ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მარიუპოლში ულტიმატუმის ამოწურვის ფონზე, დასავლეთი უკრაინას მეტ შეიარაღებას პირდება


უკრაინის ქალაქი მარიუპოლი, 19 აპრილი, 2022 წ.

რუსეთის მიერ უკრაინული ქალაქის, მარიუპოლისთვის წაყენებული ბოლო ულტიმატუმი დღეს ამოიწურა. აზოვის ზღვის პირას მდებარე საპორტო ქალაქი დანებებას არ აპირებს. მოსკოვის მხრიდან აღმოსავლეთ უკრაინის ფრონტზე იერიშების გაძლიერების პარალელურად, დასავლეთი უკრაინას შეიარაღებით მეტ დახმარებას პირდება.

ათასობით რუსი ჯარისკაცი, რომელთაც ზურგს საარტილერიო და სარაკეტო ცეცხლი უმაგრებს, ცდილობს დონბასთან დაწინაურებას. რუსეთი აღმოსავლეთ უკრაინის დაპყრობას გეგმავს და მას ამ საქმეში დახმარებას ადგილობრივი სეპარატისტული დაჯგუფებები უწევენ.

დღეს ამოიწურა ულტიმატუმის ვადა, რომელიც რუსეთმა მარიუპოლს დაუწესა. ქალაქში დარჩენილი მებრძოლები აზოვსტალის მეტალურგიულ ქარხანაში არიან გამაგრებული და მოსკოვს არ ნებდებიან. ქარხნის სარდაფებში კი დაბომბვებს თავს ასობით მშვიდობიანი მოსახლე აფარებს.

აზოვის ზღვის პირას მდებარე პორტი, რომელშიც ომამდე 400 000 ადამიანი ცხოვრობდა, დღეს ნანგრევებადაა ქცეული. თვეზე მეტხანს ალყაში მყოფი ქალაქი უწყლოდ, უსაკვებოდ და მედიკამენტების გარეშე, უკრაინაში ყველაზე უარესი ჰუმანიტარული კატასტროფის ადგილად იქცა. "მსოფლიო ბავშვების მკვლელობას ონლაინ ადევნებს თვალს და დუმილს აგრძელებს" - დაწერა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა "ტვიტერის" გვერდზე.

თეთრი სახლი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები რუსეთს სანქციების მორიგ რაუნდს უმზადებს. სააგენტო "როიტერის" ცნობით, პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ამ დღეებში გააკეთებს განცხადებას უკრაინისთვის 800 მილიონი დოლარის ღირებულების ახალი სამხედრო დახმარების თაობაზე.

ამერიკა, კანადა და გაერთიანებული სამეფო უკრაინას დამატებით არტილერიას მიაწვდიან. ნორვეგია კი იუწყება, რომ მათ კიევს 100 "მისტრალის" ტიპის საჰაერო თავდაცვის რაკეტები გაუგზავნეს. გერმანიაც აცხადებს, რომ უკრაინას მეტი შეიარაღებით ეხმარება, თუმცა კონკრეტულად არ ასახელებს, რით. პენტაგონის განცხადებაც, რომელიც სამხედრო თვითმფრინავებით დახმარებას ეხება, არ აკონკრეტებს, შეერთებული შტატების თვითმფრინავებია ეს, თუ არა.

უკრაინაში რუსეთის განმეორებით შეჭრდიდან თითქმის 8 კვირის თავზე, კრემლმა ვერცერთი დიდი ქალაქის დაპყრობა ვერ შეძლო. რუსეთი იძულებული გახდა კიევიდან უკან დაეხია და აქცენტი უკრაინის ჩრდილოეთ ნაწილიდან უფრო აღმოსავლეთით და სამხრეთით გადაეტანა. აღმოსავლეთ ფრონტზე კრემლის იერიშები ამ კვირის დასაწყისში გააქტიურდა.

რუსეთის მიერ 2022 წლის 24 თებერვალს დაწყებული ფართომასშტაბიანი თავდასხმა უკრაინაზე, 1945 წელს დასრულებული მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ევროპის ტერიტორიაზე უკვე ყველაზე დიდ ომად იქცა. 5 მილიონამდე უკრაინელმა ქვეყანა დატოვა და ლტოლვილად იქცა, 10 მილიონამდე ადამიანი კი იძულებული გახდა სახლი დაეტოვებინა და თავი უკრაინის შიგნით, შედარებით უსაფრთხო რეგიონებისთვის შეეფარებინა.

უკრაინის ბევრი ქალაქი დანგრეულია. ათასობით ადამიანი დაიღუპა, მსხვერპლის დათვლა გრძელდება. მშვიდობიანი მოსახლეობის გვამებზე წამების ნიშნების გამო, რუსეთის მიერ ჩადენილი შესაძლო ომის დანაშაულის ბრალდებით, საქმეს უკრაინის, ევროპის და რამდენიმე სხვა ქვეყნის სასამართლო იძიებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG