ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პატარკაციშვილის ოჯახმა ტელეკომპანია „იმედზე“ უარი თქვა


ტელეკომპანია იმედი

პატარკაციშვილის ოჯახმა უარი თქვა ყველა საჩივარზე.

ტელეკომპანია „იმედის“ დათმობის სანაცვლოდ, სამი წლის წინ გარდაცვლილი ოლიგარქის - ბადრი პატარქაციშვილის ოჯახმა, წართმეული ქონების ნაწილის უკან დაბრუნებისა და საქართველოში ბიზნესის კეთების უფლება მიიღო.

ასეთი შეთანხმებით დასრულდა სამწლიანი დავა პატარკაციშვილების ოჯახსა და საქართველოს მთავრობას შორის. ხელშეკრულებით, რომელსაც პატარკაციშვილის ქვრივმა ინა გუდავაძემ და იუსტიციის მინისტრის მოადგილე თინა ბურჯალიანმა მოაწერეს ხელი, პატარკაციშვილის ოჯახმა უარი თქვა ყველა საჩივარზე, მათ შორის საერთაშორისო არბიტრაჟში.

იუსტიციის მინისტრის მოადგილე თინა ბურჯალიანმა პატარკაციშვილებს წარმატება უსურვა. თავის მხრივ პატარკაციშვილის ქვრივმა და დამ - მზია პატარკაციშვილმა შემდეგი განაცხადეს:

თინა ბურჯალიანი: „ამ შეთანხმებით წერტილი დაესვა ყველა დავას, რომელიც მიმდინარეობდა. მე ხაზგასმით ავღნიშნავ, საერთაშორისო არბიტრაჟში მიმდინარე დავას და განსაკუთრებით მივესალმებით იმას, რომ დავების დასრულებასთან და ყველა ღია საკითხის დახურვასთან ერთად, ოჯახი, ქალბატონი ინა აპირებს, რომ გააგრძელოს ბიზნეს-საქმიანობა საქართველოში.“

ინა გუდავაძე: „ჩვენი ოჯახი კმაყოფილია იმით, რომ დღევანდელი ხელშეკრულებით დაისვა წერტილი მრავალწლიან დავას. მგონი ეს ძალიან პოზიტიური მოვლენაა.“

მზია პატარკაციშვილი: „თქვენ იცით, რომ უკვე სამი წელია ვომობთ „იმედთან“ დაკავშირებით საარბიტრაჟო სასამართლოში, ამიტომ, ამ შემთხვევაში ჩვენ, მთელმა ოჯახმა გადავწყვიტეთ, რომ დავთმოთ „იმედი“, რადგან დაგვიბრუნდეს ყველა აქტივი, ის ქონება, რაც ოფიციალურად ეკუთვნოდა ჩვენს ოჯახ, რათა ისევ დავიწყოთ ის საქმიანობა რასაც ბადრი აკეთებდა.“

პატარკაციშვილების ოჯახი ჯერჯერობით არ აკონკრეტებს, რომელი ჩამორთმეული ბიზნესი დაიბრუნეს უკან. გარდაცვალებამდე, ოლიგარქი საქართველოში ფლობდა ტელეკომპანია „იმედს“, მობილურ კომპანია „მაგთის“, მთაწმინდის პარკს, თბილისის ცირკს, სტანდარტბანკს, მაუდის ქარხანას, ჰიპერმარკეტ „გუდვილს“, საფეხბურთო კლუბ თბილისის „დინამოსა“ და მინერალურ წყალ „ბორჯომის“ ბიზნესს.

აქედან, პატარკაციშვილის ოჯახმა მოლაპარაკების გზით მხოლოდ თბილისის „დინამო“ დათმო, რომელიც წელს მილიონერმა რომან ფიფიამ შეიძინა.

ცნობილია, რომ დანარჩენი აქტივები საქართველოს ხელისუფლებამ გაასხვისა. მთაწმინდის პარკის ახლანდელმა მფლობელმა, არაბული „რაკიინის“ წარმომადგენელმა უკვე განაცხადა, რომ არ დათმობენ პარკს, თუ კომპანიას გაწეული ინვესტიციას არ დაუბრუნებენ.

ექსპერტი გია ხუხაშვილი ხსნის, თუ რატომ დათმეს პატარკაციშვილებმა ტელეკომპანია „იმედი“

გია ხუხაშვილი: „პატარკაციშვილების ოჯახი დაიღალა მუდმივი ბრძოლისგან და მე ადამიანურად მათი ნამდვილად მესმის. იმაზე, რაც დღეს მოხდა ჩვენც ვართ ყველანი პასუხისმგებლები. მთლიანად ქართული საზოგადოება, რომ ვერ მოვახერხეთ „იმედის“ დაცვა. არა ამ ოჯახის ინტერესების დაცვა, არამედ, „იმედის“- სიტყვის თავისუფლების დაცვა. აი, ამ დრამატულ პერიოდში, როდესაც ეს პროცესები მიდიოდა.“

თბილისში დაბადებულმა, ქართველმა ებრაელმა ბადრი პატარკაციშვილმა უზარმაზარი კაპიტალი რუსეთში მოღვაწეობის დროს დააგროვა. 2001 წელს, რუსეთის ახალ ხელისუფლებასთან კონფლიქტის გამო, მასზე ძებნა გამოცხადდა და პატარკაციშვილმა საქართველოს შეაფარა თავი.

თბილისში პატარკაციშვილმა დაარსა ტელეკომპანია „იმედი“ და შეიძინა რამდენიმე მსხვილი ბიზნეს-აქტივი. ოლიგარქი აქტიურად აფინანსებდა პოლიტიკურ პარტიებსაც, მათ შორის მმართველ „ნაციონალურ მოძრაობას“.

კონფლიქტი პატარკაციშვილსა და ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო პოლიტიკით უკმაყოფილო ხელისუფლებას შორის, ჯერ კიდევ 2004 წელს, პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას დაღუპვისთანავე დაიწყო, 2007 წელს კი კულმინაციას მიაღწია და „იმედის“ დარბევა-დახურვით დასრულდა.

სახელმწიფო გადატრიალებაში ეჭვმიტანილ პატარკაციშვილს საქართველოში ყველა ბიზნესს-აქტივი დაუყადაღეს და ჩამოართვეს. თავად დიდ ბრიტანეთში გაქცეულმა ოლიგარქმა 2008 წლის იანვარში საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღო მონაწილეობა, თუმცა დამარცხდა. 12 თებერვალს კი 52 წლის ოლიგარქი ლონდონში სრულიად მოულოდნელად გულის შეტევით გარდაიცვალა.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 2010 წლის ბოლოს, საჯარო გამოსვლის დროს პატარკაციშვილს საშიში სახელმწიფო დამნაშავე უწოდა

მიხეილ სააკაშვილი: „რამდენიმე წლის წინ, 7 ნოემბერს, ძალიან საშიშმა სახელმწიფო დამნაშავემ ბადრი პატარკაციშვილმა გადაწყვიტა საქართველოში მოეწყო რევოლუცია. მან დაამუშავა საზოგადოებრივი აზრი მრავალი თვის განმავლობაში. რაც დანამდვილებით ვიცით, მინსკში 2007 წლის სექტემბერში, შეხვდა რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის ორ გენერალს.

დაითქვა თარიღი. თავის გაზეთში „კომერსანტში“ გადაუხადეს ორჯერ მეტი ფასი ვიდრე ის ღირდა, ერთადერთი პირობით მიგაქვს ეს ფული და იხარჯება ეს გადატრილები მოწყობაში. არ მივეცით მას სახელმწიფო გადატრიალების განხორციელების საშუალება, რაც დეტალურად აღწერა თვითონ ვრცელ ინტერვიუში, რომელიც მისცა ერეკლე კოდუას.

დღეს აბსოლიტურად დარწმუნებული ვარ, რაღაცეები უფრო ლამაზად შეიძლება გაკეთებულიყო, მაგრამ ჩვენი ყველა მოქმედება იყო სწორი.“

შეთანხმების მიხედვით, პატარკაციშვილების ოჯახმა უფლება დაიტოვა, საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული, ოლიგარქის მრავალმილიარდიანი ქონების დასაბრუნებლად დავა გააგრძელოს.

ამ დავაში ქვრივთან ინა გუდავაძესთან, დებთან - მზია და მაია პატარკაციშვილებთან და დედასთან ნათელა პატარკაციშვილთან ერთად, ჩართული არიან პატარკაციშვილის მეორე მეუღლე ოლგა საფონოვა და მისი ვაჟი; რუსი ოლიგარქი ბორის ბერეზოვსკი და იოსებ კაკიაშვილი იგივე ჟოზეფ ქეი, რომელსაც ოჯახი პატარკაციშვილის ანდერძის გაყალბებაში ადანაშაულებს.

საქართველოს მთავრობასთან ამ შეთანხმების გაფორმებამდე მოხდა საინვესტიციო კომპანია „სელფორდ-ჯორჯიას“ საბოლოო ლიკვიდაცია, რომელიც საქართველოში პატარკაციშვილის ბიზნესს-აქტივებს მართავდა.

XS
SM
MD
LG