ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"არჩევნები არ არის მხოლოდ კენჭისყრის დღე" - ამერიკელი დამკვირვებლები გამოწვევებზე საუბრობენ


31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე 10 დღე რჩება. იმ ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც წლებია საქართველოში დემოკრატიულ პროცესებს აკვირდებიან, მრავალპარტიული პარლამენტის უპირატესობაზე და პოლარიზებული გარემოს გამოწვევებზე საუბრობენ. ამასთან, ხელისუფლებას წინა არჩევნებზე დაშვებული შეცდომების გამოსწორებისკენ მოუწოდებენ და ამბობენ, რომ ეს არის შესაძლებლობა, საქართველომ დაამტკიცოს, რომ არჩეული კურსის ერთგულია. ამასთან, განმარტავენ, რომ კარგი არჩევნები, მხოლოდ კენჭისყრის დღის ადმინისტრირებას არ გულისხმობს და ის მხარეებს ბევრად მეტ პასუხისმგებლობას აკისრებს, როგორც არჩევნებამდე, ისე - მის შემდგომ პერიოდში.

„ედისონ რისერჩის“ ვიცე-პრეზიდენტი ნინო ჯაფარიძე ამბობს, რომ წლევანდელი არჩევნების მნიშვნელობა სხვა ყველა საკითხთან ერთად გასული, 2018 წლის არჩევნების „ლაქების“ გამოსწორების საშუალება და შესაძლებლობაა.

ნინო ჯაფარიძე
ნინო ჯაფარიძე

„ეს არის რეალური შანსი, გავაუმჯობესოთ ის, რაც იყო 2018 წელს. ეს იყო ბოლო წლების განმავლობაში პირველად, როდესაც არჩევნები შეფასდა, როგორც თავისუფალი, მაგრამ არა - როგორც სამართლიანი. როდესაც არჩევნები არც სამართლიანი იყო და არც თავისუფალი, საზოგადოებამ ამას რევოლუციით უპასუხა, ახლა ქვეყანაში რევოლუცია არავის სურს, ამის საჭიროება არ არის და საზოგადოებაც განვითარდა. და სწორედ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებით უნდა ვცადოთ 2018 წლის ლაქის ჩამორეცხვა", - მიიჩნევს ჯაფარიძე და საქართველოს არჩევნებზე სხვა დამკვირვებლების მსგავსად, აღნიშავს, რომ არჩევნები ნამდვილად არ მოიცავს მხოლოდ კენჭისყრის დღეს.

„ედისონ რისერჩი“ საქართველოში ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით წინასაარჩევნო გამოკითხვებსა და ეგზიტპოლებზე მუშაობს. “ედისონი“ ჩაატარებს გამოკითხვებს წლევანდელ საპრეზიდენტო არჩევნებში ამერიკის შეერთებულ შტატებშიც 4 სატელევიზიო არხისთვის. ესენია: CNN, CBS, ABC, NBC News.

„ედისონ რისერჩის“ მონაცემებით, მოსახლეობის 70 %-ს კოალიციური მთავრობა სურს. პოლიტიკური პარტიების მიმართ ნდობა კი - დაახლოებით 42 %-ია,

შერილ ფერნანდესი, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის კავკასიისა და რეგიონული კონფლიქტების განყოფილების დირექტორი ამბობს, რომ გასული წლის განმავლობაში არსებული გარკვეული შეშფოთებების შემდეგ ამ არჩევნებს ვაშინგტონში განსაკუთრებული ყურადღებით დააკვირდებიან, როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის, ისე ამერიკის კონგრესის მხრიდან. მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები კი ახლა პრაქტიკაში უნდა განხორციელდეს:

„ეს რეფორმები ქმნის საფუძველს შემდეგი, არანაკლებ მნიშვნელოვანი ნაბიჯებისთვის. ეს რეფორმები უნდა იყოს აქტიურად აღსრულებული იმის უზრუნველსაყოფად, რომ ამომრჩევლები აძლევენ ხმას დაშინების, პოლიტიკური ძალადობის, მოსყიდვის და ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენების გარეშე. ეს არის ის მიმართულებები, სადაც განმეორებით გვინახავს პრობლემები საქართველოს არჩევნებში ბოლო 30 წლის განმავლობაში და რასაც მივაქცევთ ყურადღებას ამ არჩევნებშიც. საქართველოს აქვს შესაძლებლობა გადადგას შემდეგი ნაბიჯები დემოკრატიის გასაძლიერებლად და კითხვა ისაა, იქნება თუ არა ამის პოლიტიკური ნება ხელისუფლების მხრიდან. ეს გამოჩნდება უახლოეს კვირებში, როგორც არჩევნებამდე, ისე არჩევნების შემდეგ“, - განაცხადა ფერნანდესმა "ამერიკაში ქართული ასოციაციის" მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში მონაწილეობისას.

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ – IRI-ის ევრაზიის პროგრამის დირექტორი, სტივენ ნიქსი მიიჩნევს, რომ ამ არჩევნებს ძალიან დინამიკური წელიწადნახევარი უძღოდა წინ და ცვლილებებს, რომლებიც კონსტიტუციაში და საარჩევნო კანონმდებლობაში შევიდა, არამხოლოდ ამ არჩევნებზე, არამედ ხანგრძლივ პერსპექტივაში, მომავალშიც ექნება გავლენა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაზე.

კარგი, მშვიდობიანი არჩევნები, რომელიც ხალხის ნებას გამოხატავს, აგზავნის ძლიერ სიგნალს კავკასიაში და აჩვენებს ქვეყნის, როგორც დემოკრატიის როლს. ვხედავთ შეიარაღებულ კონფლიქტს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, მოვლენებს ყირგიზეთსა და ბელარუსში და ამ დროს კარგი არჩევნების ჩატარება საქართველოში იქნება უმნიშვნელოვანესი სიგნალი, რომ ქვეყანაში დემოკრატია იმარჯვებს და ის განაგრძობეს ინსტიტუტების მშენებლობას,
სტივენ ნიქსი, IRI

“IRI წლების განმავლობაში მუშაობდა ძალიან ბევრს იმისთვის, რომ ნაკლებად ყოფილიყო პერსონალური თავდასხმები და გვენახა მეტად საკითხებზე ფოკუსირებული პოლიტიკა. ამ მიმართულებით ჩანს, რომ გარკვეული პროგრესი გვაქვს. პარტიებმა ამ მხრივ განვითარება და ფოკუსირება უნდა განაგრძონ მომავალშიც და ახლა, პოსტ-საარჩევნო პერიოდშიც“, - ამბობს სტივენ ნიქსი და განმარტავს, რომ წლების განმავლობაში IRI-ის მიერ ჩატარებულ გამოკითხვებში ორი უცვლელი საკითხია. ერთი ის, რომ ქართველებს სურთ ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია და მეორე, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი სოციალური საკითხები ეკონომიკა და სამუშაო ადგილებია:

„მნიშვნელოვანია ისიც, რომ ბევრი ისეთი გადაწყვეტილების მიღებას, რომელმაც ხალხის ცხოვრება უნდა გააუმჯობესოს, განსაკუთრებით კი პანდემიის შემდგომ პერიოდში, სავარაუდოდ, რამდენიმე პოლიტიკური ძალის მხარდაჭერა შეიძლება დასჭირდეს“, - ამბობს ნიქსი.

საკითხებზე და თემებზე დაფუძნებული პოლიტიკის საჭიროებასთან ერთად, ის პოლიტიკურ პროცესებში ახალგაზრდების მეტი ჩართულობის ხელშეწყობაზე და წახალისებაზეც საუბრობს. რადგან 18-25 წლის ახალგაზრდები, მისი თქმით, ის დემოგრაფიული კატეგორიაა, რომელიც ყველაზე მეტად უჭერს მხარს დემოკრატიულ პროცესებს და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას, თუმცა ამავე დროს, ყველაზე ნაკლებად აძლევეს ხმას და მონაწილეობს პოლიტიკაში.

ნიქსის აზრით, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანამ მნიშვნელოვანი ყურადღება უნდა დაუთმოს მომდევნო ადგილობრივი არჩევნების სამზადისს და ძალაუფლების დეცენტრალიზაციის საკითხს. მას მიაჩნია, რომ კავკასიისა და უფრო ფართოდ, ევრაზიის რეგიონში მიმდინარე მოვლენების პარალელურად საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი, კარგად ადმინისტრირებული არჩევნების ჩატარება მნიშვნელოვანი გზავნილი იქნება:

სტივენ ნიქსი
სტივენ ნიქსი

„კარგად ორგანიზებული, ადმინისტრირებული, მშვიდობიანი არჩევნები, რომელიც ხალხის ნებას გამოხატავს, აგზავნის ძლიერ სიგნალს კავკასიაში და აჩვენებს ქვეყნის, როგორც დემოკრატიის როლს. ჩვენ ვხედავთ შეიარაღებულ კონფლიქტს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, ვხედავთ მოვლენებს ყირგიზეთსა და ბელარუსში და ამ დროს კარგი არჩევნების ჩატარება საქართველოში იქნება უმნიშვნელოვანესი სიგნალი, რომ ქვეყანაში დემოკრატია იმარჯვებს და ის განაგრძობეს ინსტიტუტების მშენებლობას“, - ამბობს სტივენ ნიქსი.

მაშინ, როდესაც პანდემია დამატებით სირთულეებს უქმნის მთავრობებს არჩევნების ჩატარების კუთხით, საქართველოს არჩევნებზე დამკვირვებლები ამბობენ, რომ მიუხედავად რთული ვითარებისა და უპრეცედენტო გამოწვევებისა, საქართველოს მთავრობას აქვს შესაძლებლობა არჩევნები უსაფრთხოდ ჩაატაროს.

კითხვაზე, ყოფილა თუ არა ბოლო 12 თვის განმავლობაში ისეთი შემთხვევა, რომ გამოკითხულ მოქალაქეს საჭმლის საყიდელი ფული არ ჰქონია, 47 % პასუხობს, რომ ასეთი გამოცდილება ჰქონია.
"ედისონ რისერჩი"/"ფორმულა"

მელისა მუსიო, „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ - NDI -ის წარმომადგენელი ამბობს, რომ ამ მიმართულებით ფიზიკურ შესაძლებლობასთან და პოლიტიკურ ნებასთან ერთად, ხელისუფლებას საზოგადოებასთან სწორი კომუნიკაციაც დასჭირდება:

„მთავრობას შეუძლია სწორი ნაბიჯები გადადგას, მაგრამ საჭიროა გამჭვირვალობა ამ ნაბიჯების შესახებ და უზრუნველყოფა, რომ მოსახლეობას ესმის ამ ნაბიჯების ლოგიკა. იქნება კითხვები ვინ, რას, რატომ აკეთებს. ასევე არის დეზინფორმაცია კოვიდ 19-ის შესახებ. ამიტომ კარგი კომუნიკაცია და დეზინფორმაციის გადალახვა იქნება ძლიერ მნიშვნელოვანი. სიფრთხილე, გამჭვირვალობა და კომუნიკაცია იქნება საჭირო. რადგან ხელისუფლებას 2 როლი აქვს ახლა: მისი მოვალეობაა მოქალაქეების კეთილდღეობაზე ზრუნვა და ის ასევე ამ არჩევნების მონაწილე მხარეა. ეს ორი ერთად, ძალიან რთულ სიტუაციას ქმნის“, - ამბობს მუსიო.

კენჭისყრის დღეს პანდემიით განპირობებული გამოწვევების შეფასებისას კი საერთაშორისო დამკვირვებლების მზაობასთან ერთად, დავით ბაქრაძე ამბობს, რომ საზოგადოების ნდობა მთავრობის მიერ პანდემიასთან გამკლავების თაობაზე, აჩვენებს, რომ მოქალაქეებს შეუძლიათ საარჩევნო პროცესში მონაწილეობისას თავი უსაფრთხოდ იგრძნონ.

„მთავრობის მიღწევებმა აჩვენა, რომ ამ ხელისუფლებას შეუძლია უზრუნველყოს ყველაზე დაცული და უსაფრთხო გარემო ამომრჩევლებისთვის. გამოკითხვებშიც ჩანს, რომ მოსახლეობის 80%-ზე მეტი დადებითად აფასებს იმას, თუ როგორ გაუმკლავდა ხელისუფლება ვირუსს“, - ამბობს ბაქრაძე და განმარტავს, რომ არჩევნების დემოკრატიულ გარემოში ჩატარება კიდევ ერთი ნიშანი იქნება უცხოეული ინვესტორებისთვის, რომ საქართველო ინვესტიციების განსახორციელებლად რეგიონში საუკეთესო ადგილია. ბაქრაძე "ფრიდომ ჰაუზის" ბოლო ანგარიშშსაც იხსენებს და ამბობს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით, საქართველოში კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად ადამიანის უფლებები არაპროპორციულად არ შეზღუდულა.

დემოკრატიული ინსტიტუტების შენების გზაზე საქართველო გააქტიურებული დეზინფორმაციის გამოწვევის წინაშეა, როგორც გარედან, ისე გარკვეულწილად - შიგნიდანაც. კრემლი საქართველოში ინსტიტუტების დისკრედიტაციას, მათ მიმართ ნდობის და ზოგადად დემოკრატიული ღირებულებებისადმი რწმენის შესუსტებას, ასევე დაბნეულობისა თუ შიშის დათესვას ცდილობს
ალექსანდრ სოკოლოვსკი, USAID

„არჩევნები არ არის მხოლოდ კენჭისყრის დღე, საარჩევნო პერიოდი რამდენიმე თვით ადრე იწყება. ვფიქრობ, ჩვენ ვხედავთ მიმდინარე ძალისხმევას რუსეთის მხრიდან „სპუტნიკისა“ თუ სხვა წყაროების საშუალებით, რომ საქართველოს საინფორმაციო სივრცეში ინფილტრირება მოხდეს", - ამბობს ალექსანდერ სოკოლოვსკი “აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს” – USAID -ის წარმომადგენელი და განმარტავს, რომ მისი აზრით, ეს ჩარევის მცდელობებია.

"არის მტკიცებებიც იმის თაობაზე, რომ ესა თუ ის პარტია გარკვეულწილად კრემლიდან ფინანსდება. საქართველო გამხდარა კიბერ-თავდასხმების მსხვერპლიც რუსეთის მხრიდან. ასე რომ არ იქნება გონივრული ჩვენი მხრიდან, რომ ამისთვის მზად არ ვიყოთ. მნიშვნელოვანია, რომ ამ არჩევნების ბედი ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს და არა - საგარეო მავნე ზეგავლენამ“, - მიაჩნია სოკოლოვსკის.

ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წარმომადგენელი არჩევნების ლეგიტიმურობის საკითხზეც საუბრობს და ამბობს, რომ ბოლო 17 წლის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობამ დაამტკიცა: ის თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს ითხოვს და სწორედ ასეთი არჩევნები აძლევს ხელისუფლებას ლეგიტიმურობას. სოკოლოვსკი წინასაარჩევნო გამოწვევებზეც საუბრობს, და ამბობს, რომ სხვა პროგრამებთან ერთად, წელს USAID-ი ცენტრალურ საარჩევნო კომისიას კიბერ-თავდასხმებისგან თავდაცვის გაძლიერებაშიც ეხმარება, რაც რეგიონში დემოკრატიულ არჩევნებზე იერიშის კიდევ ერთი სამიზნეა.

„სამწუხაროდ დემოკრატიული ინსტიტუტების შენების გზაზე საქართველო გააქტიურებული დეზინფორმაციის გამოწვევის წინაშეა, როგორც გარედან, ისე გარკვეულწილად - შიგნიდანაც“, - ამბობს სოკოლოვსკი და ლუგარის ცენტრზე მიტანილი იერიშის მაგალითზე განმარტავს, რომ კრემლი საქართველოში ინსტიტუტების დისკრედიტაციას, მათ არასანდოდ წარმოჩენას და მათ მიმართ ნდობის შესუსტებას ცდილობ ისევე, როგორც ზოგადად დემოკრატიული ღირებულებებისადმი რწმენის შესუსტებასა და დაბნეულობის თუ შიშის დათესვას.

ამერიკული კვლევითი ორგანიზაციის, "ედისონ რისერჩის" ვიცე-პრეზიდენტი კი ამბობს, რომ მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია წინასაარჩევნოდ სხვადასხვა მედიასაშუალების ეთერში ოპოზიციასთან ერთად, ხელისუფლების წარმომადგენლებიც იხილოს და მათგან პასუხები მოისმინოს:

"ხელისუფლების წარმომადგენლები უნდა იღებდნენ მონაწილეობას ფართო მედია დებატებსა და დისკუსიებში, როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის, თუ წამყვანი, ყველაზე მაღალრეიტინგული სატელევიზიო არხების, ისე - სხვა მაუწყებლების ეთერშიც".

„ედისონ რისერჩის“ ბოლო გამოკითხვაზე დაყრდნობით, რომელიც 17 სექტემბერი-7 ოქტომბრის პერიოდში ჩატარდა (პირისპირ გამოკითხვის მეთოდით ქვეყნის მასშტაბით, გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა, შემთხვევითი შერჩევის ტიპით გამოიკითხა საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის 4 500 ადამიანი. შედეგების ცდომილება + - 1,5%-ია.), ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტი ამბობს, რომ მოსახლეობის 74 % არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს. ამავე მონაცემებზე დაყრდნობით, ამომრჩეველთა 36 % „ქართულ ოცნებას“ უჭერს მხარს, 17 % - „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, 5 % კი „ევროპულ საქართველოს“. თუმცა გამოკითხული მოსახლეობის 24 % ამბობს, რომ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია ან შეკითხვაზე პასუხის გაცემა არ სურს.

თუმცა გამოკითხულთა 43 % ამბობს, რომ მისთვის გადამწყვეტი პარტიის პროგრამაა, 25 %-ისთვის კი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტიის ლიდერია. შემდეგი ფაქტორია პარტიის იდეოლოგია - 21 %, პარტიის საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია - 9 % და ა.შ.

„ედისონ რისერჩის“ მონაცემებითვე, არჩევნების შემდეგ მოსახლეობის 70 %-ს კოალიციური მთავრობის ნახვა სურს. პოლიტიკური პარტიების მიმართ ნდობა დაახლოებით 42 %-ია, დაახლოებით იმდენივე, რამდენიც ბანკების მიმართ. ეს მაშინ, როდესაც მოსახლეობის 87 % ნდობას უცხადებს ქართულ ჯარს, 82 % - ეკლესიას. 66 % პოლიციას, 47 % კი - არასამთავორბო ორგანიზაციებს. ევროატლანტიკური სტრუქტურებისადმი დადებითი შეხედულება მოსახლეობის დააახლოებით 4/5-ს აქვს. რაც შეეხება ქვეყანაში არსებულ სამ უმთავრეს პრობლემას მოსახლეობა უმუშევრობას, სიღარიბესა და ფასების ზრდას ასახელებს. კითხვაზე კი, ყოფილა თუ არა ბოლო 12 თვის განმავლობაში ისეთი შემთხვევა, რომ გამოკითხულ მოქალაქეს საჭმლის საყიდელი ფული არ ჰქონია, 47 % პასუხობს, რომ ასეთი გამოცდილება ჰქონია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG