ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ინტერ რაო“ თბილისელებისთვის ელექტროენერგიის გაძვირებას ითხოვს


ენერგეტიკის მინისტრი კალაძე „ინტერ რაოს“ (ვოლკოვი) და „თელასის“ (კობცევი) რუსი დირექტორების გარემოცვაში

საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელმა კომისიამ (სემეკ), დღეს რუსული ენერგეტიკული გიგანტის - „ინტერ რაოს“ შვილობილი კომპანიის სატარიფო განაცხადის შესწავლა დაიწყო. „თელასი“, რომელიც თბილისში ელექტროენერგიას დაახლოებით, 500 000-ს აბონენტს აწვდის, დენის ტარიფის გაძვირებას ითხოვს.

დღეისათვის, თბილისელებს, ერთი კილოვტსაათი ელექტროენერგია, მოხმარების მიხედვით, დაახლოებით, 10 თეთრიდან (9,94) 18 თეთრამდე (17,70) უჯდებათ. ეს ტარიფი ხელისუფლებაში, კოალიცია „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ, 2013 წლის 1 იანვრიდან მოქმედებს.

ახალმა ხელისუფლებამ ამ ნაბიჯით, ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება შეასრულა - დენის ტარიფი შეამცირა. მოლაპარაკებები ენერგეტიკული ბაზრის მთავარ მოთამაშეებთან, მათ შორის, „თელასთან“ (“ინტერ რაოსთან“) , მაშინ დახურულ ფორმატში მიმდინარეობდა. საბოლოოდ, კომპანიები სახელმწიფოს მოთხოვნას დათანხმდნენ.

უფრო მეტიც, მათ თავად მიმართეს სემეკს ტარიფის შემცირების თხოვნით. „თელასმა“ აბონენტებისთვის, რომლებიც 101 და 301 კილოვატსაათამდე დენს მოიხმარენ ტარიფი 3,5 თეთრით შეამცირა. ახლა კი გაზრდას ითხოვს,

ანალოგიური მოთხოვნა, დენის ტარიფის გაზრდასთან დაკავშირებით, ლარის გაუფასურების მიზეზით, სემეკმა წინა კვირას, უკვე დაუკმაყოფილა ჩეხურ კომპანია „ენერგო პრო ჯორჯიას“, რომელსაც საქართველოს მასშტაბით, 1 000 000-ზე მეტი აბონენტი ჰყავს. „ენერგო პროს“ აბონენტებს, 1 აგვისტოდან, ტარიფი თითქმის 4 თეთრით გაეზარდათ.

გურამ ჩალაგაშვილი, ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისის ყოფილი თავჯდომარე ამბობს, რომ საქართველოს მთავრობას 2012 წლის უხეში ჩარევა ბაზარში, სამი წლის შემდეგ, ბუმერანგივით უკან უბრუნდება.

„ყველაზე დიდი შეცდომა, რომელიც თავის დროზე იქნა დაშვებული, ეს იყო 2012 წლის 27 დეკემბერს, როცა კომპანიებმა თავად მომართეს სემეკს და მოითხოვეს ტარიფის 3-3,5 თეთრით შემცირება. მაშინ მე ვიყავი კომისიის თავჯდომარე და ვინაიდან ეს იყო, თავად კომპანიების მოთხოვნა, ჩვენ ეს მოთხოვნა დავაკმაყოფილეთ.

რაც შეეხება ხელშეკრულებას, რომელიც მაშინ ავტომატურად გაუქმდა, იმ ხელშეკრულებით, ასობით მილიონის ინვესტირება უნდა მომხდარიყო დარგში.“

კომპანია „თელასი“, რომლის აქციების 75 პროცენტს რუსული „ინტერ რაო“ ფლობს, ხოლო 25 პროცენტს, საქართველოს სახელმწიფო ირწმუნება, რომ სატარიფო განაცხადში, არ აქვს მითითებული, თუ რამდენი თეთრით სურს თბილისში დენის ტარიფის გაზრდა. ამასთან, „თელასში“ ამბობენ, რომ ტარიფის გადახედვის მოთხოვნა მხოლოდ ეროვნული ვალუტის გაუფასურებას უკავშირდება.

რუსული „ინტერ რაო“ საქართველოს ბაზარზე, 2003 წლის აგვისტოში შემოვიდა, როცა, „თელასი“ იგივე თბილისის თბოელექტროქსელი ამერიკული კომპანია „ეი-ეს-ისგან“ შეიძინა. 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, „ინტერ რაოს“ ერთობლივ მართვაში, დღემდე, გასაიდუმლოებული მემორანდუმით გადავიდა „ენგურჰესი“;ხოლო, 2011 წელს, მდინარე ხრამზე არსებული ორი ჰიდროელექტროსადგური.

2015 წელს, პირველად „თელასის“ ისტორიაში, კომპანიამ საკუთარ აქციონერებს 9 მილიონი ლარის ოდენობის დივიდენდი გადაუხადა. ეს გადაწყვეტილება მომგებიანი გასული წლით აიხსნა, როცა ელექტრო ქსელების რეაბილიტაციაზე “თელასმა“ 32 მილიონი ლარი დახარჯა. თუმცა, დარგის სპეციალისტების შეფასებით, ქსელი ისევმძიმე მდგომარეობაში რჩება და დენის ტექნიკური დანაკარგი, 5-დან 12 პროცენტამდე მერყეობს.

რამდენად არგუმენტირებულია „თელასის“ მოთხოვნა დენის ტარიფის გაზრდასთან დაკავშირებით? ასრულებს თუ არა თავად კომპანია საინვესტიციო ვალდებულებებს, რომელიც 2003 და 2011 წლებში აიღო? და, თუ ასრულებს, რატომ არის ელექტროგამანაწილებელი ქსელი ასეთ მდგომარეობაში? რომელსაც კიდევ უფრო ამძიმებს სავალალო სიტუაცია კერძო სატრანსფორმატორო ჯიხურებში, რატომ ითიშება ხშირად დენი და რატომ არის დაუცველი მომხმარებელი?

ამ კითხვებს სემეკმა დეკემბრამდე უნდა უპასუხოს და ტარიფზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს. მანამდე კი ენერეგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილი აქცენტს ისევ ლარის გაუფასურებაზე აკეთებს

„ჩვენ სექტორში იცით, რომ ენერგომატარებლების 80 პროცენტი რომელსაც მოვიხმართ არის იმპორტირებული. მათ შორის, ბუნებრივი აირის 100 პროცენტი უცხოეთიდან შემოდის და მისი გარკვეული წილი ელექტროგენერაციას ხმარდება.

ბუნებრივად, მოსალოდნელიც იყო, რომ ამ თვეების განმავლობაში, ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილებას, გარკვეული კორექტირების შემოტანა დაეყენებინა დღის წესრიგში.“

რუსული „ინტერ რაო“ საქართველოს გარდა, მსხვილ ენერგეტიკულ აქტივებს ასევე ფლობს რუსეთში, ყაზახეთში, ლიტვაში, მოლდოვაში, თურქეთსა და სომხეთში. საინტერესოა, რომ 2014 წელს, „ინტერ რაოს“ მფლობელობაში არსებული ეკიბასტუზის თბოელექტროსადგურმა 10 პროცენტით გაზარდა გამომუშავებული ელექტროენერგიის ფასი, რასაც დომინოს ეფექტი ჰქონდა და იანვრიდან, ყაზახეთში დენის ტარიფი 7-დან 10-პროცენტამდე გაიზარდა (13,51 ტიინიდან 14,79 ტიინამდე).

2015 წლის ივნისში, დენის ტარიფმა 36 პროცენტით მოიმატა მოლდოვაშიც (1,58 ლეიდან 2,15 ლეიმდე). აქაც ელექტროენერგიის მთავარი მიმწოდებელი „ინტერ რაოს“ მფლობელობაში არსებული თბოელექტროსადგურია, რომელიც სეპარატისტული - დნესტრისპირეთის ტერიტორიაზე მდებარეობს.

მეზობელ სომხეთში უკვე მეორე თვეა, „ინტერ რაოს“ წინააღმდეგ, რომელიც „სომხეთის ელექტრო ხაზების“ აქციების 100 პროცენტის მფლობელია, საპროტესტო აქციები არ წყდება. მიზეზი აქაც დენის ტარიფის გაძვირებაა (31 დრამიდან 58 დრამამდე), რომელიც ძალაში 1 აგვისტოდან შევიდა.

სრულიად საპირისპირო სიტუაცია ლიტვაში. აქ „ინტერ რაოსთან“, რომელიც ელექტროენერგიის მთელი მიწოდების 25 პროცენტს უზრუნველყოფს, პირდაპირი კონტაქტები შეწყვიტეს და ბოლო ერთი წლის მანძილზე, დენის ტარიფი 6 ცენტით შემცირდა (50,5 ცენტიდან 44,5 ცენტამდე). 2015 წლის ბოლომდე ლიტვა სკანდინავიის ერთიანი ენერგოსისტემის ნაწილი გახდება.

XS
SM
MD
LG