ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის ღიად გაცხადებული მიზანი უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთის კონტროლია


რუსი გენერალი, რუსტამ მინეკაევი ამბობს, რომ რუსეთის სამხედრო ქმედების მიზანია, მოხდეს უკრაინის სამხრეთ აღმოსავლეთ ქალაქების აღება. რუსი სამხედრო ოფიციალური პირის განცხადებას რუსული საინფორმაციო საშუალებები ავრცელებენ, კიევში კი ამბობენ, რომ რუსეთი საკუთარ მიზნებს აღარ მალავს.

„მათ შეწყვიტეს დამალვა იმის, რომ ეს ომია. აღიარეს, რომ ომის მეორე ფაზის მიზანი არ არის გამარჯვება "ნაცისტებზე", მათ უბრალოდ სურთ აღმოსავლეთ და სამხრეთ უკრაინის ოკუპაცია,“- წერია განცხადებაში, რომელსაც უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს და აღნიშნულია, რომ ეს არის აშკარა „იმპერიალიზმი“.

მანეკაევი, რუსეთის სამხედრო ოლქის მეთაურის მოადგილეა და განცხადებაში ის ადასტურებს, რომ რუსეთს ტერიტორიული ამბიციები აქვს. რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის მიზანია დონბასის რეგიონის აღება, ყირიმის ნახევარკუნძულთან სახმელეთო კავშირის დასამყარებლად. ეს მოიცავს მარიუპოლის ოკუპაციასაც. რუსეთს სურს უკრაინის მთელი სამხრეთის დაკავებაც, მოლდოვას საზღვრამდე, რომელიც მოიცავს ოდესასა და მიკოლაევს.

უკრაინის გენერალური შტაბი ამბობს, რომ რუსულმა ჯარმა ფრონტის ხაზზე გაზარდა იერიშები, საუბარია ხარკოვის რეგიონსა და დონბასის მიმართულებაზე.

მოსკოვი ამტკიცებს, რომ რუსმა სამხედროებმა 2-თვიანი ბრძოლის შემდეგ მარიუპოლის პორტი აიღეს. შეტაკებები გრძელდება აზოვსტალის ტერიტორიაზე, სადაც აზოვის ბატალიონის წევრები და მშვიდობიანი მოქალაქეები იმყოფებიან. გუშინ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა მიმართა რუსულ ჯარს და უთხრა, შეეწყვიტათ საბრძოლო მოქმედებები და საშუალება მიცათ მშვიდობიანი მოსახლეობისთვის დაეტოვებინათ ეს ტერიტორია. თუმცა, ოფიციალური კიევი ამბობს, რომ რუსულ ჯარს იერიშების მიტანა აზოვსტალზე არ შეუწყვეტია.

ქალაქ მარიუპოლის 90 პროცენტი განადგურებულია. ადამიანები, რომლებიც რუსულ ბომბებსა და ტყვიებს გადაურჩნენ და ვერც ევაკუაცია მოახერხეს, თეთრი ლენტებით გადაადგილდებიან და მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრებს აგროვებენ.

„მოხალისეები თეთრ კოსტიუმებში და ნიღბებში დადიოდნენ ნანგრევებში, აგროვებდნენ ცხედრებს და მათ სატვირთო მანქანაში ათავსებდნენ, რომელიც აღნიშნული იყო Z ნიშნით, რაც მიუთითებს რომ ეს რუსული ავტომობილია,“- წერია სააგენტო „როიტერის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„როიტერის“ ჟურნალისტები ამბობენ, რომ ქალაქ მარიუპოლის იმ ტერიტორიაზე, რომელსაც რუსული ჯარი აკონტროლებს, სროლებისა და აფეთქებების ხმა შემცირდა.

მარიუპოლში არსებული ვითარების შესახებ ახალ სატელიტურ ფოტოებს ავრცელებს კომპანია MAXAR. სპეციალისტებმა ფოტოებზე მარიუპოლის გარეუბანში ახალი მასობრივი სამარხი დააფიქსირეს, სადაც უკრაინის ოფიციალური პირების ინფორმაციით, ათასობით მშვიდობიანი მოქალაქეა დაკრძალული. ადამიანები, რომლებიც მარიუპოლში რუსულმა ჯარმა თავდასხმისას მოკლა.

კიევში ამბობენ, რომ მარიუპოლში ომის დაწყებამდე 450 000 ადამიანი ცხოვრობდა. მარიუპოლის მერის ვადიმ ოიჩენკოს ცნობით, დღეს იქ 100 000-მდე ადამიანი რჩება. კიევი კვლავ მოუწოდებს მოსკოვს, შეწყდეს აზოვსტალის ფოლადის საწარმოზე იერიში, რადგან იქ მშვიდობიანი მოქალაქეები იმყოფებიან და დაიწყოს ევაკუაციის პროცესი.

ვადიმ ოიჩენკო, რომლმაც ქალაქი უკვე დატოვა, ამბობს: „ჩვენ გვჭირდება მხოლოდ ერთი რამ - მოსახლეობის სრული ევაკუაცია. ქალაქში დაახლოებით 100 000 ადამიანი რჩება“.

გაერო და ორგანიზაცია "წითელი ჯვარი" ამ დრომდე ვერ ასახელებს რიცხვს, თუ რამდენი ადამიანი იმყოფება ტერიტორიაზე. თუმცა, საერთაშორისო ორგანიზაციები ამბობენ, რომ ადგილზე ათასობით მშვიდობიანი მოქალაქეა. კრემლის განცხადებით, მათ მარიუპოლი ნაცისტებისგან უნდა გაათავისუფლონ.

ოთხი გზა - როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:29 0:00

რუსეთის მიერ გავრელებული ინფორმაციით, მარიუპოლიდან რუსეთში 140 000 უკრაინელის ევაკუაცია მოხდა. კიევი ამბობს, რომ ურაინის მოქალაქეების რუსეთში გადაყვანა ძალის გამოყენებით ხდებოდა და უკრაინის დედაქალაქში ამ ფაქტს დეპორტაციად აფასებენ.

ქალაქ ხარკოვში დაიბომბა ბარაბაშოვის მთავარი სამხედრო ბაზა. სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ცნობით, დაშავებულები არიან, თუმცა მათი რიცხვი არ ზუსტდება. ხარკოვში დაიბომბა საქორწინო დარბაზი და საცხოვრებელი კორპუსიც.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ახალ ვიდეომიმართვაში ნათქვამია, რომ რუსეთი უნდა შეეგუოს ფაქტს, რომ მათ მოუწევთ უკრაინული ქალაქების დატოვება, მათ შორის მარიუპოლის, „დადგება დრო, როდესაც დამპყრობლებს მოუწევთ ჩვენი ტერიტორიის დატოვება. მათ შორის - მარიუპოლის. ქალაქის, რომელიც აგრძელებს რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევას,“- ამბობს ზელენსკი.

უკრაინაში ომის პარალელურად, ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისმა გაავრცელა განცხადება, რომ არსებობს მზარდი მტკიცებულება, უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულის შესახებ. რუსეთი კატეგორიულად უარყოფს ბრალდებებს და მშვიდობიანი მოსახლეობის განზრახ მკვლელობას.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG