ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველო - მეწყერის უმაღლესი რისკის ზონა


მეწყერმა რესტორან "რიკოთში" სამი ადამიანი იმსხვერპლა

წინასწარი დათვლებით, მოულოდნელად მოვარდნილმა ღვარცოფმა და მეწყერმა მხოლოდ რიკოთის უღელტეხილზე სახელმწიფოს 10 მილიონი ლარის ზარალი მიაყენა.

მეწყერმა მთლიანადა დაანგრია რესტორანი „რიკოთი“ და ამ ობიექტის ოთხი თანამშრომელი, მათ შორის მეპატრონე ხაშურელი თამაზ გაგნიძეც შეიწირა. „რიკოთში“ მომუშავე კიდევ ორ ქალბატონს - ვარა ფოფხაძესა და ციური კორკოტაძეს მაშველები 48 საათია უშედეგოდ ეძებენ.

56 წლის ციური კორკოტაძე, რომელიც რესტორანში მრეცხავად მუშაობდა ღვარცოფმა გაიტაცა, მისი მეუღლე ნუგზარ კორკოტაძე კი ჩამოწოლილ მთის მასას სასწაულებრივად გადაურჩა. მეწყერის გააქტიურების დროს რესტორანში ოცამდე ადამიანი იმყოფებოდა. ნუგზარ კორკოტაძე იხსენებს:

„შემთხვევის დროს ვიყავი რესტორნის სამზარეულოში, ავედი მაგიდაზე, სულ მარტო ვიყავი. თანდათან წყალმა მოიმატა, შემოიტანა მთის ლოდები, ყველაფერი შემოანგრია, ბოლოს დამრჩა ნახევარი მეტრი საჰაერო, ყველაფერი გაშავდა და დაბნელდა. მერე მომენტალურად სახურავი ჩაინგრა და წყალმა გზა იპოვა.

მინა ჩავამტრიე და სახურავზე ავედი. ექვსი მეტრის სიმაღლეზე ვიყავი, მაგრამ წყალი მაინც ამოვიდა. ერთი საათი ვიჯექი სახურავზე, სანამ მდინარემ კალაპოტი არ იპოვა რესტორნის მარჯვნივ და მარცხნივ, შიგ მარტო ქვები დატოვა.“

მეწყერს სასწაულებრივად გადაურჩა სამგზავრო ავტობუსიც, რომელსაც ბულგარეთში ბავშვ მოცეკვავევათა ანსაბლი გადაჰყავდა.

სტიქიის შედეგად 48 საათით გადაიკეტა აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი ცენტრალური გზა. სოფელ ჩუმათელეთიდან სოფელ ხევამდე გზა 25 ადგილზეა დაზიანებული.

ხელისუფლებამ გუშინ საღამოს 8 საათისთვის, რეკონსტრუქციისთვის დაკეტილი რიკოთის გვირაბი ცალმხრივად, მხოლოდ დასავლეთ საქართველოდან მომავალი ავტომანქანებისთვის გახსნა.

აღმოსავლეთიდან მიმავალ ავტომანქანებს კი შემოვლითი საჩხერე-ზესტაფონის გზით უხდებათ გადაადგილება. ინფრასტუქტურისა და რეგიონალური განვითარების მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი ცენტრალური გზის რეაბილიტაციის დაწყებას ამინდის გამოსწორებას უკავშირებს:

„თავისთავად მნიშვნელოვანი პრობლემა არის, რამეთუ შეფერხდა მოძრაობა. გვირაბის მეორე მხარეს გზის რამოდენიმე ნაწილიც სერიოზულად არის დაზიანებული. წყალი ზემოდან ისევ ჩამოდის და ვერაფერს ვუხერხებთ.

ჩვენ ყველა სამშენებლო ობიექტიდან მოვხსენით ტექნიკა და კონკრეტულ ადგილებს ვწმენდთ. მთავარია ეხლა წვიმა არ გაგრძელდეს და ეს ხელოვნური მდინარე ისევ არ ადიდდეს.

ტექნიკა მუშაობს მაგრამ არ ჩერდება წყალი, რომელიც მთიდან მოდის. რამდენიმე ჩანჩქერია ხელოვნური შექმნილი და ერთმანეთს უერთდება. ეს წყალი უნდა გაჩერდეს, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რამეთუ ეს წყალი გზა რაც გადარჩა იმასაც რეცხავს.“

ივნისის დასაწყისიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სხვადასხვა ინტენსივობით წვიმს. შავი არაგვის ადიდების გამო გარესამყაროს მოწყვეტილია გუდამაყრის ათი სოფელი.

ანანური-ფასანაურის მონაკვეთზე რამდენიმე მეწყერის ჩამოწოლამ ჩაკეტა გუდაური-ყაზბეკისკენ მიმავალი გზა. მეწყერმა ასევე წაიღო გლდანი-ცხვარიჭამიას დამაკავშირებელი გზაც.

დიდმა ნალექმა და მდინარეების ადიდებამ მთელი ივნისის განმავლობაში ურთულესი ვითარება შექმნა თბილისშიც, სადაც რამდენიმე უბანი დაიტბორა, მოსახლეობის დიდ ნაწილს კი სასმელი წყალი დღემდე არ მიეწოდება. წვიმის შედეგად ავარიული სახლის ჩამონგრევას კი დედაქალაქის ერთი მაცხოვრებელიც ემსხვერპლა.

კავკასიის გარემოს დაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის წარმომადგენელი რეზო გეთიაშვილი ამბობს, რომ ვერც საქართველოს და ვერც თბილისის მთავრობა ადექვატურად ვერ რეაგირებს იმ გამოწვევებზე, რომელსაც ქვეყანას სტიქია უყენებს.

„განსაკუთრებით გამწვავდა, თბილისში სიტუაცია 2002 წლის მიწისძვრის შემდეგ. რამაც გამოიწვია ბუნებრივი კატასტროფების პროვოცირება. პრინციპში, ახალი აქტიური ფაზა დაიწყო ამ პროცესების და საჭირო გახდა თბილისის გეოლოგიური შეფასება.

ამის მიუხედავად, 2002 წლის მერე განახლებული თბილისის საინჟინრო-გეოლოგიური რუქა არ არსებობს. არც საქართველოს გეოლოგიური საშიშროების ახალი რუქები.

არავისთვის დასამალი არ არის, რომ თბილისის და საქართველოს სხვა რისკის ზონებში მცხოვრები მოსახლეობა ბევრს რისკავს და ცხოვრობენ ავარიულ სახლებსა თუ მეწყერულ ზონებში. ად მდგომარეობის სიმძიმე დიდი ხანია არავის შეუფასებია.“

გეოლოგების შეფასებით, მეწყრების საშიშროების თვალსაზრისით, მთელს კავკასიაში საქართველო უმაღლესი რისკის ზონაა. საქართველოს ტერიტორიის 70 პროცენტი, ანუ მილიონ ჰექტარზე მეტი დამეწყრილია, სულ ქვეყანაში 53 ათასი მეწყრული უბანია, რომელთა გააქტიურება ქვეყნის მიწის ფონდს ყოველწლიურად ანადგურებს.

განსაკუთრებით საშიშ ზონაში დღეს 400 ათასი ოჯახი ცხოვრობს. კვლევების თანახმად 1995-2008 წლებში მეწყერმა და ღვარცოფმა საქართველოში 60 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლეს, ზარალმა კი მილიარდ 240 მილიონი ლარი შეადგინა.

2009 წელს სტიქიამ 12 ადამიანი შეიწირა ზარალი 60 მილიონ ლარს გადასცდა. 2010 წლის ზარალის ზუსტი მონაცემები ოფიციალურად დათვლილი დღემდე არ არის.


XS
SM
MD
LG