ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

111 ადგილი: „ნაწილობრივ თავისუფალი“ ქართული მედია


საქართველო კვლავაც „ნაწილობრივ თავისუფალ“ ქვეყანად რჩება მედიის თავისუფლების მხრივ. მსოფლიოს 197 ქვეყანას შორის, საქართველომ 111-ე ადგილი კენიასთან, ბანგლადეშთან და მავრიტანიასთან ერთად გაიყო - ასეთია ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსის“ 2012 წლის ანგარიშში მოყვანილი შეფასება.

საქართველოს, რომელმაც ახალ ანგარიშში 52 ქულა დაიმსახურა, 10 ქულიანი ზღვარი აშორებს „არათავისუფალი ქვეყნების“ ჯგუფთან, სადაც 59 ქვეყანა მოხვდა, მათ შორის მეზობელი სომხეთი, აზერბაიაჯანი და რუსეთი.

2012 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს ჰქონდა გარკვეული გაუმჯობესება და მაგალითად მოყვანილია, რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გაცემა „მედია ჰაუს დეკომზე“, რომელმაც თბილისში რადიოსადგური „ცხელი შოკოლადი“ აამუშავა.

დამოუკიდებელ ჟურნალისტთა ნაწილი ფიქრობს, რომ „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიში უფრო მძიმე შეიძლებოდა ყოფილო, განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც გასული წლის ბოლოს, რამდენიმე ტელეკომპანიის, მათ შორის ორი ნაციონალური მაუწყებლის ფიქტიური მფლობელების ვინაობა საჯარო გახდა.

ეს ადამიანები პრეზიდენტ სააკაშვილთან და მმართველ პარტიასთან მჭიდროდ დაკავშირებული ბიზნესმენები აღმოჩდნენ. საგამოძიებო სტუდია „ჯი-ენ-ესის“ ავტორი ნანა ლეჟავა ამერიკის ხმასთან ამბობს

„სიტუაციას უფრო დამძიმებულს ვგრძნობთ ჩვენ, ჟურნალისტები. დარწმუნებული ვარ ამას, ის ჟურნალისტებიც გრძნობენ, რომლებსაც, პირობითად, პროსახელისუფლებო ჟურნალისტებს ვეძახით.

ის, რაც გაკეთდა, იგივე, ტელეკომპანიების „რუსთავი-2“-ის, „იმედის“ მფლობელებთან დაკავშირებით, სწორედ იმ მიზნით, რომ გარკვეული ფასადი შეექმნათ და დასავლეთისთვის ეთქვათ, რომ აი, რაც იყო მოთხოვნა, მედიამფლობელების გამჭირვალობასთან დაკავშირებით ეს გაკეთდა. სინამდვილეში, ამით არც არაფერი შეცვლილა.

იგივე სიტუაციაა და შესაძლებელია უფრო მძიმეც, განსაკუთრებით რეგიონებში. ყველანაირად ცდილობენ, რომ კერძო ტელეკომპანიებს, რომლებიც არიან, ან ახლა შემოდიან ბაზარზე, მათ არ ჰქონდეთ გავრცელების არეალი.

იგივე წარმოუდგენელი სიტუაციაა „მეცხრე არხის“ ტექნიკასთან დაკავშირებით. ეს დეტალები საბოლოო ჯამში ქმნის იმ მძიმე სურათს, რომელიც არის დღეს ქართულ მედია სივრცეში.

დღეს არის ყველაფერი გართულებული, საჯარო ინფორმაციის მოპოვებასთან, საჯარო პირების ჩაწერასთან დაკავშირებით, აბსოლუტურად ყველა სახელმწიფო სტრუქტურა არის ჩაკეტილი ჟურნალისტებისთვის; ხალხი, რესპოდენტები არის დაშინებული.

აბსოლუტურად განსხვავებული რეალობაა და სურათია ვიდრე ადრე იყო, თუ ადრე რაიმე კრიტიკული მასალა გამოჩნდებოდა ელექტრონულ ან ბეჭდურ მედიაში, ამას ყოველთვის მოჰყვებოდა ხოლმე რეაქცია და იცოდი, რომ შენს მომზადებულ მასალას ჰქონდა გარკვეული შედეგი. დღეს ამ შედეგს ვერავინ ვერ იღებს.“

შარშან, 26 მაისს, მიტინგზე ჟურნალისტების ცემა, დაპატიმრება და მათთვის პროფესიული აპარატურის ჩამორთმევა; ფოტორეპორტიორების სკანდალური საქმე, რომელიც სწორედ 26 მაისის მიტინგის გაშუქებას მოჰყვა;

ტელეკომპანია იმედის "ბარტერი" რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში, საიდუმლო შეთანხმება ხელისუფლებასა და პატარკაციშვილების ოჯახს შორის;

ტელეკომპანია „მაესტროს“ ოფისიდან გამოძევება და ტელეკომპანიის მეპატრონეების ირგვლივ მიმდინარე სასამართლო პროცესები, რომელიც დღემდე გრძელდება;

და, ბოლოს, ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ წინააღმდეგ მიმართული უპრეცედენტო კამპანია, რასაც საქართველოს საბაჟოებზე ახალი ტელეკომპანიისთვის განკუთვნილი მილიონ ნახევარი დოლარის სატელევიზო ტექნიკის დაწვა მოჰყვა.

მედია ექსპერტი ზვიად ქორიძე ფიქრობს, რომ ჩამოთვლილი ფაქტები საკმარისია, რათა „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშში საქართველოს 3 ქულით დაწინაურება „მოჩვენებითად“ შეფასდეს.

„ამ შემთხვევაში მეცხრე არის წინააღმდეგ ეს ნაბიჯები მიმართული იყო იქეთკენ, რომ ბიძინა ივანიშვილს შექმნოდა პრობლემები მისი ტელევიზიის გამართვისთვის. საბაჟო ადმინისტრაციამ იცოდა, რისთვის მოდიოდა ეს საქონელი და აზიანებდა მას. ის არ ამტვრევდა და ჩაქუჩით არ დასდევდა, იმიტომ რომ ეს დატოვებდა შთაბეჭდილებას, აი რა ვანდალები არიან.

ამიტომ საბაჟოზე მიდიოდნენ და აფუჩებდნენ ცალკეულ მიკრო სქემებს, რომელიც არ ჩანს. ეკარანზეც რომ აჩვენოთ, მე და თქვენ ვერ გავიგებთ რა არის დაზიანებული, თუმცა ეს აპარატურა შედიოდა ტელევიზიაში და არ მუშაობდა.

ამ შემთხვევაში მთავრობას სხვა ბერკეტი ბიძინა ივანიშვილს დაპირისპირებოდა, არ აღმოაჩნდა, გარდა საბაჟო ადმინისტრირების წესის ძალიან ბოროტად გამოყენებისა. ანუ თავის შეხედულებისამებრ გაუწიოს კონტროლი ტვირთს, დაჭირდება დააზიანოს, დაჭირდება დაალპოს, ეს არის ცუდი! მე მიმაჩნია, ეს დამოკიდებულება არის დამაგრეველი არა მხოლოდ მედიისთვის, არამედ მთლიანად ჩვენი საზოგადოებისთვის.“

მმართველი ელიტის ახალი სამიზნე ტელეკომპანია „მეცხრე არხი“, ეთერში ორშაბათს გავიდა, თუმცა მისი ყურება საქართველოს მოსახლეობის 15 პროცენტსაც არ შეუძლია. საკაბელო და თანამგზავრული ლიცენზიის მფლობელი „მეცხრე არხი“, ძირითადად, საკაბელო ოპერატორ „გლობალ ტივის“ მეშვეობით ვრცელდება;

„გლობალ ტივის“ აბონენტების შემცირების მიზნით, ეს ოპერატორი უკვე დატოვეს „რუსთავი 2“ და „იმედმა“. კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების მიხედვით, „მეცხრე არხი“ საერთო მაუწყებლობის ლიცენზიას სულ მცირე, 2013 წლის შემოდგომამდე ვერ მიიღებს.

თქვენი აზრი

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG