ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კარაფანო: შავ ზღვაში გაძლიერება ნატოში გაწევრიანებისთვის დადებითი პრაქტიკული ნაბიჯი იქნება


ჯეიმს კარაფანო, ჰერიტიჯის ფონდი
ჯეიმს კარაფანო, ჰერიტიჯის ფონდი

თქვენ ნატოზე არაერთი სტატია გაქვთ გამოქვეყნებული, სადაც ამბობთ, რომ ნატოს გაფართოება უნდა გაგრძელდეს. რატომ ფიქრობთ ასე?

მაშინ, როცა დიდი სახელმწიფოები გავლენის მოსაპოვებლად ერთმანეთთან კონკურენციაში არიან, პატარა ქვეყნები ხშირად გვავიწყდება. მაგრამ პატარა ქვეყნებს ხშირად ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ზოგ შემთხვევაში, ისინი სტრატეგიულ ადგილზე მდებარეობს. ეს, განსაკუთრებით, საქართველოს ეხება. საქართველო ევროპის უსაფრთხოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან ადგილზე მდებარეობს.

ნატოს გასაფართოებლად -- ალიანსისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა, საერთო უსაფრთხოებაში წვლილის შეტანა და მყარი პარტნიორობა სავალდებულო პირობებია და საქართველოს შემთხვევაში მათზე პასუხი არის კი, კი, კი.

ვფიქრობ, საქართველო ევროპული უსაფრთხოების ხერხემლის ნაწილია და ამასთან, საქართველომ საერთაშორისო თანამეგობრობას იმაზე მეტი გაუკეთა, ვიდრე მისგან თვითონ მიიღო. და ბოლოს, ნატო კოლექტიური თავდაცვის ორგანიზაციაა, რომლის წევრებიც საკუთარი ნებით იღებენ გადაწყვეტილებას ერთმანეთის უსაფრთხოების დაცვაზე.

ნატოს ერთ-ერთი ძირითადი პრინციპის თანახმად, ქვეყნებს უნდა შეეძლოთ თვითონ გადაწყვიტონ ალიანსში გაწევრიანება. ალიანსის მხრიდან ყველაზე დიდი შეცდომა ის იქნება, რომ ნატოს გარე ძალას მიცეს უფლება გადაწყვიტოს, თუ ვინ შეიძლება გახდეს მისი წევრი და ვინ არა. ჩვენ პუტინს ეს უფლება არ უნდა მივცეთ -- ეს ტრაგიკული შეცდომა იქნება.

ნატოს გასაფართოებლად -- ალიანსისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა, საერთო უსაფრთხოებაში წვლილის შეტანა და მყარი პარტნიორობა სავალდებულო პირობებია და საქართველოს შემთხვევაში მათზე პასუხი არის კი, კი, კი.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ნატოს რუსეთისთვის საფრთხე არ შეუქმნია. პირიქით, ვლადიმირ პუტინის მმართველობის დაწყებამდე რუსეთსა და ნატო შორის მშვიდობიანი თანაცხოვრება მიმდინარეობდა. თქვენი აზრით, რა უნდა პუტინს? რატომ არის ის ნატოს მიმართ ასე მტრულად განწყობილი?

არ აქვს მნიშვნელობა რას ვფიქრობთ კონკრეტული ქვეყნების ბედზე - იქნება ეს საქართველო, უკრაინა თუ ბელორუსი - პუტინის ეს პოლიტიკა ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოებას, სტაბილურობას და ეკონომიკურ განვითარებას საფრთხეს უქმნის, რაც მეორეს მხრივ შეერთებული შტატებისთვისაა საზიანო.

ვფიქრობ, პუტინის შეხედულება ემთხვევა რუსი ცარების ისტორიულ მსოფლმხედველობას, რომელიც სამყაროს პირდაპირი გავლენების სფეროებად ხედავს. პუტინს მიაჩნია, რომ საკუთარი უსაფრთხოებისთვის მან რუსეთის გარშემო ტერიტორიები უნდა აკონტროლოს, როგორც ეკონომიკურად, ასევე სამხედრო თვალსაზრისით. პუტინს ტრანსატლანტიკური ალიანსი საფრთხედ მიაჩნია სწორედ იმის გამო, რომ ის ვერ ახერხებს საკუთარი გავლენის გაფართოებას. საბოლო ჯამში, ნატო პუტინს ოცნების ახდენაში უშლის ხელს. პუტინს უნდა ნატო დაიშალოს და ამის შემდეგ მან ის აკეთოს, რაც სურს. არ აქვს მნიშვნელობა რას ვფიქრობთ კონკრეტული ქვეყნების ბედზე - იქნება ეს საქართველო, უკრაინა თუ ბელორუსი - პუტინის ეს პოლიტიკა ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოებას, სტაბილურობას და ეკონომიკურ განვითარებას საფრთხეს უქმნის, რაც მეორეს მხრივ, შეერთებული შტატებისთვისაა საზიანო.

რა უნდა გააკეთოს საქართველომ? ხშირად გვესმის ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ისევ ბევრი რეფორმაა განსახორციელებელი, საქართველო ნატოში გასაწევრიანებლად მზადაა.

მმართველობა, სამხედრო შესაძლებლობების გაზრდა, თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება და ეკონომიკის განვითარება ის საკითხებია, სადაც საქართველომ წინსვლა უნდა აჩვენოს. დასავლეთი საქართველოს დაეწევა. ამის მაგალითი ჩრდილოეთ მაკედონიის ნატოში გაწევრიანებაა, რომელიც იმაზე მიუთითებს, რომ გაფართოების პოლიტიკა გრძელდება. თუ ჩრდილოეთ მაკედონიის შემთხვევაში ეს მოხდა, ვფიქრობ გაფართოებასთან დაკავშირებული ნატოს შიდა გამოწვევების გადალახვა საქართველოს შემთხვევაშიც შესაძლებელი იქნება. ვფიქრობ, ახლა შეერთებული შტატების მოვალეობაა გაუძღვეს გაფართოების ახალ ტალღას და შემდეგი ლოგიკური კანდიდატი, ყველაზე ძლიერი კანდიდატი საქართველოა. ეს ცხადია.

ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ისაა, რომ ნატოს სამხრეთ ფლანგის გაძლიერება სჭირდება, განსაკუთრებით შავ ზღვაზე. თუ საქართველო შავ ზღვაზე საკუთარ შესაძლებლობებს გაზრდის, ეს კიდევ ერთი პრაქტიკული და ძალიან დადებითი ფაქტორი იქნება, რომლის გათვალისწინებაც ნატოს მოუწევს.

ამ თემაზე ვაშინგტონში ხშირად საუბრობენ. 2000-ანების დასაწყისში, ნატოს გაფართოება ბალტიისპირეთის ქვეყნების გაწევრიანების გარეშე წარმოუდგენელი იყო იმის გამო, რომ ალიანსის წევრობისთვის მათსავით მზად არავინ იყო. საქართველოზეც ხშირად ამბობენ ამას, რომ ქვეყანა ისე უნდა მოემზადოს გაწევრიანებისთვის, რომ ალიანსმა სხვა ვერავის მიღება შეძლოს, თუ წევრობას ჯერ საქართველოს არ შესთავაზებს. ამ ფონზე, როცა ვლაპარაკობთ დემოკრატიის გაძლიერებაზე, კონკრეტულად რას ვგულისხმობთ ამაში?

ყველაფერს, რასაც ვინმესთვის იმის მიზეზის მიცემა შეუძლია, რომ საქართველოს წევრობა არ შესთავაზონ. ამაში, რა თქმა უნდა, შედის დემოკრატიული მმართველობა, ლიბერალური საბაზრო ეკონომიკის განვითარება, მედიის თავისუფლება. ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ისაა, რომ ნატოს სამხრეთ ფლანგის გაძლიერება სჭირდება, განსაკუთრებით შავ ზღვაზე. თუ საქართველო შავ ზღვაზე საკუთარ შესაძლებლობებს გაზრდის, ეს კიდევ ერთი პრაქტიკული და ძალიან დადებითი ფაქტორი იქნება, რომლის გათვალისწინებაც ნატოს მოუწევს. ამას, რა თქმა უნდა, თან უნდა ერთვოდეს დემოკრატიული პრინციპების დაცვა.

შავი ზღვის უსაფრთხოება ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი თემაა, როცა თურქეთი დასავლეთისთვის არასტაბილურ პარტნიორად იქცა. თქვენი აზრით, საქართველოს შეუძლია თურქეთის მიერ ნატოსთან ურთიერთობაში ჩავარდნების შევსება?

არ მგონია რომელიმე ქვეყანას შეეძლოს იმ სივრცის შევსება, რომელიც თურქეთს უკავია. თურქეთის მიერ ნატოს დატოვება და შეერთებულ შტატებთან, განსაკუთრებით, უსაფრთხოების სფეროში ურთიერთობის გაფუჭება თურქეთისთვის აბსოლუტური კატასტროფა იქნება. ამ ნაბიჯით თურქეთი მხოლოდ საკუთარ უსაფრთხოებას დააზიანებს. ნატო, თურქეთის გარეშე, შეძლებს თავის დაცვას, თურქეთი, ნატოს გარეშე, საკითხავია. მგონი, თურქეთს დიდი პრობლემები აქვს, მაგრამ ეს თურქეთის საქმეა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG