ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თანაინვესტირების ფონდი: „სწორი ფუნდამენტი“ თუ საეჭვო სტანდარტი?


საქართველოს თანაინვესტირების ფონდის პრეზენტაციაზე

„აფრიკული სტანდარტია, როცა სახელმწიფოს პირველი პირი - ქვეყანას, როგორც მისი კერძო აქტივის ნაწილს განიხილავს“

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:06:01 0:00
ბმული

თბილისში მიმდინარე კვირას, პრემიერ ივანიშვილის ინიციატივით დაფუძნებული - „თანაინვესტირების ფონდის“ ფარგლებში, ერთ-ერთ პირველ მსხვილ ინვესტიციას საქართველოს ჯანდაცვის სექტორში, ყაზახეთსა და ისრაელში მცხოვრები მილიარდელი, ევრაზიის ებრაელთა კონგრესის პრეზიდენტი ალექსანდრე მაშკევიჩი განახორციელებს.

ყირგიზული ფესვებისა და კანადის მოქალაქეობის მქონე ბიზნესმენი, ჟურნალ „ფორბსის“ ინფორმაციით, 4 მილიარდამდე კაპიტალიზაციის ბიზნესებს ფლობს ყაზახეთის, უკრაინის, რუსეთის, სამხრეთ აფრიკისა და კონგოს ტერიტორიებზე.

მაშკევიჩის კაპიტალის საქართველოში შემოსვლით ახლო წარსულში პრეზიდენტი სააკაშვილიც იყო დაინტერესებული. ცნობილია, რომ სააკაშვილს შეხვედრა ჰქონდა მასთან, 2009 წლის სექტემბერში, თბილისში. როცა მაშკევიჩი მისივე დაფინანსებით რესტავრირებულ, აშკენაზ ებრაელთა სინაგოგის საზეიმო გახსნაზე ჩამოვიდა. ლესელიძის ქუჩაზე მდებარე სინაგოგა, მას შემდეგ, მაშკევიჩის დედის ბეით რახელის სახელს ატარებს.

თუმცა, მაშკევიჩის კაპიტალი მხოლოდ ახლა შემოდის, როცა იგი „თანაინვესტირების ფონდის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი გახდა. პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ ამაში მისი პირადი წვლილია:

„თანაინვესტირების ფონდი მარტივად, ერთ საათში დავაფუძნეთ და გავუშვით. თუმცა ათი თვეა ძალიან დიდი შრომა დავხარჯეთ, პირადად, ალექსანდრე მაშკევიჩთან ძალიან დიდი დრო დავხარჯე, ზუსტად ორი დღის უკან, აქ მყავდა ჩამოყვანილი და კონკრეტული პროექტი განვიხილეთ, თანაც ძალიან საინტერესო, ჯანდაცვის სფეროში. ის, რაც ყველაზე მეტად წაადგება ჩვენს მოსახლეობას.

ეს ყველაფერი გამოჩნდება ცოტა გვიან. მეორე წელიწადს იგრძნობთ, მესამე-მეოთხე იქნება კარგი და დანარჩენი ყველა წლები იქნება კარგი, იმიტომ რომ სწორ ფუნდამენტს ვყრით ჩვენ.“

ალექსანდრე მაშკევიჩის გარდა, კარიბის ზღვის აუზში მდებარე, კაიმანის კუნძულების ოფშორულ ზონაში დაფუძნებული, „თანაინვესტირების ფონდის“ დამფუძნებელია - თავად საქართველოს პრემიერი ბიძინა ივანიშვილი. იგი ფონდში 1 მილიარდი დოლარით შევიდა.

ასევე, პატარკაციშვილების ოჯახი; არაბეთის გაერთიანებული საემიროების: "დაბი" ჯგუფი (Dhabi Group) და რაკია (RAK Investment Authority); თურქული ჩალიქ ჰოლდინგი (Calik Holdings A.S); აზერბაიჯანის ნავთობის სახელმწიფო ფონდი; ყაზახური ყაზტრასოილის შვილობილი - ბათუმის ინდუსტრიული ჰოლდინგი და ჩინური მაილსთოუნის ჰოლდინგური ჯგუფი (Milestone International Holdings Group Limited).

დირექტორატის განცხადებით, „თანაინვესტირების ფონდში“ მოზიდული კაპიტალი ამჟამად 6 მილიარდი დოლარია. თუმცა, ივანიშვილის გარდა, სხვა დამფუძნებლები, ჯერჯერობით საიდუმლოდ ტოვებენ, რა ოდენობის ინვესტიცია განახორციელეს ფონდში სოლიდარულად.

ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი, წლების მანძილზე ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი კომპანიის ფინანსური დირექტორი იყო. ივანიშვილთან დაახლოებული პირები არიან, ფონდის მმართველ კომპანია „ჯი სი ეფ პარტნიორების“ მეწილეებიც: იგივე ბაჩიაშვილი, ასევე, რუსეთის მოქალაქე ბიზნესმენი ლევან ვასაძე და პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრი უჩა მამაცაშვილი, რომელიც წლების მანძილზე, რუსეთში ივანიშვილის კუთვნილ აგროჰოლდინგ „სტოილენსკაია ნივას“ ხელმძღვანელობდა.

„თანაინვესტირების ფონდი“ 5 მილიონიან საინვესტიციო პროექტებში 25-დან 75 პროცენტამდე თანამონაწილეობას გეგმავს, პრიორიტეტებად - ტურიზმი, ენერგეტიკა, ლოჯისტიკა, უძრავი ქონება და სოფლის მეურნეობა გამოცხადდა. ერთ-ერთი პირველი პროექტი, რომელშიც ფონდი მსხვილი ინვესტიციით შევა ანაკლიის პორტის მშენებლობა იქნება.

რატომ გახდა ასეთი ფონდის დაარსების აუცილებლობა პრემიერ ივანიშვილის ქოლგის ქვეშ, რომელიც იმავდროულად ქვეყნის ყველაზე მდიდარი ადამიანია? ნიშნავს თუ არა ეს ივანიშვილის ფონდის პრივილიგირებულ მდგომარეობას? რა ელით იმ ინვესტორებს, რომლებმაც შეიძლება ფონდის წესებით თამაში არ ისურვონ ? - ამ კითხვებს ეკონომისტები სვამენ.

აღსანიშნავია, რომ ივანიშვილის მთავრობა, თითქმის ანალოგიურად მოქმედებს სოფლის მეურნეობის სფეროში. „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის“ თავჯდომარეც უჩა მამაცაშვილია; „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდისა“ და „სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს“ თავჯდომარე და გამგეობის წევრი კი თავად ბიძინა ივანიშვილი.

ამ ფონდების მეშვეობით, მთავრობამ უფასო ხვნა-თესვის პროგრამაზე თითქმის 200 000 000 ლარი „გაისროლა“. თანხა ივანიშვილის „ქართუ ფონდმა“ გამოყო. ვინც მიწის დამუშავება არ ისურვა, უფასოდ სხვადასხვა ტექნიკა, ნივთი თუ სასუქი მიიღო; შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში კი უკვე 131 000 000 ლარია გაცემული.

ეკონომისტი გია მაისაშვილი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ საქართველოს პრემიერი ე.წ „აფრიკული სტანდარტით“ მოქმედებს:

„აფრიკულ სტანდარტს უწოდებენ ამას. ისეთ ქვეყნებში, რომლებიც გაზზე და ნავთობის მოპოვებაზე არიან ორიენტირებულნი, ხელისუფლებაში როგორც წესი, ასე გამდიდრებული ადამიანები მოდიან ხოლმე.

შემდეგ, ასეთი მდიდარი ადამიანი, როდესაც უკვე პირველი პირია ხელისუფლების, მთელ დანარჩენ ქვეყანასაც განიხილავს, როგორც მისი კერძო აქტივის ნაწილს და იქცევა სწორედ ასე.

ეს ერთი შეხედვით, თითქოს კარგია, სულ გვესმის ხოლმე - ვაიმე, ის ხომ თავის ფულს ხარჯავს, მისი ინვესტიცია ხო წაახალისებს ეკონომიკას! მაგრამ ეს არ არის ჯანმრთელი, ჯანსაღი და ხარისხიანი ინვესტიცია და მე ამას ძალიან ნეგატიურად ვუყურებ.“

„თანაინვესტირების ფონდში“ შემავალ ინვესტორთა უმრავლესობა უკვე წლებია საქართველოს ბაზრებზე მუშაობს. მაგალითად, არაბეთის გაერთიანებული საემიროების გიგანტი „რაკია“ 2006 წლიდან მოყოლებული, ქვეყანაში ერთ-ერთი მსხვილი ინვესტორია.

თუმცა, 2011 წლიდან, „რაკია“ ფოთის პორტიდანაც გავიდა, არც ფოთის აეროპორტის მშენებლობა დაუწყია და ვერც ფართოდ რეკლამირებული, ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის სრულფასოვანი ამუშავება მოახერხა.

რამდენად წარმატებული იქნება „რაკიას“ და სხვა კომპანიების მონაწილეობა თანაინვესტირების ფონდში, ეს სავარაუდოდ, მომავალ წლებში გამოჩნდება. ფონდში ამბობენ, რომ უკვე განიხილავენ ათამდე საინვესტიციო წინადადებას, რომლებიც შესაძლოა, 600 მილიონი დოლარით დაფინანსდეს.
XS
SM
MD
LG