ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანში დემონსტრაციები გრძელდება, ვაშინგტონი კი თეირანს ახალ სანქციებს უწესებს


ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა. ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ავრცელებს.

„ჩვენ დავაწესეთ სანქციები ირანის რევოლუციურ გვარდიაზე, სუბიექტებზე, რომლებიც პასუხისმგებლები არიან მაჰსა ამინის დაკავებასა და სიკვდილზე. დავადგინეთ ირანის უსაფრთხოების სამსახურის შვიდი ჩინოვნიკი, რომლებიც პასუხისმგებელი არიან არაძალადობრივი პროტესტის ჩახშობაზე" - წერს ენტონი ბლინკენი.

ირანში რამდენიმე დღეა მასშტაბური საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. საერთაშორისო გამოცემების ინფორმაციით, პოლიციამ, სულ ცოტა, 9 ადამიანი მოკლა.

ირანის რევოლუციური გვარდია კი მოითხოვს, რომ სასამართლოს დაესაჯა ყველა ის ადამიანი „ვინც ავრცელებს ცრუ ამბებს და ჭორებს“ ახალგაზრდა ქალის შესახებ, რომლის სიკვილსაც ირანში მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა. აქციები გაიმართა თურქეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებშიც.

აქციის მონაწილეებმა ირანის რამდენიმე ქალაქში დაწვეს ავტომობილები და პოლიციის განყოფილებები. ისინი აპროტესტებენ ახალგაზრდა ქალის სიკვდილს, რომელიც სამართალდამცავებმა თავშალის არასწორად გამოყენების გამო დააკავეს. ახალგაზრდა ქალი პატიმრობაში ყოფნისას კომაში ჩავარდა და გარდაიცვალა.

თეირანი, ირანი, 2022 წლის 21 სექტემბერი
თეირანი, ირანი, 2022 წლის 21 სექტემბერი

ირანის რევოლუციურმა გვარდიამ, დაღუპულის ოჯახს და ახლობლებს სამძიმარი გამოუცხადა, თუმცა ქვეყანაში საპროტესტო აქციების დარბევა და მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის გამოყენება გრძელდება.

XS
SM
MD
LG