ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გურიაში წვიმამ 2 ადამიანი იმსხვერპლა, ერთს ეძებენ


ორი ადამიანი დაიღუპა და ერთს ამ დრომდე ეძებენ გურიაში კოკისპირული წვიმის შედეგად. წვიმა, 8 სექტემბერს, საღამოს 9 საათისთვის დაიწყო და თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა.

მდინარეების და ღელეების ადიდების და წყალმოვარდნის გამო, გურიაში დატბორილია, როგორც საკარმიდამო, ისე სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დიდი ნაწილი. დანგრეულია ხიდები და გარესამყაროს მოწყვეტილია რამდენიმე სოფელი.

სოფელ ლესასთან ადიდებულმა მდინარე ლესის წყალმა აღმოსავლეთ-დასავლეთის ცენტრალური ავტომაგისტალის მონაკვეთიც დატბორა, რის გამოც, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გავლით, მოძრაობა ამ დრომდე შეწყვეტილია.

ოზურგეთის რაიონის სოფელ ჯუმათსა და სილაურში, ძლიერმა წვიმამ 10 წლის ბავშვის და 80 წლის ქალის სიცოცხლე შეიწირა. ამ დრომდე ეძებენ კიდევ ერთ არასრულწლოვანს. ძლიერმა წვიმამ აქ მეწყრული პროცესების გააქტიურება გამოიწვია.

ამ დრომდე რთული სიტუაციაა სუფსისპირა სოფლებში, რომლებიც მდინარე სუფსამ კიდევ ერთხელ დატბორა. ასევე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ხორეთში, მამათში, ჩოჩხათში, ნინოშვილში, მოედანში, კოკათში.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გურიის რეგიონში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 200-მდე მეხანძრე-მაშველია მობილიზებული.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG