ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაკოტრებული ქობულეთი დახმარების მოლოდინში


საქართველოს შავიზღვისპირა კურორტის ქობულეთის მოსახლეობის ნაწილი გაკოტრდა, გადახდისუუნაროა და საცხოვრებელი სახლების დაკარგვა ემუქრება. საზოგადოება „ჩვენი ქობულეთის“ ინფორმაციით, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში 300-მდე ოჯახია.

ისინი კომერციული ბანკებიდან და მიკროსაფინანსო ორგანიაციებიდან აღებული სესხების პროცენტებს, წლებია ვეღარ ფარავენ და ჯარიმას ჯარიმა ემატება. სესხები ძირითადად ტურისტული ინფრასტრუქტურისა და მცირე სასტუმროების განვითარებისთვის ჰქონდათ აღებული.

მთავარი პრობლემები, 2008 წლის აგვისტოში, რუსეთთან ხუთ დღიანი ომის დროს დაიწყო, როცა მასობრივი პანიკის გამო, ტურისტებმა საქართველოს კურორტები სასწრაფოდ დატოვეს. ამასთან, დამსვენებელთა უმრავლესობამ თანხა არ გადაიხადა ან უკვე გადახდილი უკან დაიბრუნა.

ქობულეთელ ირინა ტაკიძეს ვალების გამო საცხოვრებელი სახლი აუქციონზე ჯერ კიდევ შემოდგომაზე გაუყიდეს, თუმცა პოლიციამ მეზობლების წინააღმდეგობის გამო, ტაკიძეების ხუთსულიანი ოჯახის გამოსახლება ჯერჯერობით ვერ შეძლო. ირინა ტაკიძე ამბობს

„დროებით გადაიდო ჩემი გამოსახლება. ამ წუთას ვცხოვრობ სახლში, მაგრამ ნებისმიერ დროს ველოდები რომ მოვლენ და გამასახლებენ. 2008 წლის შემდეგ, როცა სეზონი ყველას ჩაუვარდა, საგრძნობლად დაიძაბა სიტუაცია.

ბანკის ვალების დასაფარად, ისევ გვიწევდა სესხების აღება, ათი პროცენტით, შვიდი პროცენტით, შემდეგ, მეორე ზაფხულს უწევდა ახალ სესხს დაფარვა, ამას ბანკიც ვალიც ემატებოდა და ძალიან გართულდა სესხის გადახდა.“

ქობულეთში გაკოტრებულთა უმრავლესობა, საქართველოს ყველაზე დიდ, აღმაშენებლის ქუჩაზე ცხოვრობს, დიდი ნაწილი მცირე საოჯახო სასტუმროების მფლობელია.

ქობულეთელთა ნაწილი ამბობს, 2008 წლის გარდა, მძიმე მდგომარეობა იყო 2011 წელსაც, როცა ტურისტული სეზონი ასევე ჩავარდა. ამის ერთ-ერთ მიზეზად, შუა საზღვაო სეზონში, ქობულეთში ცენტრალური საავტომობილო გზის რეკონსტრუქციისა და სკვერების რეაბილიტაციის დაწყებას ასახელებენ, რამაც ტურისტების გადინება გამოიწვია. მანანა დიასამიძე ამბობს

„ძალიან ცუდი სეზონი იყო შარშან, ნახევარი სახლი ცარიელი იყო, ვერ შევავსე. დღეს მეუბნებიან, რომ თუ შემოტანილი და დარიცხული არ იქნება თანხა, ჩვენ, საქართველოს ბანკი ვიქნებით შენი სახლის მფლობელიო. დაედება ყადაღაო..გული გახეთქვაზე მაქვს.“

გაკოტრებული ოჯახის გამოსახლებისას პოლიციასა და მოსახლეობას შორის შეტაკებები ქობულეთისთვის უკვე ჩვეულებრივი მოვლენაა. ერთ-ერთი ბოლო ასეთი შეტაკება 6 აპრილს, მურმან მეგრელიძის საოჯახო სასტუმროს გამო მოხდა. მოსახლეობის მძაფრი წინააღმდეგობის გამო პოლიცია იძულებული გახდა უკან დაეხია.

გაკოტრებულთა ინტერესებს საზოგადოება „ჩვენი ქობულეთი“ იცავს, რომლის ხელმძღვანელი რამაზ გოგიბერიძე ცენტრალური ხელისუფლებისგან სასწრაფო დახმარებას ითხოვს. გუშინ ქობულეთში ფინანსთა მინისტრი დიმიტრი გვინდაძე ჩავიდა.

რამაზ გოგიბერიძე: „ფაქტიურად, ქობულეთში, ყოველ მეორე-მესამე ოჯახს ბანკთან უზარმაზარი პრობლემები აქვს. მიზეზი, ყველგან თითქმის ერთი და იგივეა, ეს არის ფორს მაჟორული სიტუაცია 2008 წლიდან, რამაც გათვლილი ბიზნესის ჩავარდნა გამოიწვია.

ჩვენი მოთხოვნაა, პირველ რიგში შეწყდეს ხალხის გამოსახლება მამაპაპისეული სახლებიდან. ეს პროცესი უნდა შეწყდეს, თორემ სამაჩაბლო მონაგონი იქნება. ქობულეთელები ყოველ დღე ზარალდებიან იმ ომის გამო და თითქმის ყოველი მესამე-მეოთხე ოჯახი გამოსახლების კანდიდატია.

ამიტომ ვთხოვეთ ხელისუფლებას შეწყდეს ხალხის მასიური გამოსახლება და გაცემული იქნას, იაფი მუნიციპალური სესხები ერთიდან ოცი წლის ვადით და ხალხს მიეცეს საშუალება დაფაროს სესხები.“

დიმიტრი გვინდაძე: „ამ ეტაპზე ვერაფერს გეტყვით რას ვაპირებთ. საკმაოდ რთული თემაა. საუბარია კერძო გარიგებაზე მოსახლეობასა და ბანკებს შორის. როგორც ფინანსთა მინისტს მე არ შემიძლია პირდაპირ ჩავერიო ამ საკითხში. განვიხილავთ ყველაფერს და მესმის მოსახლეობის გასაჭირი.“

შავი ზღვის კურორტმა ქობულეთმა, სადაც 18 ათასი ადამიანი ცხოვრობს, განსაკუთრებული პოპულარობა აფხაზეთის ოკუპაციის შემდეგ შეიძინა, როცა ქართველმა დამსვენებელმა გაგრაში, ბიჭვინთასა და სოხუმში დასვენების შესაძლებლობა დაკარგა. თუმცა, ბოლო წლებში, ბათუმი-სარფის მონაკვეთზე ტურისტული ინფრასტუქტურის სწრაფი განვითარების გამო ქობულეთის პოპულარობამ იკლო.

ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, შარშან მარტო აჭარაში მილიონი ტურისტი შემოვიდა. ტურიზმის ექსპერტთა აზრით, ეს ციფრი სავსებით საკმარისია რომ ტურიზმში ჩართულ მოსახლეობას, მათ შორის ქობულეთელთა უმრავლესობას, 2011 წელს სერიოზული მოგება ენახა და ვალების დაფრვა დაეწყო.

ის, რომ ასე არ მოხდა კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ტურიზმის ოფიციალური სტატისტიკა და რეალობა აბსოლუტურად განსხვავებულია.

XS
SM
MD
LG