ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

6 ბალიანი ქარიშხალი შავი ზღვის სანაპიროზე


ქარიშხალმა ბათუმში არდაგანის ტბა და "მოცეკვავე ფანტანიც" დატბორა. ნეტგაზეთის ფოტო
ქარიშხალმა ბათუმში არდაგანის ტბა და "მოცეკვავე ფანტანიც" დატბორა. ნეტგაზეთის ფოტო

სარფში დაკარგულ მეთევზეს ამ დრომდე ეძებენ

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:46 0:00
ბმული

ორდღიანმა სტიქიამ საქართველოში ერთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, დიდი ზიანი მიაყენა ინფრასტრუქტურას, ასობით კერძო სახლს კი მთელი ქვეყნის მაშტაბით სახურავები გადახადა. შაბათს და კვირას, ბოფორტის შკალის მიხედვით, აჭარისა და გურიის სანაპიროზე, ქარიშხალის სიძლიერი ექვს ბალს აღწევდა, რამაც შავ ზღვაზე ხუთი-ექვსი მეტრის სიმაღლის ტალღები წარმოქმნა.

ტრაგედია მოხდა საქართველო-თურქეთის საზღვარზე, სარფში, სადაც ძლიერმა ტალღამ მეთევზე, ბათუმის გარეუბნის, ანგისას მკვიდრი 55 წლის დავით გელაძე ზღვაში შეითრია. სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება, თუმცა უშედეგოდ. მაშველები არ გამორიცხავენ, რომ მეთევზის ცხედარი ზღვას თურქეთის სანაპიროზე გაერიყოს. მომხდარის შესახებ უკვე ინფორმირებულია თურქეთის მხარე.

პოლიციამ უკვე დაკითხა კიდევ ორ მეთევზე, რომლებიც სარფში გელაძესთან ერთად თევზაობდნენ. წინასწარი ინფორმაციით, დავით გელაძე ტალღამ კლდიდან გაიტაცა. ჯერჯერობით, უცნობია იყვნენ თუ არა მეთევზეები გაფრთხილებულები მოსალოდნელი ქარიშხლის შესახებ. აჭარის ავტონომიის საგანგებო და გადაუდებელ სიტუაციათა მართვის სააგენტოს უფროსის მოადგილე მამუკა თურმანიძე ამბობს:

„დღის განმავლობაში ზღვა სამჯერ იცვლის დინებას. გარკვეულ პერიოდში დინება თურქეთისკენ არის, გარკვეულ პერიოდში - ქობულეთისკენ, გარკვეულ პერიოდში კი ნაპირიდან სიღრმისკენ. უნდა ვეძებოთ ყველგან აბსოლუტურად. თურქეთის მხარე გაფრთხილებულია და ყოველნაირ დახმარებას აღმოგვიჩენენ.“

ქარიშხალმა დიდი ზარალი მიაყენა საქართველოს შავი ზღვის პირა კურორტებს - ბათუმს, ქობულეთსა და ურეკს. ზღვამ ჯერ ნაპირდაცვითი ჯებირები გაანადგურა, შემდეგ კი დასახლებულ ტერიტორიებზეც შეიჭრა.
ბათუმში ზღვამ მთლიანად დატბორა არდაგანის ტბა, სადაც ქალაქის ერთ-ერთი ღირშესანიშნაობა - „მოცეკვავე შადრევანია“ მოწყობილი.

დაიტბორა ტბაში ხელოვნურად შექმნილი ორი კუნძულიც, რომლებზეც რესტორნებია განლაგებული. ზღვა გადავიდა მიმდებარე ხიმშიაშვილის და რუსთაველის ქუჩებზე და მთლიანად გადარეცხა ახალი ბულვარი (ფოტოზე), რომლის მოწყობაზეც ათეულობით მილიონი ლარია დახარჯული.

ვინაიდან, ბათუმის ცენტრალურ ნაწილში არსებული სანიაღვრე არხები პირდაპირ ზღვას უერთდება, ძლიერი ღელვის დროს, როგორც წესი, ბათუმის ქუჩები იტბორება. ახლაც ასე მოხდა, მით უმეტეს, რომ ახალი სანიაღვრე კოლექტორის მშენებლობა ჯერ კიდევ დასრულებული არ არის. ბათუმის მერის ჯემალ ანანიძის თქმით, ქალაქს გაუმართლა, რომ ქარიშხალს ძლიერი წვიმა არ დაერთო, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბათუმი მთლიანად დაიტბორებოდა.

„ჩვენ იმით გაგვიმართლა, რომ არ არის ძლიერი წვიმა, თორე კოკისპირული წვიმის შემთხვევაში ზღვა სანიაღვრე არხებიდან წყალს ვერ მიიღებდა და მთელი ქალაქი დაიტბორებოდა. დღეს რუსთაველის და ხიმშიაშვილის ქუჩებზე არის პატარა შეფერხებები, მცირე წყალდიდობით გამოწვეული, თუმცა საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობს.“

ამ დრომდე ქობულეთს არ მიეწოდება ბუნებრივი აირი, ელექტროენერგია და წყალი. აქ ძლიერმა წვიმამ აღმაშენებლის ქუჩა მთლიანად დატბორა; წაიქცა რამდენიმე ელექტროგადამცემი ბოძი; თითქმის ექვსმეტრიანმა ტალღებმა კი სანაპიროზე გამავალი თამარ მეფის ქუჩის ერთი ნაწილი ჩამოშალეს, რომელსაც გაზსადენიც მიუყვება.

ბუნებრივი აირის გაჟონვის თავიდან ასაცილებლად აზერბაიჯანულმა კომპანია „სოკარ ჯორჯიამ“ ქობულეთისთვის გაზის გათიშვის გადაწყვეტილება მიიღო. „სოკარ ჯორჯიას“ წარმომადგენელი ზურაბ დუნდუა ამბობს:

„ზღვამ საძირკველი გამოაცალა გაზსადენს. ფაქტობრივად, ქუჩა აღარ არსებობს. არის ცუდ მდგომარეობაში. აქედან გამომდინარე იძულებულები გავხდით გაზი გაგვეთიშა. ქალაქის აბონენტთა 80 პროცენტი ეხლა გათიშულია. როგორც კი ზღვა დამშვიდდება და ამინდი გამოსწორდება დავიწყებთ სარემონტო სამუშაოებს და გაზმომარაგებაც აღდგება.“

სტიქია მთელი საქართველოს მაშტაბით ბობოქრობდა. ხელვაჩაურის, ოზურგეთის, ჩოხატაურის, გორის, ბოლნისის რაიონებში და ასევე თბილისში, ასეულობით სახლი, მათ შორის, მრავალსართულიანი სახლები სახურავის გარეშე დარჩა. 100 000-ზე მეტი აბონენტი კი ელექტროენერგიის გარეშე.

გორის ცენტრში უბედურ შემთხვევას შემთხვევით გადაურჩა ტურისტთა ჯგუფი. სტალინის სახლ-მუზეუმის დათვალიერების დროს, ქარმა მეზობელი კორპუსს სახურავი მოგლიჯა და სტალინის პირად ვაგონს დაანარცხა. ძლიერმა ქარმა პრობლემები შეუქმნა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ფუნქციონირებასაც.

წინასწარი ინფორმაციით, ზარალი რამდენიმე მილიონ ლარს აღწევს. ზარალის დადგენის მიზნით, პრემიერ მინისტრი და ფინანსთა მინისტრი დღეს გორში ჩავიდნენ, ხოლო ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრები კი გურიასა და აჭარაში. მთავრობა აპირებს დაზარალებულებს დახმარება სარეზერვო ფონდიდან აღმოუჩინოს.
XS
SM
MD
LG