ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იალოვიცი: "ახლა ხარვეზების გამოსწორების დროა"


საქართველოში ოპოზიციური პარტიები არჩევნების შედეგებს არალეგიტიმურად მიიჩნევენ და პროტესტს აგრძელებენ. ხელისუფლება კი ოპოზიციის ბრალდებების უსაფუძვლობაზე საუბრობს. დასავლეთი მხარეებს მოლაპარაკებისკენ, ოპოზიციას „ძალადობისგან თავის შეკავებისკენ“, ხელისუფლებას კი მშვიდობიანი პროტესტის პატივისცემისა და დარღვევების გამოძიებისკენ მოუწოდებს.

ვითარება განსაკუთრებით 8 ნოემბრის საღამოს დაიძაბა, როდესაც პოლიციამ ცესკოსთან შეკრებილი მოქალაქეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ წყლის ჭავლის გამოყენება გამართლებული იყო, რათა მომიტინგეების მიერ ცესკოს შენობის „შტურმით აღება“ აღეკვეთათ. შსს-ის ცნობით, უწყებამ 19 პირი დააკავა. ცესკოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს მათივე ინფორმაციით, 27-მდე პირი დაშავდა, მათგან 14-მდე სამართალდამცველი, მედიის 3 წარმომადგენელი და 10-მდე მოქალაქე.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პარასკევს გამართულ ხმაურიან სხდომაზე ცესკომ სულ 21 საკითხი, მათ შორის საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ მიღებულ შემაჯამებელ ოქმებზე ოპოზიციური პარტიების მიერ შეტანილი საჩივრებიც განიხილა, თუმცა ოპოზიციის არცერთი საჩივარი არ დააკმაყოფილა. ოპოზიცია ამ განხილვას ფორმალურად მიიჩნევს. ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე კი ამბობს, რომ პროცედურების სრული დაცვის მიუხედავად, საარჩევნო ადმინისტრაციის წევრების მიმართ ზეწოლის მცდელობა და მუქარის შემცველი განცხადებები დაფიქსირდა.

ახლა ნამდვილად „ქართულ ოცნებაზეა“ დამოკიდებული ის, რომ დაამტკიცოს მისი ერთგულება დემოკრატიისა და თავისუფალი არჩევნების მიმართ ღიაობით და გამჭვირვალებით, თუკი რაიმე კუთხით არჩევნები უნდა შემოწმდეს. ეს არ არის კარის გაჯახუნების და იმის თქმის დრო, თუ რამდენად დიდებული და იდეალური იყო არჩევნები, არამედ რეფლექსიისა და იმის დანახვის, რა მოხდა კონკრეტულად და იმის გამოსწორებისა, რაც ნამდვილად ხარვეზი იყო,
კენეტ იალოვიცი

12 ნოემბერს კი ოპოზიციის მიერ საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიმართ უნდობლობის გამოცხადების, პარლამენტში შესვლასა და მეორე ტურებში მონაწილეობის ბოიკოტისა და დემონსტრაციების შემდეგ, ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის დიპლომატების შუამავლობით პოლიტიკური დიალოგის პროცესი დაიწყო. იმ 9 პარტიის ლიდერები, რომლებმაც ცესკოს წინასწარი მონაცემებით, 31 ოქტომბრის არჩევნებზე 1%-იანი ბარიერი გადალახეს, ხუთშაბათს ამერიკის ელჩის, კელი დეგნანის საცხოვრებელ სახლში შეიკრიბნენ და შუამავლის, საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის მეშვეობით ისაუბრეს.

„ქართულ ოცნებას“ შეხვედრაზე არჩილ თალაკვაძე წარმოადგენდა, რომელმაც თქვა, რომ „დიალოგს არ აქვს ალტერნატივა“ და მმართველ ძალას სურს, რომ „მხარეებმა პოზიციები დააახლოვონ“. თუმცა მაშინ, როდესაც ხელისუფლება დიალოგის შესაძლო შედეგად ახალი არჩევნების დანიშვნას გამორიცხავს, შაბათს გამართულ აქციაზე, "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ კატეგორიულად განაცხადა, რომ ოპოზიცია არც მეორე ტურში მონაწილეობისთვის და არც პარლამენტში შესასვლელად არ ემზადება.

მანამდე მისი განცხადების თანხმადვე, პარტიები, რომლებიც პასუხისმგებლობას გრძნობენ, კომპრომისის მოძებნას უნდა შეეცადონ, თუმცა „ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისთვის, საარჩევნო პროცესის მიმართ ნდობის აღდგენისთვის, საზოგადოების კონსოლიდაციისთვის, აუცილებელია ახალი არჩევნების ჩატარება“.

ოპოზიციის ლიდერების განცხადებით, მათი მოთხოვნები უცვლელია: ისინი ცესკოს თავმჯდომარის გადადგომას და საარჩევნო ადმინისტრაციის ახალი წესით დაკომპლექტებას, ვადამდელი არჩევნების ჩატარებას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას მოითხოვენ. ოპოზიციურმა სპექტრმა, უცხოელი დიპლომატების შუამავლობით, შაბათს ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების მეორე რაუნდში მიიღო მონაწილეობა. არჩევნების მეორე ტური კი 21 ნოემბერს უნდა გაიმართოს.

მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებენ ვაშინგტონიდანაც. რაც შეეხება დარღვევებს, ამბობენ, რომ ქვეყანაში დემოკრატიული განვითარების გასაგრძელებლად დარღვევების გამჭვირვალე გამოძიებაა საჭირო.

„უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ სამართალდამცავმა და შესაბამისმა საარჩევნო სტუქტურებმა სრულად გამოიძიონ გაყალბებასთან დაკავშირებული საჩივრები. გაასამართლონ ისინი, ვინც საარჩევნო დარღვევებში მონაწილეობდა და გაასაჯაროვონ პროცესი, რათა მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა, სამართლიანად და კანონიერად გადაწყდეს დავები. მხოლოდ ამის გაკეთებით, და ეს აქ ამერიკაში კარგად გვესმის, შეიძლება მოქალაქეებს ჰქონდეთ რწმენა, რომ მათ ხმას მნიშვენლობა აქვს და პროცესი სწორად წარიმართა“, - ამბობს დენიელ ტვაინინგი, „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ დირექტორი.

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ საქართველოს ოფისის დირექტორი ალან გილამიც ხელისუფლებას მიუკერძოებელი გამოძიების ჩატარებისკენ მოუწოდებს: „ვფიქრობ, ამ ეტაპზე პასუხისმგებლობა მთავრობას ეკისრება. მათ ძალისხმევა არ უნდა დაიშურონ იმისთვის, რომ სწრაფად და სათანადოდ განიხილონ საჩივრები და ჩაატარონ ხმების ხელახალი დათვლა ან განმეორებით არჩევნები იქ, სადაც ეს საჭიროა“, - ამბობს გილამი.

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში კენეტ იალოვიცი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ მართალია პროპორციულთან მიახლოებული, 120/30-ზე სისტემით არჩევნების ჩატარება უდიდესი მიღწევა იყო, მაგრამ განვითარების აღმავალი ტრაექტორია 2006 წლის არჩევნებიდან დღემდე, შენელდა და შეიძლება შეჩერდა კიდეც და ის არ პროგრესირებს ისე, როგორც ის იმედოვნებდა.

„მე 2018 წელს არჩევნებს ადგილზე ვაკვირდებოდი და ბევრი შეშფოთება, რომელიც წელსაც ისმის, ამომრჩეველთა დაშინებისა თუ ძალადობის თაობაზე, მაშინაც ფიქსირდებოდა. ის ნამდვილად იყო უკან გადადგმული ნაბიჯი. და იმის ნაცვლად, რომ ეს [წლევანდელი არჩევნები] ბრწყინვალე წინ გადადგმული ნაბიჯი ყოფილიყო, ეს ასე ნამდვილად არ მოხდა. არჩევნების დღეს რასაც ვუყურებდი, ეს პრობლემები მსგავსია, დაშინება, ძალადობა, სამთავრობო ინსტიტუტები და აპარატი, როგორც ჩანს, გამოიყენებოდა „ოცნების“ კანდიდატების მხარდასაჭრად, და რაც მათ დიდ უპირატესობას აძლევს - მმართველი პარტიით და მისი უამრავი ბერკეტით, რომლებიც, როგორც ჩანს, გამოყენებული იყო“, - ამბობს ყოფილი ელჩი.

ამასთან, დიპლომატი ამბობს, რომ ერთპარტიული მმართველობა სამი თანმიმდევრული ვადით „შეიძლება არ იყოს ჯანსაღი“:

კენეტ იალოვიცი
კენეტ იალოვიცი

„ეს [ერთი პარტიის თანმდევრული ერთპარტიული მმართველობა] მეტ გზას უხსნის კორუფციას, ჩრდილოვან გარიგებებს, ადამიანის უფლებათა ნაკლებ პატივისცემას, სისტემა მეტად ცენტრალიზებული ხდება. ჩვენ არ გვინდა ვხედავდეთ მმართველ პარტიას, რომელიც მთელ თავის უპირატესობას იყენებს იმისთვის, რომ ოპოზიცია შეავიწროვოს. ესაა მოდელი, რომელსაც არ გვინდა, რომ მივბაძოთ. არ ვამბობ, რომ ეს მოხდება, მაგრამ ამის რისკი არსებობს. ახლა ნამდვილად „ქართულ ოცნებაზეა“ დამოკიდებული ის, რომ დაამტკიცოს მისი ერთგულება დემოკრატიისა და თავისუფალი არჩევნების მიმართ ღიაობით და გამჭვირვალებით, თუკი რაიმე კუთხით არჩევნები უნდა შემოწმდეს. ეს არ არის კარის გაჯახუნებისა და იმის თქმის დრო, თუ რამდენად დიდებული და იდეალური იყო არჩევნები, არამედ რეფლექსიისა და იმის დანახვის, რა მოხდა კონკრეტულად და იმის გამოსწორებისა, რაც ნამდვილად ხარვეზი იყო“, - განმარტავს კენეტ იალოვიცი.

დიპლომატი დემოკრატიული განვითარების კუთხით სხვა გამოწვევებზეც საუბრობს და ამბობს, რომ ოპოზიციის დემონიზებასთან ერთად, ქართული პოლიტიკის მნიშვნელოვანი პრობლემა ისეთი ინდივიდუალური პირების დომინანტური გავლენაა, როგორებიც ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ სააკაშვილი არიან. მისი თქმით, ქვეყნის ბედს ლეგიტიმურად არჩეული პარლამენტი და მთავრობა უნდა წყვეტდეს და არა ოფიციალური პოსტის არმქონე ლიდერი თუ ყოფილი პრეზიდენტი.

„ფაქტი, რომ პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერი არ არის არჩეული და ჩანს, რომ მას აქვს დიდი გავლენა უმთავრეს გადაწყვეტილებებზე საქართველოს ყოველდღიურ პოლიტიკაში, ჩემთვის არაჯანსაღია. მე მიხეილ სააკაშვილსაც ასევე ვაკრიტიკებდი მმართველობისას მისი ავტორიტარული ტენდენციებისთვის. ამავე დროს, ჩემთვის არაჯანსაღია ის, რომ ბატონ ივანიშვილს ასეთი ძალაუფლება აქვს ფინანსურად და სხვა მხრივაც“, - ამბობს ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG