ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოლაპარაკებები დაწყებულია - "ქართული ოცნება" და ოპოზიცია ამერიკის ელჩის რეზიდენციაში


არჩევნების შემდეგ, კვლავ დიპლომატიური კორპუსის ჩართულობით, ოპოზიციასა და ქართული ოცნების მმართველ ძალას შორის მოლაპარაკებები ამერიკის ელჩის რეზიდენციაში 4 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

შეხვედრა ყველაზე ადრე "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა დატოვა, რომელიც ამბობს, რომ შეხვედრაზე ის ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებიც უნდა იყვნენ წარმოდგენილები, რომლებმაც "ამ შედეგებით ზღვარი ვერ გადალახეს, მაგრამ მე ვფიქრობ, რეალურად მათ ერთპროცენტიანი ბარიერი გადალახეს"- ამბობს შალვა ნათელაშვილი.

აქვე პირველი ლეიბორისტი ამბობს, რომ დღეს რაიმე კონკრეტული შედეგი მოლაპარაკებებს არ ექნება: "მოთელვის შემდეგ დგება შედეგები. ვნახოთ, რა შედეგები დადგება. ერთი შეხვედრით რომ წყდებოდეს ასეთი პრობლემები... კომპრომისის შესაძლებლობა ყოველთვის არსებობს, მაგრამ არა ქვეყნის [ხარჯზე] და კრიმინალური ქმედების თანამონაწილეობით".

4-საათიანი შეხვედრის დასრულების შემდეგ, განცხადება მმართველი გუნდის სახელით, არჩილ თალაკვაძემ გააკეთა.

„რა თქმა უნდა, არ უნდა ჰქონდეს საზოგადოებას მოლოდინი, რომ პირველ შეხვედრაზე ძირითადი შეთანხმებები მოხდებოდა, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, პოლიტიკური დიალოგის დაწყება არის პოზიტიური და გავცვალეთ არგუმენტები. რაც მთავარია, კონსტრუქციულ გარემოში მოვუსმინეთ ერთმანეთს და მჯერა და იმედს ვიტოვებ, რომ ეს პოლიტიკური დიალოგი კონკრეტული შედეგით დასრულდება“, - ამბობს არჩილ თალაკვაძე. მისი თქმით, მიღწეულია შეთანხმება უახლოეს დღეებში მოლაპარაკებათა მეორე რაუნდის გამართვის შესახებ.

გრძელვადიან მოლაპარაკებებზე საუბრობს ოპოზიცია, რომელიც არჩევნების შედეგებს არ აღიარებს.

„პროცესი გაგრძელდება. მოდი, ნუ გვექნება მოლოდინი, რომ ერთი ან თუნდაც ორი შეხვედრით რაიმე გადაწყდება. ეს არის უმძიმესი თემა. ქვეყანა არის პოლიტიკურ კრიზისში... და ამოცანა ჩვენი, როგორც პასუხისმგებლიანი ძალების, გახლავთ ის, რომ თანდათან ნაბიჯ-ნაბიჯ ვეცადოთ კომპრომისის გამოძებნა. ოღონდ, ბუნებრივია, ამ კომპრომისის გამოძებნის პროცესში ჩვენი პოზიცია არის მყარი, რომ ის, რაც არის ქვეყნისთვის ცუდი და უკანონო, იმის ხარჯზე კომპრომისი ვერ შედგება. მაგრამ ვფიქრობ, კომპრომისის სივრცე არსებობს და თუ იქნება პასუხისმგებლიანი მიდგომა, საბოლოო ჯამში მხარეები მოვახერხებთ, იმედი მაქვს, მოვახერხებთ შეთანხმებისკენ წასვლას,"- თქვა დავით ბაქრაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

დღევანდელ შეხვედრას ამერიკის ელჩის რეზიდენციაში, ევროკავშირისა და საფრანგეთის ელჩები ესწრებოდნენ. განცხადებები დიპლომატებს ამ დროისთვის არ გაუკეთებიათ. ცნობილია მხოლოდ ის, რომ არჩევნების შემდეგ მოლაპარაკებების მაგიდასთან ის პარტიები არიან წარმოდგენილები, რომლებმაც ამჟამინდელი ცესკოს მონაცემებით პარლამენტში ერთი მანდატი და მეტი მოიპოვეს.

მათ შორის არიან: გრიგოლ ვაშაძე ("ნაციონალური მოძრაობა"), დავით ბაქრაძე ("ევროპული საქართველო"), გიორგი ვაშაძე ("სტრატეგია აღმაშენებელი"), ბადრი ჯაფარიძე ("ლელო"), ზურა ჯაფარიძე ("გირჩი"), ირმა ინაშვილი ("პატრიოტთა ალიანსი"), ალეკო ელისაშვილი ("მოქალაქეები") და შალვა ნათელაშვილი ("ლეიბორისტული პარტია").

გამოიღებს თუ არა ამჯერადაც დიპლომატების ჩართულობა პროცესში შედეგს, უცნობია. ფაქტია, რომ ერთ კვირაზე მეტია, ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის პირველად მოლაპარაკება და ერთ მაგიდასთან შეხვედრა მხოლოდ დღეს გახდა შესაძლებელი. გამოცდილებით შეიძლება ითქვას, რომ დიპლომატების ჩართულობამ პროცესში დიდი შედეგი გამოიღო გაზაფხულზე, მაშინ როცა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ვერ ხერხდებოდა შეთანხმება რა ფორმით და სისტემით უნდა გამართულიყო 2020-ის საპარლამენტო არჩევნები.

სწორედ ამერიკის ელჩის და სხვა საელჩოების აქტიური ჩარევით შეძლეს პოლიტიკოსებმა, მიეღწიათ შეთანხმება ნახევრად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG