ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„მაესტროს“ 10 ათასი სატელიტური თეფში დაუყადაღეს


მაესტროს კოლექტივის პროტესტი
მაესტროს კოლექტივის პროტესტი

"ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტების აღმოფხვრის" საბაბით აუდიტის სამსახურის მითითების საფუძველზე, პროკურატურამ და სასამართლომ ამჯერად ტელეკომპანია „მაესტროს“კუთვნილი 10 ათასი სატელიტური თეფში დააპატიმრა და დააყადაღა.

კერძო საკაბელო ტელკომპანიამ, დაფარვის არეალის გაფართოების მიზნით, ივლისის დასაწყისში დაიწყო აქცია სახელწოდებით - „მაესტრო“ ყველა ოჯახში“. აქციის ფარგლებში „მაესტრო“ თურქეთში შეძენილი სატეტილუტი თეფშების მოსახლეობისთვის შეთავაზებას გეგმავდა.

თუმცა პროკურატურამ გონივრული ეჭვის საფუძველზე დაასკვნა, რომ კერძო ტელეკომპანია ამომრჩევლის მოსყიდვას ოპოზიციის ლიდერის ბიძინა ივანიშვილისა და კომპანია „ელიტა ბურჯის“ დახმარებით ახორციელებდა და მათთან თვალთმაქცურ გარიგებაში იყო ჩართული. მთავარი პროკურატურის ანტიკორუფციული დეპარტამენტის უფროსი ზაზა ქაჩიბაია ამბობს:

„ეჭვმიუტანლად დადასტურებულია, რომ სატელიტური ანტენების შეკვეთა, შეძენა, შემოტანა და საბაჟო პროცედურების განხორციელება და შემდეგომში მათი დამონტაჟება მთლიანად ორგანიზებული იყო ბიძინა ივანიშვილის კომპანია „ელიტა ბურჯის“ დირექტორის თენგიზ გვაზავას, კრისტი პელეხისა და მათთან დაკავშირებული სხვა პირების მიერ. რაც შეეხება „მაესტროს“ მას ამ პროცესთან მხოლოდ ფორმალური შეხება ჰქონდა.“

მთავარმა პროკურატურამ ასეთი დასკვნა გამოიტანა იმის მიუხედავად, რომ „მაესტრომ“ არათუ თეფშების დამონტაჟება, პიარ აქციის დაწყებაც კი ვერ შეძლო. ტელეკომპანიის კუთვნილი სატელიტური თეფშები წინასწარ იქნა დაყადაღებული „შესაძლო დანაშაულის პრევენციის საბაბით“.

სამართალდამცავებმა გაავრცელეს ოპერატიული მასალაც, რითაც, მათივე მტკიცებით, დასტურდება რომ „მაესტროსთვის“ განკუთვნილი თეფშები სინამდვილეში „გლობალ ტვ-ს“ ეკუთვნოდა.

ოპერატიულ კადრებში ჩანს, რომ სტიკერები, რომელსაც „გლობალი“ აწერია. შეგახსენებთ, რომ ივნისის ბოლოს პროკურატურამ „გლობალ ტვ“-ს 100 000-მდე სატელიტური თეფში იმავე, ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით დააპატიმრა და ამ საქმეზე გამოძიება დღემდე გრძელდება.

„მაესტროს“ ერთ-ერთი მეპატრონე მამუკა ღლონტი ამბობს, რომ ოპერატიული მასალა გაყალბებულია და პროკურატურამ „გლობალის“ ადრე დაყადაღებული თეფშები გამოიყენა, რათა „მაესტროს“ თეფშების დასაყადაღებლად მტკიცებულება შეექმნა.

„ჩემი ღრმა რწმენით პროკურატურამ მოახდინა ფალსიფიცირება მათ საწყობებში ინახება ათეულ-ათასობით ეს ტვირთი რაც გვაჩვენეს. ელემენტარულად დატვირთეს მანქანა, მიიყვანეს და გადაიღეს.

თუ მხოლოდ მაესტრო დაიწყებს ამ ფაქტის გაპროტესტებას, მაშინ ხელისუფლება ამას გადაიყვანს ბიზნესის და პროკურატურის დავაში, ამიტომ მთლიანად მედიაზე, ჩვენს ერთსულოვნებაზეა დამოკიდებული რა შედეგებს მივიღებთ.“

ტელეკომპანია „მაესტროს“ პოზიციას იზიარებენ კამპანია „ეს შენ გეხებას“ მონაწილე არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები. მათი აზრით, ვინაიდან აუდიტის სამსახურს არ დაუკავშირებია ტელეკომპანია „მაესტრო“ რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან და ასეთი კავშირის შესახებ რაიმე სახის მტკიცებულება არც პროკურატურას წარმოუდგენია შესაბამისად „მაესტროზე“ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონის 252-ე მუხლით დადგენილი შეზღუდვების გავრცელება უკანონოა, ისევე როგორც „მაესტროს“ დადანაშაულება ამომრჩევლის მოსყიდვაში

. „ეს შენ გეხებას“ კამპანიის მონაწილეების აზრით, საქმე გვაქვს სახელმწიფოს მხრიდან დამოუკიდებელი ტელეკომპანიის შეზღუდვის ფაქტთან. „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს“ დირექტორი თამარ კორძაია და სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში კერძოდ ამბობენ:

თამარ კორძაია: „პროკურატურას არ წარმოუდგენია მტკიცებულება რომ მაესტრომ საარჩევნო მიზნით ვინმეს გადასცა სატელიტუტი თეფში ან ტელეკომპანიის წარმომადგენელმა გააკეთა ასეთი მიზნის დამადასტურებელი განცხადება.

სატელიტური ანტენების დაყადაღებით დაირღვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმები. ხელი ეშლება დამოუკიდებელი ტელეკომპანიის განვითარებას, რაც სახელმწიფოს მხრიდან მედია-ბიზნესში უხეშ ჩარევას წარმოადგენს.

აღნიშნული ქმედებით ხელისუფლება აფერხებს პლურალისტური მედია-სივრცის შექმნას, რაც მნიშვნელოვნად აუარესებს საარჩევნო გარემოს და ქმნის არათანაბარ კონკურენტულ პირობებს.“

გიორგი ტუღუში: „როდესაც საქმე თუნდაც არაპირდაპირ ეხება ნებისმიერ მედია საშუალებას, განსაკუთრებით ვგულისხმობ სატელევიზიო მაუწყებლებს განსაკუთრებული სიფრთხილეა ამ შემთხვევაში გამოსაჩენი.“

იმ შემთხვევაში თუ სასამართლო ტელეკომპანია „მაესტროს“ დამნაშავედ მიიჩნევს, იურისტების აზრით, ტელეკომპანია შემოტანილი 10 000 სატელიტური თეფშის საერთო ღირებულების, ათმაგი ოდონებით შეიძლება დაჯარიმდეს.

„მაესტროს“ მეპატრონეებმა წინასწარ უკვე განაცხადეს, რომ ჯარიმის გადახდას არ აპირებენ. ასეთ შემთხვევაში აღსრულების ეროვნული ბიურო ტელეკომპანია „მაესტროს“ უძრავ-მოძრავ ქონებას დააყადაღებს.

XS
SM
MD
LG