ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქართული ოპოზიციის ლიდერი საფრანგეთის მოქალაქეა


ეკატერინე ხვედელიძე და ბიძინა ივანიშვილი
ეკატერინე ხვედელიძე და ბიძინა ივანიშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს ძალაში დატოვა პრეზიდენტ სააკაშვილის 602-ე ბრძანებულების ის ნაწილი, რომლის ძალითაც ოპოზიციის ახალ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა.

მოსამართლე შოთა გეწაძემ პრეზიდენტ სააკაშვილის 602-ე ბრძანებულების მხოლოდ ის ნაწილი სცნო ბათილად, რომლის ძალითაც საქართველოს მოქალაქეობა ბიძინა ივანიშვილის მეუღლეს ეკატერინე ხვედელიძესაც შეუწყდა. ამის გამო სასამართლომ პრეზიდენტ სააკაშვილს 100 ლარიანი ბაჟის გადახდაც კი დააკისრა.

ივანიშვილის ოჯახის დაცვის მხარემ უკვე განაცხადა, რომ სასამართლომ, რომელმაც სამართლიანი გადაწყვეტილება გამოიტანა ეკატერინე ხვედელიძესთან დაკავშირებით, ვერ გაუძლო პოლიტიკურ ზეწოლას ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით.

დაცვის მხარე აპირებს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, ორი კვირის შემდეგ გაასაჩივროს, როცა, კანონის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს ჩაიბარებს.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სპიკერ-მოსამართლე ეკა არეშიძემ განმარტა. ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა ეკა ბესელიამ კი შემდეგი განაცხადა

ეკა არეშიძე: „ვინაიდან საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების დროს ეკატერინე ხვედელიძე უკვე იყო რუსეთის ფედერაციისა და საფრანგეთის რესპუბლიკის მოქალაქე, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოსა და საქართველოს პრეზიდენტის მიერ საფრანგეთის რესპუბლიკის მოქალაქეობის მიღების ფაქტის მოგვიანებით შეტყობა, სამართლებრივად ვერ გაუთანაბრდება საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შემდეგ ეკატერინე ხვედელიძის მიერ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღებას.

ამრიგად, ბიძინა ივანიშვილისგან განსხვავებით, ეკატერინე ხვედელიძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა არ შეესაბამება კანონმდებლობას. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტასთან დაკავშირებით მართებულად არ მოხდა ბიძინა ივანიშვილისა და ეკატერინე ხვედელიძის ინფორმირება და აღნიშნულთან დაკავშირებით მათი ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩართვა.“

ეკა ბესელია: „ეკატერინე ხვედელიძეს აღუდგება საქართველოს მოქალაქეობა. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის ნაწილს, აქ მოსამართლემ ვერ გაბედა რომ ყოფილიყო სამართლიანი და კანონიერი. ამ ნაწილში გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ, ხვედელიძის ნაწილში კი ჩვენ სასამართლო პროცესი უკვე მოვიგეთ.“

ივანიშვილისა და ხვედელიძეს საქმეზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გახმაურებისთანავე, სახალხო დამცველის განცხადება გავცელდა, სადაც გიორგი ტუღუში იმედს გამოთქვამს, რომ „საქართველოს პრეზიდენტი აღარ გაასაჩივრებს სასამართლოს გადაწყვეილებას ეკატერინე ხვედელიძესთან მიმართებაში“.

სახალხო დამცველის ცნობით, მან ჯერ კიდევ 18 ნოემბერს მიმართა პრეზიდენტ სააკაშვილს რეკომენდაციით გაეუქმებინა 602-ე ბრძანებულების ის ნაწილი, რომელიც ეკატერინე ხვედელიძეს ეხებოდა.

გიორგი ტუღუში საერთოდ არ შეეხო ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხს. დღეის მდგომარეობით, ეკატერინე ხვედელიძე საფრანგეთისა და რუსეთის მოქალაქეობასთან ერთად, საქართველოს მოქალაქეც არის. ბიძინა ივანიშვილი კი მხოლოდ საფრანგეთის მოქალაქეა. მისივე მოთხოვნის საფუძველზე, გუშინ ივანიშვილი საბოლოოდ გავიდა რუსეთის მოქალაქეობიდან.

უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გოკა გაბაშვილი სასამართლოს გადაწყვეტილებას სამართლიანს უწოდებს. ივანიშვილის კიდევ ერთი ადვოკატის ზაქარია ქუცნაშვილის აზრით სასამართლო გადაწყვეტილების ერთადერთი მიზანი, მისი კლიენტის პოლიტიკური პროცესიდან გარიყვაა.

გოკა გაბაშვილი“ „მას თუ ეძვირფასებოდა საქართველოს მოქალაქეობა, ბატონ ბორის არ უნდა დაეთმო საქართველოს მოქალაქეობა სხვა ქვეყნის მოქალაქეობის სასარგებლოდ. ან გაეკეთებინა ეს იმ პროცედურის შესაბამისად, რასაც ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუცია და კანონმდებლობა.“

ზაქარია ქუცნაშვილი: „მე ვსაუბრობ ისეთ უფლებებზე როგორიც არის აქტიური საარჩევნო უფლების გამოყენება, პოლიტიკურ გაერთიანებაში გაწევრიანება, საქართველოს მფარველობა, ქვეყანაში შეუზღუდავად შემოსვლა და გასვლა, სამხედრო სავალდებულო სამსახური, საკუთრებითი ურთიერთობის საკითხი, ეს უფლებები ბიძინა ივანიშვილს დღეს ეზღუდება. გამოხატვის თავისუფლების თვალსაზრისით პრობლემა არ არის, ეს უფლება ჩვენთან დაცულია.“

პრეზიდენტმა სააკაშვილმა ბიძინა ივანიშვილის საქართველოს მოქალაქეობა 2004 წლის 10 ივნისს მიანიჭა, 2011 წლის 11 ოქტომბერს კი შეუწყვიტა, სულ რაღაც ოთხი დღის შემდეგ, რაც ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ საჯაროდ განაცხადა.

„ამერიკის ხმა“ დაინტერესდა არსებობს თუ არა სხვა ანალოგიური შემთხვევა 2004 წლის შემდეგ. ამ კონკრეტული შეკითხვით იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მივმართეთ. რეესტრიდან მოსულ წერილობით პასუხში აღნიშნულია, რომ:

„2004 წლიდან დღემდე საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა 35035 პირს, ხოლო ამავე პერიოდში საქართველოს მოქალაქეობა 21 813 მოქალაქეს შეუწყდა“. სხვა განმარტების გაკეთება სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ საჭიროდ არ ჩათვალა.

XS
SM
MD
LG