ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ოპოზიცია ივანიშვილს 3 მოთხოვნას უყენებს


საპროტესტო აქცია თბილისში

თბილისში, პარლამენტის შენობასთან, ოპოზიციური პარტიების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ისინი საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს აპროტესტებენ, რაც "ქართულ ოცნებას" ისევ უმრავლესობაში ტოვებს.

მმართველი პარტია "ქართული ოცნება" აცხადებს, რომ არჩევნებზე დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. ოპოზიციური პარტიები კი მიიჩნევენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არჩევნები გააყალბა.

საპროტესტო აქცია დაახლოებით 15:30 საათზე დაიწყო. ოპოზიციური პარტიები სამ მოთხოვნას აყენებენ, რომლებიც დემონსტრაციის მონაწილეებს "ევროპული საქართველოს" ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ გააცნო.

ოპოზიცია ითხოვს: 1. ხელახალ, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს; 2. ცესკოს თავმჯდომარის გადადგომას და კომისიების სამართლიანი წესებით დაკომპლექტებას; 3. პოლიტპატიმრების გათავისუფლებას.

"2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ქართველმა ხალხმა უარი უთხრა ივანიშვილის ოლიგარქიულ მმართველობას. ჩვენ, ოპოზიციური პარტიები მივიჩნევთ, რომ ეს პარლამენტი არის არალეგიტიმური, რადგან არ ასახავს ხალხის ნებას. ჩვენ უარს ვამბობთ პარლამენტში შესვლაზე", - თქვა ხოშტარიამ.

"ევროპული საქართველოს" ლიდერმა, ისევე როგორც მანამდე გამოსულმა ნიკა მელიამ, გლდანის მაჟორიტარმა კანდიდატმა, ბიძინა ივანიშვილს მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, დრო 20:00 საათამდე მისცეს. "8 საათამდე ჩამოყალიბდეს ივანიშვილი. გადააყენოს ჟვანია, გამყალბებელი, და თქვენი სახელით ოპოზიციის წარმომადგენლები ვართ მზად, შევხვდეთ ივანიშვილს, ახალი არჩევნების ჩატარების თაობაზე" - თქვა მელიამ.

გაერთიანებული ოპოზიციის აქცია ჩატარდა ბათუმშიც. დემონსტრანტთა ჯგუფები ქალაქის სხვადასხვა ქუჩიდან დაიძრნენ და მსვლელობის მოწყობის შემდეგ, ბათუმის დრამატული თეატრის წინ გაერთიანდნენ.

„მათ ბათუმიდან მოახერხეს ვირუსის ექსპორტირება. სამწუხაროდ, ახლა იგივეს აპირებენ თბილისში და სხვა რაიონებში.. ისინი არ უფრთხილდებიან საკუთარ მოქალაქეებს“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ, "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა. მისი თქმით, ოპოზიცია 12 ათასი ადამიანის შეკრებას გეგმავდა, თუმცა ბევრად ნაკლების მობილიზება შეძლო.

კობახიძე იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს ახალი პარლამენტი მრავალპარტიული იქნება და მმართველი გუნდი ამაზე აქტიურად მუშაობს. "ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის განცხადებით, დღევანდელი აქცია არ არის კავშირში პანდემიის გამო, 22:00 საათიდან ქუჩაში გასვლის აკრძალვასთან, რაც 9 ნოემბრიდან შედის ძალაში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG