ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტელეკომპანიებს "შავი ბუღალტერია" გაუსუფთავეს


ნოდარ ხადური

რა სქემით ჩამოაწერეს ტელევიზიებსა და კერძო კომპანიებს საგადასახადო დავალიანებები ?!

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:05:31 0:00
ბმული

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ცალსახად მიანიშნებს, რომ ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილისა და ყოფილი ფინანსთა მინისტრის ალექსანდრე ხეთაგურის მიერ, ოთხ ტელეკომპანიაში განხორციელებული საგასახადო ამნისტია სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს ატარებს. ამ ამნისტიის ინიციატივით ყოფილი მთავრობა 5 ოქტომბერს გამოვიდა, როცა ნათელი გახდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდა.

5-დან 15 ოქტომბრამდე ფინანსთა სამინისტრომ გადასახადები იმ ოთხ ტელეკომპანიას ჩამოაჭრა, რომელსაც უშუალოდ პრეზიდენტი სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ აკონტროლებდნენ.

ტელეკომპანია „იმედს“ 13 865 962 ლარის საგადასახადო დავალიანება ჩამოეჭრა და მეორე დღესვე დაუბრუნდა ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს; ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს 5 243 107 ლარის დავალიანება.

„ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ამბობს, რომ ვანო მერაბიშვილის მთავრობა კიდევ უფრო ნოვატორული გამოდგა ტელეკომპანიების „რეალ ტვ“-სა და „საქართველოს“ საგადასახადო დავალიანებების ჩამოჭრისას.

„რუსთავი 2-სა და იმედის ჩამოეწერა გადასახადები კონკრეტული მოცულობით, რომლებიც მათ დეკლარირებული ჰქონდათ, ანუ ისინი აღიარებდნენ ამ საგადასახადო ვალდებულებას, მაგრამ არ იხდიდნენ. სახელმწიფომ დიდსულოვნება გამოიჩინა და ჩამოაჭრა.

არის კიდევ ორი ტელეკომპანია, რომელთა მიმართებაშიც ძველი ხელისფლება კიდევ უფრო შორს წავიდა. მათ ჩამოეწერათ ე.წ არადეკლარირებული ანუ დამალული გადასახადები, ყველანაირი გადასახადი, რომლებიც შეიძლება ჰქონოდათ გადასახდელი, ან არ ჰქონოდათ, რომელიც შეიძლება არ იყო აღრიცხული ბუღალტრულად. მოკლედ გაუსუფთავეს ბუღალტერია. ეს შეეხება ორ ტელეკომპანიას „საქართველოს“ და „რეალ ტვ-ის.“

როგორც ცნობილია, არჩევნების შემდეგ, ტელეკომპანია „საქართველოს“ სამაუწყებლო სიხშირეებს უშიშროების საბჭოს მდივნის გიგა ბოკერიას მეუღლე, თამარ ჩერგოლეიშვილი დაეპატრონა.

თავად „საქართველო“ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მეპატრონეებზე, პრეზიდენტ სააკაშვილის ახლო მეგობრებზე ლევან და გიორგი ყარამანიშვილებზე გადაფორმდა. ბოლოს გადაჯგუფებით კი ტელეკომპანია „საქართველო“ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის 51 პროცენტიანი წილის მფლობელი გახდა. ამის სანაცვლოდ, „საქართველომ“ „რუსთავი 2“-ს 5 700 000 ლარის ღირებულების სატელევიზიო ტექნიკა და ავეჯი გადასცა.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ახალი დირექტორი კი გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე ნიკა გვარამია გახდა. ბოლო ორი წლის მანძილზე „ცანიონალური მოძრაობის“ კონტროლირებად ტელეარხებს „ფინანსური ამნისტია“ ორჯერ შეეხოთ. 2010 წელს მათ 36 000 000 ლარის დავალიანება ჩამოაწერეს.

ფინანსთა ახალი მინისტრის ინფორმაციით, მას სამინისტროში ხელმოსაწერად გამზადებული დოკუმენტაცია დახვდა საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით. წინა მთავრობა სახელმწიფო ტელე და რადიო ჰოლდინგისთვის, რომელიც 2012 წელს ბიუჯეტიდან 49 600 000 ლარით დაფინანსდა, 3 800 000 ლარის საგადასახადო დავალიანების ჩამოჭრას გეგმავდა, თუმცა გაურკვეველ მიზეზთა გამო ეს ოპერაცია ვერ მოესწრო.

შემოსავლების სამსახური საზოგადოებრივ მაუწყებელს მესამე კვირაა ამოწმებს. ნოდარ ხადურის თქმით, სიტუაციაა არცთუ სახარბიელოა.

„ძალიან ვწუხვარ, მაგრამ როგორც ჩანს საზოგადოებრივი მაუწყებლის ფინანსები მთლად შესაბამისობაში არ არის რეალობასთან და არის ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი. თუმცა ვიდრე არ დასრულდება შემოსავლების სამსახურის შემოწმება, ამას ჯერ ვერ გავაჟღერებ.“

ყოფილი პრემიერის ნიკა გილაურისა და ვანო მერაბიშვილის მთავრობები „საგადასახადო ოაზისებს“ მხოლოდ მათთვის სასურველ ტელეკომპანიებს არ უქმნიდნენ. ივლისში არადეკლარირებული, ანუ დამალული გადასახადები ეპატია სამშენებლო კომპანია „ენ-სი-სის“.

ამ კომპანიის დირექტორი, თბილისის მერის გიგი უგულავას უახლოესი გარემოცვის წევრი გეგი ქელბაქიანი სასამართლომ 150 000 ლარის ოდენობის გირაოს საფუძველზე ახლახანს გაათავისუფლა. ფინანსური მენეჯერი კი დაკავებულია. ანალოგიური სქემა მოქმედებდა ვანო მერაბიშვილთან ასოცირებულ კომპანია „ნიუ ენერჯის“ შემთხვევაშიც.

ნოდარ ხადური ამბობს, რომ კომპანიების და ფონდების სია, რომელსაც წინა მთავრობა გადასახადებს პატიობდა საკმაოდ დიდია:

„თბილისის განვითარების ფონდები მუშაობდნენ რამდენიმე თვე ან რამდენიმე წელი, მერე მათთან ანალოგიურად ხდებოდა საგადასახადო შეთანხმება და ამას ფონდების ლიკვიდაცია მოსდევდა. მერე იქმნებოდა ახალი ფონდები, ანალოგიურად იგროვებდა დავალიანებას, კიდევ ჩამოაწერდნენ და ისიც ასრულებდა მუშაობას.

მე ვფიქრობ, ძალიან საინტერესო თემაა, რომ ეს სქემები, მათ შორის, არ გამოვრიცხავ კორუფციული სქემები იყოს გაშიფრული. აი, ცნობილი ფირმა „ენ-სი-სი“. ამ კომპანიას ივლისში სახელმწიფომ ასევე დამალული გადასახადები აპატია, დაახლოებით 200 000 000 ლარი ჰქონდა ამ კომპანიას ბრუნვა, საიდანაც მინიმუმ 30 000 000 ლარი გადასახადებში უნდა წასულიყო. შეიძლება მეტიც.

საგადასახადო შეთანხმებით კი ამ კომპანიას მხოლოდ 1 200 000 ლარი უნდა გადაეხადა ბიუჯეტისთვის. მე ვფიქრობ, რომ ეს ზუსტად იგივე მექანზმია, გარკვეული კომპანიების მიმართ უკანონო შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმების დაწესება, მაშინ როცა სხვა კომპანიებს უბრალოდ წელში წყვეტდნენ გადასახადებით და საგადასახადო ადმინისტრირებით.“

სავარაუდოდ, სწორედ ასეთი კორუფციული სქემების გასაშიფრად ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურის თანამშრომლები გუშინ თბილისის მერიის ადმინისტრაციაში, მერიის კეთილმოწყობის, შესყიდვების და არქიტექტურის სამსახურებში, ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარებისა და თბილისის განვითარების ფონდებში და ასევე „თბილისერვის“ ჯგუფში შევიდნენ.

თბილისის მერმა გიგი უგულავამ, რომლის გარშემოც ფაქტობრივად წრე იკვრება, ამ შემოწმების სერიას "პოლიტიკურად მოტივირებული" უწოდა.

XS
SM
MD
LG