ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნიქსი: მთავრობას მოვუწოდებთ გამოიძიონ და ძირეულად შეისწავლონ საარჩევნო დარღვევების ბრალდებები


საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ევრაზიის პროგრამების დირექტორი სტივ ნიქსი

"საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა" საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით შუალედური ანგარიში გამოქვეყნა. ორგანიზაციამ განაცხადა, რომ არჩევნებმა "ვერ დააკმაყოფილა საკონსტიტუციო და საარჩევნო ცვლილებებით დაწესებული ახალი სტანდარტები და საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ მოსახლეობის ნდობა შეამცირა."

"საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" ანგარიშზე და ორგანიზაციის რეკომენდაციებზე "ამერიკის ხმა" ევრაზიის პროგრამების დირექტორ სტივ ნიქსს ესაუბრა.

ბატონო სტივ, დიდი მადლობა ინტერვიუსთვის დრო რომ გამონახეთ. რა იყო IRI-ის შუალედური ანგარიშის ძირითადი მიგნებები?

საქართველოში გრძელვადიანი დამკვირვებლები გვყავდა. ეს მათ მიერ შედგენილი ანგარიშია. ანგარიშის რამდენიმე მთავარი მიგნება ისაა, რომ კამპანიის განმავლობაში შედარებით მშვიდი ატმოსფერო იყო. ზოგადი შეფასება კი ისაა, რომ კამპანიის პერიოდი ღია და გამჭვირვალე იყო. თუმცა იყო ძალადობის იზოლირებული შემთხვევები, ასევე ვნახეთ ამომრჩევლის დაშინების შემთხვევები და სხვა დარღვევები.

თქვენს ანგარიშში საუბარი იყო კამპანიების დაფინანსების მხრივ არსებულ მდგომარეობაზე. ანგარიში ასევე საუბრობს საარჩევნო კამპანიის პერიოდში წარმართულ პროცესებზე. რა გაჩვენათ დაკვირვებამ ამ თვალსაზრისით?

გვაქვს იმის სანდო ინფორმაცია, რომ ხდებოდა ამომრჩევლის დაშინება და ხმების ყიდვა. ჩვენს ანგარიშში საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ გამოიძიონ და ძირეულად შეისწავლონ საარჩევნო კამპანიის პერიოდში ამ დარღვევების ბრალდებები.

ჩვენ მივესალმებით იმას, რომ საქართველომ შეძლო ახალ საარჩევნო სისტემაზე შეთანხმების მიღწევა. ვფიქრობ, ეს შერეული სისტემა პროცესს კარგად გამოადგა. ამომრჩევლის აქტივობა ასევე ძალიან იმედისმომცემი იყო, განსაკუთრებით, იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში კოვიდ-სიტუაციაა. ბარიერის გადალახვა 9 პარტიამ შეძლო. არჩევნების საფუძველზე, საქართველოს ექნება მრავალპარტიული პარლამენტი და ჩვენთვის ეს ძალიან სასიამოვნოა. თუმცა, როგორც აღვნიშნე, გვაქვს იმის სანდო ინფორმაცია, რომ ხდებოდა ამომრჩევლის დაშინება და ხმების ყიდვა. ჩვენს ანგარიშში საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ გამოიძიონ და ძირეულად შეისწავლონ საარჩევნო კამპანიის პერიოდში ამ დარღვევების ბრალდებები.

თქვენ საარჩევნო სისტემის წინსვლაზე საუბრობთ და ამავე დროს ამბობთ, რომ იყო დარღვევები. როგორ დაახასიათებდით ამ არჩევნებს ზოგადად - კარგი იყო ეს არჩევნები თუ ცუდი?

ზოგადად, ამ არჩევნებს დავახასიათებდი, როგორც წინ გადადგმულ ნაბიჯს, თუმცა იყო დარღვევები, განსაკუთრებით, არჩევნების დღეს. ჩვენ აღმოვაჩინეთ სანდო ბრალდებები, განსაკუთრებით, არჩევნების მართვის პროცესში. შეცვლილი იყო პროტოკოლები, ზოგ შემთხვევაში ძალიან მაღალი რაოდენობით. ეს სერიოზული ნაკლოვანებაა. ესაა სწორედ ის, რაზეც ახლა მიმდინარეობს საუბარი.

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და პარლამენტმა ეს კარგად უნდა შეისწავლონ, რადგან ეს ბრალდებები სერიოზულია და საჭიროა მათი გამოძიება და საჭიროების შემთხვევაში სასამართლო განხილვა.

ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ცესკომ და პარლამენტმა გადადგან ნაბიჯები არჩევნების შედეგების მართვის პროცესის, პროტოკოლების ზოგიერთი ამ ნაკლოვანების გამოსასწორებლად. ვფიქრობ, ყველას რაღაც როლი აქვს. ოპოზიციური პარტიები საკუთარ უფლებებს იყენებენ და ამ დარღვევებს წარმოაჩენენ. საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს კი, განსაკუთრებით ცესკოს და ასევე სასამართლო უწყებებს, ვალდებულება აკისრიათ გამოიძიონ ეს დარღვევები, მოახდინონ მათი სერიოზული ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში გააკეთონ რეაგირება.

ანგარიშში სარჩელებსა და აპელაციაზეც საუბრობთ. ეს ის საკთხია, რომელიც საქართველოში დღეს მიმდინარე პროცესების ერთ-ერთი ბაზისია. ოპოზიცია მთავრობას ბრალს სდებს იმაში, რომ მთავრობა მათ სჩივრებს არ განიხილავს. თქვენ რა პოზიცია გაქვთ ამაზე?

საქართველოს საარჩევნო კანონში კარგადაა გაწერილი საჩივრების და სარჩელების შეტანის, მოსმენისა და განხილვის პროცესი. საარჩევნო კომისიებს აქვთ ადმინისტრაციული მექანიზმები და მათი გასაჩივრება საქართველოს სასამართლოშია შესაძლებელი. თუმცა ამ ყველაფერს დრო სჭირდება. უნდა მოვიცადოთ და ვნახოთ რა მოხდება.

მაგრამ ამასთან, თუ ოპოზიციას არ აქვს განცდა, რომ სასამართლოში მათი საჩივრები სამართლიანად განიხილება, მთავრობამ ამასაც უნდა შეხედოს. როგორც იცით, სასამართლოს რეფორმა უწყვეტი თემა და უკვე რამდენიმე ხანია მთავრობის მიზანია. ვფიქრობ, საქართველოში სასამართლოს რეფორმა და სასამართლო პროცესის დახვეწა უნდა გაგრძელდეს.

თქვენი აზრით, როგორ შეიძლება ქვეყანა გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან. მთავრობა უარს აცხადებს ახალი არჩევნების დანიშნვაზე, გაერთიანებული ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და მეორე ტურში მონაწილეობას არ აპირებს. სადაა გამოსავალი?

ჩემი აზრით, ამ ჩიხიდან გამოსვლა მოლაპარაკებით და კომპრომისითაა შესაძლებელი. ჩვენ ყველა მხარეს ვთხოვთ სერიოზულად ჩაერთონ მოლაპარაკებებში. დრო არ იცდის. მნიშვნელოვანია ორივე მხარემ სცადოს კომპრომისზე წასვლა და შეთანხმების მიღწევა არჩევნების მეორე ტურამდე, რომელიც კვირის ბოლოსაა დანიშნული. მეორე ტური საქართველოს დემოკრატიის მნიშვნელოვანი ნაწილია. ყველას გვსურს მეორე ტური გაიმართოს კონკურენტულ გარემოში და ახლა მხარეებზეა დამოკიდებული მიაღწიონ შეთანხმებას.


ასევე, როცა საქმე ახალი პარლამენტის მოწვევას შეეხება, იმედია მოლაპარაკება რაღაც სახის კომპრომისს მოიტანს, რომელიც ყველას, ვინც ხალხმა აირჩია, მანდატის აღების საშუალებას მისცემს. ესეც მოლაპარაკების თემაა და ამიტომაც, ჩვენ ორივე მხარეს მოვუწოდებთ გადადგან ნაბიჯები. როდესაც არჩევნებს ვაფასებთ, ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყნის მომავალი და იმ მთავარი პრობლემების გადაჭრაა, რომლებიც ქართველ ხალხს აქვს. “აი არ აის” გამოკითხვების თანახმად ეს ორი საკითხია - ერთი ჯანმრთელობა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის თემაა, მეორე კი ეკონომიკაა, რომელზე გავლენაც კოვიდის სიტუაციამ მოიტანა. ეს არის თემები, რომლებზეც მთავრობამ მომავალში კონცენტრაცია უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ადამიანების ჯანმრთელობა, მათი კეთილდღეობა დაიცვას და ეკონომიკა ააშენოს იმისთვის, რომ ხალხს რაღაც სახის ეკონომიკური წინსვლის განცდა გაუჩნდეს.

ამ კრიტიკული პრობლემების გადასაჭრელად კი საჭირო იქნება კომპრომისი, მოლაპარაკებები და ერთიანობის განცდა ყველა პოლიტიკურ ძალას შორის იმისთვის, რომ ქვეყანა წინ წავიდეს. ამიტომაა ასეთი მნიშვნელოვანი ეს მოლაპარაკებები, რომ როცა მთავრობა და პარლამენტი შეიკრიბება ისინი მზად იყვნენ ამ პრობლემების გადასაჭრელად და ქართველი ხალხის ინტერესების დასაცავად.

თქვენ კომპრომისზე საუბრობთ, მაგრამ აქამდე განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, რთულია დავინახოთ თუ რა შეიძლება იყოს კომპრომისული შეთანხმება. მოლაპარაკების ორი რაუნდი უშედეგოდ დამთავრდა. როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება იყოს ეს კომპრრომისი?

ჩვენ, დემოკრატიულ პროცესში, ყველასთან ვთანამშრომლობთ და არავის მხარეს არ ვართ. ამიტომ, მიგვაჩნია, რომ საქართველოს ინტერესებში შედის, რომ მხარეები ამ მოლაპარაკებებს რეალურად სერიოზულად მიუდგნენ და კომპრომისის მიღწევა სცადონ. ეს არ არის გარე ძალებზე, “აი არ აიზე“ ან დასავლეთზე დამოკიდებული. ამ პრობლემების გადაჭრა ქართველ პოლიტიკოსებზე და მთავრობის წარმომადგენლებზეა დამოკიდებული. ის, რომ ამერიკის საელჩო და ევროკავშირი ჩაერთვნენ მოლაპარაკებებში იმისთვის, რომ შერეული საარჩევნო სისტემის პირობების მოლაპარაკებებს დახმარებოდნენ, ძალიან სასარგებლო იყო. იგივე მხარეები ახლა მოლაპარაკების ამ რაუნდის ხელშეწყობას ცდილობენ. მაგრამ, საბოლოო ჯამში, ქართველებზეა დამოკიდებული საკუთარი ქვეყნის მომავლის გადაწყვეტა, პრობლემების გადაჭრა, წინ წასვლა და ერთგვარი ერთობის განცდის შექმნა.

თქვენ ახსენეთ, რომ დრო იწურება. თუ შეთანხმება ვერ მოხერხდა და მეორე ტური ოპოცისიის მონაწილეობის გარეშე გაიმართა, არჩევნები ლეგიტიმური იქნება?

დრო იწურება. მხარეებს სინამდვილეში ძალიან ცოტა დრო აქვთ დარჩენილი. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამ დროს ეფექტურად გამოიყენებენ და კომპრომისს მიაღწევენ. საქართველოსთვის ამ ჩიხიდან გამოსვლის სხვა გზას ვერ ვხედავ გარდა იმისა, რომ რაღაცა სახის შეთანხმება იქნას მიღწეული იმისთვის, რომ ქვეყანამ წინ წასვლა შეძლოს. იმედი გვაქვს, რომ ამ დღეებში რაღაც ისეთი მოხდება, რაც ყველა მხარეს კომფორტულად აგრძნობინებს თავს იმისთვის, რომ არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა მიიღონ.

Facebook Forum

ამავე თემაზე

ტვიტერი

XS
SM
MD
LG