ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელის უპრეცედენტო ზეწოლა საქართველოზე


ოფიციალურმა თელ ავივმა საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ვიზიტიც გაურკვეველი ვადით გადადო

რაც უფრო ახლოვდება თარიღი, როცა ქართულმა სასამართლომ ებრაელი ბიზნესმენების საქმეზე განაჩენი უნდა გამოაცხადოს, მით უფრო თვალსაჩინო ხდება სერიოზული კრიზისი ისრაელ-საქართველოს ურთიერთობებში.

გასულ კვირას, ისრაელის მხარემ გაურკვეველი ვადით გადადო საქართველოს პარლამენტის თავჯდომარის დავით ბაქრაძის ვიზიტი. გუშინ კი ცნობილი ხდება, რომ ზუსტად ანალოგიური დიპლომატიური დემარში საქართველოს ეკონომიკის მინისტრ ვერონიკა ქობალიასთან დაკავშირებითაც განხორციელდა.

ქობალია ტურიზმის საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად იერუსალიმში ჩასვლას 29 მარტს გეგმავდა. თუმცა ქართველ კოლეგასთან დაგეგმილი შეხვედრა უკვე გააუქმა ისრაელის ტურიზმის მინისტრმა სტას მისეჟნიკოვმა. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანადაძე ამასთან დაკავშირებით ამბობს:

„ჩვენთვის ოფიციალური მიზეზების თაობაზე ჯერ არ განუცხადებია ისრაელის წარმომადგენლობას. მით უმეტეს, რომ ჩვენ ისრაელის ელჩთან ძალიან ინტენსიური ურთიერთობა გვაქვს. რაც შეეხება თვითონ ვიზიტის გადადების ფაქტს, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს ახალი ინფორმაციაა.

ვვარაუდობთ, რომ ეს გადაწყვეტილება იგივე მიზეზებს ეფუძნება, რა მიზეზებიც ოფიციალურად დასახელდა დავით ბაქრაძის ვიზიტის გადადებასთან დაკავშირებით, თუმცა დეტალებს ჩვენ დავაზუსტებთ როდესაც ელჩს გავესაუბრებით კონკრეტულად ამ თემის თაობაზე.“

ოფიციალურმა თელ ავივმა უკვე დაადასტურა, რომ საქართველოს მთავრობაზე ისრაელის უპრეცედენტო დიპლომატიური ზეწოლის მიზეზი ბათუმში ორი ებრაელი ბიზნესმენის რონი ფუქსისა და ზეევ ფრენკელის დაპატიმრებაა.

„ამერიკის ხმამ“ მსმენელს, შარშან ოქტომბერში ვრცლად მოუთხრო როგორ დააკავეს ბიზნესმენები, რომლებმაც ზუსტად ერთი წლის წინ, ვაშიგტონში, ინვესტიციების სფეროში დავების მოსაგვარებელ საერთაშორისო ცენტრში, საქართველოს სახელმწიფოს 98 მილიონი დოლარი მოუგეს.

სკანდალში გარეულია პრემიერ მინისტრი ნიკა გილაური, რომლის პირადი მოწვევით ჩამოვიდნენ ებრაელები საქართველოში. ასევე იუსტიციის მინისტრის მოადგილე თინა ბურჯალიანი, ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი და მთავარი მოქმედი პირი - ფინანსთა მინისტრის მოადგილე ავთანდილ ხარაიძე.

ოფიციალური ბრალდებით ფუქსმა და ფრენკელმა სწორედ ხარაიძეს შესთავაზეს ქრთამის სახით 7 მილიონი დოლარი. სასამართლო პროცესზე ამ მაღალჩინოსანთა დაკითხვას ითხოვდა ებრაელთა დაცვა, თუმცა მოსამართლემ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. დაკავებულების ადვოკატი არჩილ კბილაშვილი ამბობს:

„ახლა როცა უკვე ისინი პატიმრობაში არიან. ამ გადასახედიდან ისინი აანალიზებენ წინასწარ მოლაპარაკებებს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან და ამბობენ, რომ ეს იყო გარკვეული ხაფანგი, სატყუარა და მთელი ეს მოლაპარაკება იყო წამოწყებული იმ მიზნით, რომ შექმნილიყო ფარული გადაღებების სერიალი.

და დაბრალებოდათ მათ ქრთამის შეთავაზება, რათა საბოლოო ჯამში, ყოველივე ამას გავლენა მოეხდინა იმაზე, რომ ქართულ სახელმწიფოს მათთვის არ გადაეხადა განსაზღვრული თანხა, ის რაც მათ მოიგეს.

მათი თავისუფლების პირობა არის ის, რომ მათ უარი თქვან მოგებულ თანხაზე და ამ შემთხვევაში ისინი განთავისუფლდებიან. აი ამას აღიქვამენ ისინი, როგორც მძევლად ყოფნის დამადასტურებელ ფაქტორს და გამოსასყიდ თანხას სწორედ ამას ეძახიან.“

დიპლომატიური ზეწოლის პარალელურად, ამერიკულ, ებრაულ და ევროპულ პრესაში სულ უფრო ხშირად ჩნდება პუბლიკაციები, სადაც რბილად რომ ვთქვათ ეჭვქვეშაა დაყენებული საქართველოს, როგორც უცხოელი ინვესტორებისთვის უსაფრთხო ქვეყნის იმიჯი.

ისრაელის ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტმა შრაგა ბროშმა პირდაპირ მოუწოდა ებრაელ მეწარმეებს საქართველოსთან ყოველგვარი კონტაქტი გაწყვიტონ.

ოფიციალური თბილისი ცდილობს დაარწმუნოს ქართული საზოგადოება, რომ ისრაელთან ყველაფერი რიგზეა. მთავარი პროკურატურა კი უფრო შორს მიდის და ამტკიცებს, რომ ებრაელებმა ქართველ მაღალჩინოსნებს, ჯერ კიდევ 1992 წელს გადაუხადეს ქრთამი, როცა ქართულ ბაზარზე დამკვიდრებას ცდილობდნენ. მთავარი პროკურორის მოადგილე დავით საყვარელიძე ამბობს:

„მათ თავიდანვე 1992 წელს, როცა ჩამობრძანდნენ, ის უპირატესობები, რომლებიც მიღებული აქვთ აქ, მიღებული აქვთ ქრთამის გადახდის სანაცვლოდ და ამას ისინი მიჩვეულები იყვნენ.

შესაბამისად, დაუშვეს შეცდომა და ჩათვალეს, რომ დღესაც საქართველოში, ახალ საქართველოში შეეძლოთ იმავე რანგის მაღალი თანამდებობის პირის მოსყიდვა და საკუთარი პრივილეგიების ამ მხრივ განაღდება.“

თბილისის საქალაქო სასამართლო თვის ბოლომდე აპირებს გამოაცხადოს განჩინება ფუქსისა და ფრენკელის საქმეზე, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ისრაელის მოქალაქეებს ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელით.

პარალელურად, საქართველოს, ვაშიგტონში, ინვესტიციების სფეროში დავების მოსაგვარებელ საერთაშორისო ცენტრში გასაჩივრებული აქვს გადაწყვეტილება, რომლის ძალითაც ქვეყანას 98 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა.

XS
SM
MD
LG