ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ოკუპაციის შემდეგ ანექსია - რუსეთი დაცარიელებულ უკრაინულ ქალაქებში რეფერენდუმს მართავს


რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინულ ქალაქებში, კრემლის გადაწყვეტილებითა და მითითებით, რეფერენდუმი მიმდინარეობს. ამ გზით რუსეთი ცდილობს მიიერთოს და საკუთარ ტერიტორიად გამოაცხადოს უკრაინის დამატებით 4 რეგიონი. კრემლმა 2014 წელს ამ პრინციპით მოახდინა უკრაინული ყირიმის ანექსია.

რუსული ოკუპაციის პირობებში ამ უკრაინული ქალაქებიდან ბევრი ადამიანი გაქცეულია. დარჩენილთა დიდი ნაწილი კი ტერორში ცხოვრობს. კიევი ამბობს, რომ უკრაინელებს რეფერენდუმში მონაწილეობის მიღებას აიძულებენ.

რეფერენდუმის კითხვაა, უნდა გახდეს თუ არა ესა თუ ის რეგიონი რუსეთის ნაწილი. უკრაინის ხელისუფლებას მიაჩნია, რომ ეს ქმედება უკანონოა. რეფერენდუმები დაჩქარებული წესით იმართება, მას შემდეგ რაც უკრაინამ ჩრდილო-აღმოსავლეთით ასობით დასახლებული პუნქტი ოკუპაციისგან გაათავისუფლა, ჩამოიხსნა რუსული დროშები და აღიმართა უკრაინული.

უკრაინის წარმატებული კონტრშეტევის შემდეგ რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოცხადდა, კრემლის მიზანია ამ გზით მოიპოვოს უპირატესობა ფრონტის ხაზზე.

რეფერენდუმების შემდეგ კი კრემლს შეუძლია, რომ რეგიონების დეოკუპაციის პროცესი წარმოაჩინოს თავდასხმად რუსეთზე. პრეზიდენტმა პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადებისას თქვა, რომ რუსეთი თავს დაიცავს „ხელთ არსებული ყველა საშუალებით“. ეს სპეციალისტების ვარაუდით ბირთვული იარაღის გამოყენებაზე მიუთითებს.

რეფერენდუმების ჩატარების შესახებ განცხადებები ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხშირად კეთდებოდა, როგორც ჩრდილო-აღმოსავლეთით ასევე სამხრეთ-აღმოსავლეთში, თუმცა სპეციალისტები ფიქრობენ, რომ პროცესი უკრაინის წარმატებულმა ბრძოლამ დააჩქარა.

ხმის მიცემა ლუჰანსკის, დონეცკის, ხერსონისა და ზაპორიჟიის რეგიონებში პარასკევიდან დაიწყო და სამშაბათამდე გაგრძელდება. საუბარია უკრაინის ტერიტორიის, დაახლოებით, 15 პროცენტზე, რომლიც მიერთებასაც რუსეთი ახლა ცდილობს.

ლუჰანსკის ოლქის უკრაინელი გუბერნატორი სერხი გაიდაი ამბობს, რომ ქალაქ სტარობილსკში რუსეულმა ჯარებმა მოსახლეობას აუკრძალა ქალაქის დატოვება, შეიარაღებული ჯგუფები კი სახლებს ჩხრეკენ და მშვიდობიან მოსახლეობას რეფერენდუმში მონაწილეობის მიღებას აიძულებენ.

უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მიერ ორგანიზებული რეფორმების შესახებ განცხადებები გაკეთდა დასავლეთში. დასავლელი ლიდერები ამბობენ, რომ ეს არის უკანონო ქმედება და მოუწოდეს მოსკოვს შეწყვიტოს ომი და უკანონო ნაბიჯების გადადგმა.

ეუთო, რომელიც მონიტორინგს უწევს არჩევნებს, ამბობს რომ რუსულ რეფერენდუმებს იურიდიული მნიშვნელობა არ ექნება, რადგან ეს პროცესი არ შეესაბამება უკრაინის კანონმდებლობას, საერთაშორისო სტანდარტებსა და ტერიტორიები, სადაც ხმის მიცემა მიმდინარეობს დაცული არ არის, მოსახლეობის დიდი ნაწილი კი რუსულ ოკუპაციას გაექცა.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG