ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მთავრობის გიგანტური გეგმები: ხუდონი, ნენსკრა, ნამოხვანი


ხუდონჰესის მიტოვებული მშენებლობა სვანეთში
ხუდონჰესის მიტოვებული მშენებლობა სვანეთში

საქართველოს მთავრობა ფანტასტიკურ გეგმებს ამჟღავნებს. უკვე მომავალ 2011 წელს, დასავლეთ საქართველოში, საინჟინრო თვალსაზრისით ორი ურთულესი, ჰიდროელექტრო სადგურის მშენებლობა უნდა დაიწყოს.

ამ გრანდიოზული პროექტების საერთო ღირებულებამ, შეიძლება ორ მილიარდ ამერიკულ დოლარს გადააჭარბოს. საუბარია სვანეთში, მდინარე ენგურზე ხუდონჰესის მშენებლობის განახლებაზე და მდინარე ნენსკრაზე, ჰესების კასკადის აგებაზე.

მთავრობა ასევე ვერ ელევა მდინარე რიონზე, ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის იდეას, რომელმაც, შარშამ რაჭაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის გამო უკანა პლანზე გადაიწია. პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობას ჰიდროენერგეტიკაში ხუთი მილიარდი დოლარის ინვესტიციების მოზიდვა შეუძლია.

„ნენსკრა არის ადგილი სვანეთში, სადაც მომავალ წელს, ჩვენ ვგეგმავთ დავიწყოთ, 600 მეგავატიანი, დიდი ჰიდროელექტრო სადგურის მშენებლობა. ნახევარი „ენგურჰესის“ ხელა.

ბოლო თვეების განმავლობაში დათვლილი გვაქვს, რომ ყოველგვარი, ზედმეტი რთული კონსტრუქციების გარეშე, უახლოეს 7-8 წელიწადში, შეგვიძლია, რეალისტურად ხუთი მილიარდი დოლარი მოვიზიდოთ ჰიდროენერგეტიკის განვითარებაში. ხუთი მილიარდი დოლარი ჩაიდოს საქართველოში ახალი კაშხლების, ტურბინების და საწარმოო სიმძლავრეების შექმნაში.“

ნამოხვანის პროექტში საქართველოს მთავრობის პარტნიორი თურქული კომპანია „ნურულოსა“ და კორეული „კეპკოს“ კონსორციუმია.

„ხუდონჰესის“ მშენებლობის განახლებას კი თავის თავზე, ინდური კომპანიის „კონტინენტალ კონსტრაქშენის“ შვილობილი, ოფშორში დარეგისტრირებული „ტრანს ელექტრიკა“ აპირებს.

ჯერჯერობით უცნობია, ვის ჩააბარებენ ნენსკრას ჰესების აშენებას, მთავრობა ამ პროექტებით, დამატებით 2000-მდე მეგავატი ელექტროენერგიის მიღებას ელის.

ენერგეტიკოსთა აზრით, ეს არათუ უზრუნველყოფს ქვეყნის ენერგო უსაფრთხოებას, არამედ ექსპორტის შესაძლებლობას გაზრდის. ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი რევაზ არველაძე ამბობს

„ხუდონჰესზე გამომუშავებული ელექტრო ენერგია, თუ ჰესი, 700 მილიონი ამერიკული დოლარი დაჯდა, არ გადააჭარბებს 7-8 ცენტს კილოვატ საათზე. იმის გათვალისწინებით, რომ პიკური ელექტროენერგია ბევრად უფრო ძვირია, ვიდრე ბაზისური ელეტროენერგია, ეს მაღალი ფასი არ არის. ამდენად, პიკური ელექტროენერგიის მყიდველიც იქნება და შესაძლებელია პირდაპირ ექსპორტზე იქნას გაშვებული.

მეორე მხრივ, შესაძლებელია, პიკური ელექტროენერგია ბაზისურ ელექტროენერგიაში გაიცვალოს, ერთი სამთან მიმართებაში მაინც. ბაზისური ელექტროენერგიის დეფიციტი საქართველოში ყოველთვის იყო და ეკონომიკის სწრაფი ტემპით განვითარების პირობებში, რა თქმა უნდა ეს დეფიციტი კიდევ უფრო გაიზრდება.“

საქართველო მესამე წელია ახორციელებს ელექტროენერგიის ექსპორტს ოთხივე მეზობელ ქვეყანაში: აზერბაიჯანში, სომხეთში, რუსეთსა და თურქეთში. მთავრობა განსაკუთრებით, სწორედ ძვირი თურქული ბაზრის მიმართულებით აქტიურობს.

ევროკავშირის სამეზობლო ფონდისა და მსხვილი ევროპული საფინანსო ორგანიზაციების მხარდაჭერით შავი ზღვის რეგიონალური გადამცემის პროექტი ხორციელდება. 500 კილოვატიანი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი ერთმანეთს დააკავშირებს ზესტაფონს-ახალციხესა და გარდაბანს.

პარალელურად, ახალციხეში ახალი ქვესადგური აშენდება, რომელიც პირდაპირ დაუკავშირდება, თურქეთის ართვინის პროვინციაში მდებარე, ქალაქ ბორჩხის ქვესადგურს. ეს იქნება მეორე, ხუთჯერ უფრო მძლავრი ხაზი, თურქეთის მიმართულებით. ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდერ ხეთაგური ამბობს

„საკმაოდ მაღალი ტარიფებია თურქეთში, საბითუმო დონეზე, საქართველოზე ორჯერ უფრო მაღალი ტარიფია. ეს არის დაახლოებით, 10-11 ამერიკული ცენტი კილოვატ საათზე. შესაბამისად, ჩვენ სწორედ თურქეთის მიმართულებით ვანვითარებთ ინფრასტრუქტურას.

მას შემდეგ, რაც ორივე ხაზი აშენდება, საქართველოსა და თურქეთს შორის გამტარუნარიანობა იქნება, დაახლოებით 2000 მეგავატი. თურქეთის გავლით, შესაძლებელი იქნება ელექტროენერგიის გაყიდვა სირიაში და ერაყში.

პლუს, თურქეთი 2011 წლის ბოლოდე შეუერთდება ერთიან ევროპულ სისტემას და 2012 წლის მაისიდან, მას შემდეგ, რაც საქართველოსა და თურქეთს შორის უკვე იარსებებს ახალი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი, შესაძლებელი იქნება ელექტროენერგიის გაყიდვა ევროკავშირის ნებისმიერ ქვეყანაში.“

გიგანტური ჰიდროენერგეტიკული პროექტების უმთავრესი მინუსი - უნიკალური ეკოსისტემის განადგურება და გარემოზე ზემოქმედებაა. „ხუდონჰესის“ მშენებლობა ჯერ კიდევ, 1979 წელს დაიწყო, თუმცა ათი წლის შემდეგ, ეროვნული მოძრაობის ზეწოლით, ეკოლოგიური მოსაზრებებით შეჩერდა.

"ხუდონის" მშენებლობის დასრულება 400 ჰექტარის 350 მილიონი კუბამეტრი წყლით დატბორვას გამოიწვევს. დატბორვის არეალში მოყვება სოფელი ხაიში და კიდევ ექვსი მცირე სოფელი, რაც დაახლოებით, 2000-მდე ადამიანის იძულებით გასახლებას ნიშნავს.

დატბორვის არეალში ასევე ხვდება კულტურული ძეგლები და სასაფლაოები. ხაიშის დატბორვის შემდეგ საჭირო გახდება ახალი საავტომობილო გზის მშენებლობა მესტიის მიმართულებით.

არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“ დირექტორი მანანა ქოჩლაძე, რომელიც ამ სფეროში რამდენიმე კვლევის ავტორია, დარწმუნებულია, რომ სვანეთის მოსახლეობა „ხუდონჰესის“ მშენებლობის წინააღდეგ გამოვა

„ჩვენ კონტაქტში ვართ ხაიშის მოსახლეობასთან, ეს ადამიანები სასტიკი წინააღმდეგები არიან ხუდონჰესის მშენებლობის განახლების. თქვენ წარმოიდგინეთ, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ერთხელ უკვე აყარეს და გადაასახლეს. შემდეგ, ეს ადამიანები დაბრუნდნენ თავიათ სახლებში და დაახლოებით, 20 წელია ისინი ცაში გამოკიდებულები ცხოვრობენ.

მათ მუდმივად ემურებიან, რომ გაასახლებენ და ეს მდგომარეობა მობეზრებული აქვთ. ხაიშელებს არანაირად არ უნდათ საქართველოს სხვა რეგიონში გადასახლება. „ხუდონჰესის“ აშენების წინააღმდეგია მესტიის მოსახლეობაც, მათ, შეიძლება პირდაპირ არ ემუქრებათ, ზემოქმედება ამ კაშხლიდან, მაგრამ მათ აწუხებთ კულტურული, სოციალური და სხვა ცვლილებები, რომელსაც ეს კაშხალი მოიტანს მათ რეგიონში.“

ენერგეტიკის სამინისტროს მონაცემებით, 2010 წლის ოქტომბრის ჩათვლით, საქართველომ მეზობელ ქვეყნებში მილიარდ 400 მილიონი კილოვატი ელექტროენეერგის ექსპორტი განახორციელა, რაც 2007 წელთან შედარებით, ორნახევარჯერ მეტია.

მთავრობის სურვილია, გიგანტური ჰიდროელექტრო სადგურების მშენებლობების ხარჯზე, ელექტროენერგია საქართველოს მთავარ საექსპორტი პროდუქტად აქციოს.

თუმცა, მთავრობას ყველა შემთხვევაში მოუწევს საზოგადოებასთან დისკუსიაში შესვლა, იმის გასარკვევად - რა უფრო მნიშვნელოვანია საქართველოსთვის - ჭარბი ელექტროენერგია თუ ეკოლოგიური უსაფრთხოება?! და შესაძლებელია, თუ არა ოქროს შუალედის მოძებნა?!

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG