ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სვანური ლალხორი: სვანეთში ჰესები არ აშენდება


საერთო სვანური შეკრება - ლალხორი მესტიაში, ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ, 4 მარტი, 2018

სვანეთში ახალი ძალით იფეთქა საპროტესტო ტალღამ, საქართველოს ამ მაღალმთიან კუთხეში ჰიდროელექტოსადგურების მშენებლობის წინააღმდეგ. ამჯერად მიზეზი მდინარე მესტიაჭალაზე მიმდინარე ორი ჰესის მშენებლობაა („მესტიაჭალა ჰესი-1" და "მესტიაჭალა ჰესი-2"), რომელსაც „საქართველოს ბანკი“ შვილობილი კომპანიების (BGEO, “გალტ ენდ თაგარტი”, სგეკ, „სვანეთი ჰიდრო“) მეშვეობით და ავსტრიელი ინვესტორების თანადაფინანსებით ახორციელებს.

მესტიაჭალა ჰესის მშენებლობის დაწყებამდე
მესტიაჭალა ჰესის მშენებლობის დაწყებამდე

ულამაზეს მესტიაჭალაში ჰესების მშენებლობა 2017 წლის ზაფხულში დაიწყო, პროექტის საინვესტიციო ღირებულება 65 მლნ აშშ დოლარია, მშენებლობა 2018 წლის დეკემბერში უნდა დასრულდეს, რის შემდეგაც ჰიდროელექტროსადგურების ჯამური დადგმული სიმძლავრე 50 მგვტ-ი იქნება.

ბოლო ცხრა თვის განმავლობაში მშენებლობა სულ მცირე სამჯერ გაჩერდა. ორჯერ სამშენებლო მოედანი წყალდიდობამ დააზიანა (ივლისი, სექტემბერი), წყალმა მშენებელი კომპანიის ტექნიკა წაიღო და მოწყობილი ინფრასტრუქტურა დაანგრია, დეკემბერში კი მშენებლებს გზა უკვე ადგილობრივებმა გადაუკეტეს იმ მოტივით, რომ ზემო სვანეთის უნიკალურ ბუნებას გამოუსწორებელი ზიანი ადგება.

მესტიაჭალა ჰესის მშენებლობის დაწყების შემდეგ
მესტიაჭალა ჰესის მშენებლობის დაწყების შემდეგ

გუშინ, მესტიის ცენტრში, სვანეთში ჰესების მშენებლობის აკრძალვის გადაწყვეტილება უკვე საერთო სასვანეთო კრება - ლალხორზე მიიღეს, რომელზეც სვანეთის ყველა თემის წარმომადგენელი იყო მისული.

„სვანეთის ახალგაზრდული მოძრაობის“ წევრმა დათო გულბანმა ლალხორზე განაცხადა, რომ „მესტიაჭალა ჰესის“ გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიში მომზადებულია კომპანია „გამა კონსალტინგის“ მიერ, იმავე კომპანიის მიერ, რომელმაც „ლარსი ჰესის“ გზშ-ც გააკეთა და დაწერა, რომ "ლარსი ჰესის ოპერირების პროცესში საშიში გეოდინამიკური პროცესების განითარების რისკი მინიმალურია".

მდინარე თერგზე 2014 წელს გახსნილი "ლარსი ჰესი" ღვარცოფმა ზედიზედ სამჯერ დაანგრია და ათზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. „ლარსი ჰესი“ 2016 წლის შემდეგ გაჩერებულია. დათო გულბანი ამბობს:

რამდენჯერმე ვკითხე „მესტიაჭალა ჰესის“ მშენებლებს, რატომ უნდა ვენდო „გამა კონსალტინგის“ მომზადებულ გზშ-ს მესტიაში, როცა "გამას" სხვა არაერთ პროექტში უმძიმესი პრობლემები შეიქმნა, მათ შორის, მდინარე თერგზე, "ლარსი ჰესზე" 11 ადამიანი დაიღუპა და კაციშვილმა პასუხი არ აგო ?!"
დათო გულბანი, "სვანეთის ახალგაზრდული მოძრაობის" აქტივისტი

„მესტიაჭალა ჰესზე გარემოზე ზემოქმედების შეფასების ავტორია „გამა კონსალტინგი“, ამ კომპანიის მიერ მოზადებული გზშ-ებით აშენებული არაერთი ჰესი წაიღო წყალმა პირდაპირი მნიშვნელობით. რამდენჯერმე ვკითხე „მესტიაჭალა ჰესის“ მშენებლებს და ინვესტორს, რატომ უნდა ვენდო „გამას“ მომზადებულ გზშ-ს მესტიაში, მაშინ როცა ბოლო წლებში, "გამას" სხვა პროექტებში, ლარსი ჰესზე, ბახვი ჰესზე, კირნათი ჰესზე, შუახევი ჰესზე არაერთი უმძიმესი პრობლემები შეიქმნა, მათ შორის მდინარე თერგზე 11 ადამიანი დაიღუპა და კაციშვილმა პასუხი არ აგო. ეს არის მწარე რეალობა.

შეხედეთ რას დაამსგავსეს მესტიაჭალას უნიკალური ხეობა, სამშენებლო პოლიგონად გადააქციეს, გადათხარეს, გადაჯეგეს ყველაფერი. პირდაპირ გეკითხებით, არის თუ არა ამ ნგრევის შედეგი ის, რომ ზემოთ მჟავე წყლები უკვე დაშრა?! ანუ დღეს თუ ვხედავთ რა მოაქვს ამ მშენებლობას, წარმოგიდგენიათ, მერე და მერე ეს ყველაფერი რას გამოიწვევს?!“

სვანური ლალხორი - საერთო სასვანეთო კრება მესტიაში 04.03.2018
სვანური ლალხორი - საერთო სასვანეთო კრება მესტიაში 04.03.2018

სვანურმა ლალხორმა გუშინ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომ სვანეთის მოსახლეობა „მესტიაჭალაჰესთან“ ერთად, რეგიონში ყველა დიდი ჰესის მშენებლობის წინააღმდეგია. „კატეგორიულად და საბოლოოდ ვკრძალავთ მთელს სვანეთში ჰესების მშენებლობას, ოქროს წარმოებასა და ყველა ბუნებისთვის, ადამიანის საცხოვრისის მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობისათვის მავნებელ, საზიანო და დამანგრეველი სამუშაოების ჩატარებას! ამიერიდან სვანეთში ჰესები აღარ აშენდება, მათ შორის: ხუდონ ჰესი, ნენსკრა ჰესი, მესტიაჭალა ჰესი და ზემო სვანეთში დაგეგმილი სხვა 50-ზე მეტ ჰესი!“ - წერია ლალხორის განცხადებაში.

ამასთან, ლალხორი საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერს, პარლამენტსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს და სვანების სვანეთის მკვიდრ მოსახლეობად აღიარებას მოითხოვს, რასაც მათთვის ტრადიციული და სათემო საკუთრების დაკანონება უნდა მოჰყვეს, ხოლო საერთაშორისო კანონმდებლობიდან გამომდინარე, სვანებთან შეთანხმების გარეშე, სვანეთში არცერთი ინფრასტრუქტურული პროექტი აღარ განხორციელდეს.

სვანები მესტიაჭალა ჰესის მშენებლების ტექნიკის ბლოკირებას გეგმავენ
სვანები მესტიაჭალა ჰესის მშენებლების ტექნიკის ბლოკირებას გეგმავენ

ლალხორი „ნებისმიერი სამშენებლო სამუშაოების განახლება/გაგრძელებას შეგნებულ პროვოკაციად აფასებეს, რაზეც მთელ პასუხისმგებლობას ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას აკისრებს. მესტიის მკვიდრმა მანანა საღლიანმა კერძოდ აღნიშნა:

მესტიაში იქ სადაც სპორტდარბაზია გადაიკეტება გზა მხოლოდ ჰესის მშენებელი კომპანიისთვის, ტექნიკას არ გაატარებენ, ამ მშენებლობას არ დავუშვებთ, ერთხელ და სამუდამოდ სვანები ვადასტურებთ, რომ არა ჰესებს!"
მანანა საღლიანი, მესტიის მკვიდრი

„ეს სამართლიანი მოძრაობა სვანებმა აუცილებლად ბოლომდე უნდა მივიყვანოთ, ყველა ერთად უნდა დავდგეთ. მესტიაში იქ სადაც სპორტდარბაზია გადაიკეტება გზა მხოლოდ ჰესის მშენებელი კომპანიისთვის, სამშენებლო ტექნიკას არ გაატარებენ, ამ მშენებლობას არ დავუშვებთ, ერთხელ და სამუდამოდ სვანები ვადასტურებთ, რომ არა ჰესებს!“

დიდი ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლებს სვანეთში წინ უძღოდა ანალოგიური შეკრება რაჭაშიც. ონში მოსახლეობა მდინარე რიონზე კასკადური ტიპის ორი ჰესის: ონი-1 ჰესისა და ონი-2 ჰესის მშენებლობას აპროტესტებს, რომელთა ჯამური სიმძლავრე 206 მგვტ-ი იქნება. პროექტს ქალაქ ონის გარდა, ზეგავლენა ექვს სოფელზე: სორზე, კომანდელზე, ხურუთზე, ლაგვანთაზე, ნაკიეთსა და გლოლაზე აქვს.

330 მილიონი აშშ დოლარის საინვესტიციო პროექტს კომპანია „ფერი“ ახორციელებს, რაჭველების თქმით, „ფერი“ სწორედ ის კომპანია, 2014 წელს, თერგზე „ლარსი ჰესი“ რომ ააშენა, რომელიც 2016 წელს, ღვარცოფმა საბოლოოდ დაანგრია და ადამიანების სიცოცხლეც შეიწირა.

კომპანია "ფერის" მიერ აშენებული ლარსი ჰესი დღეს, რომელზეც გზშ "გამა კონსალტინგმა" მოამზადა
კომპანია "ფერის" მიერ აშენებული ლარსი ჰესი დღეს, რომელზეც გზშ "გამა კონსალტინგმა" მოამზადა

XS
SM
MD
LG