ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სახელმწიფო ხაიშის წინააღმდეგ


ზურაბ ნიჟარაძე: "ბოლომდე ვიდგებით!" ფოტო - ფილმიდან "მასწავლებელი ხაიშიდან"

80-ზე მეტმა ოჯახმა ხატზე დაიფიცა, რომ სვანეთში სოფელ ხაიშის დატბორვას არ დაუშვებს

უკვე 80-ზე მეტმა ოჯახმა სვანეთში ხატზე დაიფიცა, რომ არ დაუშვებენ გიგანტური ჰიდროელექტროსადგურის „ხუდონჰესის“ მშენელობის განახლებას, რასაც მესტიის რაიონის სოფლების ხაიშის, გაღმა ხაიშის, ტობარის, დაკარის დატბორვა და 2000-ზე მეტი ადამიანის გასახლება მოჰყვება.

უძველესი, ადათობრივი სამართლიდან მომდინარე ფიცის, სვანურად „ნაბანის“ რიტუალი, მე-12 საუკუნის ხაიშის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში, მაისის ბოლოდან სრულდება. ჰესის აგების შემთხვევაში ეს ეკლესიაც წყლის ქვეშ ექცევა.

„ვფიცავ არ დავიშურებ ძალ-ღონესა და ჭკუა-გონებას, რომ ტაძარი, სასაფლაოები, ხაიშის თემი და მასში შემავალი სოფლები წყალქვეშ არ მოექცნენ“ - ასე გამოიყურება ფიცის ტექსტი, რომელიც ეკლესიაში ინახება. ხატზე დაფიცების მსურველთა რაოდენობა ზემო სვანეთში სულ უფრო იზრდება.

ხაიშის სკოლის მათემატიკის მასწავლებელი ზურაბ ნიჟარაძე „ამერიკის ხმასთან“ ამბობს, რომ სვანები „ხუდონჰესის“ აშენებას არ დაუშვებენ:

„საერთოდ ასეთი პრეცედენტი, მასობრივად ხატზე დაფიცება სვანეთში დიდი ხანია არ ყოფილა. იმდენად უარყოფილი და იგნორირებულები ვიყავით ყველა სახელმწიფო ინსტანციიდან, რომ იძულებული გაგვხადეს და დავიფიცეთ ხატზე.

დავიფიცეთ, რომ ჩვენ არ ვართ ხუდონჰესის აშენების მომხრე და ყველა მშვიდობიანი ხერხით წინააღმდეგობას გავუწევთ. 80-ზე მეტი ოჯახია ამჟამად ვინც უკვე დაიფიცა და ყოველდღიურად ემატება და ემატება.

ვერანაირი კომპენსაციის საფუძველზე და ვერანაირი პირობებით ვერ დავთანხმდებით, თუნდაც, ჩვენი სიცოცხლე შეეწიროს ამას, ხუდონჰესის მშენებლობას იქ და იმ მაშტაბებით, სადაც ესენი გეგმავენ და აპირებენ. ეს ჩვენი საბოლოო სიტყვაა და ამას ვერ გადავალთ, ვერანაირად. იმიტომ რომ ჯერ არის უფალი და მერე იწყება სხვა დანარჩენი.“

ზურაბ ნიჟარაძე სწორედ ის ადამიანია, რომელმაც შარშან, ზაფხულში, სვანეთში ასულ, ჯერ კიდევ ოპოზიციაში მყოფ ბიძინა ივანიშვილს პირდაპირ ჰკითხა, რას ფიქრობდა იგი, ხუდონჰესის მშენებლობის განახლებაზე და ხაიშის აყრაზე. ბიძინა ივანიშვილმა 2012 წლის 27 ივლისს შემდეგი განაცხადა:

„სოფლის აყრის ხარჯზე როგორ შეიძლება ენერგეტიკა მივიღოთ?! ენერეგტიკა იმისთვის უნდა მივიღოთ, რომ ხალხმა შეინარჩუნოს თავისი საცხოვრებელი ადგილები და ლაღად იცხოვრონ. თუ ხალხის და სახლების განადგურების ხარჯზე წამოვიდა, ესეთი ენერგეტიკა არაფერში არ გვჭირდება!

აუცილებლად გადავწყვეტთ ერთად! გადავწყვეტთ იმ შემთხვევაში დადებითად თუ ეს იქნება მისაღები, თუ არადა აუცილებლად შეჩერდება. არცერთ შემთხვევაში არ გავაკეთებთ ამას, ხალხის და სოფლის საზიანოდ.“

ხელისუფლებაში მოსვლიდან ერთი წლის თავზე კი უკვე პრემიერი ივანიშვილი სვანებს მოუწოდებს, რომ „არ დაუჯერონ ოპონენტებს, რომელთაც მხოლოდ ხმაური შეუძლიათ“ და „გაგებით, დინჯად მოეკიდონ“ „ხუდონჰესის“ მშენებლობის განახლებას.

ეს მაშინ, როცა ხუდონჰესის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის განხილვა არ დასრულებულა, განსახლების გეგმა არ არსებობს და არც მშენებლობის ნებართვა გაუცია ვინმეს. ორი დღის უკან, ბიძინა ივანიშვილმა შუახევში კერძოდ ბრძანა

„ჩვენ გავითვალისწინებთ, რა თქმა უნდა ხაიშის თითოეული მოსახლის ინტერესს და მაქსიმალურად დავაკმაყოფილებთ, მაგრამ არ შეიძლება რომ ქვეყნის განვითარების სტრატეგიას ხელი შევუშალოთ. არ დაუჯეროთ ოპონენტებს რომლებიც მხოლოდ ხმაურობენ და ხმაურის მეტი არაფერი შეუძლიათ.“

გარემოს დამცველი, არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“ წარმომადგენელი ირაკლი მაჭარაშვილი, ახალი ხელისუფლების რიტორიკას ენერგეტიკის სამინისტროში დარჩენილ ძველ ბირთვს უკავშირებს, რომელიც, მისივე თქმით, დღემდე განსაზღვრავს ენერგეტიკულ პოლიტიკას ქვეყანაში. „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ირაკლი მაჭარაშვილი ამბობს

„ენერგეტიკის სამინისტროში პრაქტიკულად არავინ შეცლილა. მინისტრი კახი კალაძე, რომელსაც არანაირი გამოცდილება არ ჰქონდა, არც სახელმწიფო მართვის და არც პოლიტიკის, პრაქტიკულად სარგებლობს იმ ადამიანების რჩევებით, რომლებიც წინა ხელისუფლებიდან დახვდნენ.

ის, თავის მხრივ, ამ ინფორმაციას აწვდის პრემიერ ივანიშვილს და პრაქტიკულად რა გამოდის?! ვინ მართავს საქართველოში ამ დარგს?! იგივე ძველი კადრები!

სამწუხაროდ, ახალმა ხელისუფლებამ, რომლისგანაც საზოგადოება ეკონომიკურ აღმავლობას ელოდა, ვერ მოიფიქრა ქვეყნის განვითარების ახალი ეკონომიკური მოდელი, მიადგა ისევ, იმ ძველ პროექტებს, რომლებსაც წინა ხელისუფლება ახორციელებდა და იმავე სტილით აგრძელებენ მუშაობას.“

ხუდონჰესის მშენებლობა მდინარე ენგურზე, ენგურჰესის ამუშავებიდან ერთ წლის შემდეგ, 1979 წელს დაიწყო. ათი წლის შემდეგ კი მშენებლობა შეჩერდა, როგორც მწვანეთა და საზოგადოების პროტესტის, ისე მოსკოვიდან ცენტრალიზებული დაფინანსების შეწყვეტის გამო.

ხუდონჰესის მშენებლობის განახლებას მწვანე შუქი 2009 წელს აუნთეს, მშენებლობის უფლება ინდურმა კომპანია „ტრანსელექტრიკამ“ მოიპოვა. ხაიშელები ინვესტორს მათი კუთვნილის 1500 ჰექტარი მიწის მიტაცებაში ადანაშაულებენ. ეს მიწები წინა ხელისუფლებამ „ტრანსელექტრიკას“ საჩუქრად გადასცა, სავარაუდოდ, იმ მიზნით, რომ ინვესტორს ნაკლები გადაეხადა ხაიშელებისთვის, მათი გასახლების შემთხვევაში.

დღეისათვის, „ტრანსელექტრიკას“ ხაიშში ოფისის გახსნის საშუალებას არ აძლევენ. გუშინ სოფელში მოსახლეობამ ასევე ჩაშალა ხუდონჰესის „გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის პრეზენტაცია“. ანალოგიური ღონისძიება ხვალ თბილისშია დაგეგმილი. სახელმწიფომ უკვე მიანიშნა, რომ ყველას ვინც ხუდონჰესის მშენებლობას ხელს შეუშლის. ძალის გამოყენებით გაასახლებს.

თქვენი აზრი

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG