ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბორელი რუსეთისთვის დამატებითი სანქციების პირობას დებს


საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი პირობას დებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სადამსჯელო ზომები იქნება მიღებული. ეს იქნება პასუხი, ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციის შესახებ ვლადიმირ პუტინის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე.

„ჩვენ გადავწყვიტეთ, პარტნიორებთან კოორდინაციით, რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი შემზღუდავი ზომები, რაც შეიძლება სწრაფად მიგვეღო“ - ბორელმა ეს განცხადება ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საგანგებო შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

მისი თქმით, „ბლოკი შეისწავლის ახალ შემაკავებელ ზომებს - როგორც პერსონალურს, ასევე სექტორულს“. ევროკავშირის მთავარი დიპლომატის თქმით, ევროკავშირი საბოლოო გადაწყვეტილებას, ბლოკის საგარეო საქმეთა მინისტრთა ოფიციალურ შეხვედრაზე მიიღებს.

გავრცელებულ განცხადებაში, ჯოზეფ ბორელი ამბობს, რომ „21 სექტემებერს, ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციის გამოცხადებით, ასევე, რუსეთის მიერ, ამჟამად ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზე ე.წ. რეფერენდუმის ორგანიზების მხარდაჭერითა და მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების შესახებ განმეორებითი მუქარით, მოსკოვმა კონფრონტაციის გზა აირჩია“.

ბორელი აცხადებს, რომ ატომური იარაღის შესაძლო გამოყენებაზე მითითებით, მოსკოვი ვერ შეარყევს დასავლეთის ერთიანობასა და გადწყვეტილებას, რომ უკრაინის ყოვლისმომცველი დახმარება განაგრძოს იქამდე, ვიდრე ამის საჭიროება იქნება.

პუტინმა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად, 21 სექტემბერს, რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ ბრძანება გასცა და მხარი დაუჭირა უკრაინის ტერიტორიების ანექსიის გეგმას. ამასთან, პუტინმა დასავლეთი გააფრთხილა, რომ ბლეფი არ იყო, როცა თქვა, რომ რუსეთის დასაცავად, მზად იყო ბირთვული იარაღი გამოეყენებინა.

XS
SM
MD
LG