ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რა გზავნილი აქვს მაიკ პომპეოს საქართველოსთვის?


სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო, ვაშინგტონში დაძაბული კვირის შემდეგ, საქართველოში ჩავიდა. სახელმწიფო მდივნის ვიზიტი პოლიტიკური კრიზისის ფონზე იმართება. ქვეყნის ოპოზიცია უარს აცხადებს საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე და განმეორებით არჩევნებს ითხოვს.

პოლიტიკურად დაძაბული ვითარებიდან გამომდინარე, სახელმწიფო მდივანი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებზე, სავარაუდოდ, არჩევნების საკითხსაც შეეხება, ამბობს „ატლანტიკური საბჭოს“ აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი დეიმონ უილსონი.

„გარდაუვალია, რომ ქვეყანაში დღეს არსებულ დაძაბულობაზე არ ისაუბრონ. ეს საკითხი განხილული იქნება შეხვედრებზე. მიუხედავად იმისა, რომ ეს საქართველოს და მისი შიდა პოლიტიკის საკითხია, შეერთებული შტატების ინტერესში შედის, რომ საქართველო იყოს დემოკრატიული. საქართველოს დემოკრატიულობა არის ის, რაც გამოარჩევს მას რთულ სამეზობლოში. საქართველოს დემოკრატიის ხარისხი არის მისი მთავარი ნარატივი, მისი ეროვნული უსაფრთხოება და შეერთებულ შტატებთან განსაკუთრებული ურთიერთობის საფუძველი. ამიტომ მე მოველი, რომ ეს განხილული იქნება და იმედი მაქვს ჩვენ (ამერიკა) მოვახერხებთ [საქართველოში] ტემპერატურის დაწევას“, - თქვა მან.

გარდაუვალია, რომ ქვეყანაში დღეს არსებულ დაძაბულობაზე არ ისაუბრონ.
დეიმონ უილსონი

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში, რუსეთის და თურქეთის როლის გათვალისწინებით და ყარაბაღის ტერიტორიაზე რუსული სამშვიდობოების განთავსების პირობებში, უილსონი ამბობს, რომ პომპეო ამ ვიზიტით ეცდება აჩვენოს ამერიკის ინტერესი რეგიონში.

„პომპეო ამერიკის ჩართულობას და წარმომადგენლობას კიდევ ერთხელ დაადასტურებს მაშინ, როცა რეგიონში რუსეთი და თურქეთი აქტიურდებიან“, - თქვა უილსონმა "ამერიკის ხმასთან".

ვიზიტის კვალდაკვალ, ოპოზიციური პარტიები საქართველოს პარლამენტთან, სახელმწიფო მდივნისთვის ხმის მისაწვდენად და საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საკუთარი უკმაყოფილების გამოსახატად საპროტესტო გამოსვლას გეგმავენ.

პომპეოს ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრა დაგეგმილი არ აქვს. ამას "ტვიტერზე" საქართველოში შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი იან კელი გამოეხმაურა და თქვა, რომ არსებული პოლიტიკური დაძაბულობის პირობებში, ეს "შეცდომაა".

ეს ნაბიჯი შეცდომად შეაფასა ასევე სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა დევიდ კრამერმა გამოცემა „Bulwark”-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.

“პომპეო ყველა პარტიის წარმომადგენელს უნდა შეხვდეს (გარდა პრო-რუსული პატრიოტთა ალიანსის)“, - წერს კრამერი საკუთარ სტატიაში.

ვაშინგტონში ექსპერტთა ნაწილი ამბობს, რომ იმ ფონზე, როცა დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ბოლო თვეებს ითვლის, სახელმწიფო მდივნისგან დიდი მნიშვნელობის ნაბიჯები ნაკლებად მოსალოდნელია.

„ვფიქრობ, პომპეოს არ აქვს საკმარისი ნდობა იმისთვის, რომ რაიმე საკითხი წამოწიოს საქართველოს ოპოზიციასთან, თუ მთავრობასთან, იმის გათვალისწინებით, რომ ის არ აღიარებს ტრამპის ადმინისტრაციის დამარცხებას, ვფიქრობ, ის ცუდი მესენჯერია“, - აცხადებს პოლ სტრონსკი, „კარნეგის ფონდის“ ევრაზიის პროგრამების დირექტორი.

თავად მაიკ პომპეო, ცოტა ხნის წინ, კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა, მას შემდეგ, რაც უარი თქვა აშშ-ის არჩევნებში პრეზიდენტ ტრამპის დამარცხება ეღიარებინა. ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რატომ არ ეხმარება ტრამპის ადმინისტრაცია გარდამავალ პერიოდში ბაიდენის გუნდს, პომპეომ ხუმრობით მიუგო, რომ „ტრამპის მეორე ადმინისტრაციაზე გადასვლა შეუფერხებლად მოხდება“ და შემდეგ ისაუბრა იმაზე, რომ ის ელოდება სხვადასხვა შტატში საჩივრების შედეგებს და შტატების მიერ ხმების სერთიფიცირებას, არჩევნების შედეგების აღიარებისთვის.

პოლ სტრონსკი ამბობს, რომ სავარაუდოდ ამ ვიზიტის მიზანი მაიკ პომპეოს პოლიტიკურ ამბიციებს უფრო უკავშირდება, ვიდრე ადმინისტრაციის გეგმებს.

ფიქრობ [ვიზიტი] პირადად პომპეოს უფრო უკავშირდება, ვიდრე საქართველოში პოლიტიკური კრიზისს.
პოლ სტრონსკი

„კონგრესში საქართველოს ბევრი უჭერს მხარს. ამიტომ ეს მისი მხრიდან იმის ჩვენებაა, რომ რაღაც გააკეთა საქართველოსთვის. ვფიქრობ [ვიზიტი] პირადად პომპეოს უფრო უკავშირდება, ვიდრე საქართველოში პოლიტიკურ კრიზისს. ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის, ოკუპაციის მიუღებლობის და პარტნიორობის მნიშვნელობის ხაზგასმა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი და სასარგებლოა. სავარაუდოდ, მას პოლიტიკური კრიზისის მოგვარების კუთხითაც აქვს მესიჯები, თუმცა არ ვიცი, რამდენად აქვს ახლა მას საკმარისი წონა ამისთვის“, - ამბობს სტრონსკი.

პომპეოს თბილისში ვიზიტამდე, სახელმწიფო დეპარტამენტმა ბრიფინგი გამართა, სადაც საქართველოში დაგეგმილ ვიზიტზე დეპარტამენტის მაღალი რაგნის ოფიციალური პირი საუბრობდა. ბრიფინგზე ხაზი გაესვა ასევე არჩევნების მეორე ტურის მნიშვნელობას და იმას, რომ სახელმწიფო მდივანი გეგმავს კიდევ ერთხელ დაადასტუროს საქართველოსადმი მხარდაჭერა.

ორმხრივი პარტნიორობა

ცოტა ხნის წინ, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა, სახელმწიფო მდივნისადმი მიმართვა გაავრცელეს, სადაც ისინი საქართველოში შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების მუდმივ განთავსებას ითხოვენ, ამერიკული და ევროპული სამხედრო შენაერთების როტაციის საფუძველზე.

გენერალი ბენ ჰოჯესი, რომელიც ევროპაში შეერთებული შტატების შეირაღებული ძალების ყოფილი მეთაურის თანამდებობა ეკავა, ამბობს, რომ „ეს ისაა, რაც შეერთებულ შტატებს შავს ზღვაში სჭირდება“.

საქართველომ უნდა გადაწყვიტოს, თუ ნამდვილად სურს ლიბელარული დემოკრატიული ღირებულებებით ცხოვრება: ჰქონდეს გამჭვირვალე არჩევნები, პატივი სცეს თავისუფალ მედიას და ხელი შეუწყოს კერძო ინვესტიციებს დასავლეთიდან
ბენ ჰოჯესი

„ეს დაეხმარებოდა შეერთებულ შტატებს აიღოს ინიციატივა შავ ზღვაში, იმის ნაცვლად, რომ სულ კრემლს პასუხობდეს“, - თქვა მან. თუმცა, ჰოჯესი „ამერიკის ხმასთან“ განმარტავს რომ ამ კონტექსტში ისიც მნიშვნელოვანია, თუ როგორი მომავალი სურს თავად საქართველოს. ​

„საქართველომ უნდა გადაწყვიტოს, თუ ნამდვილად სურს ლიბელარული დემოკრატიული ღირებულებებით ცხოვრება: ჰქონდეს გამჭვირვალე არჩევნები, პატივი სცეს თავისუფალ მედიას და ხელი შეუწყოს კერძო ინვესტიციებს დასავლეთიდან," - ამბობს ის.

ვაშინგტონში ფიქრობენ, რომ შეერთებული შტატების მიერ ამ დრომდე გადადგმული ნაბიჯები, საქართველოსთან ერთობლივი სამხედრო წვრთნების ჩატარება, შავ ზღვაში ამერიკული სამხედრო გემების ვიზიტი თუ ნატოს "ტრეინინგის და შეფასების ცენტრის" გახსნა, სწორედ რომ რეგიონში ამერიკის უწყვეტი სამხედრო განლაგების შენარჩუნებას ემსახურება.

მაგრამ როცა საქმე ბაზების გახსნას ეხება, ეს ნაბიჯი მაიკ პომპეოსგან ნაკლებად მოსალოდნელია. დეიმონ უილსონის თქმით, ვაშინგტონში ამერიკული სამხედროების დამატებით განთავსების ნაცვლად, ფოკუსი იმაზეა, თუ როგორ გადანაწილდეს არსებული რესურსები უფრო ტაქტიკურად.

თუმცა, უილსონი დასძენს, რომ მომავალი ადმინისტრაცია, სავარაუდოდ, უფრო სტრატეგიულად მიუდგება ამერიკული სამხედრო განლაგების საკითხს.

„ამ ეტაპზე შეერთებული შტატებში ის ვითარება არ დგას, რომ ის მსოფლიოს გარშემო ბაზებს ხსნიდეს. ჩვენ განვიხილავთ არსებული ძალების უფრო მოქნილი გადანაწილების საკითხს. ვფიქრობ, ამას ვხედავთ ბალტიისპირეთში და პოლონეთში ჩვენი სამხედრო პოზირების მხრივ... თუმცა, ვფიქრობ ახალი ადმინისტრაცია ეცდება ცოტა უკან დაიხიოს, გლობალურად ჩვენი სტრატეგიული პოზიციონირების უკეთესი სურათის დასანახად“, - ამბობს ის.

პომპეო საქართველოში 18 ნოემბრამდე დარჩება და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს და სამოქალაქო საზოგადოებას შეხვდება. მას დაგეგმილი აქვს ასევე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან შეხვედრა.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG