ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მეორე „საგადასახადო ამნისტია“ ტელევიზიებს


ოპოზიციაში გადასული „ნაციონალური მოძრაობა“ პროპაგანდისტული მანქანის გადარჩენას ცდილობს

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული


ოპოზიციაში საბოლოო გადაბარგებამდე „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ კიდევ ერთი საჩუქარი გაუკეთა იმ ტელეკომპანიებს, რომლებსაც ჯერჯერობით ისევ აკონტროლებს. ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ალექსანდრე ხეთაგურის გადაწყვეტილებით, ტელეკომპანიებს ვადაგაცილებული საგადასახადო დავალიანება და მათზე დარიცხული სანქციები შეუმცირდათ.

ბოლო ორი წლის განმავლობაში ეს უკვე მეორე საგადასახადო ამნისტიაა. 2010 წელს, ტელეკომპანიებს „რუსთავი 2“-სა და „იმედს“ ჯამში 25 მილიონი ლარი, ხოლო საზოგადოებრივ მაუწყებელს - 9 მილიონი ლარი ჩამოაჭრეს. სულ 36 მილიონი ლარის დავალიანება იქნა განულებული.

დღეს, ყველაზე დიდი დავალიანება - 15 მილიონ ლარამდე - ისევ „იმედს“ აქვს; „რუსთავი 2“-ის ვალი ექვს მილიონ ლარს აღემატება; სამ მილიონზე მეტი დავალიანება ჰქონდა საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელიც ბიუჯეტიდან 28 მილიონი ლარით ფინანსდება.

ალექსანდრე ხეთაგურმა ეს გადაწყვეტილება სატელევიზიო ბაზრის განვითარების სურვილით ახსნა:

„საქართველოში ტელემედიის განვითარების და ხელშეწყობის მიზნით, კიდევ ერთხელ მინდა მოხდეს ქვეყანაში მოქმედი ყველა ტელემაუწყებლისთვის არსებული ვადაგაცილებული საგადასახადო დავალიანების და მასზე რიცხული სანქცია-საურავების შემცირება.

მინდა ღიად მივმართო ყველა მაუწყებელს, ცენტრალურს თუ რეგიონულს, მომართონ ფინანსთა სამინისტროს, რათა დროულად მოხდეს შესაბამისი პროცედურების განხორციელება.“

არჩევნებში დამარცხების შემდეგ, „ერთიანი ნაციონალურმა მოძრაობის“ მიერ კონტროლირებად ტელეარხებზე სერიოზული ფინანსური კრიზისია და გადაჯგუფება მიმდინარეობს.

ტელეკომპანიების - „რუსთავი 2“-ისა და „მზის“ საკონტროლო პაკეტები ბოლო ორ კვირაში ორჯერ გაიყიდა. ჯერ სიმბოლურ ფასად თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, დავით კეზერაშვილმა იყიდა, შემდეგ კი ასევე სიმბოლურ ფასში, პრეზიდენტ სააკაშვილის ახლო მეგობარს, გიორგი ყარამანაშვილის მიჰყიდა.

დავით კეზერაშვილის თავდაცვის მინისტრობის დროს, მის მიერ დაფუძნებული ტელეკომპანია „საქართველო“, რომელიც კერძო საერთო მაუწყებლობის სამ ლიცენზიას ფლობს მოულოდნელად უშიშროების მდივნის, გიგა ბოკერიას ცოლს თამარ ჩერგოლეიშვილს გადაეცა.

ფინანსური კრიზისია რუსულენოვან „პირველ კავკასიურზეც“, არხი ვეღარ მაუწყებლობს თანამგზავრზე, არ დარიგებულა ხელფასები, რის გამოც გუშინ ეთერში მდუმარე საპროტესტო საინფორმაციო გამოშვება გავიდა.

ფინანსური კრიზისის გამო, ტელეკომპანია „იმედმა“ ახალი ამბების გარდა, ყველა გადაცემა შეაჩერა. ყველა თანამშრომელი უხელფასო შვებულებაში გაუშვა ტელეკომპანია „რეალ ტვ“-მ, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო აკონტროლებდა.

უკვე გადამდგარი მთავრობის მიერ ტელეკომპანიებისთვის საგადასახადო დავალიანებების ჩამოწერას პოლიტიკურ კორუფციად აფასებენ გაზეთ „რეზონანსის“ რედაქტორი ლაშა ტუღუში, ტელეკომპანია „მაესტროს“ მფლობელი მამუკა ღლონტი და მედია ექსპერტი ზვიად ქორიძე

ლაშა ტუღუში: „ჩემი აზრით, ეს პოლიტიკური კორუფციის ტიპური მაგალითია, როდესაც საკუთარ ტელევიზიებს გაუგორეს კოჭი და ჩამოაწერეს ვალები. რას ნიშნავს ეს?

ეს არის სახელმწიფოებრივი მიდგომა?! აუცილებლად უნდა იქნეს გამოძიებული, რატომ იღებს ასეთ გადაწყვეტილებებს უკვე ყოფილი მინისტრი, რომელიც ფორმალურად არის თანამდებობაზე, ასეთი ტიპის გადაწყვეტილებებს.“

მამუკა ღლონტი: „მაესტროს არც მაშინ და არც ახლა არანაირი დავალიანება არ ჰქონია იმიტომ, რომ ჩვენ ამ დავალიანებას არავინ გვაპატიებდა. რაც შეეხება მაშინ და ეხლაც ათეულობით მილიონი ლარის ვალის ჩამოწერას, პირდაპირ და ხმამაღლა ვამბობ სააკაშვილი იწერს ვალებს, იმიტომ რომ ეს ტელეკომპანიები იყო და არის მიხეილ სააკაშვილის. ეს არის კორუფცია. ამ ე.წ. ამნისტიის მაშინდელი და ეხლანდელი ავტორებიც აღვევენ კანონს.“

ზვიად ქორიძე: „ეს ტელევიზიები იყვნენ შავი ფულის დოტაციაზე. ვიდრე ისინი არ გამოაქვეყნებენ სრულად საკუთარ ფინანსურ ანგარიშს და ეს იქნება არა „ჯიბის“ აუდიტების, არამედ საერთაშორისო აუდიტების გაკეთებული აუდიტი, და არ დაიდება დოკუმენტები, ყოველწლიური მაჩვენებლები, ამნისტია დაუშვებელია.

ჩვენ უნდა ვიცოდეთ ამ ტელეკომპანიებმა რა შემოსავლები მიიღეს? რა ხარჯები ჰქონდათ? რამდენი იყო დეფიციტი? საიდან იფარებოდა ეს დეფიციტი? როგორ აიკიდეს ამხელა ვალები? მანამდე ეს ამნისტია დანაშაულია. ეს არ არის მედიის დევნა, პირიქით ეს არის მედიის ანგარიშვალდებულება საზოგადოებასთან, ჩვენ არაფერი არ უნდა გვქონდეს საზოგადოებისთვის დასამალი.“

ბოლო წლებში ის მედია საშუალებები, რომლებსაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ვერ აკონტროლებდა, მუდმივად შემოსავლების სამსახურის წნეხის ქვეშ იყვნენ.

2011 წელს, ზედიზედ ორჯერ დაედო ინკასო ტელეკომპანია „კავკასიის“ ანგარიშებს, მათ შორის ერთხელ 2 ლარისა და 15 თეთრის დავალიანების გამო.

შარშანვე შემოსავლების სამსახური რამდენიმე თვის მანძილზე ამოწმებდა საგამომცემლო სახლ „მედია პალიტრაში“ შემავალ ექვს კომპანიას.

2012 წლის ზაფხულში, კი შემოსავლების სამსახურმა ტელეკომპანია „მაესტროს“ კუთვნილი რვა ათასი სატელიტური თეფში საბაჟაზე დააკავა. „მაესტრომ“ ტვირთის მიღება მხოლოდ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მოახერხა.

ჯერჯერობით უცნობია, ახალი მთავრობის დამტკიცების შემდეგ, დარჩება თუ გაუქმდება აშკარად პოლიტიკურად მოტივირებული საგადასახადო ამნისტია.

XS
SM
MD
LG