ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კალაძე ფეხბურთიდან პოლიტიკაში


კალაძე ბიძინა ივანიშვილის გუნდს შეუერთდა

მსოფლიოში ყველაზე ცნობილმა ქართველმა სპორტსმენმა კახი კალაძემ ქართულ პოლიტიკაში მოსვლის გამო საქართველოს ეროვნული ნაკრები დატოვა. 33 წლის კაპიტანმა ამ გადაწყვეტილების შესახებ, გუშინ, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის საზოგადოებრივი მოძრაობის „ქართული ოცნების“ პრეზენტაციაზე გამოაცხადა.

კალაძე, რომელიც იტალიურ „ჯენოაში“ ჯერ კიდევ აგრძელებს საკლუბო კარიერას, თბილისში ერთი დღით სწორედ პოლიტიკურ შეკრებაზე დასასწრებად ჩამოფრინდა. მას თან მეგობარი, მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავი უკრაინელი ანდრეი შევჩენკო ახლდა.

კალაძის დებიუტი ეროვნულ ნაკრებში 1996 წლის 24 მარტს, კვიპროსთან შედგა, მაშინ 18 წლის მცველმა 18 წუთი ითამაშა. სულ კი კალაძემ საქართველოს ნაკრებში 83 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი და 2 ავტოგოლი გაიტანა. 2009 წელს, თბილისში იტალიასთან მატჩში დაშვებული ამ შეცდომებისთვის კახი კალაძემ გუშინ კიდევ ერთხელ მოიხადა ბოდიში.

„მე კახა კალაძე, საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ვაცხადებ, რომ მივდივარ ეროვნული ნაკრებიდან. ეს ჩემთვის უმძიმესი გადაწყვეტილებაა, რადგან 15 წელი ეროვნული ნაკრების ღირსებას ვიცავ. მინდა მადლობა ვუთხრა, თითოეულ იმ ადამიანს ვინც მხარს მიჭერდა გამარჯვებისას და წუხდა ჩვენი მარცხით.

მადლობა ნაკრების თითოეულ წევრს, მადლობა გულშემატკივარს, მადლობა მწვრთნელებს. მართლაც ძალიან მიჭირს საუბარი მეგობრებო, რადგან 15 წლის მანძილზე 83 მატჩი ჩავატარე ეროვნულ ნაკრებში.

აქედან ყველაზე დასანანი იყო ერთი მატჩი, რომელმაც ძალიან იმოქმედა ჩემზე. მართალია წლების წინ ყველაფერი შემთხვევით მოხდა, მაგრამ კიდევ ერთხელ ბოდიშს ვუხდი ქართველ გულშემატკივარს. და ძალიან კარგი იქნება თუ ის ადამიანებიც მოიხდიან ბოდიშს, რომლებიც არა ერთი თამაშით, არამედ რეალურად მთელი ცხოვრება ავტოგოლებით მოდიან და ავტოგოლები მოაქვთ ჩვენი ქვეყნისთვის.“

კალაძის გადაწყვეტილებას, დღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა, სადაც კერძოდ ნათქვამია, რომ „ეროვნული გუნდის წევრს, მით უმეტეს კაპიტანს კარგად უნდა ჰქონდეს გააზრებული საკუთარი მოვალეობა და პასუხისმგებლობა, მით უმეტეს მაშინ როდესაც გუნდიდან წასვლის თაობაზე განცხადებას საჯაროდ აკეთებს.

მიგვაჩნია, რომ გადაწყვეტილება ნაკრებიდან წასვლის შესახებ, უპირველესად მთავარი მწვრთნელისთვის უნდა ეცნობებინა, რომელთან ერთადაც მრავალი წლის განმავლობაში ეროვნული გუნდის ღირსებას იცავდა“.

მას შემდეგ რაც, ეროვნული ნაკრების კაპიტანს, როგორც "კალა კაპიტალის" მეპატრონესა და ბიზნესმენს, საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირებთან ურთიერთობა მკვეთრად დაეძაბა, როგორც ფედერაციაზე და ისე მთავარ მწვრთნელზე იყო ზეწოლა, რომ იგი ეროვნულ ნაკრებში აღარ გამოეძახათ.

თბილისში „არსენალი სითის“ დაკონსერვებული პროექტისა და ეროვნული ნაკრების ყოფილი ფორვარდის გიორგი დემეტრაძის დაპატიმრების შემდეგ ხელისუფლებასა და კალაძეს შორის დაპირისპირების ახალი მიზეზი, კალაძის კუთვნილი „პროგრეს ბანკის“ აქციების ცხრა პროცენტის ბიძინა ივანიშვილისთვის მიყიდვა გახდა.

ამ გადაწყვეტილების გახმაურებისთანავე „პროგრეს ბანკში“ შემოწმების მიზნით ეროვნული ბანკი შევიდა. თავად კახი კალაძემ კი უკვე საჯაროდ დააფიქსირა, რომ მომავალ საპარლამენტი და საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ მოძრაობას დაუჭერს:

„დღევანდელ ხელისუფლებას ჰგონია, რომ ჩვენს ამ ქვეყნის მოქალაქეებს მხოლოდ მოვალეობები გვაქვს, მოვალეობა იმისა, რომ ვუხადოთ ჯარიმები და გადასახადები. სინამდვილეში კი მოვალეობასთან ერთად უფლებებიც გაგვაჩნია. გვაქვს უფლება მუშაობის, ცოდნის მიღების, გვაქვს უფლება გვჯეროდეს დამოუკიდებელი სასამართლოს უზენაესობისა.

ამ დროს კი ქვეყანაში შექმნილია მძიმე სოციალური ფონი, დაკარგულია ტერიტორიები, მილიონობით ჩვენი თანამემამულე უცხო ქვეყანაშია გადახვეწილი, ხოლო დარჩენილებს უმუშევრობა ემუქრებათ.

ქვეყანაში ჩამოყალიბდა ადამიანთა გარკვეული კასტა, რომლებიც დაუსჯელობის სინდრომით, ხელშეუხებლობით სარგებლობენ. მათ მოახდინეს კანონის უზურპაცია, ხოლო კონსტიტუცია სათავისოდ მოირგეს.

შანტაჟი, კანონის სახელით რეკეტი და უკანონო მოქმედებები მათ ჩვეულებრივ მოვლენად აქციეს. საქართველოს მოსახლეობა მუდმივი დააძაბულობისა და სტრესის ფონზე ცხოვრობს. მოსახლეობაში უიმედობამ და ნიჰილიზმმა დაისადგურა.

ვფიქრობ, საკმარისზე მეტი მიზეზია იმისა, რომ საერთ-სახალხო გამოღვიძების დრო დადგეს. სულ რაღაც ერთ წელიწადში ჩვენი ქვეყანა კიდევ ერთი არჩევანის წინაშე დადგება. აქ არჩევანი მცირეა - ქვეყანა ან გააგრძელებს რეგრესს ან საქართველოს მოსახლეობა აიხდენს ოცნებას.“

კახი კალაძე დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე წარმატებული ფეხბურთელია. იგი ოთხჯერ (2001, 2002, 2003, 2006 წლებში) დაასახელეს საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად.

2001 წელს კიევის „დინამოდან“ იტალიურ „მილანში“ მისი ტრანსფერის ღირებულება 16 მილიონი ევრო, დღემდე სარეკორდოა ქართული ფეხბურთის ისტორიაში.

ამ ტრანსფერიდან 4 თვეში, თბილისში კახის ძმა ლევან კალაძე ფულის გამოძალვის მიზნით გაიტაცეს და როგორც წლების შემდეგ გაირკვა, მალევე მოკლეს. ამ პერიოდში კალაძე მოქალაქეობის შეცვლაზეც ფიქრობდა, თუმცა შემდეგ გადაწყვეტილება შეცვალა.

კარიერის საუკეთესო წლები კალამ „მილანში“ გაატარა, სადაც თითქმის ყველა უმაღლესი საკლუბო ტიტული მოიგო, მათ შორის, ორჯერ ჩემპიონთა ლიგა.

ჯერჯერობით უცნობია, რა ფორმით ჩაერთვება კახი კალაძე ქართულ პოლიტიკაში, დღეისათვის კალაძე იტალიის სერია ა-ს კლუბ „ჯენოასთან“ კონტრაქტით 2013 წლის ივნისამდე არის დაკავშირებული.

XS
SM
MD
LG