ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

როცა მთავრობა თავად ინვესტორია


პრემიერი ივანიშვილი ქართველ ბანკირებთან შეხვედრისას
პრემიერი ივანიშვილი ქართველ ბანკირებთან შეხვედრისას

IMF-ს აზრით, პრემიერ ივანიშვილის ინიციატივით დაარსებული სამი საინვესტიციო ფონდი ინტერესთა კონფლიქტს ქმნის და შესაძლოა, ქვეყანაში სხვა ინვესტორებს ფულის დაბანდება გადააფიქრებინოს

226 213 000 დოლარი - სწორედ ამ რაოდენობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა საქართველოში, 2013 წლის პირველ კვარტალში. ყველაზე მეტი ფული ქართულ ეკონომიკაში იაპონელებმა ჩადეს - 46 331 000 დოლარი;

შემდეგ მოდიან: აზერბაიჯანი - 38 354 000 დოლარი; ნიდერლანდები - 34 858 000 დოლარი; დიდი ბრიტანეთი - 18 336 000 დოლარი; ჩინეთი - 12 500 000 დოლარი და ჩეხეთი - 10 208 000 დოლარი.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, შემოსული ინვესტიციებიდან ყველაზე დიდი წილი - 37 პროცენტი, თითქმის 81 000 000 დოლარი, ვაჭრობაში, განათლებაში, კომუნალურ, სოციალურ და პერსონალურ მომსახურებაში ჩაიდო;

ინვესტიციების 29 პროცენტი ანუ 65 000 000 დოლარზე მეტი ფინანსურ სექტორზე მოდის. ენერგეტიკაში კი 18 პროცენტი, 41 000 000 დოლარზე მეტი შევიდა.

2012 წლის, პირველი კვარტლის მონაცემებთან შედარებით (269 400 000 დოლარი), საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 43 180 000 დოლარით არის შემცირებული.

საქართველოს მთავრობის ზოგიერთი წარმომადგენელი ინვესტიციების კლებას გარდამავალი პერიოდით და ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების მოლოდინით ხსნის. ამ მოსაზრებას არ ეთანხმება ეკონომიკის ყოფილი მინისტრი კახა ბენდუქიძე

„შეიძლება საქართველოს მთავრობაში ზოგიერთ ადამიანს უნდა რომ თავი გაიმართლოს. და, მათ შორის თავად მთავრობაში შექმნას არასწორი განცდა, რომ ეს კლება ინვესტორების მხრიდან რაღაცის მოლოდინის, გადაწყობის შედეგია.

აქ, ჩემი აზრით, საქმე იმაშია, რომ მთავრობამ დაიწყო არასწორი ეკონომიკურ-პოლიტიკური მოქმედებები. დარწმუნებული ვარ რომ ინვესტიციების კლება სწორედ ამის შედეგია. ახალმა მთავრობამ შექმნა ძალიან დიდი გაურკვევლობა. გაკეთდა მეწარმეობის და ბიზნესის საწინააღმდეგო რამდენიმე მკვეთრი განცხადება. და ყველაფერი ეს არ შეიძლება გავლენას არ ახდენდეს ინვესტიციებზე.“

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის IMF დასკვნით განცხადებაში დეტალურად არის ჩამოთვლილი ის პრობლემები, რომელთა მიმართაც უცხოელი ინვესტორები შესაძლოა მგძნობიარენი იყვნენ.

სავალუტო ფონდი აკრიტიკებს ელექტროენერგიაზე და ბუნებრივ აირზე ფასების შემცირებას, რასაც საქართველოს მთავრობა, პირიქით, ბოლო თვეების ყველაზე დიდ მონაპოვარს უწოდებს.

განცხადებაში კერძოდ ნათქვამია, რომ „ტარიფების ბოლოდროინდელმა შემცირებამ ელექტრო ენერგიის სადისტრიბუციო კომპანიების რენტაბელობა შეამცირა და შეიძლება შეაფერხოს ინვესტირება. გამჭვირვალობის მიზნით მთავრობას მოვუწოდებთ გამოაქვეყნოს ელექტრო ენერგიის სადისტრიბუციო კომპანიებთან მიღწეული შეთანხმებების პირობები, რათა ტარიფების შემცირების უკან მდგომი მიზეზები გასაგები გახდეს“.

სავალუტო ფონდი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას გადადგას ისეთი ნაბიჯები, რომელიც შეუმსუბუქებს ინვესტორებს წუხილს იმის თაობაზე, „რომ მთავრობა შეიძლება მომავალშიც ჩაერიოს ფასებისა და გადამცემი ხაზების წვდომის განსაზღვრაში.“

სავალუტო ფონდში ასევე მიაჩნიათ, რომ „შრომის კოდექსის შემთხვევაში – ძირითად დაინტერესებულ წრეებთან რთულმა და დროში გაწელილმა კონსულტაციებმა პოლიტიკის სიცხადე ვერ უზრუნველყო“. საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელი აზიმ სადიკოვი ამბობს

„ჯერ კიდევ ექვსი-შვიდი თვის წინ საქართველოში სერიოზული პოლიტიკური ძვრა მოხდა. გარდამავალმა პერიოდმა კი საქართველოს ეკონომიკაზე ნეგატიური გავლენა მოახდინა. საქართველოს მთავრობამ სახელმწიფო შესყიდვებზე კონტროლი გაამკაცრა და ეს მისასალმებელია, თუმცა, ამის გამო, მეოთხე კვარტალში ეკონომიკური აქტივობა დაეცა.

რა თქმა უნდა, ხელისუფლებას არ მოვუწოდებთ, რომ ფული გაუზრებლად გადაყაროს, მაგრამ დროა, ამ მიმართულებით გააქტიურდეს.


2013 წლის პირველ კვარტალში ბიუჯეტი გადაჭარბებით შესრულდა და ჩვენი რეკომენდაციაა ეს სახსრები ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებისთვის მიმართოს.“

გაცილებით ოპტიმისტურად არის განწყობილი საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, რომელიც ამბობს:

„კერძო საინვესტიციო, იგივე თანადაფინანსების ფონდში, რომელიც ასევე უცხოური ინვესტიციებით იქმნება 5 000 000 000 – 6 000 000 000 დოლარი იქნება აკუმულირებული. რაც იმას ნიშნავს, რომ უახლოესი, 2-3 წლის განმავლობაში, საქართველოს ეკონომიკაში 10 000 000 000 დოლარზე მეტი იქნება ინვესტირებული.“

პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ჯერ კიდევ თებერვალში განაცხადა, სამი საინვესტიციო ფონდის შექმნის თაობაზე. წინა ხელისუფლების დროს შექმნილი საპარტნიორო ფონდის მემკვიდრე სუვერენული ფონდი გახდა; ასევე შეიქმნა - კერძო საინვესტიციო და ახალგაზრდული ფონდები.

ერთ-ერთი პირველი დიდი პროექტი, რომელიც ამ ფონდებიდან დაფინანსდა, უფასო ხვნა-თესვის პროგრამა იყო. პროექტზე უკვე 100 000 000 ლარზე მეტი დაიხარჯა. თუმცა, ამ დრომდე გაურკვეველია ვინ და რა მიზნით ჩადო ეს თანხა ფონდში.

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა უკვე განაცხადა, რომ ხალი საინვესტიციო ფონდების მიზნები და მმართველობის სტრუქტურა და მათ მიერ რეალურად მოზიდული დაფინანსების მოცულობა რაც შეიძლება მალე უნდა იქნეს განცხადებული.

"ამ ფონდების პოტენციურმა ზომამ, გაურკვევლობამ მათი საქმიანობის არეალთან დაკავშირებით და შესაძლო პრეფერენციულმა მიდგომამ შეიძლება სხვა ინვესტორებს ფულის დაბანდება გადააფიქრებინოს. ფონდები არ უნდა ქმნიდეს ინტერესთა კონფლიქტის არანაირ ალბათობას.“ - ნათქვამია საერთაშორისო სავალუტო ფონდის განცხადებაში.

XS
SM
MD
LG