ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შევსვამთ ხვანჭკარას 100 წლის შემდეგ?


სურათზე: სარდანაშვილების ვენახი სოფელ ხვანჭკარაში. დმიტრი ბუხონკოს ფოტო

ქართული ვაზის ორ მშვენებას - ალექსანდროულსა და მუჯურეთულს კლიმატის ცვლილების გამო, ქვემო რაჭაში, საკუთარ მიკროზონაშიც კი უკვე სერიოზულად უჭირთ. სწორედ ამ საოცარი ჯიშებიდან იბადება, უფრო საოცარი გემოს მქონე ქართული ღვინო - ხვანჭკარა.

34 წლის ალეკო სარდანაშვილმა რვა წელი უცხოეთში იცხოვრა, სამი წელია რაც სოფელ ხვანჭკარაში დაბრუნდა. 80 წლის ნანული ბებიას და ჰექტარ ვენახს, ერთად უვლის. მისი დიდი ოცნება საოჯახო მარნის განვითარება და საკუთარი ღვინის ჩამოსხმაა.

სარდანაშვილების „ხვანჭკარას“ უკვე კარგად იცნობენ ის უცხოელი ტურისტები, ძირითადად, სლოვაკეთის რაჭიდან, რომლებსაც ალეკოს „რაჭულ ოდაში“ ღამე ერთხელ მაინც გაუთევიათ. საოჯახო სასტუმრო შარშან აამუშავა. ტურისტულ სეზონზე 100-მდე სტუმარი ჰყავს. გეგმები აქაც დიდი აქვს.

ალეკოს დაკვირებით, ერთ-ერთი მთავარი, გლობალური პრობლემა, რაც მის გეგმებს სერიოზულ გამოცდას უწყობს - კლიმატის ცვლილებაა. გლობალური დათბობა და მისი შედეგები, განსაკუთრებით, ბოლო ორი წლის მანძილზე, როგორც მევენახეობას (ზოგადად სოფლის მეურნეობას), ისე ტურიზმს უკვე ძალიან აზარალებს.

„აღარ არის ის წარმოსახვითი პრობლემა, რომელსაც მხოლოდ ტელევიზორში ვხედავდით. წელს მქონდა წყლის დიდი პრობლემა, გვალვამ გამოიწვია ნაკადულების დაშრობა და საგრძნობლად მოკლება. ამიტომ, ტურისტულ ჯგუფებზე უარის თქმა მომიწია, უწყლობის გამო. არადა, სეზონის პიკი, იყო. ასე, რომ საკმაოდ ძვირად აისახა.

რაც შეეხება ვენახს, ნაწილი გაახმო მზემ, გვალვების პერიოდი როცა, იყო, თითქმის, სამი თვე წვიმა არ მოსულა. ნაყოფზეც ცუდად იმოქმედა, რა თქმა უნდა. ასევე ახალშენებს, ახალ დარგულ ვაზს გაუჭირდა ძაან, ვერ გაუძლო ასეთ გვალვას და დიდი ნაწილი გახმა.

ვენახს რომ თავი დავანებოთ, სხვა კულტურებზეც ძალიან უარყოფითად აისახა, არა მხოლოდ ჩემთან, არამედ, ზოგადად, აქ რაჭაში. იგივე სიმინდი, ლობიო, ბოსტნეული, მოსავალი ძალიან მწირი იყო.“

კლიმატის გლობალური ცვლილებების შერბილება და მათთან ადაპტაცია 21-ე საუკუნეში, საქართველოს სახელმწიფოს, უდავოდ ყველაზე დიდი გამოწვევაა. ეს არის გაუდაბნოება კახეთში, მყინვარების სწრაფი დნობა კავკასიონის კალთებზე, შავი ზღვის დონის აწევა და სანაპიროს კატასტროფული ეროზია, ტყის მასივების ხმობა, აგრომრეწველობისთვის ვარგისი მიწის დეგრადაცია, მტკნარი წლის შემცირება, ნაკადულების და ჩანჩქერების გაქრობა.

გლობალური დათბობის გამო სულ უფრო გახშირებული სეტყვა, გვალვა, წყალდიდობა, ქარიშხალი, შტორმი, ხანძარი, მეწყერი და ღვარცოფი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. სითბური ტალღების უკვე აუტანელი და მზარდი პრობლემა, როგორც დიდ ქალაქებში, ისე სოფლად, რომელიც პირდაპირი მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე. ეს არის წარმოუდგენელი ოდენობის ზარალი ყოველწლიურად, რომლის აღრიცხვა-შეფასება ობიექტურად, საქართველოში არც ხდება.

გამოსავალი საქართველოს მთელი ეკონომიკის გადაწყობაა, დაბალი ემისიების ანუ დაბალი გამონაბოლქვის პირობებზე. მწვანე ეკონომიკის განვითარება, რომელიც ძვირი სიამოვნებაა და საერთაშორისო დონორების მხარდაჭერის გარეშე რთული იქნება.

მწვანე კლიმატის ფონდის ბიუჯეტი დღეისათვის მხოლოდ 10 მილიარდი დოლარია, როცა ექსპერტების შეფასებით, ყოველწლიურად, მინიმუმ, 100 მილიარდი მაინც უნდა დაიხარჯოს, რომ დედამიწაზე კლიმატის ცვლილებების შერბილება საგრძნობი გახდეს. გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე თემურ მურღულია ამბობს, რომ დონორების დარწმუნება, ჩვენი „მწვანე“ პრობლემატიკით ადვილი სულაც არ არის.

„ეს არ არის ადვილი, ეს არ არის ისე, რომ მხოლოდ განაცხადე შენი პრობლემების შესახებ და ეგრევე დონორები მორბიან და გეხმარებიან. დღეს, ჩვენგან განსხვავებით, მცირე კუნძულოვანი სახელმწიფოების პრობლემა გაცილებით ვიზუალიზებულია, რადგან ამას ყველა ხედავს.“

საქართველო უკვე 21 წელია გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის ხელმომწერია. გაგზავნილი აქვს ორი ეროვნული შეტყობინება კონვენციის სამდივნოში და ასრულებს მუშაობას, მესამე შეტყობინებაზე, რომელსაც მწვანე კლიმატის ფონდიც მიიღებს. ეს არის ყოვლისმომცველი დოკუმენტი, რომელიც ასახავს ქვეყნის პოლიტიკას სათბური აირების აღწერისა და კლიმატის ცვლილების მიმართ საადაპტაციო და შემარბილებელი ღონისძიებების კუთხით.

საინტერესოა, რომ საქართველოს მეორე ეროვნულ შეტყობინებაში, რომელიც 2009 წელს მომზადდა, პირდაპირ წერია, რომ „ქვეყნისთვის გარემოს დაცვა ჯერჯერობით არ წარმოადგენს პრიორიტეტს, რის გამოც თითქმის შეუძლებელია კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული საკითხების ჩართვა დარგობრივი განვითარების საკითხებში.“

შეიცვალა თუ არა ეს მიდგომა ბოლო 6 წლის განმავლობაში? ექსპერტების აზრით, საქართველოს მთავრობამ ჯერ ვერ მოახერხა იმ ნაბიჯების გადადგმაც კი, რომელიც დონორების მხარდაჭერის გარეშეც, შეიძლებოდა განხორციელებულიყო.

1. მშენებლობის ბუმის მიუხედავად, ენერგოეფექტური სახლების საერთო წილი კვლავაც მიზერულია; ანუ ჩვენ ისევ „საბჭოთა სახლებში“ ვცხოვრობთ, გათბობა კვლავ ძვირია და პლუს გარემოსთვის საზიანო.

2. დღეისათვის, საქართველოს 13 ქალაქია ოფიციალურად მიერთებული „მერების შეთანხმებას“, რომელიც 2020 წლისთვის ემისიების 20%-ით შემცირებას ითვალისწინებს, თუმცა მასობრივად, ეკონომიური განათება ამ ქალაქებში ისევ მიუღწეველია.

3. მთავრობამ ვერ გარისკა არა თუ მეორადი ავტომანქანების შემოყვანის შეზღუდვა, არამედ სავალდებულო ტექდათვალიერების შემოღება და საწვავის ხარისხის კონტროლი, რის გამოც საქართველო - ტრანსპორტის ემისიების სტანდარტებთან შესაბამისობის კუთხით, ევროპის ერთ-ერთი ყველაზე წარუმატებელი ქვეყანაა.


4. ლილოს ნაგავსაყრელზე 500 ათასი ტონა მეთანის გამოყოფის შემცირების პროექტი, რომელიც იაპონურ კონსორციუმს 2010 წლიდან უნდა განეხორციელებინა, ქაღალდზე დარჩა და მტვერი დაედო.


5. ათწლეულების მანძილზე, სამრეწველო გიგანტები: ზესტაფონის ფერო, ჭიათურმანგანუმი, რუსთავის მეტალურგიული, ტყიბულის საქნახშირი, ჰაიდელბერგცემენტი, მადნეული და კვარციტი ეკოლოგიურ დანაშაულს სჩადიოდნენ, მთავრობა ეკონომიკური მოსაზრებებით ამაზე თვალს ხუჭავდა და გარკვეულწილად, დღესაც ხუჭავს.

6. დიდი წყალსაცავები პირდაპირ, უარყოფით ზეგავლენას ახდენენ როგორც მიკრო, ისე გლობალური კლიმატის ცვლილებაზე. ამის მიუხედავად, საქართველოს მთავრობა მომავალ ათწლეულში, 100-მდე დიდი, საშუალო და მცირე ჰესის აგებას გეგმავს.

„მწვანე ალტერნატივას“ ხელმძღვანელი მანანა ქოჩლაძე ამბობს, რომ „ენგურჰესის“ შემდეგ, სვანეთში „ნენსკრა ჰესისა“ და „ხუდონ ჰესის“ აშენება, სვანეთის მყინვარებს გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს. იგივე ეხება რაჭისა და ხევის მყინვარებს და მიკროკლიმატს.

„ჩვენი მთავრობის მესიჯი დღესაც სამწუხაროდ არის ასეთი, რომ ჩვენ განვავითარებთ განახლებად ენერგეტიკას, თუმცა ამ განახლებადში, ჩვენ ვგულისხმობთ დიდ ჰიდროელექტროსადგურებს, რომელსაც თავად მსოფლიო უკვე დიდი ხანია აღარ განიხილავს, როგორც განახლებად ენერგიას.“

მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის ახალი მონაცემებით, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა, ბოლო 30 წლის მანძილზე, ატმოსფეროში სათბური გაზების კონცეტრაციამ სარეკორდო მაქსიმუმს მიაღწია - 143%-ს ინდუსტრიამდელი პერიოდიდან. ეს კი დედამიწაზე ტემპერატურის კიდევ უფრო მატებას, გაცილებით რთულ და ხშირ ბუნებრივ კატაკლიზმებს ნიშნავს.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს წილი ატმოსფეროს დაბინძურებაში ანუ ნახშირორჟანგის მთლიან მსოფლიო ემისიაში მინიმალურია (0, 015 % - Global Carbon Project-ის მონაცემებით), კლიმატის ცვლილება თავისი დამანგრეველი შედეგებით ზუსტად ისევე აისახება აქ,როგორც იმ ქვეყნებზე, რომლებიც გარემოს ჩვენზე მეტად აზიანებენ.

„სიცოცხლის მთავარი ამოცანა, ბუნებასთან თანხმობით არსებობაა“ - ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვის 5-ე საუკუნეში ამბობდა ბერძენი ფილოსოფოსი ძენონ ელეელი. მოხდება თუ არა ამ ფილოსოფიის გლობალური გააზრება დღეს, სწორედ ამაზეა დიდწილად დამოკიდებული, გვექნება თუ არა ხვალ წყალი, ტყე, მიწა, ვენახი...შანსი, რომ 100 წლის შემდეგაც შევსვათ ხვანჭკარა.

XS
SM
MD
LG