ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ოპოზიცია ასობით დარღვევის ფაქტს ასაჯაროებს


ენმ-ს შემაჯამებელი აქცია თბილისში, 30 ოქტომბერი 2020
ენმ-ს შემაჯამებელი აქცია თბილისში, 30 ოქტომბერი 2020

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ თბილისში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. პარლამენტში შესვლაზე არჩევნებში მონაწილე ოპოზიციური პარტიები უარს აცხადებენ და მასობრივ გაყალბებაზე დაშინებაზე, მოსყიდვაზე, ზეწოლაზე და საარჩევნო ოქმებში არსებულ მნიშვნელოვან დარღვევებზე საუბრობენ.

ცოტა ხნის წინ, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიციის წევრმა" თამარ კორძაიამ განცხადება გააკეთა და დაფიქსირებული დარღვევების შესახებ საზოგადოებას და საერთაშორისო საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია. როგორც კორძაია ამბობს, დაწერილია 853 საჩივარი, რომელიც კონკრეტულად შემაჯამებელი ოქმების ბათილობას ეხება.

"ბათილი ბიულეტენების რაოდენობა აღემატება 3.5%-ს, ამას თუ შევადარებთ საზღვარგარეთ ბათილი ბიულეტენების რაოდენობას იქ არის მხოლოდ 1%. ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ იქ სადაც ამომრჩეველი ზეწოლის გარეშე აძლევს ხმას, იქ სადაც საარჩევნო ადმინისტრაცია ხელისუფლების ზეწოლის გარეშე ატარებს არჩევნებს ბათილ ბიულეტინებს შორის სხვაობა ძალიან დიდია. მაგალითისთვის, ნინოწმინდაში მხოლოდ ერთ უბანზე 203 ბიულეტენია ბათილი. ცესკოს ვებგვერდზე შემაჯამებელი 3 491 ოქმიდან შესწორება შედგა 615 შემთხვევაში, რაც პროცენტულად 17.06%-ია. რაც შეეხება მაჟორიტარულ ოლქებს და შედეგებს, საერთო რაოდენობის საარჩევნო ოლქების 17.1%-ში ოქმი თავიდან დაიწერა, რაც რაოდენობრივად 590 ოლქს გულისხმობს.

ქვეყანაში, სადაც არ გვაქვს სამართლიანი სასამართლო ამის გასაჩივრება არ ვიცი რამდენად შედეგიანია, თუმცა თუ ჩვენ გვექნებოდა სამართლიანი სასამართლო ეს მონაცემები საკმარისია იმისთვის რომ საარჩევნო კოდექსის 125 მუხლის, 17-ე პუნქტის თანახმად პროპორციული სისტემით საარჩევნო შედეგები გაუქმდეს და ხელახალი არჩევნები დაინიშნოს.

ბალანსის ვერ შედგენის გამო იწერებოდა ხელახალი ოქმები, რომლებშიც ასევე შეცდომებია დაშვებულია. ბევრი ფაქტი ფიქსირდება სისხლის სამართლის დანაშაულის კუთხითაც. მონაცემები, რაც გვაქვს, გვაძლევს საშუალებას, რომ ლეგიტიმურობა არჩევნების ნამდვილად დგას კითხვის ნიშნის ქვეშ. შედეგები რაც ცესკომ გამოაცხადა მოსახლეობის ნებას არ ასახავს. ივანიშვილმა არჩევნები მოგვპარა," - განაცხადა თამარ კორძაიამ.

ცნობილი ხდება, რომ ყველა დარღვევა, რაც ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა 2020-ის საპარლამენტო არჩევნებზე დააფიქსირეს, ხვალ ერთობლივად გასაჯაროვდება და გადაეცემა, დიპლომატიურ და საერთაშორისო საზოგადოებას.

ოპოზიციის ბრალდებებს მმართველი გუნდი არ იზიარებს. ქართულმა ოცნებამ არჩევნებში გამარჯვება ეგზითპოლებით უბნების დახურვიდან მალევე იზეიმა. ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ბრალდებებს, ცოტა ხნის წინ, კიდევ ერთხელ უპასუხა ირაკლი კობახიძემ და თქვა, რომ "სიმართლე ქართული ოცნების მხარეს არის."

"ცესკოს შედეგები მათ მიერ დადებულ ეგზიტპოლს დაემთხვა. ასეთ დროს, რა არალეგიტიმურობაზეა ლაპარაკი? ღიმილისმომგვრელია.... რაც შეეხება პროცესებს, პროცესები მშვიდად წარიმართება და ჩვენი ქვეყანა ისე გააგრძელებს პროცესებს, როგორც ჩვენს ხალხს და საერთაშორისო ორგანიზაციებს უნდათ.

კიდევ ერთხელ გავამახვილებ ყურადღებას, თუ რას ჰქვია მრავალპარტიული პარლამენტი. ჩვენ საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევით თავის დროზე ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას იმ საარჩევნო სისტემის თაობაზე, რომელიც დღეს დამკვიდრდა. ესაა არსებითად პროპორციული სისტემა, თავისი ერთპროცენტიანი საარჩევნო ბარიერით. ჩვენ მანდატები მოვიკელით. ოპოზიციური პარტიები ფუნდამენტურ მიღწევას უტევენ. არჩევნების არალეგიტიმურობაზე, რომ ლაპარაკობენ დააკვირდით, მათ მიერ დადებულ ეგზიტპოლს დაემთხვა ცესკოს შედეგები, რაც არსებობს. ასე რომ, ღიმილისმომგვრელია. ასეთ დროს რა არალეგიტიმურობაზეა ლაპარაკი? ღიმილისმომგვრელია. სპეკულაციებია, რაც ჩვენ გვესმის. ყველა დასკვნა საუბრობს, რომ არჩევნები იყო სამართლიანი და ლეგიტიმური. საკუთარი რეალობისგან არიან აცდენილი. ჩვენ წინასწარ ვამბობდით, რომ დესტრუქციის მცდელობა ექნებოდათ. სიმართლე „ქართული ოცნების“ მხარესაა," - აცხადებს პარტია "ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე.

პოლიტიკური პროცესების პარალელურად ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამაც. ცესკოს ოფიციალური პოზიციაა, რომ "მიზანმიმართულად ვრცელდება დეზინფორმაცია, რომლის მიზანიცაა საარჩევნო პროცესისა და არჩევნების შედეგებისადმი უნდობლობის გაჩენა"

ცენტრალური საარჩევნო კომისია გამოქვეყნებულ განცხადებაში წერს:

"ცესკო, პირველ რიგში, აღნიშნავს, რომ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებში დისბალანსი შესაძლოა გამოწვეული იყოს ობიექტური გარემოებებით. კერძოდ, რიგ შემთხვევებში პროპორციული სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველს არ აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს მაჟორიტარული სისტემით ჩატარებულ არჩევნებში, თუ ის ხმას არ აძლევს რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, რაც იწვევს დისბალანსს მაჟორიტარულ შემაჯამებელ ოქმში და სხვაობას საარჩევნო სუბიექტებისთვის მიცემული ხმების ჯამსა და კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობას შორის.

რაც შეეხება ისეთ შემთხვევებს, როდესაც შემაჯამებელ ოქმებში, მართლაც არის დისბალანსი მონაცემებს შორის: ცესკოს მიერ ამ ეტაპზე მიმდინარეობს 31 ოქტომბრის არჩევნების წინასწარი მონაცემების დამუშავება. მონაცემების შეყვანა სპეციალურ პროგრამაში ხორციელდებოდა მთელი ღამის განმავლობაში, ამჟამად შეყვანილი მონაცემი მოწმდება და ზუსტდება, ასევე ისახება შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ახსნა-განმარტებებით, რაც აღმოფხვრის უზუსტობებს,"- წერია განცხადებაში.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG