ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს ხელისუფლება ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ წინააღმდეგ


ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ჯერჯერობით არანაირ განმარტებას არ აკეთებს, როგორ და ვინ დააზიანა ბათუმის საბაჟოზე, 450 ათასი ევროს ღირებულების მოძრავი სატელევიზიო სადგური, რომელიც ტელეკომპანია „მეცხრე არხისთვის“ იყო განკუთვნილი.

მოძრავი სატელევიზიო სადგური ლიტვის ქალაქ შაულიაიში ლიტვურმა კომპანიამ TVC -მა ააწყო, შეამოწმა და დამოუკიდებელი ექსპერტების თანდასწრებით ქარხნული წესით დალუქა. ამ პროცესის ფოტორეპორტაჟი კომპანიის ინტერნეტ გვერდზეც დევს.

დალუქულ მდგომარეობაში შევიდა ავტომანქანა ბათუმის პორტის გაფორმების ზონაში. ლიტვური კომპანიის წარმომადგენლების თქმით, მთავარი პრობლემები სწორედ ბათუმის საბაჟოზე დაიწყო, სადაც ისინი ავტომანქანიდან ჩამოყარეს.

მოძრავი სატელევიზიო სადგური „საბაჟო ბათუმის პორტში“ ხუთი საათის განმავლობაში გააჩერეს. ტვირთისთვის ქარხნული ლუქის ახსნას არ დაასწრეს, არც მფლობელის უფლებამოსილი პირი და არც ლიტვური კომპანიის წარმომადგენელი.

მას შემდეგ, კი რაც მოძრავმა სატელევიზიო სადგურმა ბათუმის საბაჟოს ტერიტორია დატოვა, მისი ჩართვა შეუძლებელია აღმოჩნდა. ლიტვური კომპანია TVC-ის წარმომადგენელი ედმუნდას სტუმბრისი ამბობს

„საქართველოში გამოგზავნამდე მოძრავი სადგური თავიდან ბოლომდე შემოწმდა. ლიტვაში თანამგზავრზე გავუშვით საცდელი სიგნალი, მივიღეთ გამოსახულება. შემოწმდა ყველაფერი, კამერები, ხმის ჩამწერი აპარატურა, ვიდეომიქშერი, გენერატორი, მოკლედ ყველაფერი შევამოწმეთ. შემოწმების პროტოკოლს ადგილზე მოეწერა ხელი.

შემდეგ, ავტომანქანა ქარხნულად დაილუქა და გადავეცით გადამზიდავ კომპანიას, რომელმაც თბილისში ჩამოიყვანა. მარშუტმა ლიტვის გავლით, პოლონეთზე, რუმინეთსა და ბულგარეთზე გაირა. ბულგარეთიდან, ვარნიდან მანქანა გემით შემოვიდა ბათუმში. აქ ავტომანქანა ქარხნულად დალუქული შევიდა ბათუმის პორტის საბაჟოში.

იქ ჩვენს მძღოლებსა და წარმომადგენლებს მოსთხოვეს ტერიტორიის დატოვება. როცა ჩვენები დაბრუნდნენ, მანქანაზე ყველა ლუქი მოხსნილი იყო. გამოყვანის წინ, მანქანას სხვა ლუქები ეკეთა, რითაც თბილისში ჩამოვიდა.

წინასწარი დათვალიერებით თითქოს ყველაფერი წესრიგში იყო, თუმცა კვების ჩართვის შემდეგ აღმოჩნდა რომ აპარატურის ნაწილი საერთოდ არ ირთვება, ნაწილი კი საერთოდ არ მუშაობს. ვერ ვამოწმებთ ვერცერთ ელექტრონაწილს, ერთი მომუშავე მოწყობილობას კი ვერ აღმოვაჩინეთ.“

ლიტვური TVC სატელევიზიო და კავშირის სისტემების ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა. TVC მსოფლიოს ცხრა ქვეყანაში 40 ტელეკომპანიას უწევს მომსახურებას, მათ შორის არის საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელიც.

ერთ-ერთი ბოლო მსხვილი პროექტი TVC-მა ლიტვაში ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატის დროს განახორციელა, როცა ვილნიუსში „ჟალგირისის არენაზე“ ტელესტუდია მოაწყო.

ლიტვურ კომპანიას აქამდე მსგავსი პრობლემა არც სხვაგან და არც საქართველოში არ შექმნია. ბოლო ხუთი თვის განმავლობაში ეს უკვე მეხუთე შემთხვევაა, როცა საქართველოს საბაჟოზე სატელევიზო ტექნიკა მიზანმიმართულად ზიანდება.

ტელეკომპანია „მეცხრე არხი“, რომელიც მაუწყებლობის დაწყებას მარტში გეგმავს, „ქართუ ჯგუფის“ საკუთრებაშია. „ქართუ ჯგუფის“ საერთაშორისო გადაზიდვების უფროსი გიორგი ლილუაშვილი და საბაჟო სამსახურის უფროსი ვლადიმერ ხუნდაძე ამბობენ, რომ ეს პრობლემები ავტომატურად, მას შემდეგ დაიწყო, რაც „ქართუ ჯგუფის“ მეპატრონე ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში წავიდა. საბაჟოზე „ქართუს“ ზარალმა უკვე რამდენიმე მილიონი დოლარი შეადგინა.

გიორგი ლილუაშვილი: „გვექმნება სერიოზული პრობლემები საბაჟოზე. „ქართუ ჯგუფის“ და მასში შემავალი ორგანიზაციების კუთვნილი ტვირთები შემოტანისას საბაჟო გვიქმნის ხელოვნურ ბარიერებსა და დაბრკოლებებს. უფრო მეტიც, სახეზე გვაქვს რიგი შემთხვევებისა, როცა ჩვენი საქონელი საბაჟო ტერიტორიიდან გამოტანის შემდეგ აღმოჩნდა დაზიანებული.“

ვლადიმერ ხუნდაძე: „ეს ყველაფერი დაიწყო, მას შემდეგ რაც ქართუ ჯგუფის დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა განცხადება პოლიტიკაში მოსვლის შესახებ. მას შემდეგ, დაიწყო ამ ნიშნით ჩვენს ჯგუფში შემავალი კომპანიების სახელზე შემოსული ტვირთების გამორჩევა“.

ტელეკომპანია „მეცხრე არხმა“ მაუწყებლობა 1999 წელს დაიწყო და თბილისსა და აღმოსავლეთ საქართველოს ფარავდა. 2004 წლის 1 აპრილს კი, ტელეარხმა მისი მფლობელის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით მაუწყებლობა შეწყვიტა.

2009 წლის მარტში, „მეცხრე არხმა“ კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას მიმართა და მისი კუთვნილი საერთო საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიის, კერძო სპეციალიზირებულ ლიცენზიად მოდიფიცირება მოითხოვა. საპასუხოდ, კომისიამ განაცხადა, რომ „მეცხრე არხმა“ დაარღვია კანონი, ზედიზედ და უწყვეტად მაუწყებლობა შეწყვიტა სამ თვეზე მეტი ხნით, რის გამოც ტელეკომპანიას მაუწყებლობის ლიცენზიები საერთოდ შეუჩერა

წელს, იანვარში, „ქართუ ჯგუფმა“ „მეცხრე არხის“ ასამუშავებლად ტელეკომპანია „მაესტროს“ (შპს „იგრიკა“) მფლობელობაში არსებული საკაბელო და სატელიტური მაუწყებლობის ლიცენზია შეიძინა და ეთერში გასვლას ერთ თვეში გეგმავს.

„ქართუ ჯგუფი“ ირწმუნება, რომ, სხვა ტელეკომპანიებისგან განსხვავებით, ტელეკომპანია „მეცხრე არხს“ დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკა ექნება.

XS
SM
MD
LG