ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოხალისეები: „ტრაგედიაც მსუბუქი სიტყვაა იმის გადმოსაცემად, რაც შოვში ხდება“


მაშველი შოვში, უმძიმესი დღის შემდეგ
მაშველი შოვში, უმძიმესი დღის შემდეგ

ზემო რაჭაში, სტიქიური უბედურების ზონაში, დამანგრეველი ღვარცოფიდან ორ კვირაზე მეტი გავიდა. მაშველებმა ამ პერიოდში 28 ცხედარს მიაგნეს. დაკარგულად კიდევ ხუთი ადამიანი ითვლება, მათ შორის ბავშვებიც არიან.

28 დაღუპულიდან 26 ცხედარი ამოცნობილია. გარდაცვლილთა ძებნის ოპერაცია, რომელიც დიდ ტერიტორიას მოიცავს, მდინარეების ჭანჭახისა და რიონის ჩათვლით, ამ დრომდე გრძელდება, ოპერაციაში შსს-ს და თავდაცვის სამინისტროს ძალები მონაწილეობენ.

მოხალისეების ბანაკი სოფელ გლოლაში, მდინარე დღვიორასთან
მოხალისეების ბანაკი სოფელ გლოლაში, მდინარე დღვიორასთან

თითქმის, ორი კვირის განმავლობაში, მაშველებს, ჯარისკაცებს პოლიციელებსა და ადგილობრივებს აქტიურად ეხმარებოდნენ მოხალისეები, რომლებიც შოვში, საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან ჩავიდნენ და სოფელ გლოლაში იყვნენ დაბანაკებულები.

100 ათასობით ტონა მიწის მასაში ჩამარხული ადამიანები და ცხოველები ქმნის ამ საშინელ სურათს. გარდა იმისა, რომ ვიზუალურად არის ეს მძიმე აღსაქმელი, ასევე არის საშინელი სუნი, რომლის გადმოცემაც წარმოუდგენელია. ამ ყველაფრის ერთხელ ნახვის მერე, არა მგონია, იმ ადამიანებიდან ვინც იქ მუშაობს, ვინმეს მშვიდი ძილი ჰქონდეს
ეთო არსანიძე, მოხალისე

„ტრაგედიაც კი მსუბუქი სიტყვაა, იმის გადმოსაცემად რაც იქ ხდება“ - უთხრა „ამერიკის ხმას“ ეთო არსანიძემ, რაჭის სათემო ორგანიზაციიდან, რომელიც შოვში მოხალისედ 3 გვისტოსვე ავიდა.

„ყველაზე საშინელ ჰორორშიც კი წარმოუდგენელი იყო, ისეთი რეალობა დაგვხდა, როცა პირველად ავედით იმ ტერიტორიაზე. სიტყვებით ძალიან რთული გადმოსაცემია, ვერც კადრები გადმოსცემს, იმ სიტუაციას რაც იქ არის.

100 ათასობით ტონა მიწის მასაში ჩამარხული ადამიანები და ცხოველები ქმნის ამ საშინელ სიტუაციას. გარდა იმისა, რომ ვიზუალურად არის ეს მძიმე აღსაქმელი, ასევე არის საშინელი სუნი, რომლის გადმოცემაც წარმოუდგენელია. ამ ყველაფრის ერთხელ ნახვის მერე, არა მგონია, იმ ადამიანებიდან ვინმეს, ვინც იქ მუშაობს, მშვიდი ძილი ჰქონდეს. მით უმეტეს, რომ ყოველდღიურ რეჟიმში უხდებათ ადამიანის ფრაგმენტების აღმოჩენა“ - გვიყვება ეთო.

ეთომ და სხვა მოხალისეებმა სოფელ გლოლაში, მდინარე დღვიორასთან მოხალისეთა ბანაკი მოაწყვეს, სადაც სამაშველო ოპერაციაში ჩართული ადამიანებისთვის ცხელ საჭმელს ამზადებდნენ. აქვე გროვდებოდა ჰუმინიტარული დახმარება, რომელიც შემდეგ მოხალისეებს შოვში, მაშველებთან და ჯარისკაცებთან აჰქონდათ.

„ურთიერთობებს რაც შეეხება, თავიდან დაძაბულები იყვნენ, ჩვენს მიერ მიწოდებულ (საჭმელზე), ელემენტარულ რაღაცეებზე უარს ამბობდნენ, თუმცა შემდეგ დალაგდა ისე სიტუაცია, რომ თვითონ ამ საკვების თუ სხვა საჭიროებების გადატანისთვის გლოლადან შოვისკენ შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად გვეხმარებოდა, მათ ჩვენი საჭიროება დაინახეს“ - ამბობს ეთო არსანიძე.

ერთ-ერთ პირველები ვინც, რაჭველ მოხალისეებს სოფელ გლოლაში შეუერთდნენ, მესტიელი პროფესიონალი გიდი ვიკა ფილფანი და მისი მეგობრები იყვნენ. ისინი შოვის ტრაგედიის დროს, სამეგრელოში, ტობავარჩხილის ტბების ტურზე იმყოფებოდნენ. როგორც სტიქიური უბედურების შესახებ გაიგეს, მეგობრებმა პირდაპირ რაჭისკენ გასწიეს.

„როცა გავიგეთ ამ ტრაგედიის შესახებ, რაღაცნაირად ყველამ ერთად გავიაზრეთ, რომ ახლა სახლებში ვერ წავიდოდით და ჩვენი სამოქალაქო პასუხისმგებლობა იყო, რომ, თუ რამეს შევძლებდით, იქნებ, ვინმეს რამეში დავხმარებოდით“ - ამბობს „ამერიკის ხმასთან“ ვიკა ფილფანი.

მოხალისეები და თავდაცვის სამინისტროს ჯარისკაცები შოვში
მოხალისეები და თავდაცვის სამინისტროს ჯარისკაცები შოვში

„თავიდან როცა შევხედეთ რომ მაშველებისთვის ყველას შეჰქონდა მშრალი საჭმელი და თვითონაც (შსს) მშრალ საჭმელს აჭმევდნენ, ჩვენი მხრიდან ცხელი საჭმლის შეტანამ დიდი მოწონება დაიმსახურა. პირველ დღეს რო შევედით, რაოდენობა ვერ გავთვალეთ, იმაზე მეტი აღმოჩნდა საჭირო, ვიდრე ჩვენ გვეგონა. მეორე დღეს უფრო მეტი გავაკეთეთ და მეტ ადამიანს მივაწოდეთ, ასე ნელ-ნელა აეწყო“ - გვიყვება ვიკა.

მართლა არ მინახავს ასეთი გმირული მუშაობა, ძალიან მამაცი და პროფესიონალი მაშველები გვაყვს. რასაც ვისურვებდი, ეს არის მათთავის უფრო მეტი თანამედროვე სამაშველო ტექნიკა და აღჭურვილობა. მათ სჭირდებათ ნორმალური აღჭურვა, არა ათეულის ან ოცეულის, არამედ მასობრივად

მოხალისეები იმის გარდა, რომ გლოლადან ცხელი საჭმელი და სხვა ნივთები შოვში აჰქონდათ, შემდეგ, უშუალოდ სტიქიის ზონაში, რამდენიმე ასეული მეტრის რადიუსში, მძიმე ზურგჩანთა აკიდებულები გადაადგილდებოდნენ, რათა საკვები და საჭმელი, უშუალოდ სამძებლო ოპერაციაში ჩართულ მაშველებამდე მიეტანათ. ამის გამო, ვიკას ჯგუფს, მაშველებმა და ჯარსიკაცებმა „შოვის ანგელოზები“ შეარქვეს.

„თავიდან ყველაზე დიდი ემოცია იყო, როცა პირველად მივედი, ვნახე რა იყო მომხდარი. შევხედე ადგილს და შევეცადე აღმედგინა ის ყველაფერი, რაც იქ მოხვდა, მიხვდი, რამხელა ბრძოლის გადატანა მოუწევდათ იმ ადამიანებს, ვინც დაიღუპა, როგორი რთული იქნებოდა იმის გააზრება რომ გასაქცევი აღარ ჰქონდათ“ - ამბობს ვიკა.

მისი თქმით, „ვინც გადარჩა იმათმა რა ნახეს, რამხელა ფსიქოლოგიური სტრესი იყო ეს მათთვის, წარმოუდგენელია. შემდეგ იყო რთული, იმ ოჯახის წევრების ნახვა, ვისაც დაკარგულები ჰყავდათ. ამას ხმამაღლა არავინ ამბობდა, მაგრამ 3-4 დღეში, უკვე ნათელი იყო რომ ცოცხალი არავინ იყო და იპოვიდნენ თუ არა ცხედარს ასე იდგა საკითხი. და, ცხედრის პოვნაც რომ რაღაც სიხარულს განიჭებს და უკვე ყველა რომ ამას ელოდა, ამის ყურება იყო ძალიან რთული“.

ვიკაც და თეოც ამბობენ, რომ სტიქიის ზონაში მაშველების და ჯარისკაცების მხრიდან თავდადების უამრავი მაგალითი ნახეს. „მართლა არ მინახავს ასეთი გმირული მუშაობა, ძალიან მამაცი და პროფესიონალი მაშველები გვაყვს. რასაც ვისურვებდი, ეს არის მათთავის უფრო მეტი თანამედროვე სამაშველო ტექნიკა და აღჭურვილობა. მათ სჭირდებათ ნორმალური აღჭურვა, არა ათეულის ან ოცეულის, არამედ მასობრივად, თანამედროვედ აღჭურვა, ეს მგონია, რომ სამომავლოდ გასათვალისწინებელია“ - ამბობს ვიკა ფილფანი.

მოხალისეები და მაშველები
მოხალისეები და მაშველები

მოხალისეების მისია ზემო რაჭაში მას შემდეგ დასრულდა, რაც სახელმწიფომ სტიქიის ზონაში საველე სამზარეულო მოაწყო და ახლა მაშველებს და ჯარისკაცებს ცხელი საჭმელით თავად ამარაგებს.

სახელმწიფოს მხრიდან, იმის თქმა რომ ჩვენ პასუხისმგებლობა არ გვეკისრება, მგონია რო არის, ცოტა თავის დაძვრენის მცდელობა და უსამართლოა ყველანაირად
ვიკა ფილფანი, მოხალისე

ვიკამ შოვი 19 აგვისტოს დატოვა, თეომ ცოტა უფრო ადრე, საკუთარ სახლებს დაუბრუნდნენ სხვა მოხალისეებიც. გოგონებს მიაჩნიათ, რომ სახელმწიფოს მხრიდან მომხდარ ტრაგედიაზე პასუხისმგებლობის სრულად მოხსნა და ყველაფრის სტიქიური უბედურებით ახსნა დიდი შეცდომაა.

„ყველამ ნახა გუტაშვილების ოჯახის ერთ-ერთი წევრის პოსტი სოციალურ ქსელში, რომელიც 2020 წელს არის დაწერილი, როგორ სთხოვს სახელმწიფოს დახმარებას, რათა მორიგი სტიქიის შემდეგ, ეს ტერიტორია იქნას შესწავლილი და მოხდეს შესაბამისი რეაგირება, (2023 წლის სტიქიამ შოვის კოტეჯებში, გუტაშვილების ოჯახის რამდენიმე წევრი შეიწირა) შესაბამისად, იმის თქმა რომ ჩვენ პასუხისმგებლობა არ გვეკისრება, მგონია რო არის, ცოტა თავის დაძვრენის მცდელობა და უსამართლოა ყველანაირად“ - გვითხრა ვიკამ.

მთლიანად განადგურებული კურორტი შოვი, ანა ნაცვლიშვილის ფოტო
მთლიანად განადგურებული კურორტი შოვი, ანა ნაცვლიშვილის ფოტო

„ლოგიკურად რო შევხედოთ, თუ იქნებოდა წინასწარ შემუშავებული ევაკუაციის გეგმა, განგაშის სირენები, სენსორები ხეობაში და მოხდებოდა ადამიანების გაფრთხილება, ის 8 წუთი, რაც მინიმუმ ჰქონდათ, ან შეიძლება უფრო მეტიც, სრულიად საკმარისი იქნებოდა იმ ტერიტორიის დასატოვებლად... ოდესმე, თუნდაც, საკუთარ, მძიმე შეცდომაზე ხომ უნდა ვისწავლოთ რაღაც?“ - კითხულობს ეთო.

ოდესმე, თუნდაც, საკუთარ მძიმე შეცდომაზე ხომ უნდა ვისწავლოთ რაღაც?

რაჭაში ისევ გლოვაა, ისევ კრძალავენ, ტირიან და ისევ ეძებენ 3 აგვისტოს დამანგრეველი ღვარცოფის დროს დაკარგულებს. შსს შოვის ტრაგედიის საქმეს 116-ე და 240-ე მუხლებით იძიებს, რაც სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით და სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

იურისტების აზრით, ამ მუხლებს სულ მცირე ორი მუხლი, 128-ე, განსაცდელში მიტოვება და 342-ე, სამსახურებრივი გულგრილობაც უნდა დაემატოს, თუმცა ხელისუფლება არც პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის და არც გამოძიების პროკურატურისთვის გადაცემის აუცილებლობას ხედავს.

მოხალისეები შოვში
მოხალისეები შოვში

XS
SM
MD
LG