ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოში ხმაურიანი ქონებრივი დავები იწყება


ახალი მთავრობის დაკომპლექტების შემდეგ, მთავარი ამოცანა პოლიტიკური წნეხისგან სასამართლოს განთავისუფლება იქნება
ახალი მთავრობის დაკომპლექტების შემდეგ, მთავარი ამოცანა პოლიტიკური წნეხისგან სასამართლოს განთავისუფლება იქნება

1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული ბიძინა ივანიშვილის კოალიცია „ქართული ოცნება“ ახალ მთავრობას მთლიანად დააკომპლექტებს - შინაგან საქმეთა, თავდაცვისა და იუსტიციის მინისტრების ჩათლვით. ეს „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა პირველ შეხვედრაზე გაირკვა.

ამის პარალელურად, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკვე დაასრულა ყველა - 3766-ვე საარჩევნო უბნის დათვლა. არჩევნებში ხმის უფლების მქონე ამომრჩეველთა 60 პროცენტმა - 2 159 624 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

წინასწარი შედეგებით, „ქართულ ოცნებას“ 54,85 პროცენტმა დაუჭირა მხარი ანუ 1 184 612 ამომრჩეველმა. 311,000 ხმით ნაკლები, 873 222 ხმა აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ახალ პარლამენტში „ქართულ ოცნებას“ 83 დეპუტატი ეყოლება, აქედან 39 მაჟორიტარი. პრეზიდენტ სააკაშვილის პარტიას კი 67 დეპუტატი. მათ შორის 34-ია მაჟორიტარი. თუმცა, ამავე დროს გასაჩივრებულია რამდენიმე უბანი და შესაძლოა, ეს მონაცემები შეიცვალოს.

კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი, გოგი ხუციშვილი ამბობს, რომ უფრო მეტ პრობლემას სასამართლო ხელისუფლების რეფორმებირების დროს ელის, ვიდრე აღმასრულებელი ხელისუფლების გადაბარების პროცესში:

„როდესაც ჩვენ აი ასეთი თანაბარდობა გვაქვს, როდესაც ახალ პარლამენტში საკმაოდ ძლიერი ჯგუფის შეყვანა შეძლო ნაციონალურმა მოძრაობამ, უნდა ითქვას, სირთულეები იქნება ხელისუფლების გადაბარების პროცესში. თუმცა, ამ საწყის ეტაპზე დიდ სიძნელეებს ვერ ვხედავ.

უკვე მოხდა შეთანხმება ნაციონალებსა და ოცნებას შორის, არის სურვილი რომ ეს მოხდეს ყველა ნორმის დაცვით და საზოგადოებაც ჩართული იყოს ამ პროცესში. ითქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობა" „ქართულ ოცნებას" ძალოვან მინისტრებსაც არ მოახვევს თავზე.

მე უფრო მეტ პრობლემას ვხედავ სასამართლოს კუთხით. სასამართლო ხელისუფლება ჯერჯერობით შეუცვლელია, იმ სახით რჩება, როგორც ამ სისტემამ, მიმავალმა ხელისუფლებამ ჩამოაყალიბა.

შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ყველაზე მთავარი და ყველაზე ძნელი ამოცანა - პოლიტიკური წნხისგან სასამართლოს გათავისუფლება და თავისუფალი სასამართლოს ჩამოყალიბება. ძალიან ძნელი პროცესია და ამას დასჭირდება დრო.“

მძაფრი კრიტიკის მიუხედავად, თანამდებობის დატოვებას ჯერჯერობით არ აპირებს უზენაესი სასამართლოს თავჯდომარე. საინტერესოა, რომ გუშინ სპეციალურ პრესკონფერენციაზე კოტე კუბლაშვილმა არჩევნებში გამარჯვებული „ქართული ოცნება“ მოსამართლესთან კომუნიკაციის წესის დარღვევაში დაადანაშაულა, რაც მისივე მტკიცებით, ბოლო ოთხი წლის მანძილზე პირველად მოხდა.

ამავე დროს, კარდინალური ცვლილებები მიმდინარეობს იმ პროპაგანდისტულ ტელეარხებზე, რომელსაც დღემდე „ნაციონალური მოძრაობა“ აკონტროლებს. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის 40 პროცენტი არჩევნების შემდეგ, სასწრაფო წესით და სიმბოლურ ფასად, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით კეზერაშვილმა შეიძინა.

დღეს კეზერაშვილი საქართველოს საწვავისა და რეკლამის ბაზარზე არსებული ოლიგოპილიის წარმომადგენელია. დღესვე, მაუწყებლობის ფორმატი მთლიანად შეცვალა ტელეკომპანია „იმედმა“, რომელსაც ისევ ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი არველაძე ხელმძღვანელობს. „ტელეიმედი“ მთლიანად საინფორმაციო ფორმატზე გადადის. ცვლილებებია საზოგადოებრივ მაუწყებელზე, სადაც გუშინ ორი გადაცემა დაიხურა.

პუბლიცისტი ლაშა ბაქრაძე ამბობს, რომ სააკაშვილის პარტიას ყველა შემთხვევაში ექნება რევანშის მცდელობა, თუმცა, იგი მაინც ოპტიმისტურად არის განწყობილი:

„როგორც ჩანს, არავინ არსად წასვლას არ აპირებს. გუშინ, მაგალითად, კეზერაშვილმა შეისყიდა წილები არა მხოლოდ რუსთავი-2-ზე არამედ მზეზეც, ეს იმას ნიშნავს რომ პროპაგანდის საშუალებები და ინსტუმენტები ნაციონალების ხელში რჩება, ანუ ბრძოლა გაგრძელდება.

თუმცა, დადებითია, ის, რომ ორივე პარტია თითქმის ერთნაირად არის წარმოდგენილი პარლამენტში და ეს იძლევა შანსს იმისას, თუ ყველაფერი კარგად წარიმართა, ბოლო და ბოლოს პარლამენტი გახდება ის ადგილი სადაც დაიწყება საუბრები, სადაც დაიწყება დიალოგი.

ნელ-ნელა ჩვენ მივეჩვევით, რომ პარლამენტი არის ის ადგილი, სადაც საკითხები წყდება, ეს იქნება დემოკრატიისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯი და ადამიანებიც უფრო კარგად გაიგებენ, თუ რას ნიშნავს დემოკრატია.“

სამოქალაქო საზოგადოება დღეს ყველაზე მეტად პოლიტიკური წნეხისგან სასამართლო ხელისუფლების გათავისუფლებას ითხოვს. უკვე ცნობილია, რომ წინ გველის არაერთი ხელახალი გამოძიება და სასამართლო პროცესი ბოლო წლებში გახმაურებულ საქმეებზე, მათ შორის მედია ბიზნესში.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ისთვის უკვე სამი ძველი მფლობელი: დავით დვალი, ჯარჯი აქიმიძე და გერმანიაში პოლიტიკური დევნილის სტატუსით მყოფი ქიბარ ხალვაში იბრძვიან. სამივე მათგანი აცხადებს, რომ ტელევიზია უმაღლესი თანამდებობის პირთა მითითებით წაართვეს, რომლებიც დღემდე ხელისუფლებაში რჩებიან.

ლონდონში მცხოვრები ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, ვანო ჩხარტიშვილი კი, ტელეკომპანია „მზის“ და სხვა ბიზნესების დასაბრუნებლად იბრძვის. არ არის გამორიცხული, სამართლებრივი დავა დაიწყოს ტელეკომპანია „იმედის“ ირგვლივაც, რომელიც ოთხი წლის წინ გარდაცვლილი მილიარდერის, ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს ჩამოართვეს, შემდეგ კი ქარხანაში გაუცვალეს.

XS
SM
MD
LG