ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ICSID: ივანიშვილი საქართველოს წინააღმდეგ


ივანიშვილის ინტერესებს დავაში Skadden-ის ვარსკვლავი გრეგორი კრეიგი იცავს

საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ, რომელმაც სულ რაღაც რვა თვის წინ დაასრულა მრავალწლიანი დავა ინვესტიციების სფეროში დავების მოსაგვარებელ საერთაშორისო ცენტრში, ახალი სარჩელი შევიდა. მომჩივანი ამჯერად ქართული ოპოზიციის ლიდერია.

ბიძინა ივანიშვილი ამტკიცებს, რომ საქართველოს მთავრობამ მიზანმიმართულად მიაყენა უზარმაზარი ფინანსური ზარალი მას შემდეგ რაც, ფილანტროპმა შარშან, ოქტომბერში, პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განაცხადა.

სარჩელში ნათქვამია, რომ ივანიშვილის წინააღმდეგ კოორდინირებულად მუშაობდა მთელი სახელმწიფო: პრეზიდენტი, მთავრობა, პარლამენტი, სასამართლო და ეროვნული ბანკიც კი.

მომჩივანი მიუთითებს, რომ სპეციალურად იქნა შეცვლილი და მხოლოდ ივანიშვილის კუთვნილი „ქართუ ბანკის“ წინააღმდეგ გამოყენებული რამდენიმე კანონი და კოდექსი, რამაც პირველივე დღეებში „ქართუ ბანკიდან" 45 000 000 ლარის კაპიტალის გადინება გამოიწვია.

მომდევნო თვეებში კი „ქართუ ბანკსა" და „პროგრეს ბანკში“ ბიძინა ივანიშვილმა, როგორც ინვესტორმა, დამატებით190 000 000 ლარით იზარალა. ივანიშვილის ადვოკატი არჩილ კბილაშვილი ამბობს

არჩილ კბილაშვილი: „30 აპრილამდე ბიძინა ივანიშვილი იყო ბანკი ქართუს ბენეფიციარი მესაკუთრე, 30 აპრილამდე ბანკს მრავალი ზიანი მიადგა. მათ შორის, კანონის შეცვლა, რომელმაც ბანკს 190 მილიონი ლარის უზრუნვეყოფილი კრედიტების სასესხო პორტფელი გაუფუჭა; ასევე ბანკის დაჯარიმება 890 ათასი ლარით;

ფულის გათეთრების მოგონილი ბრალდებით საინკასაციო მანქანების გაჩერება და შესაბამისად ბანკისთვის პრესტიჟის შელახვა; ოქტომბერში ქართუ ბანკიდან კაპიტალის არნახული გადინება, როდესაც ძალოვანი სამსახურების მითითებით ბანკი სხვადასხვა კლიენტებმა დატოვეს.“

მსოფლიო ბანკთან არსებულ ინვესტიციების სფეროში დავების მოსაგვარებელ საერთაშორისო ცენტრში - ICSID ივანიშვილის ინტერესებს მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი იურიდიული კომპანია „სკადენი, არპსი, სლეიტი, მაარი და ფლომი“ (Skadden) იცავს

„სკადენის“ ვაშინგტონოსა და ლონდონის ოფისების ხელმძღვანელები გრეგორი კრეიგი და დევიდ ჰერლიხი, ივლისის შუა რიცხვებში თბილისში იმყოფებოდნენ. 31 ივლისს, „სკადენის“ იურისტებმა პრეზიდენტ სააკაშვილსა და იუსტიციის მინისტრ ადეიშვილს უკანასკნელი შეტყობინება ჩაბაარეს, სადაც საქართველოს მთავრობას 14 დღის ვადაში უნდა ეღიარებინა ივანიშვილის წინააღმდეგ განხორციელებული პოლიტიკურად მოტივირებული უკანონობა და ზიანის ანაზღაურებაზე მოლაპარაკება დაეწყო.

ეს ვადა 14 აგვისტოს ამოიწურა. მეორე დღეს კი, საქართველოს მთავრობის წინააღდეგ სასამართლოში საარბიტრაჟო განაცხადი შევიდა. „სკადენის“ ვაშინგტონის ოფისის ხელმძღვანელმა გრეგორი კრეიგმა განაცხადა:

„ჩვენ შევთანხდით, რომ წარმოვადგინოთ ბ-ნი ივანიშვილი ინვესტიციების სფეროში დავების მოსაგვარებელ საერთაშორისო ცენტრში. განვაცხადოთ სასამართლოში, ვაჩვენოთ მტკიცებულებები და წარმოვადგინოთ ფაქტები, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს მთავრობის იმ ძალისხმევასთან, რაც ბანკის განადგურებას შეეხება და რაც ბ-ნი ივანიშვილის სახელს უკავშირდება.“

საქართველოს მთავრობამ ივანიშვილის უკანასკნელ შეტყობინებას იმით უპასუხა, რომ არანაკლებ სახელიანი იურიდიული კომპანია „დეკერტი“ (Dechert) დაიქირავა.

ივანიშვილისთვის გაგზავნილ წერილში „დეკერტის“ იურისტები იტოვებენ უფლებას, სადაო გახადონ ინვესტიციების სფეროში დავების მოსაგვარებელი საერთაშორისო ცენტრის იურისდიქცია ამ საქმესთან დაკავშირებით.

"დეკერტი“, რომელსაც ოფისი თბილისშიც აქვს, დავების მოსაგვარებელ საერთაშორისო ცენტრში უკვე იცავდა საქართველოს მთავრობის ინტერესებს, "ტრამექსის" მეპატრონეების რონი ფუქსისა და იოანის კარდოსოპულოსის სარჩელთან დაკავშირებით.

„სკადენი“ კი იმ დავაში ფუქსის, ფრენკელისა და კარდოსოპულოსის ინტერესებს წარმოადგენდა. ეს დავა 2011 წლის დეკემბერში ქართული ციხიდან ფუქსისა და ფრენკელის გათავისუფლებით დასრულდა. საქართველოს მთავრობამ მათ 30 მილიონი დოლარი გადაუხადა, მოთხოვნილი 110 მილიონის ნაცვლად.

XS
SM
MD
LG