ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ეს იქნება ძალიან უხეში ჩარევა თბილისის ისტორიულ ზონაში“


ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრის გვერდით "სოლოლაკის ბაღების" გაშენება იგეგმება
ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრის გვერდით "სოლოლაკის ბაღების" გაშენება იგეგმება

მეგა პროექტი სოლოლაკის მაღლობის, სოლოლაკის ბაღების, თავისუფლებისა და ერეკლეს მოედნების განვითარებას და ერთ სივრცედ გაერთიანებას გულისხობს

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მიერ დაარსებულმა „თანაინვესტირების ფონდმა“, სადაც 6 000 000 000 დოლარის კაპიტალია თავმოყრილი, პირველი დიდი პროექტის დაფინანსების შესახებ განაცხადა.

„პანორამა თბილისში“ ფონდი ნახევარი მილიარდი დოლარის დაბანდებას გეგმავს. მეგა პროექტი ოთხი, ახალი მრავალფუქციური კომპლექსის: სოლოლაკის მაღლობის, სოლოლაკის ბაღების, თავისუფლებისა და ერეკლე მეორის მოედნების განვითარებას და ერთ სივრცედ გაერთიანებას გულისხობს.

პროექტის ავტორთა აზრით, ბიზნესს და ტურისტული ცენტრების უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ ისინი ერთმანეთს დახრილი ლიფტებითა და საბაგირო გზებით დაუკავშირდებიან. იგეგმება 30 000 ახალი ხის დარგვა და მიწისქვეშა პარკინგის 2000-მდე ადგილის მოწყობა.

„თანაინვესტირების ფონდი“ არ მალავს, რომ მიწების დიდი ნაწილი, რომელზეც „პანორამა თბილისი“ უნდა განვითარდეს, ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის. ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უცნაურს ვერაფერს ხედავს იმაში, თუ „თანაინვესტირების ფონდი“ ივანიშვილისგან ამ მიწებს გამოისყიდის.

„თუ ისეთი გამოცდილების მქონე ინვესტორი, როგორიც ბიძინა ივანიშვილია ინვესტირებას მოახდენს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში, მე მგონია რომ ამას ყველა უნდა მივესალმოთ. რაც შეეხება ფონდმა ივანიშვილისგან უნდა იყიდოს თუ არა მიწა, ეს არის კონკრეტული პროექტის სტრუქტურირების საკითხი.“

საინტერესოა, რომ თავად ბიძინა ივანიშვილი 2011-12 წლებში მწვავედ აკრიტიკებდა მაშინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ახირებულ ჩარევებს ძველი თბილისის არქიტექტურაში.

ყოფილ პრემიერ მინისტრს განსაკუთრებით არ მოსწონდა „მშვიდობის ხიდი“ და იქვე, რიყეზე მდებარე მუსიკისა და დრამის თეატრის უცნაური პროექტი, რომლის მშენებლობაც ამ დრომდე მიმდინარეობს. აი, რას ამბობდა ბიძინა ივანიშვილი 2011 წლის შემოდგომაზე, როცა საჯაროდ პირველად გამოჩნდა

„შუშის ხიდი რომელიც დაიდგა ძველ თბილისში, ეს არის უნიკალური მაგალითი სააკაშვილის რეალური სახის საჩვენებლად. უამრავი არქიტექტორი ჩამოვიყვანე აქ, მათ რიცხვში ბევრი ძალიან ცნობილი. ყველას ნანახი აქვს ეს ხიდი და ყველა იყო გაოცებული და გაოგნებული!

შოკში ვარდებოდნენ, ეს როგორ მოხდაო! ეს ვინ მოიფიქრაო! თუ კი რაიმე კანონიკა არსებობს პირობითად არქიტექტურაში, ყველას არღვევს ეს ხიდი! არცერთს არ ექვემდებარება!“

ხელოვნებათმცოდნე თამარ ამაშუკელი, რომელიც ისტორიულ ქალაქზე ზრუნვის მოსურნეთა გაერთიანება - თბილისის ჰამქრის გამგეობის თავჯდომარეა, „პანორამა თბილისის“ პროექტის გაცნობის შემდეგ ამბობს, რომ ეს წამოწყება სამუდამოდ დაასამარებს ძველი თბილისის გამორჩეულ არქიტექტურას.

„ახალი ხელისუფლება თავიდან ძალიან აქტიურად განიხილავდა „მშვიდობის ხიდის“ გადატანის შესაძლებლობას, ასევე „შანგრილას“ და საკონცერტო დარბაზის.

ეს პროექტები მხოლოდ იმიტომ არ არის ცუდი, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ იყო გაკეთებული, ეს არის ცუდი იმიტომ, რომ ის არის ძალიან უხეში ჩარევა თბილისის ისტორიულ ზონაში, მას აკნინებს და ანგრევს!


დღეს ანალოგიური და უარესი პროექტის განხირციელებას აპირებს, როგორც ჩანს ახალი ხელისუფლება. მე მინდა ვთქვა, რომ ეს იქნება ბოლო წერტილი, ეს იქნება ძველი თბილისი საბოლოო განადგურება.“

გარდა, პანორამა თბილისისა“, „თანაინვესტირების ფონდი“ ასევე გეგმავს ცხენისწყალსა და მტკვარზე ჰესების კასკადის მშენებლობის დაფინანსებას; რძის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობას აბაშასა და სამტრედიაში; პომიდვრის სასათბურე მეურნეობის - გარდაბანში. ფონდის მთავარი პროექტი კი ანაკლიის ნავსადგურის განვითარებაა.
XS
SM
MD
LG