ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნენსკრა ჰესს მწვანე შუქი აუნთეს, რიგში - ხუდონ ჰესია


სურათზე: ნენსკრას ულამაზესი ხეობა აღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც არის

მთავრობამ მწვანე შუქი აუნთო ყველაზე დიდ მშენებლობას საქართველოს ისტორიაში, მას შემდეგ რაც ქვეყანამ 1991 წელს, დამოუკიდებლობა მოიპოვა. ეს არის 280 მეგავატი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგური, სვანეთის კავკასიონის მარცხენა კალთაზე, მდინარე ნენსკრაზე.

ნენსკრა ჰესის მშენებლობა მომავალ კვირას დაიწყება და 5 წელს გასტანს. ახალი ჰესი სიმძლავრით, თითქმის 5-ჯერ პატარა იქნება საქართველოს ყველაზე დიდ ჰიდროელექტროსადგურ ენგურ ჰესზე (1320 მგვტ), რომლის მშენებლობა საბჭოთა პერიოდში, 17 წელი (1961-1978) გაგრძელდა და კოლოსალური ადამიანური, ფინანსური და ბუნებრივი რესურსი წაიღო.

ნენსკრა ჰესი ენგურ ჰესის მსგავსად იქნება სეზონური მარეგულირებელი სადგური. ექნება დიდი წყალსაცავი, რომელიც საშუალებას იძლევა ელექტროენერგია ზამთრის სეზონზეც გამოიმუშავოს. მთავრობა ირწმუნება, რომ 2019-2021 წლებისთვის, როცა ახალი ჰესი სრულად დაიტვირთება, ის საქართველოში იმპორტირებული ელექტროენერგიის დაახლოებით, 30 პროცენტს ჩაანაცვლებს.

ნენსკრა ჰესის მთავარი ინვესტორები სამხრეთ კორეის სახელმწიფო წყლის რესურსების კორპორაცია, საქართველოს საპარტნიორო ფონდი და ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი არიან, მშენებელი კომპანია - იტალიური გიგანტი „სალინი იმპერჯილო“. მშენებლობის საერთო ღირებულება 850 მილიონიდან მილიარდ აშშ დოლარამდე მერყეობს. საპარტნიორო ფონდის დირექტორი ირაკლი კოვზანაძე ამბობს:

“ჰესის სიმძლავრე იქნება 280 მგვტ, ეს იმას ნიშნავს, რომ სადგურის წლიური გამომუშავება არის, დაახლოებით, მილიარდ 200 მილიონი კილოვატ საათი. ჩვენს ქვეყანას ზამთრის პერიოდში აქვს დეფიციტი და ელექტროენერგიის იმპორტს ვახდენთ, ამ ჰესის გაშვების შემდეგ, ჩვენ ამ დეფიციტს 80 პროცენტით დავაბალანსებთ. ანუ, 12 თვის განმავლობაში, ჰესის მიერ წარმოებული ენერგია ქვეყანაში დარჩება. ეს უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ამ ჰიდროელექტრო სადგურთან დაკავშირებით.“

მშენებლობის პროექტის მიხედვით, მდინარე ნენსკრაზე აშენდება 135 მეტრის სიმაღლის და 820 მეტრი სიგრძის ქვანაყარი კაშხალი. მეზობელ მდინარე ნაკრაზე კი 13 მეტრი სიმაღლისა და 57 მეტრი სიგრძის დაბალ ზღურბლიანი კაშხალი. 13 კილომეტრიანი სადერივაციო გვირაბით კი ნაკრა გადმოგდებული იქნება ნენსკრას კალაპოტში. ნენსკრა ჰესის წყალსაცავის ტევადობა კი 182 მილიონი კუბური მეტრი იქნება.

მართალია, გიგანტური მშენებლობის არეალი, 10-15 კილომეტრით იქნება მოშორებული, უახლოესი დასახლებული პუნქტიდან, მესტიის რაიონის სოფელ ტიტადან, მაგრამ ეკოლოგების თქმით, მშენებლობას მაინც მკვეთრად უარყოფითი გავლენა ექნება, ზემო სვანეთის ეკოსისტემასა და ლანდშაფტზე.ეს კი საბოლოო ჯამში, ავტომატურად აისახება ჰესის ზეგავლენის არეალში მოხვედრილ სოფლებზე: ტიტაზე, ნაკრაზე, ჭუბერზე, სგურიშზე, ზემო და ქვემო მარღზე, მთლიანად მესტიის მუნიციპალიტეტზე.

პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშში მაღალ რისკებად მიჩნეულია: 400 ჰექტარი უნიკალური ტყის ფართობისა და ულამაზესი ხეობების დაკარგვა, ხელუხლებელი მცენარეული საფარის განადგურება, წყალსაცავისა და კაშხლის ტერიტორიებზე საშიში გეოლოგიური და სეისმოლოგიური პროცესების გააქტიურება, ცხოველთა სამყაროსა და იქთიოფაუნაზე ზემოქმედება.

მშენებლობის არეალში, საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი: 7 ძუძუმწოვარი, 14 ფრინველი, 2 ქვეწარმავალი, 6 მწერი და ნაკადულის კალმახი ბინადრობს. ხმაური, ვიბრაცია, მტვერი, ტყის გაჩეხვა და მდინარეების დატბორვა ასევე ავტომატურად გამოიწვევს მათ მიგრაციას, პოპულაციის ძლიერ კლებას და იშვიათი სახეობების სრულ გაქრობას. ეს კი კოღოების და სხვა მავნებლების მომრავლებას ნიშნავს.

გარემოს დამცველები ასევე ყურადღებას ამახვილებენ მყინვარების სწრაფ დნობაზე, რამაც საქართველოს სამხედრო გზაზე, დარიალის ხეობაში ურთულესი პრობლემები უკვე შექმნა და რამდენჯერმე დააზიანა „დარიალი ჰესიც“. ანალოგიური რისკის ზონად მიჩნეულია ზემო სვანეთიც, სადაც ენგურ ჰესის წყალსაცავის მშენებლობამ უკვე გაზარდა საშუალო წლიური ტემპერატურა. სპეციალისტები იგივე კატაკლიზმებს მოელიან, ნენსკრას წყლის ახალი რეზერვუარის (ფართობი 3.7 კმ 2) წარმოქმნის შემდეგ.

ნენსკრა ჰესის უარყოფით მხარეებზე საუბრისას, „მწვანე ალტერნატივას“ წარმომადგენელი მანანა ქოჩლაძე ამბობს:

„ნენსკრას და ნაკრას ხეობებისთვის დამახასიათებელია ის რომ ძალიან დამრეც ფერდობებზეა ეს უნიკალური ტყის მასივები, რომლებიც უნდა გაიჩეხოს. გაჩეხვას თან მოყვება მეწყერებისა და ღვარცოფების გააქტიურება, რაც ქვემოთ მდებარე სოფლებს საფრთხეს შეუქმნის. ანუ ერთია რომ ჩვენ ვანადგურებთ ევროპაში უკანასკნელ ხელშეუხებელ ტყეებს, უნიკალურ ეკოსისტემას და მეორე, რომ ამით ჩვენ საფრთხეს ვუქმნით მთლიანად ხეობის მოსახლეობას.

მეორე საფრთხე არის მყინვარების დნობა, ახალი წყალსაცავის წარმოქნმა ისევ გაზრდის ჰაერის ტემპერატურას, ეს კი გააძლიერებს მყინვარების დნობას, სვანეთში გაიზრდება ჩამონადენი წყლის რაოდენობა და შესაბამისად, ესეც გამოიწვევს გახშირებულ წყალდიდობებს, მეწყერებს და ღვარცოფებს. ანუ აქ კომპლექსური რისკები და პრობლემებია.“

მდინარე ნენსკრა, სადაც ახალი ჰესი უნდა აშენდეს, მდინარე ენგურის მარცხენა შენაკადია. ენგურზე კი, სადაც უკვე არის ამიერკავკასიის უდიდესი ჰესი - ენგურჰესი, საქართველოს მთავრობა, საბჭოთა პერიოდში დაკონსერვებული, კიდევ ერთი გიგანტის - ხუდონ ჰესის (720 მგვტ) მშენებლობის განახლებას გეგმავს.

თუ ნენსკრა ჰესის წინააღმდეგ საპროტესტო მუხტი შედარებით დაბალი იყო, სოფელ ნაკრაში რამდენჯერმე მოეწყო მცირე აქცია, გარემოს დამცველებმა კი თბილისში ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის ყოველწლიური ფორუმის პიკეტირება მოახდინეს, ხაიშისა და მიმდებარე სოფლების მაცხოვრებლებს, სვანური ადათის შესაბამისად, ხატზე აქვთ დაფიცებული რომ ხუდონ ჰესის მშენებლობას არ დაუშვებენ და მშობლიური ადგილებიდან არ აიყრებიან.

საქართველოს მთავრობა ხუდონის მიმართულებით საჯაროდ, ჯერჯერობით აღარ აქტიურობს, თუმცა ენერგეტიკის სამინისტროში „ამერიკის ხმას“ ანონიმურმა წყარომ აცნობა, რომნენსკრა ჰესის მშენებლობის დაწყების შემდეგ, ხუდონს ჰესის მშენებლობის განახლება მხოლოდ დროის ამბავია.

თქვენი აზრი

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG