებაც და საზოგადოებაც, თითქმის, ყველა ბუნებრივ კატაკლიზმზე, მხოლოდ პოსტ-ფაქტუმ რეაგირებს.

მტკვარი, თბილისი 07.07.2017
მტკვარი, თბილისი 07.07.2017

Facebook Forum

XS
SM
MD
LG