ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რა არის უცხოური ინვესტიციების შემცირების მიზეზი?


საქართველოს მთავრობა ინვესტიციების დაცვის ორმხრივი ხელშეკრულებების გაფორმებას იწყებს

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:05:23 0:00
ბმული


საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს ჯერჯერობით არ გამოუქვეყნებია საბოლოო მონაცემები, თუ რა რაოდენობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა საქართველოში 2012 წელს. თუმცა, გასული წლის, პირველი სამი კვარტლის ჯამი – 684 მილიონი დოლარი, საკმარისია იმ სამწუხარო ფაქტის აღსანიშნავად, რომ საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემცირდა.

ეკონომიკის ექსპერტთა აზრით, 2012 წლის საბოლოო მონაცემი, შესაძლოა, ნაკლები იყოს, არა მხოლოდ 2011 წლის მონაცემზე, როცა ქვეყანაში მილიარდ 117 მილიონი დოლარის პირდაპირი ინვესტიცია განხორციელდა; არამედ, 2010 წლის მონაცემზეც. მაშინ საქართველოში 814 მილიონი დოლარის ინვესტიცია შემოვიდა.

2012 წლის მეოთხე კვარტალში, ინვესტიციების კლების ერთ–ერთი მთავარი მიზეზი, დაძაბული წინასაარჩევნო კამპანია, საპარლამენტო არჩევნები და საბოლოო ჯამში, ხელისუფლების ცვლილება გახდა. როგორც წესი, ნებისმიერი ინვესტორი ასეთ პერიოდს ინვესტიციის განსახორციელებლად სარისკოდ მიიჩნევს.

მეორეს მხრივ, ეკონომიკის ექსპერტი ირაკლი ლექვინაძე ამბობს, რომ წინა ხელისუფლების პირობებში, საქართველოში საკუთრების უფლების დაცვის სერიოზული პრობლემა იყო, რამაც უცხოური ინვესტიციების შემცირებას ასევე შეუწყო ხელი:

„ბოლო წლებში, ბიზნესის გარემოს გაუმჯობესების პარალელურად, საკუთრების უფლების დაცვა იყო ერთ–ერთი ყველაზე სუსტი კომპონენტი, რომელიც ახასიათებდა საქართველოს ბიზნეს გარემოს.“

2013 წელს, ეკონომიკის სამინისტროს პროგნოზით, პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა უნდა მოიმატოს. მთავრობა დიდ იმედებს ამყარებს – ერთი მილიარდი დოლარის ოდენობის აზერბაიჯანულ ინვესტიციაზე, რომელმაც შავი ზღვის სანაპიროზე 4,5 მილიონი ტონა წარმადობის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა უნდა ააშენოს. ეს პროექტი ჯერ კიდევ 2011 წელს დაიწყო.

ეკონომიკის სამინისტრო ასევე ელოდება ინვესტიციების ზრდას ისრაელიდან, გერმანიიდან და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან. ეკონიმიკის ახალი მინისტრის აზრით, ამ პროცესის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ხელშეწყობა იქნება 30–ზე მეტ ქვეყანასთან ინვესტიციების დაცვის შესახებ ორმხრივი ხელშეკრულების გაფორმება. ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამბობს, რომ ამ ტიპის ხელშეკრულების გაფორმებას წინა მთავრობა ბლოკავდა:

„იმ სავალალო მდგომარეობის გამო, რომელიც გვქონდა საკუთრების უფლების დარღვევის მიმართულებით, წინა ხელისუფლებამ 32 ქვეყანასთან შეაჩერა ინვესტიციების დაცვის ორმხრივი ხელშეკრულების გაფორმება. ეს ქვეყნები დღეს ელოდებიან მოლაპარაკების განახლებას.“

საქართველოში ინვესტიციების დაცვის პრობლემებზე მიუთითებს მსოფლიოში ორი პრესტიჟული კვლევაც. მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ რეიტინგში Doing Business, საქართველოს სერიოზული წარმატებები ჰქონდა ბიზნესის წარმოების სიმარტივის თვალსაზრისით, სადაც მსოფლიოში მე–16 ადგილიდან მე–9 ადგილამდე გადაინაცვლა. თუმცა, 2012 წლის რეიტინგთან შედარებით, 2 საფეხურით გაიუარესა მდგომარეობა სწორედ ინვესტიციების დაცვის კუთხით.

იგივე ტენდენციაა მოცემული ავტორიტეტული ორგანიზაციის „ჰერიტიჯი ფონდის“ რეიგინტში „ეკონომიკური თავისუფლება 2013“, რომელიც ახლახანს გამოქვეყნდა.

აქაც საქართველო 44 ადგილიდან 21–ე ადგილამდე დაწინაურდა, თუმცა რეიტინგში ასევე ნაჩვენებია გაუარესება კერძო საკუთრების დაცულობის, კორუფციისა და მონეტარული თავისუფლების საკითხებში.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნათია მიქელაძე ამბობს, რომ ინვესტიციების დაცვის შესახებ ორმხრივი ხელშეკრულების გაფორმება ინვესტორებისთვის სერიოზული სიგნალი იქნება:

„ინვესტორი როდესაც შემოდის ქვეყანაში ყოველთვის კითხულობს გვაქვს თუ არა მის ქვეყანასთან ინვესტიციების წახალისებისა და დაცვის ორმხრივი ხელშეკრულება გაფორმებული. ეს მნიშვნელოვნად წაახალისებს ინვესტიციების მოზიდვას.“

იუსტიციის სამინისტროს ვებ–გვერდის მიხედვით, ინვესტიციების წახალისებისა და დაცვის ორმხრივი ხელშეკრულებები საქართველოს მხოლოდ 25 ქვეყანასთან აქვს გაფორმებული. დავის შემთხვევაში ასეთი ხელშეკრულება, ინვესტორს უფლებას აძლევს, ვაშინგტონში მდებარე, ინვესტიციების სფეროში დავების მოსაგვარებელ საერთაშორისო ცენტრს მიმართოს.

ისრაელთან ასეთმა ხელშეკრულებამ ბიზნესმენებს რონი ფუქსსა და ზეევ ფრენკელს საშუალება მისცა საქართველოსთვის 2010 წელს 98 მილიონი დოლარი მოეგოთ. თუმცა, შემდეგ ისინი ქართულ ციხეში აღმოჩდნენ და გათავისუფლების სანაცვლოდ, მხოლოდ 30 მილიონი დოლარით დაკმაყოფილდნენ.

35 მილიონი დოლარი დაუჯდა ქართულ სახელმწიფოს მორიგება, რის შემდეგაც ისრაელის კომპანია „ელბიტმა“ დავების მოსაგვარებელ საერთაშორისო ცენტრიდან სარჩელი გამოიტანა

2012 წლის აგვისტოს ბოლოს ამ ცენტრში საქართველოს სახელმწიფოს, ოპოზიციის მაშინდელმა ლიდერმა, მაშინ საფრანგეთის მოქალაქე ბიძინა ივანიშვილმაც უჩივლა. საქმე ეხებოდა სახელმწიფოს მხრიდან „ქართუ ჯგუფისა“ და „ქართუ ბანკის“ მიზანმიმართულ გაკოტრებას, მას შემდეგ, რაც მისმა ბენეფიციარმა მესაკუთრემ ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში ჩაბმის გადაწყვეტილება მიიღო.

დღეს ივანიშვილი საქართველოს პრემიერ–მინისტრია, „ქართუს“ გაკოტრების საქმეზე მაშტაბური გამოძიება მიმდინარეობს. სარჩელის „ბიძინა ივანიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ კი დიდი ალბათობით, მორიგებით დასრულდება.

უცხოური ინვესტიციები საქართველოში (აშშ დოლარი)

2004 – 499 100 000
2005 – 449 800 000
2006 – 1 190 400 000
2007 – 2 014 800 000
2008 – 1 564 000 000
2009 – 658 400 000
2010 – 814 500 000
2011 – 1 117 200 000
2012 – 684 200 000 (სამი კვარტალი)

კომენტარების ნახვა (1)

XS
SM
MD
LG