ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სტიქიამ საქართველოში ერთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა


თბილისის იუსტიციის სახლის სახურავმა ქარიშხალს ვერ გაუძლო

126 500 000 ლარის ღირებულების თბილისის იუსტიციის სახლის - 23 500 000 ლარის ღირებულების სახურავი უკვე შესაკეთებელია

ერთი ადამიანი გარდაიცვალა ორი კი დაშავდა, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ორდღიანი სტიქიის შედეგად. საერთო ზარალი, სავარაუდოდ ათეული მილიონი ლარი იქნება. გუშინ შავი ზღვის სანაპიროზე ქარიშხლის სიძლიერემ ბოფორტის შკალით - 6 ბალს მიაღწია, რამაც ბარში კოკისპირული წვიმა, მთაში კი ძლიერი თოვა გამოიწვია.

ძლიერმა ქარმა ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე მიმავალი 70 წლის მამაკაცი წააქცია, რომელსაც ინსულტი განუვითარდა და სამწუხაროდ, ადგილზე დაიღუპა. ქედის რაიონის სოფელ ზვარეში კი მოძრავ მიკროავტობუსს ლოდი დაეცა. ორი ადამიანი სიკვდილს სასწაუვლებრივ გადაურჩა. ისინი დაზიანებებით ბათუმის სავადმყოფოში გადაიყვანეს.

ძლიერმა ტალღებმა, როგორც მარტსა და ოქტომბერში, ახლაც დაანგრია ახალი ბულვარი, განსაკუთრებით, ბათუმის აეროპორტის სიახლოვეს. მოგლიჯა ხეები, დააზიანა ავტომობილები, გადაიდო ავიარესები სტამბოლისა და მინსკის მიმართულებით.

სერიოზული ზიანი მიადგა საქართველო-თურქეთის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალს სარფის საბაჟოსთან. ზღვამ აქ გზის თითქმის 2 კილომეტრიანი მონაკვეთის ნაწილი ჩარეცხა. აჭარის ავტონომიის საავტომობილო გზების დეპარტამენტის დირექტორი ზვიად სიხარულიძე ამბობს:

„ძლიერმა ტალღებმა ამ მონაკვეთში საავტომობილო ტრასას ძირი გამოაცალა. აქ დიდი ლოდებით ყრილი იყო მოწყობილი, რომელიც დაიწია და ზღვამ წაიღო. ამ ფერდობის ხელმეორედ გამაგრება უნდა მოხდეს მთლიანად“.

გუშინ სოფელ ხევთან, ძლიერი თოვლის, დაბალი ხილვადობისა და საცობის გამო ჩაიკეტა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი რიკოთის უღელტეხილი. ამ დრომდე აკრძალულია მაღალი გამავლობისა და მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. დანარჩენი ტრანსპორტი დილიდან, ძირითადად მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით მოძრაობს.

იგივე შეზღუდვები მოქმედებს კობი-გუდაურის, გოდერძისა და წალკა-ნინოწმინდის უღელტეხილებზე. გუშინ ჩაკეტილი იყო მესტია-უშგულის დამაკავშირებელი გზაც.

დღეს მთლიანად პარალიზებული იყო თბილისის იუსტიციის სახლი. იქ განლაგებულ ენერგეტიკის სამინისტროს კი არ ჰქონდა გათბობა. გუშინ ქარიშხალმა ძლიერ დააზიანა იუსტიციის სახლის სახურავი, რის გამოც შენობაში მყოფი ადამიანების სასწრაფო ევაკუაცია გახდა საჭირო.

იუსტიციის სახლის მშენებლობა, რომელიც შარშან სექტემბერში გაიხსნა, საქართველოს მოქალაქეებს 126 500 000 ლარი დაუჯდათ, აქედან მხოლოდ სახურავის ღირებულება 23 500 000 ლარი იყო.

იუსტიციის სახლის სახურავის კონსტრუქტორ იტალიელ მატია სტოფანელისთან შეხვედრის შემდეგ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ბრძანა:

„ჩვენ გვაინტერესებს სახურავის გარე დაზიანება შენობის შიგნითა ნაწილზე ხომ არ იქონიებს გავლენას, რაკი ეს ერთი მთლიანი კონსტრუქციაა. მშენებელმა თავისივე ნამუშევარი, რომელსაც ახლა უკვე პრობლემა აქვს პირველი შეხედვით შეაფასა და თქვა, რომ ამას უფრო ღრმა შესწავლა სჭირდება. ჩვენ მას დავახმართ ქართველ ინჟინრებსაც, რომ რამდენიმე მოსაზრება გვქონდეს.“

ძლიერმა ქარმა გუშინ სახურავი გადახადა გურჯაანში სამ საცხოვრებელ კორპუსს. ასევე კერძო სახლებს ბათუმში, თელავში, ახმეტაში, მესტიაში, ლანჩხუთსა და ჩოხატაურში. მეწყერი ჩამოწვა ხელვაჩაურის სოფელ შუშანეთსა და ჩოხატაურის რაიონის სოფელ ზოტში.

მდინარე რიონის ადიდების გამო გუშინვე დაიტბორა ხობის რაიონის სოფელი პატარა ფოთი. წყალი მოსახლეობას შეუვარდა როგორც საკარმიდამო ნაკვეთებში, ისე სახლებში. იგივე მოხდა ოზურგეთის რაიონის სოფლებში ჯუმათსა და სილაუში. პატარა ფოთის მკვიდრი ამბობს

„უკვე მეორე შემთხვევაა წელს რომ წყალი გვივარდება. იკეტება ხიდი, რომელიც დამბის ფუქნციასაც ასრულებს და ამის გამო არის უზარმაზარი ზარალი სოფელში. სახლი, პარნიკი, ყველაფერი დატბორილია.“

მძიმე მდგომარეობაა ელექტროენერგიის მომარაგების მხრივ. ქარმა 120-ზე მეტი ელექტროგადამცემი ბოძი წააქცია. გუშინ მთელი საქართველოს მასშტაბით 70 000-მდე აბონენტი იყო გათიშული, მათ შორის აჭარაში, სამცხე-ჯავახეთში, სამეგრელოში, გურიაში, იმერეთში, ქართლსა და კახეთში.

ამ დროისთვის, 50 000 მდე ოჯახი ისევ უშუქოდ რჩება, განსაკუთრებით მძიმე სიტუაციაა მაღალმთიან აჭარაში, სადას თოვლის საფარმა უკვე ერთ მეტრს მიაღწია.

XS
SM
MD
LG