ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დაყადაღებული ოპოზიცია


კონტროლის პალატის ხელმძღვანელი ლევან ბეჟაშვილი და პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის უფროსი ნათია მოგელაძე

მას შემდეგ, რაც ოპოზიციის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა უარი განაცხადა 75 მილიონი ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდაზე, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, ეროვნული ბანკის მითითებით, „ქართუ ბანკისა“ და „ქართუ ჯგუფის“ აქციების ასივე პროცენტს ყადაღა დაადო.

ასევე დააყადაღეს კახა კალაძის კუთვნილი „პროგრეს ბანკის“ აქციების 27 პროცენტიც. აღსრულების ეროვნული ბიურო აცხადებს, რომ ეს აქციები ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაა, მაშინ როცა ოპოზიციის ლიდერები ამას კატეგორიულად უარყოფენ.

ჩემს სახელზე მე მაქვს ნაწილი ჩემი ქონების საჩხერეშიც, ბაკურიანში, ურეკში და ალბათ მაგასაც დააყადაღებენ. მაგრამ მე მგონი მაგათთვის მნიშვნელობა არ აქვს ჩემს გვარზე არის თუ არა, ალბათ თვლიან რომ სადაც გამივლია შეუძლიათ ყველაფერი დააყადაღონ.“
ბიძინა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ეს აქციები საკუთარ ვაჟს, უტა ივანიშვილს 2012 წლის მაისში გადაუფორმა. ივანიშვილის ადვოკატი შალვა თადუმაძე ამბობს, რომ ამ ქონების დაყადაღება კანონის უხეში დარღვევებით მოხდა.

„მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა გადაწყვიტა პოლიტიკაში წასვლა, მან გამიჯნა პოლიტიკა და ბიზნესი და აღნიშნული წილები მის ვაჟს უტა ივანიშვილს გადასცა.

ანუ გაასხვისა იმ კომპანიის წილები, რომლებიც ირიბად ქართუ ბანკის დამფუძნებლები არიან. ირიბად და არა პირდაპირ. ბიძინა ივანიშვილს არც ქართუ ჯგუფში, არც ქართუ ბანკში და არც იმ კომპანიებში, რომლებიც ქართუ ბანკისა და ქართუ ჯგუფის ირიბი დამფუძნებლები არიან, წილი არ გააჩნია.

მიუხედავად ამ ინფორმაციის ფლობისა აბსოლუტურად კანონდარღვევით სააღსრულებო ბიურომ მიიღო ეს გადაწყვეტილება.“

კონტროლის პალატის სარჩელის საფუძველზე, საქალაქო სასამართლომ 11 ივნისს ბიძინა ივანიშვილი ჯამში 146 მილიონი ლარით დააჯარიმა, თუმცა სააპელაციო სასამართლომ ჯარიმა 74 მილიონამდე გაუნახევრა.

კონტროლის პალატამ, რომელსაც ლევან ბეჟაშვილი და ნათია მოგელაძე ხელმძღვანელობენ ივანიშვილის დაჯარიმება პოლიტიკური პარტიების დაფინანსების კანონის დარღვევისთვის მოითხოვა. მას შემდეგ, რაც ოპოზიციის ლიდერმა განახევრებული ჯარიმასაც უსამართლო უწოდა, იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ივანიშვილის ქონების მოძიება, აღწერა, შეფასება და დაყადაღება დაიწყო.

ხელისუფლება ამტკიცებს რომ ქართუ ბანკს ეროვნული ბანკისთვის მის მეპატრონეებში რაიმე ცვლილების შესახებ არ შეუტყობინებია და ამის გამო, ქართუ ბანკის 100 პროცენტიან ბენეფიციარ მესაკუთრედ კვლავაც ბიძინა ივანიშვილი რჩება. ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს ქართუ ბანკი.

აღსრულების ეროვნული ბიუროს დირექტორის მოადგილე გურანდა გოგლიძე და ქართუ ბანკის პრეზიდენტი ნოდარ ჯავახიშვილი ამბობენ:

გურანდა გოგლიძე: „წერილობით მოწოდებული ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ვეყრდნობით, ეს გახლავთ ეროვნული ბანკის ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ქართუ ბანკის 100 პროცენტის მფლობელი.“

ნოდარ ჯავახიშვილი: „ ბიძინა ივანიშვილი არ წარმოადგენს სააქციო საზოგადოება ქართუ ჯგუფის აქციონერს და აქვე წარმოგიდგენთ აქციონერთა რეესტრის ამონაწერს. ეს ამონაწერიც გავუგზავნეთ, თუ ვინ არის ქართუ ჯგუფის დამფუძნებელი. ქართუ ბანკის აქციების ასივე პროცენტის მფლობელი არის ქართუ ჯგუფი და ქართუ ჯგუფს ჰყავს ექვსი კომპანია დამფუძნებლები.“

დაყადაღებული ქონებიდან მხოლოდ „ქართუ ბანკის“ ღირებულება 300 მილიონ ლარს აღწევს, რაც ოთხჯერ აღემატება იმ თანხას, რომლის ამოღებასაც სახელმწიფო ბიძინა ივანიშვილისგან ცდილობს.

სახელმწიფოს ერთ თვიანი ვადა აქვს დაყადარებული წილები შეაფასოს და შემდეგ აუქციონზე გაიტანოს. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი პარლამენტის ვიცე სპიკერი გიგი წერეთელი კანონის უზენაესობაზე საუბრობს, თავად ბიძინა ივანიშვილი კი უკანონობაზე:

გიგი წერეთელი: „ის პროცესი როგორც ჩაითვალა კანონთან იყო შეუსაბამო, იქ იყო ელემენტები ასე ვთქვათ მოსყიდვის და ნებისმიერი ასეთი ქმედებები იქნება ისევ კანონის ძალით შეჩერებული.“

ბიძინა ივანიშვილი: „ჩემს სახელზე მე მაქვს ნაწილი ჩემი ქონების საჩხერეშიც, ბაკურიანში, ურეკში და ალბათ მაგასაც დააყადაღებენ. მაგრამ მე მგონი მაგათთვის მნიშვნელობა არ აქვს ჩემს გვარზე არის თუ არა, ალბათ თვლიან რომ სადაც გამივლია შეუძლიათ ყველაფერი დააყადაღონ.“

დღესვე, საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა კონტროლის პალატის კიდევ ერთი სარჩელი და ოპოზიციურ კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალი ექვსივე პარტია - რესპუბლიკური პარტია, თავისუფალი დემოკრატები, კონსერვატიული პარტია, ეროვნული ფორუმი, მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს და ქართული ოცნება უკანონო შემოწიროლობის მიღების საბაბით, ჯამში 2 400 000 ლარის ოდენობით დააჯარიმა.

ზუსტად ერთი კვირის წინ კი, ხელისუფლებამ ასევე დააყადაღა ბიძინა ივანიშვილის ძმის ალექსანდრე ივანიშვილის მფლობელობაში მყოფი საკაბელო ოპერატორის - „გლობალ ტვ“-ის კუთვნილი სატელიტური ანტენები, რომელსაც კომპანია მოსახლეობას განვადებით უმონტაჟებდა.

XS
SM
MD
LG