ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ხუდონ ჰესის მშენებლობის დაწყება ისევ გადაიდო


ენერგეტიკის ახალი მინისტრი გიგანტური პროექტის ხელახალ დასაბუთებას და განხილვას ითხოვს
ენერგეტიკის ახალი მინისტრი გიგანტური პროექტის ხელახალ დასაბუთებას და განხილვას ითხოვს
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:05:35 0:00
ბმული


კომპანია „ტრანს ელექტრიკამ“ (Tranelectrica), რომელიც ვირჯინიის კუნძულებზე, ოფშორულ ზონაშია რეგისტრირებული, გაურკვეველი ვადით გადადო ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა. 18 დეკემბერს ასეთი განხილვა სოფელ ხაიშში იყო დაგეგმილი.

ხუდონის კასკადის მშენებლობის შემთხვევაში ამ სოფელს დატბორვა ემუქრება. 20 დეკემბერს კი საჯარო განხილვა უკვე თბილისში უნდა მომხდარიყო. „ტრანს ელექტრიკა“ აცხადებს, რომ დამატებით კვლევებს აწარმოებს და თავიდან დაიწყებს ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის პროექტის გარემოზე ზემოქმედების ნებართვის მიღების პროცედურას.

საქართველოს მთავრობამ ხუდონჰესის მშენებლობის განახლებას 2009 წლის დეკემბერში აუნთო მწვანე შუქი, როცა ინდურ კომპანია „კონტინენტალ კონსტრაქშენთან“ (CCCORPN) ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერა ხელი.

მოგვიანებით მშენებლობის უფლება, მოულოდნელად „ტრანს ელექტრიკას“გადაეცა. ამ კომპანიის დამფუძნებლების ვინაობა დღემდე გასაიდუმლოებულია. „ტრანს ელექტრიკამ“ დღემდე გიგანტური პროექტის ხუთამდე საჯარო განხილვა მოაწყო და მშენებლობის ნებართვას ელოდა.

„ამერიკის ხმასთან“ საუბარში ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე ხუდონთან დაკავშირებით სამინისტროს ახალ პოლიტიკაზე საუბრობს:

„ხუდონს რაც შეეხება ეს საკმაოდ საკამათო თემაა. სამომავლოდ ჩვენ განვიხილავთ რომ ხელმეორედ მოხდეს ამ პროექტზე საჯარო განხილვები, ვინაიდან ძალიან ბევრი კითხვა არსებობს ხუდონის მშენებლობის გაგრძელებასთან დაკავშირებით.

ჩვენი ხედვა არის ასეთი, რომ ტრანს ელექტრიკამ უნდა წარმოგვიდგინოს ტექნიკურ-ეკონომიკური ხედვა და რა ზემოქმედება შეიძლება ჰქონდეს ამ პროექტს გარემოზე.

კიდევ ერთი საკითხია ხაიშის დატბორვა და სოფლის გასახლება. ესეც უნდა გვითხრან როგორ უყურებენ ამ პრობლემის გადაჭრას, კომპენსაციის საკითხს. ყველა ამ დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ სამინისტრო მზად არის განვიხილოთ ეს პროექტი ხელახლა.“

ხუდონჰესის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის „ტრანს ელექტრიკისთვის“ კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელი (CENN) ამზადებდა.

სოფელ ხაიშისა და ხაიშის თემის კიდევ 18 სოფლის მოსახლეობისთვის ისევ გაურკვეველია რას სთავაზობს ინვესტორი სვანეთიდან გასახლების სანაცვლოდ. განსახლების გეგმაზე „ტრანს ელექტრიკის“ დაკვეთით „მიწის მესაკუთრეთა დაცვის ასოციაცია“ მუშაობს, რომელიც შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის და ყოფილი პრემიერის, დღეს კი „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილის საკუთრებაა.

განსახლების სავარაუდო არეალში მაცხოვრებელთა უმრავლესობა ეკონომიკის სამინისტროს, „ტრანს ელექტრიკასა“ და „მიწის მესაკუთრეთა დაცვის ასოციაციას“ მამაპაპისეული მიწების წართმევაში ადანაშაულებს.

ბოლო ერთი წლის მანძილზე, სახელმწიფომ ეკონომიკის სამინისტროს სახით სვანეთში „ტრანს ელექტრიკას“ 1500 ჰექტარი მიწის ფართობი ისე გადასცა, რომ ნაკვეთების მფლობელებმა ამის შესახებ მხოლოდ პოსტ-ფაქტუმ შეიტყვეს.

„მწვანე ალტერნატივას“ ბიომრავალფეროვნების პროგრამის კოორდინატორი ირაკლი მაჭარაშვილი და გარემოს დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე ამბობენ:

ირაკლი მაჭარაშვილი: „ჩვენი პოზიცია რადიკალურია იმის გამო, რომ აქამდე იგნორირებული იყო საზოგადოება, ადგილობრივი მოსახლეობა. აქამდე ხაიშისა და თემის მიმდებარე სოფლების მოსახლეობა მაპატიეთ და ფეხებზე ეკიდა ყველას.

პირდაპირ ეუბნებოდნენ, რომ ეს საკითხი გადაწყვეტილია და აქედან უნდა გადასახლდეთ. აი ეს არის მიუღებელი და ამის წინაშე ჩვენ ყოველთვის რადიკალურები ვიქნებით, თუ ეს მიდგომა შენარჩუნდა.“

ხათუნა გოგალაძე: „უნდა მოხდეს ხუდონის პროექტის ძiრფესვიანი შესწავლა, თავისი დადებითი და უარყოფით მხარეების განსაზღვრა. ზოგადად, თუ გარემოს შეუქცევადი ზიანი მიადგა რათ გვინდა ასეთი ჰესი?! მაგრამ, მეორეს მხრივ გვჭირდება ენერგია.“

ფონდ „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ მონაცემებით, საქართველოს ენერგიის მიწოდების ძირითად ნაწილს, 60–70% იმპორტირებული ენერგოშემცველები წარმოადგენს. აქედან, 40–45%, დაახლოებით, 1 800 000 000 კუბური მეტრი იმპორტირებული ბუნებრივი გაზია, ხოლო 20–25% , დაახლოებით, 1 000 000 ტონა ნავთობის ექვივალენტი, იმპორტირებული ნავთობპროდუქტები.

ექსპერტთა აზრით, ასეთი ძლიერი ენერგეტიკული დამოკიდებულების გამო, ქვეყნის ეკონომიკის განვითარება მნიშვნელოვან პოლიტიკურ რისკებსაც შეიცავს და შეიძლება გარკვეული იძულებითი ნაბიჯების გადადგმაც განაპირობოს, თუკი ენერგოდამოკიდებულების რისკები სათანადოდ არ იქნება შემცირებული.

პარალელურად, საქართველოში ყოველწლიურად იზრდება ელექტროენერგიის მოხმარება. 2011 წელთან შედარებით, 2012 წელს მოხმარება თითქმის 10 პროცენტით გაიზარდა. ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით, დღეს საქართველოს ელექტროენერგიის მოხმარება წელიწადში - 1900 კილოვატ საათს შეადგენს. ამ მაჩვენებლით საქართველო განვითარებულ ქვეყნებს 3-4 ჯერ ჩამორჩება.

საქართველოს ახალ მთავრობასაც დღეს იგივე ამოცანა უდგას, რომ გარემოს დაცვასა და ენერგიის გაზრდას შორის, ოქროს შუალედის პოვნა შეძლოს; და, დეფიციტის ამოვსებას გარემოსდაცვითი პრობლემატიკის იგნორირების ხარჯზე არ შეეცადოს, რის გამოც წინა მთავრობას გამუდმებით აკრიტიკებდნენ.

XS
SM
MD
LG