ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სვანები „ნენსკრა ჰესის“ წინააღმდეგ


ნენსკრას ხეობა, ერთ-ერთი ბოლო ხელუხლებელი ადგილი ევროპის კონტინენტზე

„არჩევნებზე ნებისმიერს შევეკვრებით, ოღონდ ნენსკრა ჰესი ასეთი ფორმით არ აშენდეს“ - ასეთი რადიკალური განწყობებია ზემო სვანეთში, სადაც ხუთი დღის წინ, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმმა „ნენსკა ჰესის“ მოწინააღმდეგეთა მშვიდობიანი აქცია, ძალის გამოყენებით დაშალა და რვა ადამიანი დააკავა. მართალია, ყველა მათგანი ჯარიმის გადახდის შემდეგ გათავისუფლდა, მაგრამ ასეთმა ხისტმა მოქმედებამ სიტუაცია კიდევ უფრო დაძაბა.

280 მეგავატი სიმძლავრის „ნენსკრა ჰესის“ მშენებლობას მესტიის რაიონში, საქართველოს მთავრობამ მწვანე შუქი 2015 წლის სექტემბერში აუნთო. უკვე ოქტომბერში კი, მწვანეების წინააღმდეგობის მიუხედავად, პროექტს დადებითი ეკოლოგიური დასკვნა, გარემოს დაცვის რესპუბლიკელმა მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა მისცა.

მომდევნო თვეებში ზემო სვანეთის იმ სოფლებში აგორებულმა პროტესტმა, რომლებსაც უშუალოდ ეხება ეს მშენებლობა, აჩვენა, რომ როგორც მთავრობას, ისე ინვესტორებს ცუდი კომუნიკაცია ჰქონდათ მოსახლეობასთან. აპრილიდან პროტესტმა რადიკალური ფორმა მიიღო, სვანებმა მშენებლებს გზა გადაუკეტეს, რაც საბოლოოდ, 20 მაისს, სპეცნაზთან შეტაკებით დასრულდა.

ჭუბერის თემის პროტესტი
ჭუბერის თემის პროტესტი

საპროტესტო მოძრაობის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ჭუბერელი გია ანსიანი „ამერიკის ხმასთან“ ამბობს:

“გასაგებია, რომ სჭირდება ქვეყანას ელექტრონერგია, მაგრამ არის აქ ჰესის ალტერნატიული გზით მშენებლობის გზა, ისე რომ ხეობის დატბორვა არ მოხდეს. ზუსტად იგივე მოცულობის ელექტროენერგიას მიიღებს ქვეყანა ამ ვარიანტის განხორციელების შემთხვევაშიც და რაღა

მაინც და მაინც ნენსკრას და ნაკრას ხეობა უნდა დაიტბოროს და აიყაროს ჭუბერის თემის ნახევარი?
გია ანსიანი

მაინც და მაინც, ნენსკრა-ნაკრას ხეობა უნდა დაიტბოროს და გადასახლდეს თემის ნახევარი?

არსებული პროექტით: სოფლები ლახანი, ლეკულმახე და ქედანი უნდა გადაასახლონ. 400 ჰექტარი წითელ წიგნში შეტანილი ნეკერჩხალის ტყე უნდა გაიჩეხოს. ეს მთელი თემის დაცლას ნიშნავს, არ გამოვა ეგ ამბავი, ეს განწყობები რაც ახლა აქ არის, აუცილებლად აისახება არჩევნებზე.“

რას ითხოვენ ჭუბერის 320 კომლიან თემში შემავალი სოფლების მაცხოვრებლები? რომ არ მოხდეს მდინარე ნენსკრაზე, 135 მეტრი სიმაღლისა და 820 მეტრი სიგრძის ქვანაყარი კაშხლის მშენებლობა, რადგან ამის შედეგად წარმოქნილ, 182 მილიონი კუბური მეტრის მოცულობის წყალსაცავში მოექცევა, ზემო სვანებისთვის სასიცოცხლოდ აუციელებელი 400 ჰექტარი უნიკალური ტყე და საძოვრები. ასევე, იტბორება ულამაზესი მაშრიჭალა, ტურისტების ერთ-ერთი საყვარელი ადგილი.

ულამაზესი მაშრიჭალა
ულამაზესი მაშრიჭალა

„ნენსკრა ჰესის“ გარემოზე ზემოქმედების ანგარიშში პირდაპირ წერია, რომ ამხელა ტყის გაჩეხვა და იქ წყალსაცავის წარმოქმნა მთლინად შეცვლის მიკროკლიმატს. ამ მოცულობის წყალსაცავიდან ტენის აორთქლების პროცესი კი დააზიანებს: ისტორიულ ძეგლებს, საცხოვრებელ სახლებს და ხეხილს. მძიმე იქნება ნაადრევი წაყინვებით გამოწვეული ზარალი, რადგან ეს გამოიწვევს სასარგებლო მცენარეების უნაყოფობას, ნაადრევ დაბერებას და კვდომას.

გაზაფხულზე და გვიან შემოდგომაზე, კლიმატის ცვლილების გამო, კიდევ უფრო დამძიმდება იმ ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლებსაც აწუხებთ რევმატიზმი, სასუნთქი გზებისა და გულის დაავადებები. ყველა ეს ფაქტორი კი ერთობლიობაში, მოსახლეობას აიძულებს თანდათანობით მშობლიური ადგილებიდან სამუდამოდ აიყაროს.

ჭუბერის, ლეკუმხალეს, ქედანის, სგურიშის, დეკრასა და ლახამის მაცხოვრებელები ენერგეტიკის და გარემოს დაცვის სამინისტროებს ასევე ადანაშაულებენ, რომ წინასწარი განხილვების დროს, მათ შეგნებულად დაუმალეს მოსახლეობას, „ნენსკრა ჰესისთვის“ აუცილებელი გადამცემი ხაზის მშენებლობის ფაქტი, რისთვისაც სოფელ ლახამიდან 50 კომლის აყრა და გასაახლებაა აუცილებელი. მოსახლეობა ამბობს, რომ ამის შესახებ სრულიად შემთხვევით გაიგეს.

პროტესტის მიუხედავად, საქართველოს მთავრობა უკან დახევას, ინვესტორები კი პროექტის შეცვლას არ აპირებენ. ერთ-ერთი ძირითადი ინვესტორის სამხრეთ კორეის სახელმწიფო წყლის რესურსების კორპორაციის (K-Water) წარმომადგენელი თემურ კოპაძე ამბობს:

წარმოუდგენელია ამხელა პროექტს მოწინააღმდეგეები არ ჰყავდეს
თემურ კოპაძე, K-Water

„წარმოუდგენელია ამხელა პროექტი კეთდებოდეს, ამდენი ხალხი იყოს ჩართული და ამდენ მოსახლეობაში არ იყოს წინააღმდეგი ვინმე. რა თქმა უნდა ვიღაცა წინააღმდეგი იქნება, თავისი პირადი შეხედულების თუ სხვა ინტერესის გამო, მაგრამ ამას ჩვენ მათთან სისტემატური მოლაპარაკებით, ინფორმირებით და საუბრით აუცილებლად დავარეგულირებთ.“

გარდა კორეელებისა, „ნენსკრას“ პროექტში ჩართულები არიან, იტალიური სამშენებლო კომპანია „სალინი იმპერჯილო“, საქართველოს საპარტნიორო ფონდი, ევროპის საინვესტიციო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი და ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი.

ჭუბერის თემის ორ მოწოდებას, რომ თუ ნენსკრა ჰესის არსებული პროექტი, ალტერნატიული პროექტით არ შეიცვალა, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა არ დააფინანსონ მშენებლობა, ჯერჯერობით, მხოლოდ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) გამოეხმაურა. EBRD-მა სვანებს აცნობა, რომ ბანკი მხოლოდ ივლისში გადაწყვეტს ჩადებს თუ არა ინვესტიციას ამ პროექტში.

5 ივნისამდე, ტაიმ-აუტი აიღეს ჭუბერის თემშიც, სადაც ხელისუფლებამ პოლიციის პირადი შემადგენლობა გააძლიერა. ნენსკრა ჰესის სამშენებლო არეალის პიკეტირება ახლა შეწყვეტილია, თუმცა, თუ სახელმწიფო და ინვესტორები დათმობაზე არ წავლენ, დიდი ალბათობით, პროტესტი ახალი ძალით იფეთქებს.

XS
SM
MD
LG