ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პუტინის ამბიციების გათვალისწინება, თუ დიალოგის აუცილებლობა


„სანქციები მუშაობს, თუკი მათ დროთა განმავლობაში ზრდი მანამ, სანამ ამ სანქციების სამიზნე არ შეცვლის ქცევას. რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არათუ უნდა შენარჩუნდეს, არამედ უნდა გაძლიერდეს კიდეც. პუტინმა უნდა გაიგოს, რომ საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ მისი ქმედებებისთვის ფასის გადახდა კვლავ მოუწევს, სანამ ამ ქცევას არ შეცვლის: სანამ საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას პატივს არ სცემს და არ შეწყვეტს რეგიონში ამ ტერიტორიების ოკუპაციას“, - ამბობს დევიდ კრამერი. ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და „ფრიდომ ჰაუზის“ ყოფილი პრეზიდენტი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში იმ მკვლევარებსა და დიპლომატებს პასუხობს, რომლებიც ამერიკა-რუსეთის ურთიერთობის გადახედვისა და გააზრების აუცილებლობაზე საუბრობენ.

წერილი N1 - „ამერიკამ რუსეთის მიმართ პოლიტიკას უნდა გადახედოს“

საგარეო პოლიტიკის ექსპერტების, დიპლომატებისა თუ ყოფილი საჯარო მოხელეების ჯგუფმა გასულ კვირას გამოცემა „პოლიტიკოში“ ღია წერილი გამოაქვეყნა, რომელიც ამერიკულ მხარეს რუსეთთან დაკავშირებული პოლიტიკის გადახედვის, გააზრებისკენ მოუწოდებს. ავტორებს მიაჩნიათ, რომ ამერიკა-რუსეთის ურთიერთობები საშიშ ჩიხშია შესული და ეს აშშ-ის ინტერესებს საფრთხეს უქმნის. მათი აზრით, სამხედრო კონფრონტაციის რისკი, რომელიც ბირთვულ დაპირისპირებაში შეიძლება გადაიზარდოს, ისევ რეალურია. ამერიკის ამჟამინდელი საგარეო პოლიტიკის არსენალი კი ძირითადად ლიმიტირებულია რეაქციეული პოლიტიკით, სანქციებით, საჯარო შერცხვენითა და კონგრესის რეზოლუციებით.

პუტინი ეყრდნობა იმას, რაც დროთა განმავლობაში ნახა და ისწავლა: რომ ევროპასა და ამერიკაში ბევრი არ გრძნობს თავს კომფორტულად რუსეთთან არაკმოფორტული ურთიერთობის გამო და თუკი ის საკმარისად დიდხანს დაიცდის, ჩვენ ერთმანეთს შორის მოვილაპარაკებთ, გავწირავთ ზოგიერთ ჩვენსავე პრინციპს იმისთვის, რომ რუსეთთან ურთიერთობა გადავტვირთოთ.
დეიმონ უილსონი

წერილის ავტორები აღიარებენ, რომ რუსეთი გამოწვევის წინაშე აყენებს ამერიკის, როგორც გლობალური ლიდერის როლს და მსოფლიო წესრიგს; ერევა ამერიკის შიდა პოლიტიკაში იმისთვის, რომ გაამწვავოს დაპირისპირება და შეასუსტოს აშშ-ის დემოკრატიული რეპუტაცია; რომ მან წაართვა ტერიტორიები უკრაინასა და საქართველოს. მაგრამ მათი აზრით, ამერიკა-რუსეთს შორის „შეჯიბრსა და თანამშრომლობას“ შორის „უსაფრთხო და სასარგებლო“ ბალანსი უნდა მოიძებნოს. შეკავების პოლიტიკის ერთგულებასა და თავდაცვასთან ერთად კი, ამავე სტატიის ავტორების მოწოდებით, შეერთებული შტატები, უნდა ჩაერთოს რუსეთთან „სერიოზულ და არსებითად სტრატეგიულ“ დიალოგში, რომელიც უნდობლობისა და მტრული განწყობის უფრო ღრმა წყაროების გამოვლენა-მოგვარებას ისახავს მიზნად. ისინი ასევე ემხრობიან ნორმალური დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენას უკეთ ფუნქციონირებადი დიპლომატიის ხელშესაწყობად და არასწორი ინტერპრეტაციის თავიდან აცილების მიზნით. ავტორების აზრით, დიპლომატიური კავშირი არ უნდა იყოს აღქმული, როგორც „ჯილდო კარგი საქციელისთვის“, არამედ - როგორც საკუთარი ინტერესების წარმოჩენის და გაუგებრობის შემცირების გზა“ „ნორმალური დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი უნდა იყოს თეთრი სახლისთვის და ამას კონგრესიც უნდა უჭერდეს მხარს“, - ვკითხულობთ სტატიაში, რომელსაც ხელს 100-მდე პირი აწერს.

წერილის ავტორები იმ საკითხებზეც საუბრობენ, სადაც ორი ქვეყნის ინტერესები ბუნებრივად ეწინააღმდეგება ერთმანეთს, იქნება ეს უკრაინა თუ სირია. მათი აზრით, ამერიკა მოკავშირეებთან საზიარო პრინციპების მტკიცედ ერთგული უნდა დარჩეს და იყოს პრინციპული კონფლიქტების „სამართლიანი შედეგისა და დასასრულის, გადაწყვეტის მიმართ“. ისინი სანქციების პოლიტიკის მომხრენიც არიან, თუმცა სჯერათ, რომ შესაძლებელი უნდა იყოს ამ სანქციების სწრაფი შემსუბუქება იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი კარგ ნაბიჯებს გადადგამს.

„მაშინ, როდესაც სანქციები რუსეთის მიმართ ჩვენი პოლიტიკის ნაწილი უნდა იყოს, ისინი გონივრულად უნდა მიემართებოდეს და გამოიყენებოდეს დიპლომატიის სხვა ელემენტებთან ერთად. კონგრესის მანდატით დაწესებული სანქციები, რომლებიც თანდათან გროვდება რუსეთის ქმედებების გამო - ყირიმსა და აღმოსავლეთ უკრაინაში, სალისბურიში მოწამვლის გამო, INF-ის ხელშეკრულების დარღვევის გამო, არჩევნებში ჩარევისთვის და სხვა - ამცირებს მოსკოვისთვის შესაძლო ინტერესს იმისთვის, რომ შეიცვალოს კურსი, რადგან ის ამ სანქციებს მუდმივად მიიჩნევს. ჩვენი სანქციების რეჟიმში მოქნილობა უნდა აღვადგინოთ და ვკონცენტრირდეთ მიზანმიმართულ სანქციებზე, რომლებიც შეიძლება სწრაფად შემსუბუქდეს რუსეთის მხრიდან მოლაპარაკებების განვითარების და კონფლიქტების მისაღები გადაწყვეტის მიმართულებით. მათ შორის დემონსტრირებული/აშკარა რუსული ძალისხმევისთვის, რომ შეაჩეროს ჩარევა ჩვენს საარჩევნო პროცესებში. ამის გაკეთებას სჭირდება პოლიტიკური ნება, როგორც თეთრი სახლის, ისე კონგრესის მხრიდან“.

არც ერთ ხელმომწერს არ აქვს არანაირი ილუზია, არ არსებობს ოდნავი სურვილიც კი იმისა, რომ მივიღოთ ის, რაც რუსეთმა უკრაინაში ან აფხაზეთსა თუ სამხრეთ ოსეთში გააკეთა. ამაზე საუბარიც არაა. ამ წერილის არასწორი ინტერპრეტაციაა იმის ფიქრი, რომ თუკი ჩვენ კაცობრიობის კეთილდღეობისთვის რუსეთთან საერთო ინტერესის ძიების მომხრენი ვართ,  ამით როგორღაც ვიწონებთ, ვიღებთ იმას, რაც რუსეთში, უკრაინასა თუ საქართველოში ხდება.
კენეტ იალოვიცი

წერილის დასასრულს, ავტორები ამბობენ, რომ ვლადიმირ პუტინის რუსეთი ოპერირებს იმ სტრატეგიული ჩარჩოს ფარგლებში, რომელიც ღრმადაა ფესვგადგმული ნაციონალისტურ ტრადიციებში, რომლებიც პოპულარულია ელიტებში და მსგავს საზოგადოებაში. მისი საბოლოო მემკვიდრე კი, რომელიც თუნდაც ის უფრო მეტად იყოს დემოკრატიისკენ გადახრილი, სავარაუდოდ, ამავე ჩარჩოში იმოქმედებს.

„ამერიკის პოლიტიკის იმ დაშვებაზე გათვლა, რომ ჩვენ ამ ჩარჩოს შეცვლა შეგვიძლია, შეცდომაში შემყვანია. მსგავსად ამისა, არ იქნება ბრძნული იმის ფიქრი, რომ არ გვაქვს სხვა არჩევანი, გარდა იმისა, რომ შევინარჩუნოთ არსებული პოლიტიკა. ჩვენ უნდა მოვექცეთ რუსეთს ისე, როგორიც ის არის და არა ისე, როგორიც ჩვენ გვინდა, რომ იყოს. სრულად უნდა გამოვიყენოთ ჩვენი სიძლიერე, მაგრამ ვიყოთ გახსნილი დიპლომატიისთვის. ასე კონცენტრირებით ჩვენ შევძლებთ ორივეს - გავუმკლავდეთ იმ გამოწვევას, რასაც რუსეთი გვიქმნის და ძლიერად ვცადოთ წავიყვანოთ ურთიერთობა უფრო კონსტრუქციული გზით“, - წერენ პირველი წერილის ავტორები.

საპასუხო წერილი: „არა, ახლა „გადატვირთვის“ დრო არ არის“

ამ სტატიას მალევე გამოეხმაურა მკვლევარების, დიპლომატების, სამხედრო თუ დაზვერვის მიმართულებით, ყოფილი საჯარო მოხელეების მეორე ჯგუფი, რომლის წარმომადგენლებსაც დემოკრატიულ თუ რესპუბლიკურ ადმინისტრაციაში ევრაზიის საკითხებზე წლების განმავლობაში უმუშავიათ. დევიდ კრამერის ავტორობით დაწერილ წერილს ხელს აწერენ: იან კელი, დენიელ ფრიდი, უილიამ ტეილორი, ჰედერ კონლი, ჯონ ჰერბსტი, იან ბრჟეზინსკი,მელინდა ჰერინგი, დონალდ ჯენსენი, კურტ ვოლკერი,ბრაიან უიტმორი, ეველინ ფარკასი, ბენ ჰოჯესი, ჩარლზ დევისდოსინი, ჯონათან კაცი, ანდერს ასლუნდი და სხვები.

"იმ შემთხვევაშიც კი, თუკი თავდაპირველი წერილის ავტორები ამას მიზნად არ ისახავდნენ, წერილი მაინც ქმნის წარმოდგენას, რომ მათ სურთ ყველა ამ პრობლემის წარსულში მოტოვება და რუსეთთან ისტორიის ახალი თავის დაწყება. პრობლემა კი ისაა, რომ საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე „მცოცავი ბორდერიზაცია“ და ცხელი ომი უკრაინაში - გრძელდება"
დევიდ კრამერი

მათი აზრით, ახლანდელი ცუდი ურთიერთობის გამოსასწორებლად, „რისეტის“ - რუსეთთან პოლიტიკის “გადატვირთვის”, თავიდან დაწყებისთვის შესაბამისი დრო ნამდვილად არ არის. მით უმეტეს მაშინ, როდესაც ვლადიმირ პუტინის რეჟიმის ქმედებები საფრთხეს უქმნის ამერიკულ ინტერესებსა და ღირებულებებს და პირიქით, ძლიერ პასუხებს მოითხოვს. ანალიტიკოსები დასძენენ, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში ამერიკის პრეზიდენტებმა თუ ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა არაერთხელ გაუწოდეს თანამშრომლობის ხელი რუსეთს, მაგრამ ვლადიმირ პუტინის ძალაუფლებაში მოსვლის შემდეგ, ის იმით უფროა დაინტერესებული, რომ ამერიკა მტრად წარმოაჩინოს, ვიდრე ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესებით. ამით პუტინი შიდა რეპრესიული პოლიტიკის გამართლებასაც ცდილობს.

„იმის მტკიცებით, რომ არა რუსეთმა, არამედ ამერიკამ უნდა შეიცვალოს ახლანდელი კურსი, ღია წერილის ავტორები პუტინს ზედმეტად დიდ სივრცეს, თავისუფლებას აძლევენ იმისთვის, რომ მან სახიფათო და უგუნური ქცევა განაგრძოს“, - ვკითხულობთ წერილში. ავტორები ამბობენ, რომ ამერიკა-რუსეთის დიალოგის ნაკლებობა, მათ შორის ბირთვულ საკითხებზე, ისედაც არ ყოფილა: ამერიკის წარმომადგენლები რუს კოლეგების გამუდმებით ხვდებოდნენ ავღანეთის, ირანის, უკრაინის, სირიის, ბირთვული საკითხების და სხვა თემების თაობაზე სასაუბროდ.

მაიკ პომპეო და სერგეი ლავროვი
მაიკ პომპეო და სერგეი ლავროვი

„შედეგების სიმცირე, არ არის მცდელობის სიმცირის შედეგი. ძნელია მეორე მხარესთან მოლაპარაკება, როდესაც მოსკოვი უარს ამბობს იმის აღიარებაზე, რომ მისი ძალები შეიჭრნენ ყირიმში და დონბასში და კვლავ იმყოფებიან იქ; რომ ის ჩართულია სამოქალაქო ავიარეისის ჩამოგდებაში, რასაც 298 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა; ცრუობს ამერიკის 2016 წლის არჩევნებში ჩარევაზე და მონაწილეობს ადამიანის უფლებების შელახვას სირიაში, ეხმარება ასადის მკვლელ რეჟიმს; კლავს რუსეთის კრიტიკოსებს დასავლეთის ქვეყნებში ძლიერ სახიფათო რადიოაქტიური და ქიმიური აგენტებით. სანამ პუტინი მზად არ იქნება, რომ აღიაროს მისი ჩართულობა ამ ქმედებებში, დიალოგი მეტად შორს ვერ წავა. ძნელია, რომ გქონდეს „ნორმალური“ დიპლომატიური ურთიერობა, როდესაც რუსები თავიანთ დიპლომატიურ პოსტებს პრობლემების შესაქმნელად იყენებენ, და არა - „არასწორი ინტერპრეტაციის გასასწორებლად.“

ანალიტიკოსები წერენ, რომ რუსეთის „ისეთად მიღება, როგორიც არის და არა ისეთის, როგორიც გვინდა, რომ იყოს“ ნიშნავს მისი რეპრესიის, კლეპტოკრატიისა და აგრესიის მიღებას - რაც სულაც არ წააქეზებს პუტინს, რომ შეიცვალოს. პირიქით, ეს ამერიკის ზედმეტ მზაობასა და უკეთესი ურთიერთობების სურვილს გამოავლენს, რასაც პუტინი [ბოროტად] გამოიყენებს:

„ამერიკამ უნდა გამოხატოს რუსეთის მთავრობასთან თანამშრომლობის მზაობა მხოლოდ მაშინ, როდესაც ნათელი იქნება, რომ მოსკოვი არ უყურებს ამერიკას, როგორც მტერს და დაინტერესებულია პოლიტიკისა და ქცევის შეცვლით იმისთვის, რომ ურთიერთობები გაუმჯობესდეს. ამ დრომდე, ჩვენ თავიდან უნდა ავირიდოთ უსარგებლო, დაუსრულებელი დიალოგი, რომელიც არასდროს წყვეტს პრობლემებს და ამის მაგივრად მტკიცედ და თანმიმდევრულად უნდა გავცეთ პასუხი პუტინის მუქარისშემცველ ქმედებებს. ეს მოიცავს უფრო ახლო თანამშრომლობას ჩვენს მოკავშირეებთან პუტინის შესაკავებლად, უფრო მკაცრ სანქციებს, უფრო დიდ მხარდაჭერას რუსეთის მეზობლების მიმართ, რუსეთის სამოქალაქო საზოგადოების მიმართ და ქვეყანაში კორუფციის წინააღმდეგ“.

პუტინის ამბიციების გათვალისწინება თუ ნაყოფიერი თანამშრომლობის სივრცის ძიება

დენიელ ფრიდს, „ატლანტიკური საბჭოს“ უფროს მკვლევარსა და ამერიკის ყველაზე ხანგრძლივი სტაჟის მქონე დიპლომატს, აწუხებს ის, რომ ანალიტიკოსთა ჯგუფი რუსეთზე წნეხის შემსუბუქების მომხრეა მხოლოდ იმ შემთხვევაშიც კი, თუკი რუსეთი დასავლეთს დადებითი ნაბიჯების გადადგმის სურვილს დაანახვებს:​

„რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვესაუბროთ რუსეთს, რა თქმა უნდა, ურთიერთობების სტაბილიზება უნდა ვცადოთ და ამ წერილის ზოგიერთი შემოთავაზება კარგია, მაგალითად, იარაღის კონტროლის საკითხებზე. მაგრამ წერილი ერთგვარად, ირიბად გულისხმობს, რომ ამერიკელებმა უნდა შეცვალონ პოლიტიკა და რომ შესაძლოა, ჩვენ უნდა მოვერგოთ პუტინის ამბიციებს. რუსეთისთვის სანქციების მოხსნის საკითხი კი იმის სანაცვლოდ, რომ „რუსეთი მოლაპარაკებებისკენ ნაბიჯებს გადადგამს“, საშინლად დაბალი ზღვარია. პრაქტიკაში ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი რაღაცას დაგვპირდებიან, ჩვენ შეხვედრებს მოვაწყობთ და სანქციებს მოვხსნით. ეს ცუდი იდეაა“, - ამბობს დენიელ ფრიდი.

დევიდ კრამერი, რომელიც საპასუხო წერილის ავტორია, ამბობს, რომ იარაღის კონტროლის საკითხებზე და ხელშეკრულებების განახლებაზე საუბარს არავინ ეწინააღმდეგება. თუმცა მაღალი მოლოდინების ქონა სხვა საკითხების თაობაზე არ შეიძლება და არც უსარგებლო დიალოგის გამართვაა საჭირო.

წერილი ირიბად გულისხმობს, რომ ამერიკელებმა უნდა შეცვალონ პოლიტიკა და რომ შესაძლოა, ჩვენ უნდა მოვერგოთ პუტინის ამბიციებს. რუსეთისთვის სანქციების მოხსნის საკითხი კი იმის სანაცვლოდ, რომ „რუსეთი მოლაპარაკებებისკენ ნაბიჯებს გადადგამს“, საშინლად დაბალი ზღვარია. პრაქტიკაში ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი რაღაცას დაგვპირდებიან, ჩვენ შეხვედრებს მოვაწყობთ და სანქციებს მოვხსნით. ეს ცუდი იდეაა.

„პრობლემა მოსკოვშია და არა - ვაშინგტონში. დიახ, აქაც გვაქვს პრობლემები და ჩვენც მიგვიძღვის წვლილი [ურთიერთობების გაფუჭებაში] მაგრამ პრობლემა პუტინის რეჟიმია და იმაში, თუ როგორ ხედავს ის დასავლეთს, ნატოს, ევროკავშირს და განსაკუთრებით ამერიკას. მას არ გამოუხატავს თანამშრომლობის ან თავისი პოზიციების გადახედვის და გადააზრების, გაუმჯობესების ინტერესი“, - ამბობს კრამერი „ამერიკის ხმასთან“ საუბარში.

კრამერი ფიქრობს, რომ ეს წერილი არასწორ გზავნილებს შეიცავს უკრაინისა და საქართველოს მოსახლეობისთვის, და რუსეთის მეზობელთა შორის ეს შეიძლება სამწუხარო და შემაშფოთებელი მოსასმენი იყოს: გაჩნდეს გრძნობა, რომ მოსკოვთან ურთიერთობაზე ფოკუსირება რეგიონში სხვა ქვეყნების ინტერესების ხარჯზე მოხდება. მისი თქმით, უკრაინაელები და ქართველები ახლაც იმკიან რუსეთის ქმედებების შედეგებს და ისინი ამის შესახებ ამერიკის ძლიერ, მტკიცე პოზიციას მოელიან:

„ვფიქრობ, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი თავდაპირველი წერილის ავტორები ამას მიზნად არ ისახავდნენ, წერილი მაინც ქმნის წარმოდგენას, რომ მათ სურთ ყველა ამ პრობლემის წარსულში მოტოვება და [გზის] გაგრძელება, რუსეთთან ისტორიის ახალი თავის დაწყება. პრობლემა კი ისაა, რომ საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე „მცოცავი ბორდერიზაცია“ გრძელდება. ასევე გრძელდება კონფლიქტი უკრაინაში და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევა, ეს ცხელი ომია და არა - ცივი“, - მიიჩნევს კრამერი.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელსაც ვაშინგტონში საქართველოს გულშემატკივრები ეწინააღმდეგებიან, ის მონაკვეთია, რომელშიც თავდაპირველი წერილის ავტორები კონფლიქტების გადაწყვეტის სასურველ შედეგებზე საუბრობენ.

„თავდაპირველი წერილი არ აკონკრეტებს, რა იქნება ეს მისაღები რეზოლუცია, გადაწყვეტა. გულისხმობს ეს უკრაინისა და საქართველოს ნატოს წევრობის საკითხის დღის წესრიგიდან მოხსნას?! ყირიმის რუსეთისთვის დათმობას? რას შესთავაზებენ [რუსეთს] სანაცვლოდ? ამაზე ისინი არაფერს ამბობენ. ჩვენ კი მკაფიოდ ვამბობთ, რომ სანქციები არათუ უნდა შენარჩუნდეს, უნდა გაძლიერდეს კიდე სანამ პუტინი არ შეცვლის რუსეთის ქმედებებსა და ქცევას. წერილი თითქოს ამტკიცებდა, რომ ჩვენ საერთო წერტილები და კოპმრომისები უნდა ვეძიოთ. მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ამის ფასს ქართველები და უკრაინელები, შესაძლოა მოლდოველები და ბელარუსებიც გადაიხდიან", - ამბობს კრამერი "ამერიკის ხმასთან".

კენეტ იალოვიცი, ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოსა და ბელარუსში, რომელიც თავდაპირველი წერილის ხელმომწერთა შორისაა, ამბობს, რომ სტატია არ ამართლებს რუსეთის აგრესიულ ქმედებებს და მთავარი, რის გამოც ამ წერილს ხელი მოაწერა, ორ უდიდეს ბირთვული ქვეყანას შორის დიალოგის აუცილებლობის ხაზგასმა იყო. ამასთან, მისი აზრით, ბოლო წლების განმავლობაში ამერიკას რუსეთის მიმართ ერთიანი, ცხადი პოლიტიკა არ ჰქონია: თეთრი სახლიდან ერთგვარი მიდგომა ისმოდა, მთავრობის დანარჩენი ნაწილი კი - სანქციების პოლიტიკას და უფლებადარღვევის ფაქტების დაგმობას აგრძელებდა. მისი აზრით, წერილი არა იმდენად „რესეტს“, გადატვირთვას ითხოვს, რამდენადაც ერთიან ნათელ პოლიტიკას ამერიკის მთავრობისგან და იმ საკითხების გამოყოფას, რომლებზეც ერთობლივი მუშაობა შესაძლებელია.

კითხვაზე, თუ როგორ შეიძლება იყოს აღქმული რუსეთთან ამგვარი თანამშრომლობის სურვილი უკრაინასა ან საქართველოში, იალოვიცი ამბობს, რომ ეს ამ ორი ქვეყნის სუვერენიტეტის მხარდაჭერის შესუსტებას სულაც არ ნიშნავს:

პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციას არ აქვს ყოვლისმომცველი სტრატეგია, თუ როგორი ურთიერთობა ჰქონდეს რუსეთთან. მაგრამ ისტორიას თუ გადავხედავთ, ამერიკა უფრო წარმატებული იყო რუსეთთან, როდესაც შეკავებასა და ჩართულობას შორის ბალანსი ჰქონდა. ვშიშობ, რომ დიალოგი, რომელიც უნდა მიმდინარეობდეს, არ მიმდინარეობს.
სტივენ პაიფერი

„არც ერთ ხელმომწერს არ აქვს არანაირი ილუზია ვლადიმირ პუტინის ან იმის შესახებ, რაც მან საქართველოსა და უკრაინაში გააკეთა. არ არსებობს ოდნავი სურვილიც კი იმისა, რომ მივიღოთ ის, რაც რუსეთმა უკრაინაში ან აფხაზეთსა თუ სამხრეთ ოსეთში გააკეთა. ამაზე საუბარიც არაა. ამ წერილის არასწორი ინტერპრეტაციაა იმის ფიქრი, რომ თუკი ჩვენ კაცობრიობის კეთილდღეობისთვის რუსეთთან საერთო ინტერესის ძიების მომხრენი ვართ, ამით როგორღაც ვიწონებთ, ვიღებთ იმა,ს რაც რუსეთში, უკრაინასა თუ საქართველოში ხდება. ამ მოსაზრებას ძლიერ ვეწინააღმდეგები“.

იალოვიცის თქმით, ამერიკა-რუსეთის ურთიერთობაში ყოველთვის იყო აღმასვლა და დაღმასვლა, თუმცა მთავარი, რაც მას აწუხებს, პოლიტიკის არათანმიმდევრულობაა. მისი აზრით, მომდევნო ადმინისტრაციამ, ტრამპის ხელისუფლება იქნება ეს თუ - ბაიდენის, უნდა იფიქროს ამერიკა-რუსეთის ურთიერთობის სააგენტოთაშორის ანალიზზე და „ახალი სტარტის“ შეთანხმების განახლებაზე. „ეს არაა საჩუქრები ბატონი პუტინისთვის, ეს ჩვენს ინტერესებშია“, - ამბობს იალოვიცი.

თავდაპირველი წერილის ხელმომწერთა შორისაა სტივენ პაიფერიც, ამერიკის ყოფილი ელჩი უკრაინაში, „ამერიკის ხმასთან“ საუბარში ის ამბობს, რომ შესაძლოა, ერთი შეხედვით, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ცდილობდა ან ცდილობს ვლადიმირ პუტინთან კარგი პირადი ურთიერთობის დამყარებას, მაგრამ ეს არ არ არის ის პოლიტიკა, რომელიც ამერიკის ინტერესებს წინ წასწევს. მისი აზრით, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუკი იქნება ბალანსი - რუსეთის შეკავებასა და მის მავნე ქმედებებზე პასუხის გაცემასთან ერთად, საუბარი და დიალოგიც შედგება.

„ვფიქრობ, პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციას არ აქვს ყოვლისმომცველი სტრატეგია, თუ როგორი ურთიერთობა ჰქონდეს რუსეთთან. მაგრამ ისტორიას თუ გადავხედავთ, ამერიკა უფრო წარმატებული იყო რუსეთთან, როდესაც ეს ბალანსი ჰქონდა. ვშიშობ, რომ დიალოგი, რომელიც უნდა მიმდინარეობდეს, არ მიმდინარეობს“, - ამბობს დიპლომატი.

პაიფერი ფიქრობს, რომ წერილის ავტორები ახალ, ობამასეულ „რისეტს“, იგივე გადატვირთვის პოლიტიკის დაწყებას არ ითხოვენ. ის აღიარებს, რომ ამერიკის წინა პრეზიდენტების მცდელობა, დაემყარებინათ კარგი ურთიერთობა რუსეთთან, ხშირად მხოლოდ მათი პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს იწყებოდა და მეორე ვადისას იცვლებოდა. თუმცა მიუხედავად ამისა, მიაჩნია, რომ ვაშინგტონსა და რუსეთს შორის ამ დროს დადებითი მოვლენებიც ხდებოდა და ახლაც, საჭიროა პირდაპირი და გახსნილი საუბარი ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიც იარაღის კონტროლია და ასევე ისეთ საკითხებზე, როგორიც უკრაინაა და ამერიკის პრეზიდენტი მკაფიოდ უნდა ითხოვდეს რუსეთისგან მეზობლის სუვერენიტეტის აღიარებას.

დევიდ კრამერი კი მიიჩნევს, რომ საკითხავი ის კი არაა, შეუძლიათ თუ არა ამერიკას და რუსეთს საერთო ენის გამონახვა, არამედ ის, შესაძლებელია თუ არა რუსეთთან საკუთარი ინტერესების, ღირებულებების და მისი მოსაზღვრე ქვეყნების გაწირვის გარეშე საუბარი მაშინ, როდესაც მას ვლადიმირ პუტინი მართავს. ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მიმართულებით, ამბობს, რომ ვლადიმირ პუტინის ძალაუფლების ზრდასთან ერთად და მისი აგრესიული ქმედებების პარალელურად არც პრეზიდენტ ჯორჯ ბუშ უმცროსის და არც ბარაკ ობამას მცდელობამ „კარგი ურთიერთობა“ დაემყარებინათ რუსეთთან, არ გაამართლა.

„ატლანტიკური საბჭოს“ ვიცე-პრეზიდენტი, დეიმონ უილსონი მიიჩნევს, რომ ვლადიმირ პუტინი გათვლას სწორედ ამგვარ სურვილებსა და გათვლებზე აკეთებს.

დეიმონ უილსონი
დეიმონ უილსონი

„ვფიქრობ, პუტინი ეყრდნობა იმას, რაც დროთა განმავლობაში ნახა და ისწავლა: რომ ბევრი ევროპასა და ამერიკაში არ გრძნობს თავს კომფორტულად რუსეთთან არაკმოფორტული ურთიერთობის გამო და თუკი ის საკმარისად დიდხანს დაიცდის, ჩვენ ერთმანეთს შორის მოვილაპარაკებთ, გავწირავთ ზოგიერთ ჩვენსავე პრინციპს იმისთვის, რომ რუსეთთან ურთიერთობა გადავტვირთოთ“, - ამბობს დეიმონ უილსონი და დასძენს:​ „ვლადიმირ პუტინის სამყაროს ცოტათი უფრო მეტად შეწუხების სტრატეგია უფრო უკეთესი შეიძლება იყოს მისი მოლაპარაკების მაგიდასთან მისაყვანად“.

უილსონის აზრით, დასავლეთის მხრიდან მკაფიო უნდა იყოს ის, რომ თანამშრომლობა და მეგობრობა, მხოლოდ დემოკრატიულ რუსეთთან იქნება შესაძლებელი:

„რუსეთთან ურთიერთობების გადახედვის ტვირთი დასავლეთს არ აწევს, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ გაწვდილი ხელი და მკაფიონი ვიყოთ იმის შესახებ, რომ თუკი რუსეთს სურს მსოფლიოში პრობლემების გადაწყვეტის ნაწილი იყოს, მაშინ ჩვენ ვიმუშავებთ იმ რუსეთთან ერთად, რომელსაც თავისუფალი, დემოკრატიული სამყაროს წევრობა უნდა. აი, ასეთი რუსეთი უნდა იყოს ტრანსატლანტიკური, თავისუფალი ქვეყნების ოჯახის წევრი, ესაა, რაც ჩვენ გვინდა. მაგრამ ვფიქრობ, ბატონი პუტინი ამას არ გვთავაზობს, ამიტომ, ჩვენ შეგვიძლია კიდევ უფრო მომთმენები ვიყოთ“, - ამბობს უილსონი.

კურტ ვოლკერი
კურტ ვოლკერი

ამერიკის ყოფილი ელჩი ნატოში და დონალდ ტრამპის ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი უკრაინის საკითხებში, ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის, CEPA-ს უფროსი მკვლევარი კურტ ვოლკერი ამბობს, რომ თავდაპირველი წერილის ავტორების მოსაზრებები პრაქტიკულად ეწინააღმდეგება ამერიკის უსაფრთხოების სამსახურების იმ დასკვნებს, რომელთა საფუძველზეც უკრაინას სასიკვდილო იარაღი მიეწოდება და რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე მკაცრი პასუხია გაცემული:

„ვფიქრობ, ჩვენ ვერ ვისწავლეთ გაკვეთილი რუსეთის ქცეევიდან. დასავლეთში არსებობს ტენდენცია, ასევე საფრანგეთსა და გერმანიაში, რომ თუ რუსეთთან ურთიერეთობებში პრობლემაა, დასავლეთმა რამე უნდა გააკეთოს. ამას საერთოდ არ ვეთანხმები. მიზეზი იმისა, თუ რატომ გვაქვს რუსეთთან ურთიერთობაში პრობლემა, თავად რუსთის ქცევაა. რუსეთი უნდა ეცადოს მოლაპარაკებების მაგიდასთან მოსვლას და უნდა შეწყვიტოს ის აგრესიული ქმედებები, რომლებმაც შექმნილი ცუდი ურთიერთობა განაპირობა“, - ამბობს ვოლკერი.

ამერიკაში კი წინასაარჩევნო კამპანია სულ უფრო აქტიურდება და გადამწყვეტ ფაზაში შედის. მოქმედი პრეზიდენტის გუნდი და მისი დემოკრატი მეტოქე, ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ამომრჩევლის დარწმუნებას ცდილობენ იმაში, რომ ქვეყანას შიდა თუ საგარეო პოლიტიკის კუთხით საჭირო მიმართულებით სწორედ ისინი წაიყვანენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG