თბილისში ახალი უბნის მშენებლობა იწყება. ეკოლოგიური მინი ქალაქი - დედაქალაქიდან ჩრდილო-დასავლეთით, მდებარე ლისის ტბის გარშემო გაშენდება. ახალი უბანი უკვე დააპროექტეს ამერიკის შეერთებულ შტატებში ისეთმა ცნობილმა არქიტექტურულმა ბიუროებმა, როგორებიც Moore Ruble Yudell და Dover Kohl არიან.
პროექტირებისა და მშენებლობისთვის გამოყოფილი უცხოური ინვესტიციის მნიშვნელოვანი ნაწილიც ამერიკულია. ეკო პროექტში ამერიკის მთავრობის ფინანსური კორპორაცია OPIC ჩართული, რომელიც უკვე ორმოცი წელია ხელს უწყობს ამერიკელ ინვესტორებს ფული უცხოეთის ქვეყნებში დააბანდონ.
„გამოყოფილია კონკრეტული დაფინანსება ამერიკული და ჰოლანდიური ბანკებიდან - 25 მილიონი დოლარი. ეს არის აღნიშნული მეგა პროქტის პირველი ეტაპის ინვესტიცია.ზურაბ პოლოლიკაშვილი
ჰოლანდიის მთავრობის მხარდაჭერით პროექტში ასევე მონაწილეობს ჰოლანდიის საინვესტიციო ფონდი. ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, დღეს TBC ბანკის ვიცე-პრეზიდენტი და „ლისის ტბის განვითარების კომპანიის“ მმართველი ზურაბ პოლოლიკაშვილი ამბობს
„გამოყოფილია კონკრეტული დაფინანსება ამერიკული და ჰოლანდიური ბანკებიდან - 25 მილიონი დოლარი. ეს არის აღნიშნული მეგა პროქტის პირველი ეტაპის ინვესტიცია. ეს მინის ქალაქი იქნება აბსოლიტურად განსხვავებული, ეკოლოგიურად სუფთა და მწვანე უბანი თბილისში.“
ეკონომიკის სამინისტრომ ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია აუქციონზე გასაყიდად, ჯერ კიდევ 2007 წლის მაისში გამოიტანა. თითქმის 354 ჰექტარი მიწის ფართობის საწყისი ფასი 26,5 მილიონი დოლარი იყო, თუმცა საბოლოოდ ის 182 მილიონ ამერიკულ დოლარად გაიყიდა, რასაც მაშინ დიდი ხმაური მოჰყვა.
მყიდველი TBC ჯგუფში შემავალი, საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების კომპანია („ჯი არ დი სი“) გახდა, მის მიერვე დაფუძნელი შპს "ლისი 2007" მეშვეობით.
აუქციონის პირობებით, მყიდველს 182 მილიონ დოლართან ერთად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 წლის ვადაში, ლისის ტბაზე 30 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა, თუმცა, რამდენიმე თვეში, როგორ "ამერიკის ხმისთვის" გახდა ცნობილი, სახელმწიფო და ინვესტორი ვეღარ შეთანხმდნენ და აუქციონის შედეგები ძალადაკარგულად გამოცხადდა.
ამის შემდეგ, პრეზიდენტმა სააკაშვილმა TBC ჯგუფს, ეს ტერიტორია პირდაპირი მიყიდვის წესით გადასცა. ეკონომიკის სამინისტრომ არ მოგვაწოდა ინფორმაცია, თუ რა დაუჯდა TBC ჯგუფს ლისის ტბის შეძენა.
ეკონომიკის გამოცოცხლება აშკარად უკვე სახეზეა და შესაბამისად, ჩვენც ვვარაუდობთ, მხოლოდ ამ სფეროში 5 ათასამდე ახალი სამუშაო ადგილის შექმნას თბილისში.გიგი უგულავა
ამ თემაზე კომენტარი არც თბილისის მერმა გააკეთა, გიგი უგულავა ყურადღებას იმაზე ამახვილებს, რომ ახალ უბანში 5 ათასი ადამიანის დასაქმებას ელოდება:
„პროექტი ათ წელზეა გათვლილი, პირველი ეტაპის სამუშაოებში დაახლოებით 30 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება და დაახლოებით ათასამდე ადამიანი დასაქმდება მხოლოდ მშენებლობის სტადიაში.
ბუნებრივია, ახალი უბნის გაჩენა ნიშნავს ახალ ინფრასტრუქტურას, ახალ სკოლას და ახალ საბავშო ბაღს ანუ ახალ სამუშაო ადგილებს, იმიტომ რომ ამას ყველაფერს ათვისება და მომსახურება სჭირდება.
ეკონომიკის გამოცოცხლება აშკარად უკვე სახეზეა, უფრო სწორედ პროგნოზია ასეთი, მაგრამ ამის ყველა წინაპირობა არსებობს. და შესაბამისად, ჩვენც ვვარაუდობთ, მხოლოდ ამ სფეროში ხუთი ათასამდე ახალი სამუშაო ადგილის შექმნას თბილისში.“
პროექტის ფარგლებში, თბილისის მერია აპირებს, როგორც ლისის ტბამდე მისასვლელი გზის რეკონსტრუქციას, ისე საბაგირო გზის აღდგენას, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა საქართველოს დროიდან ტბას დელისიდან უკავშირდებოდა.
ამჟამად, საბაგიროს გზაზე მაღალსართულიანი სახლები დგას და როგორ გეგმავს ამ პრობლემის მოგვარებას მერია, ჯერჯერობით უცნობია. აღსანიშნავია, რომ თავდაპირველი ხელშეკრულებით, საბაგირო ინვესტორს, TBC ჯგუფს უნდა აღედგინა.
მთლიანობაში, ლისზე რამდენიმე ათასი კერძო საცხოვრებელი სახლის, მრავალფუქციური საცხოვრებელი კომპლექსის და საზოგადოებრივი სივრცეების აშენებაა დაგეგმილი, ეს პროექტები TBC ჯგუფში შემავალმა, "ლისი ლეიქ დეველოპმენტმა" და "ლისი აბანომ" უნდა განახორციელონ.
მერიაც და ინვესტორიც ხაზს უსვამენ, რომ ლისის ტბაზე დასვენება პროექტის განხორციელების შემდეგ, ნებისმიერ თბილისელს შეეძლება. TBC ჯგუფის პრეზიდენტი მამუკა ხაზარაძე ამბობს
რაც შეეხება ვინ დასახლდება, ეს უბანი იქნება ახალგაზრდა ოჯახებისთვის, ფასები იქნება ხელმისაწვდომიმამუკა ხაზარაძე
„ლისის ტბის განაშენიანების კონცეფცია იქნება დაფუძნებული მწვავე განვითარებაზე. ეს გულისხმობს, რომ პირველი 40 ჰექტარი, რომლის განაშენიანებასაც ვიწყებთ, იქნება რეკრეაციული ზონა და მხოლოდ დარჩენილი ნაწილი იქნება დასახლებული.
ეს კონცეფცია დაფუძნებული იქნება მზის ენერგიის გამოყენებაზე, გამოვიყენებთ, ლისზე არსებულ თერმულ წყლებს. რაც შეეხება ვინ დასახლდება, ეს უბანი იქნება ახალგაზრდა ოჯახებისთვის, ფასები იქნება ხელმისაწვდომი.
რაც მთავარია, ამ მწვანე კონცეფციაზე ჩვენთან ერთად მუშაობენ ამერიკელი და იტალიელი სპეციალისტები, რომლებსაც ძალიან დიდი გამოცდილება აქვთ მსგავსი დასახლებების და მშენებლობების განვითარებაში.“
ლისის ტბაზე, "ლისი გრინის" უბანის მშენებლობისგან განსხვავებით, კვლავ ბურუსით არის მოცული, ანალოგიური, თუმცა მასშტაბით გაცილებით დიდი პროექტის - „არსენალის სითის“ მომავალი.
ეს პროექტი, თბილისის ჩრდილო აღმოსავლეთით, არსენალის მთაზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტნის კახი კალაძის კომპანია „კალა კაპიტალმა“ დაიწყო.
კომპანია 80 ჰექტარზე ახალი უბნის მშენებლობისთვის ერთ მილიარდ ნახევარი დოლარის ინვესტიციის მოზიდვას ცდილობდა. ახალ უბანში 25 ათასი ადამიანი უნდა დასაქმებულიყო.
„კალა კაპიტალს“ პირველი ინვესტიცია, 19 მილიონის დოლარის სახით გადახდილი აქვს, თუმცა TBC ჯგუფისგან განსხვავებით, რომელმაც მხოლოდ 2007 წლის აუქციონში გადახდილი ბე დაკარგა, აუქციონის პირობების დარღვევის გამო, "კალა კაპიტალს" ჯარიმის სახით, რამდენიმე მილიონის საურავი დაერიცხა.
ომმა, მსოფლიო კრიზისმა და კონფლიქტმა მთავრობასთან „არსენალი სითის“ მშენებლობა გაყინა. TBC ჯგუფის მსგავსად, მთავრობა „კალა კაპიტალთან“ საერთო ენის გამონახვას არ ჩქარობს.