ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნენსკრას მწარე გაკვეთილი: რა დასკვნას გამოიტანს მთავრობა?


ნენსკრამ რამდენიმე ოჯახი ჭუბერში უსახლკაროდ დატოვა

ზემო სვანეთში, ჭუბერის თემში, სადაც ადიდებულმა მდინარე ნენსკრამ წინა ხუთშაბათს, საცხოვრებელი სახლები, ხიდები და გზები დაანგრია, სტიქიის შედეგებს ამ დრომდე ებრძვიან. უსახლკაროდ არის დარჩენილი რამდენიმე ოჯახი.

მეხუთე დღეა გარესამყაროს მოწყვეტილია სოფელი ტიტა, სადაც ოთხი ოჯახი და 20-მდე მწყემსი იმყოფება. ელექტროსადენების დაზიანების გამო, დენი ტიტას გარდა, ასევე არ მიეწოდება: სგურიშს, ყარს, ლეწფერს, ლეკარმახს და ჭუბერის ნაწილს.

ერთ-ერთი ხიდი, რომელიც ნენსკრამ წაიღო
ერთ-ერთი ხიდი, რომელიც ნენსკრამ წაიღო

პრეზიდენტის ბრძანებითა და პარლამენტის თანხმობით, სტიქიის ზონაში, სპეციალური ტექნიკით აღჭურვილი თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ნაწილი იქნა გადასროლი. მეორე დღეა მდინარე ნენსკრაზე პანელური სამხედრო ხიდის მონტაჟი მიმდინარეობს. ხიდის გამართვის შემდეგ, შესაძლებელი გახდება სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ნენსკრას ორივე ნაპირზე გაგრძელდეს. ზარალის ოდენობას ჯერ კიდევ ითვლიან.

გეოლოგების წინასწარი დასკვნის მიხედვით, ძლიერი წყალმოვარდნის მიზეზი, მდინარე ნენსკრასა და მისი მარჯვენა შენაკადის მდინარე ოკრილას შესართავთან, ხოკრიკის მთაზე, თითქმის, ერთდროული მეწყრული და ღვარცოფული პროცესები გახდა, რასაც ზედ ძლიერი წვიმა, მყინვარებისა და ნარჩენი თოვლის დნობა დაერთო.

სოფელი ჭუბერი
სოფელი ჭუბერი

ხოკრილიდან მოწყვეტილმა მიწის მასამ ოკრილა დააგუბა, წყალი კალაპოტიდან გადმოვიდა, ჩახერგილი ხეები, ლოდები და მიწა წამოიღო და ნენსკრასთან შეერთებისას, დამანგრეველ ღვარცოფულ ნაკადში გადაიზარდა, რომელმაც მთელი ხეობა ჩამორეცხა.

ჭუბერის მკვიდრი გარი ჩხვიმიანი მეწყრული და ღვარცოფული პროცესების გააქტიურებას „ნენსკრა ჰესის“ მშენებლობას უკავშირებს, კერძოდ მემულში, ჰესის საჭიროებისთვის უზარმაზარი ტერიტორიის გაკაფვას, ტყის ფერდობებზე ალტერნატიული გზების გაჭრას და მდინარის კალაპოტის სამშენებლო მასალით ამოვსებას:

ამიტომ იყო რომ ნენსკრა ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ ვიყავით, მაგრამ მუდმივად გვიმეორებდნენ რომ პროექტი გეოლოგიურად კარგად არის შესწავლილიო. თუ შესწავლილი ჰქონდათ რატომ მოხდა ეს ამბავი?"
გარი ჩხვიმიანი, ჭუბერის მკვიდრი

„საშინელება მოხდა, ასეთი უბედურება წინაპრებისგანაც არ გვახსოვს, რომ ჭუბერში ყოფილიყო. ამიტომ იყო ნენსკრა ჰესის მშენებლობის წინააღმდეგი რომ ვიყავით, მაგრამ მუდმივად გვიმეორებდნენ რო პროექტი გეოლოგიურად კარგად არის შესწავლილიო. თუ შესწავლილი ჰქონდათ რატომ მოხდა ეს ამბავი? თან მშენებლობის საწყის ეტაპზე, როცა ჰესისთვის მემულში ხეები გაკაფეს და ნენსკრას ხეობა სამშენებლო ნაგვით გაავსეს.“

საქართველოს მთავრობა და ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განმახორციელებელი კომპანია სს „ნენსკრა ჰიდრო“ კატეგორიულად უარყოფენ, რომ 5 ივლისის სტიქიასთან მემულში ტყის გაკაფვას, ჰესისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის და ალტერნატიული გზების მშენებლობასთან რაიმე კავშირი შეიძლება ჰქონდეს. „ნენსკრა ჰიდროს“ განცხადებით, ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნით, 2018 წლის იანვრიდან ჰესის მშენებლობა დროებით შეჩერებულია.

"ნენსკრა ჰესის" მშენებლობისთვის გაკაფული ტყე მემულში
"ნენსკრა ჰესის" მშენებლობისთვის გაკაფული ტყე მემულში

„ნენსკრა ჰიდრო“ მდინარე ნენსკრაზე, 135 მეტრის სიმაღლის ქვანაყარი კაშხლის, ხოლო მეზობელ მეზობელ მდინარე ნაკრაზე, 13 მეტრი სიმაღლის დაბალ ზღურბლიანი კაშხლის მშენებლობას აპირებს. პროექტის მიხედვით, 13 კილომეტრიანი სადერივაციო გვირაბით ნაკრა გადმოგდებული იქნება ნენსკრას კალაპოტში, ჰესის წყალსაცავი კი 182 მილიონი კუბური მეტრი წყლის დატევას შეძლებს.

ჯერ კიდევ „ნენსკრა ჰესის“ მშენებლობის დაწყებამდე გარემოსდამცველები მთავრობას აფრთხილებდნენ რომ ნენსკრას და ნაკრას ხეობებისთვის დამახასიათებელი, დამრეც ფერდობებზე არსებული უნიკალური ტყის მასივების გაჩეხვა მეწყერებისა და ღვარცოფების ავტომატურ გააქტიურებას გამოიწვევდა.

ნენსკრას ხეობაში ახალი უზარმაზარი წყალსაცავის წარმოქმნა კი კიდევ უფრო დააჩქარებს მყინვარების ინტენსიურ დნობას, რაც გახშირებული წყალდიდობების, მეწყერებისა და ღვარცოფების ერთ-ერთი მთავარი მაპროვოცირებელია.

ნენსკრამ გზებიც დაანგრია
ნენსკრამ გზებიც დაანგრია

„მწვანე ალტერნატივას“ წარმომადგენელი დავით ჭიპაშვილი ამბობს, რომ თუ „ნენსკრა ჰესის“ მშენებლობა გაგრძელდა, ნენსკრას ხეობაში კიდევ 400 ჰექტარი ტყე გაიჩეხება, რასაც ზემო სვანეთის ეკოსისტემაზე, ლანდშაფტსა და მკვიდრ მოსახლეობაზე უკიდურესად უარყოფითი გავლენა ექნება:

ნენსკრა ჰესის მშენებლობის ადგილზე, ტყის მასივის მოშიშვლება ავტომატურად ნიშნავს მთელი რიგი გეოლოგიური პროცესების გააქტიურებას"
დავით ჭიპაშვილი, "მწვანე ალტერნატივა"

„ნენსკრა ჰესის მშენებლობის ადგილზე, ტყის მასივის მოშიშვლება ავტომატურად ნიშნავს მთელი რიგი გეოლოგიური პროცესების გააქტიურებას. ეს კომპლექსურ რისკებს შეიცავს, რადგან ტერიტორია არის სეისმურად და გეოლოგიურად აქტიური, მთელი ეს ტერიტორია ქვემოთ „მოდის“ და ერთადერთი რაც, მთის და მიწის ამ უზარმაზარ მასებს იჭერს და აბალანსებს არის სწორედ ის ტყის მასივი, რომელიც ჰესის ასაშენებლად უნდა გაიჩეხოს.“

ნენსკრა ჰესის გარდა, საქართველოს მთავრობა 2018-2021 წლებში, ზემო და ქვემო სვანეთში, კიდევ 82 დიდი, საშუალო და მცირე ჰესის მშენებლობას გეგმავს, რასაც მოსახლეობის ნაწილი კატეგორიულად ეწინააღმდეგება. ლენტეხებმა დღეს "ხელედულა-ჰესის" მშენებლობა გააპროტესტეს.

ჰესის მშენებლობა ასევე იგეგმება მდინარე ცხენისწყლის მარჯვენა შენაკად ლასკადურაზე, რომელიც 40 წლის წინ, 1978 წელს, 5 ივლისის მსგავსი მეწყრული პროცესის შემდეგ დაგუბდა, კალაპოტიდან გადმოვიდა და ლენტეხს უზარმაზარი საშიშროება შეუქმნა.

ჯარისკაცი ნენსკრაზე დროებით პანელურ ხიდს ამონტაჟებს
ჯარისკაცი ნენსკრაზე დროებით პანელურ ხიდს ამონტაჟებს

Facebook Forum

XS
SM
MD
LG