ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კარაფანო: "ვაშინგტონში საქართველოზე ორპარტიული კონსენსუსი არ შეიცვლება"


17-18 ნოემბერს საქართველოს ამერიკის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო ეწვევა. დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია არჩევნების შედეგების გაპროტესტებას განაგრძობს. თუმცა ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ამერიკის არჩეული პრეზიდენტი, დემოკრატი კანდიდატი, ჯო ბაიდენია. ვაშინგტონსა და თბილისში უკვე ბევრს მსჯელობენ იმაზე, თუ როგორი შეიძლება იყოს ბაიდენის გუნდის საგარეო პოლიტიკა, მისი დამოკიდებულება ნატოს, აღმოსავლეთ ევროპის, რუსეთის, საქართველოსა თუ შავი ზღვის რეგიონის მიმართ.

მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტების ნაწილი გარკვეულ მიდგომებში განსხვავებებზე საუბრობს, ვაშინგტონში თანხმდებიან, რომ საქართველოს, მის ტერიტორიულ მთლიანობასა და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას ამერიკის მხრიდან მტკიცე ორპარტიული მხარდაჭერა აქვს. და თავად საქართველომაც საკუთარი პოლიტიკა ამერიკასთან, სწორედ ამ ფართო სტრატეგიული მიდგომით უნდა განაგრძოს.

არ იფიქროთ მხოლოდ ერთ ადმინისტრაციაზე, იფიქრეთ ამერიკის შეერთებული შტატებთან გრძელვადიან სტრატეგიულ ჩართულობაზე, რომელიც მნიშვნელოვანია იმის მიუხედავად, თუ ვინაა პრეზიდენტი,
ჯეიმს კარაფანო

„ერთიანი, თავისუფალი და კეთილდღეობის მქონე ევროპის აღქმა და ამ აღქმაზე ორპარტიული კონსენსუსი ვაშინგტონში ნამდვილად არსებობს. ასევე იმაზე, რომ საქართველო დიდი ევროპული საზოგადოების ნაწილია. საქართველოს ინტეგრაცია ამ საზოგადოებაში კი არის უფრო გრძელვადიანი სტაბილურობისა და კეთილდღეობისკენ მიმავალი გზის ნაწილი. ამ აზრს თანაბრად იზიარებს ორივე მხარე და ვფიქრობ, ეს ასეც დარჩება", - ამბობს ჯეიმს კარაფანო, „ჰერითიჯის ფონდის“ ვიცე-პრეზიდენტი.

ამერიკის ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის გავლენიანი მკვლევარი ამბობს, რომ ნატოზე - როგორც სამხედრო-პოლიტიკური ალიანსის შესახებ საუბრისას მის პოლიტიკურ მნიშვნელობას საკმარისი ყურადღება უნდა დაეთმოს.

„პოლიტიკური სტაბილურობა, რომელიც ნატოს ევროპის ტრანსატლანტიკური საზოგადოებისთვის მოაქვს, თანაბრად მნიშვნელოვანია. ამის უმთავრესი საფუძველი კი ჩემთვის „ღია კარის ინიციატივაა“. იდეა, კონცეფცია, რომ ნატოს გაფართოება არასდროსაა დამთავრებული საკითხი, რომ მეტოქე სახელმწიფოები ვერ გადაწყვეტენ, მათ არ ექნებათ ხმის უფლება იმ ერების თავისუფალი გაერთიანების წინააღმდეგ, ვისაც კოლექტიური უსაფრთხოება ინტერესებს. ამას მხოლოდ ეს ქვეყნები გადაწყვეტენ. ვფიქრობ, ამერიკა ამ პრინციპის ერთგულია, და ეს ბოლო 4 წელიც ნიშანი იყო იმისა, რომ ჩვენ „ღია კარის პოლიტიკის“ გვჯერა“, - თქვა კარაფანო ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის „ჯეოქეისის“ ორგანიზებით გამართულ ონლაინ-ღონისძიებაში მონაწილეობისას ჯეიმს კარაფანომ.

ჯეიმს კარაფანო
ჯეიმს კარაფანო

კარაფანო ამბობს, რომ „ჰერიტიჯის ფონდის“ კვლევები ნატოსთან დაკავშირებული გრძელვადიანი ხედვები, გარკვეულ ეტაპზე მოიცავს საქართველოსაც და უკრაინას თუ უკრაინასაც, თუ ეს კვლავ მათი სურვილი იქნება.

ამასთან, მისივე თქმით, ამერიკის კონგრესში ორპარტიული მხარდაჭერა არსებობს იმის თაობაზე, ეროვნული უსაფრთხოების საზოგადოება უფრო დიდი იყოს და ეს ალიანსისადმი ამერიკის ერთგულების ქვაკუთხედად დარჩება. კარაფანო ასევე განმარტავს, რომ საქართველოს მიმართ ამეირკის მხარდაჭერის განგრძობითობას ქვეყნის თაობაზე მზარდი დადებითი შეხედულებაც განსაზღვრავს და რომ რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის მნიშვნელობა ამერიკისთვის, არ იცვლება იმის მიხედვით, თუ ვინ დადებს პრეზიდენტის ფიცს 20 იანვარს.

ვაშინგტონში ნამდვილად არსებობს ორპარტიული კონსენსუსი იმაზე, რომ საქართველოს ინტეგრაცია დიდ ევროპულ საზოგადოებაში უფრო გრძელვადიანი სტაბილურობისა და კეთილდღეობისკენ მიმავალი გზის ნაწილია. ამ აზრს თანაბრად იზიარებს ორივე მხარე და ვფიქრობ, ეს ასეც დარჩება,
- ჯეიმს კარაფანო, „ჰერითიჯის ფონდის“ ვიცე-პრეზიდენტი.

რიჩარდ ვაიტსი, „ჰადსონის ინსტიტუტის“ პოლიტიკურ-სამხედრო ანალიზის ცენტრის დირექტორი, ევროპისა და ევრაზიის რეგიონული უსაფრთხოების და ამერიკის საგარეო თუ დავდაცვის პოლიტიკის მკვლევარი ამბობს, რომ ბაიდენს წინასაარჩევნო კამპანიისას საგარეო პოლიტიკაზე ბევრი არ უსაუბრია და მისი პრეზიდენტობის პირველი თვეები დიდწილად შიდა საკითხებზე იქნება ფოკუსირებული, მათ შორის პანდემიის მართვაზე, რასობრივი უთანასწორობისა და იმ სხვა საკითხებზე, რომლებიც მის ძირითად ამომრჩეველს აწუხებს. თუმცა მისივე განმარტებით, ბაიდენის გამოცდილება როგორც თეთრ სახლში, ისე სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში მუშაობისას, მსოფლიო ლიდერებთან წარსული ურთიერთობა, „კომპრომისის ძიებასა“ და „ექსპერტების რჩევებზე“ ორიენტირებული სტილი არანაკლებ მნიშვნელოვანი იქნება საგარეო პოლიტიკის კუთხითაც.

ისეთი სავარაუდო გადაწყვეტილებების პარალელურად, როგორებიცაა „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასა" და პარიზის კლიმატურ შეთანხმებაში დაბრუნება, იმიგრაციასა და ლტოლვილებთან დაკავშირებული საკითხები, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის ახალი სტრატეგიები, ვაიტსის აზრით, ბაიდენის ადმინისტრაციამ ნატოს გაფართოებას შესაძლოა უფრო აქტიურად დაუჭიროს მხარი. თუმცა მისივე თქმით, აქ ბევრი რამ ევროპულ სახელმწიფოებზეც იქნება დამოკიდებული. ბევრი კითხვა არსებობს: შეჩერდება თუ არა გერმანიიდან ამერიკელი სამხედროების ნაწილის გამოყვანის პროცესი? თუ ასე მოხდა, რას მიიღებს პოლონეთი, სადაც სამხედროები უნდა განლაგებულიყვნენ? რა პოლიტიკას აირჩევს გუნდი ნორდსტრიმთან დაკავშირებით - ეცდება ამერიკა შეაჩეროს ის თუ მისცემს გერმანელებს ამ პროექტის შეუფერხებლად გაგრძელების საშუალებას? ეცდებიან დასაჯონ ლუკაშენკოს რეჟიმი მისი რეპრესიებისთვის, თუ ეცდებიან არ ჩაერივნენ?

ვაიტსი ამბობს, რომ ახლა, როდესაც ამერიკელ დიპლომატთა და საგარეო პოლიტიკის მკვლევართა ნაწილი ღია წერილებს აქვეყნებს იმის შესახებ როგორ უნდა გაუმჯობესდეს რუსეთთან ურთიერთობა, ბაიდენის გუნდს შესაძლოა უფრო „თავისუფალი ხელი“ ჰქონდეს ამის გასაკეთებლად, რადგან მას „პრო-პუტინის“ იარლიყი არ აქვს. თუმცა მკვლევარი ფიქრობს, რომ მისი ადმინისტრაციის პოლიტიკა შესაძლოა სულაც არ განსხვავდებოდეს მოქმედი ადმინისტრაციის მიდგომისგან.

„არ ვარ დარწმუნებული, რომ პოლიტიკა ახლანდელი ადმინისტრაციის პოლიტიკისგან დიდად განსხვავებული იქნება. ჩვენ ვნახეთ საკმაოდ მტკიცე ხაზი ამ ადმინისტრაციისგან, სანქციებთან თუ ნატოს თავდაცვასთან დაკავშირებით, უკრაინისა და საქართველოს დახმარება. ვფიქრობ, მიუხედავად იმისა, რომ მეტი ვარიანტი იარსებებს, მნიშვნელოვანი ცვლილებები მაინც არ მგონია მოსალოდნელი. ალბათ პრიორიტეტი თავდაპირველად მაინც „სტარტის“ ხელშეკრულების განახლება იქნება, რომელიც თებერვალში იწურება“, - განმარტავს რიჩარდ ვაიტსი.

ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მკვლევარი ხათუნა ბურკაძე განმარტავს, რომ ამერიკისა და საქართველოს პარტნიორობა წლების განმავლობაში არა მხოლოდ პოლიტიკურ დონეზე ვითარდებოდა, არამედ ძლიერ საკანონმდებლო ჩარჩოშიცაა ასახული, რომელიც სხვადასხვა კუთხით თანამშრომლობას განაპირობებს.

არ მგონია, რომ პოლიტიკა ახლანდელი ადმინისტრაციის პოლიტიკისგან დიდად განსხვავებული იქნება. ჩვენ ვნახეთ საკმაოდ მტკიცე ხაზი ამ ადმინისტრაციისგან, სანქციებთან თუ ნატოს თავდაცვასთან დაკავშირებით, უკრაინისა და საქართველოს დახმარება. ვფიქრობ, მიუხედავად იმისა, რომ მეტი ვარიანტი იარსებებს, მნიშვნელოვანი ცვლილებები მაინც არ მგონია მოსალოდნელი. ალბათ პრიორიტეტი თავდაპირველად მაინც „სტარტის“ ხელშეკრულების განახლება იქნება, რომელიც თებერვალში იწურება
- რიჩარდ ვაიტსი, "ჰადსონის ინსტიტუტი"

„ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული, ორმხრივი პარტნიორობა მრავალი მიზეზითაა მნიშვნელოვანი. ამერიკა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უდიდესი მხარდამჭერია და არაღიარების პოლიტიკის ეფექტური იმპლემენტაცია ამერიკის ბიუჯეტშიც კია გარანტირებული: ვერც ერთი ქვეყანა, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებს ცნობს, ვერ მიიღებს ამერიკის ფინანსურ დახმარებას. ამერიკა საქართველოში დემოკრატიულ რეფორმებს უჭერს მხარს და ეხმარება, რომ ქვეყანა გლობალური ეკონომიკის ნაწილიც გახდეს. მეორე მხრივ კი საქართველო ამერიკისთვის გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვანი ქვეყანა და ავღანეთში ნატოს მისიის ყველაზე დიდი არაწევრი კონტრიბუტორია“, - ამბობს ბურკაძე და დასძენს, რომ არანაკლებ მნიშვნელოვანი ახლა ორ ქვეყანას შორის თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებაზე მუშაობის დაწყებაა საჭირო. მისი თქმით, ეს მრავალმხრივ თანამშრომლობას კიდევ უფრო გააღრმავებს და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს თავისი მიზნების მიღწევაშიც დაეხმარება.

ანალიტიკოსები შეკავების პოლიტიკის შესახებაც საუბრობენ. რიჩარდ ვაიტსი ამბობს, რომ დასავლეთმა ჯერ კიდევ ვერ მიაგნო ეფექტურ მოდელს იმისა, თუ როგორ გაუმკლავდეს აგრესორი მეზობლის მიერ ამა თუ იმ ქვეყნის ტერიტორიის მიტაცებას მას შემდეგ, რაც ეს მოხდება.

„ამიტომ საუკეთესო სტრატეგია ამის პრევენციაა. უკრიანა და საქართველო უნდა იყვნენ ძლიერი სახელმწიფოები, რომლებიც იმართება კარგად, თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების პატივისცემით, კორუფციის გარეშე“, - ამბობს ვაიტსი. სავაჭრო შეთანხმებების განვითარების კუთხით კი ის ევროკავშირის როლის გაზრდაზე საუბრობს და ამბობს, რომ შესაძლოა ბაიდენის გუნდმა ევრობლოკს აღმოსავლეთევროპელი პარტნიორების მეტი დახმარებისკენაც მოუწოდოს.

„ჰერითიჯის ფონდის“ ვიცე-პრეზიდენტი ჯეიმს კარაფანო კი ამბობს, რომ თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების ნაწილში, საჭიროა ყურადღება არა მხოლოდ ამა თუ იმ ქვეყანასთან ამ შეთანხმების მხოლოდ ფინანსურ-ეკონომიკურ სარგებლიანობას, არამედ იმ გეოპოლიტიკური მნიშვნელობის მქონე სიგნალებსაც დაეთმოს, რასაც ასეთი შეთანხმების გაფორმება აფიქსირებს.

რეგიონში ამერიკის პოლიტიკაზე საუბრისას კარაფანო შავი ზღვის აუზის ტერიტორიებზე ამერიკის ჩართულობის გაზრდაზეც საუბრობს და აქვე ამბობს, რომ ამერიკაში ნატოს საზღვრების დაცულობის მნიშვნელობა კარგად ესმით, მით უფრო ძალების დიდი კონკურენციის პირობებში. სწორედ ამიტომ ვიზილეთ მეტი ყურადღება ბალტიისპირეთის ქვეყნების მიმართ თუ სამხრეთ ფლანგზე. მისი აზრით, ეს არ შეიცვლება და ამ მიმართულებით ჩართულობა გაგრძელდება.

“არ იფიქროთ მხოლოდ ერთ ადმინისტრაციაზე, იფიქრეთ ამერიკის შეერთებული შტატებთან გრძელვადიან სტრატეგიულ ჩართულობაზე, რომელიც მნიშვნელოვანია იმის მიუხედავად, თუ ვინაა პრეზიდენტი", - ამბობს ჯეიმს კარაფანო და დასძენს:

"ფუნდამენტურად, საქართველო თავისუფალი სამყაროს, ქვეყნების ბანაკშია. და სამი რამაა, რისიც გვჯერა, რისი რწმენაც გვაერთიანებს: რწმენა ადამიანის უფლებების, თავისუფლად არჩეული ხელისუფლებისა და თავისუფალი ბიზნესის სისტემის მიმართ. რუსეთს, ჩინეთის კომუნისტურ პარტიას, არც ერთი ამ იდეის არ სჯერათ და ისინი, პირიქით, წინააღმდეგობადაც კი მიაჩნიათ საკუთარი ძალაუფლებისა და გავლენისთვის. საქართველოს კი უკვე არჩეული აქვს საკუთარი მხარე."

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG