ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს პრეზიდენტმა გამონაკლისი წესი გამოიყენა და ჰუმანური მოსაზრებებით ორი ებრაელი ბიზნესმენი - რონი ფუქსი და ზეევ ფრენკელი შეიწყალა. ისრაელის მოქალაქეები საქართველოში სასჯელს ფინანსთა მინისტრის მოადგილისთვის დიდი ოდენობით ქრთამის შეთავაზებისთვის იხდიდნენ.

ფუქსს შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი, ხოლო ფრენკელს 6 წლითა და 6 თვით. სააკაშვილმა ორივე ბიზნესმენი შეიწყალა იმის მიუხედავად, რომ მათ არ ჰქონდათ სასჯელის ნახევარი მოხდილი და რაც ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია, არ მოუნანიებიათ ჩადენილი დანაშაული.

ფუქსმა და ფრენკელმა საპატიმრო 2 დეკემბერს, 16 საათზე საქართველოში ისრაელის ელჩის ავტომანქანით დატოვეს, ხოლო თბილისის აეროპორტიდან ისრაელიდან გამოგზავნილი კერძო თვითმფრინავით გაფრინდნენ. ბიზნესმენების ადვოკატი არჩილ კბილაშვილი ამბობს

„ორდინალურ შემთხვევაში მსჯავრდებულს სასჯელის ნახევარი მაინც უნდა ჰქონდეს მოხდილი და გარდა ამისა, ის უნდა ინანიებდეს ჩადენილ დანაშაულს. თუმცა პრეზიდენტს შეწყალების უფლება მაშინაც აქვს, როცა ეს ორი პირობა დაცული არ არის. ამ შემთხვევაში სწორედ ამ გამონაკლის წესთან გვაქვს საქმე, როდესაც პრეზიდენტმა მაინც შეიწყალა ეს ადამიანები.

კონკრეტულად, რა გარემოებებით იხელმძღვანელა პრეზიდენტმა ეს ჩემთვის უცნობია. გარდა ამისა არის კიდევ გარკვეული ვალდებულება, რომელიც მე მაკისრია, ჩემი მხარის, ლონდონის იურიდიული ოფისის მითითებიდან რომ არ მაქვს ყველა დეტალის გამჟღავნების უფლება.

ფუქსისა და ფრენკელის მხრიდან აქცენტი მხოლოდ იქნა იმაზე გაკეთებული, რომ აქვთ სოლიდური ასაკი და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის საკმაოდ მძიმეა. აი ამ გარემოებებზე დაყრდნობით მიმართეს მათ პრეზიდენტის შეწყალების მოთხოვნით.“

ისრაელის მოქალაქე რონი ფუქსს, რომელიც ბერძენ ბიზნესმენ იოანის კარდასოპუსოსთან ერთად კომპანია „ტრამექსის“ ერთ-ერთი მეპატრონეა, 2010 წლის მარტში, ინვესტიციების სფეროში დავების მოსაგვარებელ საერთაშორისო ცენტრში, საქართველოს სახელმწიფოსთვის 98 მილიონი დოლარი ჰქონდა მოგებული.

დაცვის მხარე დღემდე ამტკიცებს, რომ რონი ფუქსი საქართველოში პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურის წერილით შემოიტყუეს და 2010 წლის 14 ოქტომბერს ბათუმში დააპატიმრეს. ციხეში აღმოჩნდა, მოლაპარაკებების დროს შუამავალი, თბილისში მოღვაწე ბიზნესმენი ზეევ ფრენკელიც.

მთავრობასთან მოლაპარაკება გადასახდელი 98 მილიონის შემცირების მიზნით მიმდინარეობდა. თუმცა ფინანსთა მინისტრის მოადგილე ავთანდილ ხარაიძესთან ფუქსისა და ფრენკელის მოლაპარაკებება შინაგანს საქმეთა სამინისტრომ ფარულად გადაიღო და ებრაელები ქრთამის შეთავაზების ბრალდებით დააკავა.

2011 წლის 1 აპრილს ისრაელის მოქალაქეები დამნაშავეებად უკვე სასამართლომ სცნო. ნიშანდობლივია, რომ „ტრამექსის“ მეპატრონის შეწყალება დროში ზუსტად დაემთხვა ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოში საქართველოს მთავრობისა და კომპანია „ტრამექსის“ მორიგებას.

შედეგად საქართველოს სახელმწიფო კომპანია „ტრამექსს“ არა 110 მილიონ დოლარს (20 თვის მანძილზე 98 მილიონს პროცენტის სახით 12 მილიონი დაემატა -ზ.წ) , არამედ 30 მილიონს გადაუხდის. იუსტიციის მინისტრის მოადგილე თინა ბურჯალიანმა კერძოდ განაცხადა

„კომპანია ტრამექსთან მრავალწლიანი დავა ფინანსური თვალსაზრისით საქართველოს სახელმწიფოსთვის ძალიან კარგად დასრულდა. ეს გულისმობს, რომ ტრამექსს აღარანაირი უფლება არ აქვს საქართველოსგან რაიმე მოითხვნა დააყენოს. ამავდროულად, საქართველოს სახელმწიფომ დაახლოებით, 70 მილიონი დოლარი დაზოგა.“

მორიგების მიუხედავად, რონი ფუქსისა და ზეევ ფრენკელის ქართველი ადვოკატი არჩილ კბილაშვილი ამბობს, რომ ჯერჯერობით არ იცის როგორ განვითარდება მოვლენები და აქვთ თუ არა ისრაელის მოქალაქეებს დავის გაგრძელების უფლება და სურვილი.

როგორც ირკვევა, ებრაელ ბიზნესმენებს საქართველოს უზენაეს სასამართლოში ინიცირებული საქმე, რომლითაც ისინი დაპატიმრებას ასაჩივრებენ ჯერჯერობით არ შეუწყვეტიათ.

„ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ლონდონის ოფისმა, ეს დავის შეწყვეტის ვალდებულება არსებობს თუ არ არსებობს და ამის შესაბამისად ვიმოქმედებთ.

შეიძლება ჩემი შეხედულება კი მქონდეს იმ გარიგებიდან გამომდინარე, მაგრამ აქაც შეზღუდვის რეჟიმში ვარ. ამჟამად, ფუქსის და ფრენკელის საჩივარი არის უზანაეს სასამართლოში შეტანლი და დღეის მდგომარეობით, ეს საჩივარი გამოთხოვილი არ არის.“

სამშობლოში დაბრუნებულმა ზეევ ფრენკელმა გაზეთ „ედიოთ არხონოთს“ განუცხადა: „ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ასეთი რამ დემოკრატიულ ქვეყანაში შეიძლებოდა მომხდარიყო. ის რაც მოხდა უფრო ჰგავს იმას, რაც ავღანეთში, პაკისტანსა და ირანში ხდება“. ამის მიუხედავად, ფრენკელი პოლიტიკურ სიტუაციაზე დაკვირვების შემდეგ მაინც აპირებს დაბრუნდეს საქართველოში, სადაც სამი ბიზნესი და უძრავი ქონება აქვს.

ფრენკელმა და ფუქსმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადეს ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრ ავიგდორ ლიბერმანს, რომელიც ამ თემაზე ორჯერ შეხვდა პრეზიდენტ სააკაშვილს.

რონი ფუქსის ადვოკატის მორდეხაი ცივინის ცნობით კი, ბიზნესმენების გათავისუფლებაში ასევე ჩართულები იყვნენ: ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი, ამერიკის ექს-პრეზიდენტი ბილ კლინტონი და სენატორი ჯო ლიბერმანი.

უკვე ორი გაიმართა სატელეფონო საუბარი ისრაელისა და საქართველოს პრეზიდენტებს შორის, რომელიც ორ ქვეყანას შორის უკიდურესად გამწვავებული ურთიერთობის გამოსწორებას ეხებოდა. ამ მიზნით, სავარაუდოდ, დეკემბრის მეორე ნახევარში, ისრაელში საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ჩავა.


XS
SM
MD
LG